კალაძე “ქართუს” და ბრიტანელ კონსულტანტებს თბილისის ზღვასთან ატრაქციონების პარკის პროექტზე შეხვდა
- ბიზნესისაზოგადოება
- მარტი 5, 2026
- 13
დედაქალაქში ახალი გასართობ-სარეკრეაციო სივრცის მოწყობასთან დაკავშირებით, თბილისის მერმა კახა კალაძემ ფონდ „ქართუ ფონდის“ და ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
საუბარია პროექტზე, რომელიც გულისხმობს თბილისის ზღვის არეალში ახალი გასართობ-სარეკრეაციო თემატური სივრცის შექმნას. ბრიტანული კომპანია LDP, ფონდ „ქართუსთან“ კონტრაქტის საფუძველზე, ჩაატარებს პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ ანალიზს, მეორე ეტაპზე კი შეიქმნება კონცეპტუალური დიზაინი. პროექტის შესახებ თბილისის მერმა პირველი განცხადება გასული წლის ოქტომბერში გააკეთა და თქვა, რომ 160 ჰექტარის ტერიტორიაზე დისნეილენდის ანალოგის მოწყობა განიხილებოდა.
„ატრაქციონების პარკი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ამ მასშტაბის პროექტი რეგიონში პირველი იქნება. აღნიშნული მიმართულებით ჩვენ არ გვაქვს დიდი გამოცდილება და წამყვანი საერთაშორისო კომპანიების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია „ქართუს“ დახმარება, რადგან ჩვენ გაგვიჭირდებოდა ამ მასშტაბის კომპანიის მოძიება. დღეს თბილისში არ არის შესაძლებლობა, რომ მშობელმა ბავშვი თანამედროვე სტანდარტების მქონე მასშტაბურ გასართობ პარკში წაიყვანოს. შესაბამისად, ამ პროექტის მიმართ საზოგადოების დაინტერესება არის ძალიან დიდი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თავის მხრივ, ფონდ „ქართუს“ დირექტორმა ნიკოლოზ ჩხეტიანმა აღნიშნა, რომ ახალი სარეკრეაციო ზონა გააერთიანებს გართობის, შემეცნებისა და დასვენების ყველა იმ კომპონენტს, რომელიც დღეს მსოფლიოშია მიღებული.
„საუბარია თბილისის ზღვის მიდამოებში ახალი სარეკრეაციო-დასასვენებელი ზონის შექმნის თაობაზე. დაგეგმილია, რომ უახლოეს მომავალში ამ ტერიტორიაზე გაშენდება ახალი ატრაქციონების პარკი, რომელიც მოემსახურება, როგორც თბილისის მცხოვრებლებს, ისე დედაქალაქის სტუმრებს. ეს იქნება ახალი სარეკრეაციო ზონა, რომელიც დააკმაყოფილებს და თავის თავში გააერთიანებს როგორც გართობის, ისე შემეცნებისა და დასვენების ყველა იმ კომპონენტს, რომელიც დღეს გავრცელებულია მსოფლიოში. ფონდი „ქართუ“ ეხმარება თბილისის მუნიციპალიტეტს პროექტირებაში. ამჟამად, ჩვენი თაოსნობით აყვანილია კომპანია დიდი ბრიტანეთიდან, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამის კვლევებს, რომლის საფუძველზეც მოგვიანებით გაკეთდება დეტალური პროექტირება“, – განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.
თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრას თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე, მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, გარემოს დაცვის სამსახურის უფროსი პაატა ტოგონიძე, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დირექტორი ნიკოლოზ ჩხეტიანი, ფონდის წარმომადგენლები და ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
LDP-ის ვებგვერდის თანახმად, კომპანია დაკავებულია გასართობი და რეკრეაციული სივრცეების პროექტირება/კოსნულტირების სამუშაოებით. კომპანიის ვებგვერდის თანახმად, მათ პროექტები მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში აქვთ შესრულებული, ხოლო მათ დამკვეთებს შორის სხვადასხვა დროს იყვნენ DisneyLand-ი, Universal-ი, Marvel-ი, Seaworld-ი, Warner Bro’s და სხვა მსხვილი კომპანიები, რომლებიც გასართობი პარკების ოპერირებით არიან დაკავებული.
რაც შეეხება ქართუ ფონდს, ეს თბილისში მსხვილი რეკრეაციული სივრცის მოწყობის მეორე პროექტი იქნება. პირველი პროექტი “თბილისის ცენტრალ პარკი”, რომელიც ყოფილ იპოდრომზე ეწყობა ფონდმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ 2020 წლის შემოდგომაზე, საპარლამენტო არჩევნების წინ დაანონსეს. საუბარია ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის თითქმის 36 ჰექტარზე, სადაც პარკი 2 წელში უნდა მოწყობილიყო, თუმცა 2026 წლის თებერვლის მდგომარეობით ადგილზე პარკი ჯერ არ გახსნილა და სამუშაოები გრძელდება.
წყარო: Bm.ge
- Tags
- კახა კალაძე
- ქართუ