საქართველოს პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე სანქციების მნიშვნელოვან გამკაცრებას ითვალისწინებს.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ძალაში 2026 წლის 1 მაისიდან შევა.
ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის. კანონპროექტის ავტორების განმარტებით, არსებული სანქციები ვეღარ პასუხობდა გაზრდილი მობილობისა და ავტომობილების რაოდენობის ფონზე არსებულ გამოწვევებს.
ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში საგზაო უსაფრთხოება კრიტიკულ პრობლემად რჩება. მხოლოდ 2025 წელს ავტოსაგზაო შემთხვევებს 469 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 8 191-მა პირმა ჯანმრთელობის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო. სწორედ ამ მონაცემების კომპლექსური ანალიზის საფუძველზე გადაწყდა რეგულაციების გამკაცრება.
საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, იზრდება როგორც ფულადი ჯარიმები, ისე მართვის მოწმობაზე დასაკლებ ქულათა რაოდენობა:
- მანევრირების წესების დარღვევა: ჯარიმა იზრდება 100 ლარამდე, ხოლო მართვის მოწმობას 20 ქულა დააკლდება.
- სიჩქარის გადაჭარბება (15-დან 40 კმ/სთ-მდე): სანქცია 50-დან 100 ლარამდე იზრდება.
- ღვედი და მობილური: ღვედის გამოუყენებლობისთვის ჯარიმა 50 ლარი ხდება (-10 ქულა). ამავე ოდენობის ჯარიმა (50 ლარი) დაწესდა მართვისას მობილურით სარგებლობისთვის.
- ტროტუარზე მოძრაობა და დგომა: ტროტუარზე მოძრაობისთვის მძღოლი 200 ლარით დაჯარიმდება და 30 ქულას დაკარგავს. ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა-გაჩერება დიდ ქალაქებსა და კურორტებზე 100 ლარით დაჯარიმდება (სხვაგან – 10 ლარით).
- დრიფტი: „დრიფტისთვის“, რომელსაც მოჰყვა ნივთის ან ადამიანის მსუბუქი დაზიანება, 500-ლარიან ჯარიმასთან ერთად, მძღოლს მართვის უფლება 6 თვით შეუჩერდება.
დგომა-გაჩერების წესების დარღვევისთვის, თბილისის მსგავსად, 50-ლარიანი ჯარიმა დაწესდება ქუთაისში, ბათუმში, მცხეთაში, რუსთავში, გორში, თელავში, ფოთში, ზუგდიდში, ახალციხეში, ოზურგეთსა და საქართველოს კურორტებზე.
მკაცრდება სანქციები „ბასლეინზე“ მოძრაობისთვის:
- ავტობუსის ზოლში მოძრაობა: 100 ლარი და -15 ქულა. (განმეორებით — 150 ლარი და -30 ქულა).
- საპირისპირო მიმართულების „ბასლეინზე“ შესვლა: 200 ლარი და -20 ქულა (განმეორებით — 300 ლარი და -30 ქულა).
კანონმდებლობაში ჩნდება ახალი ნიშანი – „გაჩერება აკრძალულია სახანძრო ჰიდრანტთან“. წესის დარღვევა გამოიწვევს 200-ლარიან ჯარიმას და შესაძლოა, ავტომობილის საჯარიმო სადგომზე გადაყვანას.
ასევე, თბილისში 500-ლარიანი ჯარიმა დაწესდება იმ სატვირთოებისთვის (N2, N3 კატეგორია), რომლებიც დედაქალაქს ტრანზიტულად, შესაბამისი დანიშნულების გარეშე გაივლიან.