საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონისა და შესაბამისი რეგულაციების დარღვევის გამო ვალუტის გადამცვლელი პუნქტები შპს „მ+“ და შპს „TETIS TRUST“-ი დააჯარიმა. სების გადაწყვეტილებით, ფულადმა ჯარიმამ 228 600 ლარი შეადგინა.
შპს „მ+“-ის დარღვევები და 213 600-ლარიანი ჯარიმა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტით დარღვევები შემდეგია:
აღრიცხვის წესების დარღვევა: ყველაზე მასშტაბური დარღვევა კლიენტებისა და გარიგებების შესახებ ინფორმაციის სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში აღურიცხაობის 28 ფაქტია. მხოლოდ ამ მუხლით კომპანიას 196 000 ლარის ჯარიმა დაეკისრა.
პროგრამული უზრუნველყოფის ხარვეზები: დანერგილი პროგრამული სისტემა ვერ უზრუნველყოფს საეჭვო, უჩვეულო და დანაწევრებული გარიგებების გამოვლენას, ასევე ვერ ახდენს პირთა შემოწმებას სანქცირებულთა და პოლიტიკურად აქტიურ პირთა სიებში. ეს დარღვევა 10 000 ლარით შეფასდა.
ანგარიშგების დარღვევა: ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის ინფორმაციის წარდგენის წესის დაუცველობა (2 ფაქტი) და ინფორმაციის წარუდგენლობა (1 ფაქტი) ჯამში 2 600 ლარი დაჯდა.
შიდა კონტროლი და იდენტიფიკაცია: შიდა ინსტრუქციის არარსებობისა და კლიენტის საქმიანობის არსის დაუდგენლობის გამო კომპანია დამატებით 5 000 ლარით დაჯარიმდა.
სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანიის წილის 100% ცოტნე დევდარიანს ეკუთვნის და დირექტორიც თავადაა.
შპს „TETIS TRUST“-ის დარღვევები
შპს „TETIS TRUST“-ს ეროვნულმა ბანკმა ჯამში 15 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა, რაც შემდეგი დარღვევებით იყო განპირობებული:
პროგრამული ხარვეზები: სისტემა ვერ ახდენდა უჩვეულო და ურთიერთდაკავშირებული გარიგებების იდენტიფიცირებას, ასევე პირთა გადამოწმებას შესაბამის „შავ სიებში“ (10 000 ლარი).
შიდა ინსტრუქცია: კომპანიის შიდა პოლიტიკა არ შეესაბამებოდა კანონმდებლობას და ეყრდნობოდა მოძველებულ ნორმატიულ აქტებს (3 000 ლარი).
კლიენტის იდენტიფიკაცია: კლიენტის საქმიანობის არსის დაუდგენლობის ერთი შემთხვევა (2 000 ლარი).
კომპანიის წილის 100%-ის მფლობელი ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე მაჯიდ ფოროუზანდეჰ ჰაფშეჯანია. ისაა კომპანიის ერთპიროვნული დირექტორიც.
საქართველოს ეროვნული ბანკი “თვის მიმოხილვას” აქვეყნებს. დოკუმენტში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალური ანალიზია. სებ-ი წერს,…
ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8.25%-ზე დატოვა. სებ-ი მიუთითებს, რომ მაისში ინფლაციის შემცირების ტენდენცია გამოიკვეთა, ხოლო ახლო აღმოსავლეთში…