“უმაღლესი განათლების რეფორმირების პროცესში აკადემიური დაწესებულებების ავტონომია უნდა იყოს დაცული” – ეუთოს “მოსკოვის მექანიზმის” ანგარიში
- განათლებასაზოგადოება
- მარტი 13, 2026
- 66
ეუთოს “მოსკოვის მექანიზმის” ანგარიშში, რომელიც საქართველოში ვითარების შესახებ დღეს გამოქვეყნდა, ნახსენებია უნივერსიტეტების ავტონომიის დაცვის აუცილებლობა.
კერძოდ, საქართველოსთვის ერთ-ერთი რეკომენდაციაა, რომ უმაღლესი განათლების რეფორმირების პროცესში აკადემიური დაწესებულებების ავტონომია უნდა იყოს დაცული.
“2025 წლის ოქტომბერში საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა უმაღლესი განათლების რეფორმის პროგრამა, რომელიც მოიცავს უნივერსიტეტების დაფინანსების ცვლილებებს და ფაკულტეტების გეოგრაფიულ გადანაწილებას. ასევე, სტუდენტებმა და აკადემიურმა პირებმა გააპროტესტეს უნივერსიტეტების გაერთიანება და ხაზი გაუსვეს, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილება არღვევდა უნივერსიტეტების „ავტონომიას“. 2026 წლის თებერვალში საქართველოს მთავრობამ გააუქმა გაერთიანების გეგმა, მაგრამ არა ფაკულტეტების კონკრეტულ ადგილებში გადანაწილების გეგმა”, – წერია დოკუმენტში.
დოკუმენტში მოცემულია საქართველოში განათლების სისტემის შესახებ ინფორმაცია და მის გარშემო განვითარებული მოვლენები და რეკომენდაციებში წერია, რომ უმაღლესი განათლების რეფორმირების პროცესში აკადემიური დაწესებულებების ავტონომია დაცული უნდა იყოს.
რეკომენდაციებში მათ შორის წერია:
- „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი (TFI), „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონი (FARA) და „გრანტების შესახებ“ კანონში უცხოური გრანტებთან დაკავშირებული დებულებები უნდა გაუქმდეს. იმ შემთხვევაში, თუ საქართველო არ გადაწყვეტს ამ კანონების გაუქმებას, ისინი, სულ მცირე, უნდა შეიცვალოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. ეს, კერძოდ, გულისხმობს „აღნიშნული კანონმდებლობის დაქვემდებარებაში მყოფი სუბიექტების ბენეფიციარებისა და თანამშრომლების შესახებ მგრძნობიარე ინფორმაციის გამჟღავნების ვალდებულების ამოღებას; აღნიშნული კანონების დარღვევისთვის ჯარიმების შემცირებას; „უცხოელი დირექტორების აგენტებად“ რეგისტრაციის ვალდებულების მნიშვნელოვან შეზღუდვებს იმის გათვალისწინებით, მოქმედებს თუ არა სუბიექტი უცხოური მითითებებით. გარდა ამისა, ამ კანონებში ფორმულირება გაცილებით ზუსტი უნდა იყოს.
- ანალოგიურად, უნდა გაუქმდეს მაუწყებლობის შესახებ კანონში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებები, რომლებიც უცხოური დაფინანსებისა და მაუწყებლობის შინაარსზე შეზღუდვებს ეხება.
- „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონი უნდა გაუქმდეს.
- სახელმწიფო ღალატის დანაშაულის წინაპირობები უნდა შევიწროვდეს და უფრო კონკრეტული გახდეს, რათა გამოირიცხოს ინტერპრეტაცია, რომელიც საშუალებას იძლევა, TFI-ის ან FARA-ს ფარგლებში მოქცეული პირების მიერ მთავრობის უბრალო კრიტიკის სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყოს.
- რეგულაციები, რომლებიც დემონსტრაციების დროს სახის დაფარვის აბსოლუტურ აკრძალვას აწესებდა, უნდა გაუქმდეს. სხვა რეგულაციები, რომლებიც არაპროპორციულად ზღუდავს შეკრების უფლებას (მაგალითად, ავტომატური დაკავება და არაპროპორციულად მაღალი ჯარიმები), უნდა გაუქმდეს ან გადაიხედოს, რათა უზრუნველყოფილი იყოს სათანადო ბალანსი ამ უფლებასა და საზოგადოებრივი წესრიგის მოსაზრებებს შორის.
- უმაღლესი განათლების რეფორმირების პროცესში აკადემიური დაწესებულებების ავტონომია უნდა იყოს დაცული.
„მოსკოვის მექანიზმი“ ეუთოს 23-მა სახელმწიფომ 2026 წლის 29 იანვარს აამოქმედა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი ეუთოსთვის, რომელიც გამოიყენება მაშინ, როდესაც წევრ ქვეყანაში ადამიანის უფლებების კუთხით კრიტიკული მდგომარეობა იქმნება. მომხსენებელი პატრიცია გჟებიკი თბილისში თებერვალში იმყოფებოდა და შეხვდა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს.