რკინიგზის გამტარუნარიანობა 30 მილიონ ტონამდე გაიზრდება – ირაკლი კობახიძე

რკინიგზის გამტარუნარიანობა 30 მილიონ ტონამდე გაიზრდება – ირაკლი კობახიძე

მნიშვნელოვანი ცვლილებები გატარდა „საქართველოს რკინიგზაში“, მხოლოდ რკინიგზაში შტატების ოპტიმიზაციის შედეგად წლიურ ჭრილში იზოგება 24 მილიონი ლარი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც სამთავრობო პროგრამის შესრულების ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.

ირაკლი კობახიძის თქმით, 2025 წელს გაორმაგდა რკინიგზის წმინდა მოგება.

„ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები გატარდა „საქართველოს რკინიგზაში“. აქაც განხორციელდა შტატების ოპტიმიზაცია, მთლიანობაში შემცირდა, 1100 შტატი ისე, რომ არაფერი არ დაეტყო რკინიგზას, პირიქით, გაუმჯობესდა რკინიგზის მუშაობის ეფექტიანობა. მხოლოდ რკინიგზაში შტატების ოპტიმიზაციის შედეგად წლიურ ჭრილში იზოგება 24 მილიონი ლარი. ეს ის თანხაა, რომელიც ისევ და ისევ რკინიგზის განვითარებას და შესაბამისად ეკონომიკის განვითარებას მოხმარდება.

ასევე იყო ძალიან მანკიერი პრაქტიკა – შუამავალ კომპანიებში იყო გატანილი კონკრეტული ბიზნესპროცესები, რაც რკინიგზის ოპერირებას უკავშირდებოდა. ეს პროცესები დავაბრუნეთ „საქართველოს რკინიგზაში“ და ამის ხარჯზე ყოველწლიურმა დანაზოგმა ან დამატებითმა შემოსავალმა შეადგინა 18.5 მილიონი ლარი. ანუ რეალურად 40 მილიონ ლარზე მეტი, რომელიც რეალურად გამოდის, რომ არასწორად იხარჯებოდა, ახლა ჩაბრუნდება რკინიგზის განვითარებაში ყოველწლიურ ჭრილში, ანუ საუბარი არ არის ერთჯერად დანაზოგზე, არამედ ყოველწლიურ დანაზოგზე.

ასევე განხორციელდა შესყიდვების ოპტიმიზაცია, საკონტრაქტო ღირებულებების შემცირება და ამის ხარჯზე ერთჯერადად დაიზოგა 190.4 მილიონი ლარი. ესეც ჩაბრუნდება რკინიგზის განვითარებაში. ამ ყველაფრის შედეგად, ამ რეფორმების შედეგად, შარშან, 2025 წელს გაორმაგდა რკინიგზის წმინდა მოგება და ეს მოხდა მხოლოდ ნახევარი წლის ხარჯზე. ბატონი ლაშა აბაშიძე რკინიგზის ხელმძღვანელად დაინიშნა შარშან მაისში, უკვე იწურებოდა წლის პირველი ნახევარი და მხოლოდ ნახევარი წლის ხარჯზე და ნახევარწლიანი, ოპტიმიზაციის ხარჯზე ვხედავთ, რომ გაორმაგებულია რკინიგზის შემოსავლები. გაიზარდა თვისებრივად საოპერაციო მოგების მარჟა 25%-დან 36%-მდე რეფორმების შედეგად. 2024 წელს თუ იყო რკინიგზის წმინდა მოგება 68 მილიონი ლარი, 2025 წელს შეადგინა 145 მილიონი ლარი. ხედავთ, რამდენად შთამბეჭდავია რეფორმის შედეგები“, – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, აღდგება ქუთაისის მიმართულება, წელს დასრულდება თბილისი-ბათუმისა და თბილისი-ახალციხის რკინიგზის რეაბილიტაცია.

„ასევე შეიქმნა რკინიგზის განვითარების 10-წლიანი და 3-წლიანი გეგმები. 2026-28 წლების გეგმის მიხედვით, დაგეგმილია 50 ახალი ლოკომოტივის და 1500 ახალი ვაგონის შესყიდვა, ასევე ავტომატიზებული სისტემების დანერგვა და ამ ყველაფრის შედეგად რკინიგზის გამტარუნარიანობა გაიზრდება 15-დან 30 მილიონ ტონამდე, გაორმაგდება რკინიგზის გამტარუნარიანობა. ასევე ჩვენ შევიძენთ 10 ახალ სამგზავრო მატარებელს, ამის შედეგად სამგზავრო გადაყვანები, რომელიც არის ეხლა წამგებიანი, გახდება მთლიანად მომგებიანი, დღეს სუბსიდირებულია და გახდება მომგებიანი. გაიზრდება მგზავრების გამტარუნარიანობა 2-დან 5 მილიონამდე, ორნახევარჯერ გაიზრდება მგზავრების გამტარუნარიანობა „საქართველოს რკინიგზაში“.

ასევე რკინიგზას დაემატება ქუთაისის მიმართულება, აღდგება ქუთაისის მიმართულება. წელს დასრულდება თბილისი-ბათუმისა და თბილისი-ახალციხის რკინიგზის რეაბილიტაცია. ახალციხის მონაკვეთი საერთოდ გაჩერებული იყო წლების განმავლობაში. ამ ყველაფრის შედეგად გადაადგილების დრო არსებითად შემცირდება – თბილისი-ბათუმის მონაკვეთზე გადაადგილების დრო თუ შეადგენს ახლა 5.5 საათს, შემცირდება 4 საათამდე, საათნახევრით. და რაც შეეხება ახალციხეს, თავის დროზე, როცა მოქმედებდა ეს რკინიგზა, 6 საათი სჭირდებოდა გადაადგილებას, დასჭირდება 3 საათი, შემცირდება გადაადგილების დრო ორჯერ“, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დაიწყება ანაკლიის 18-კილომეტრიანი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა და ასევე, განხორციელდება ბორჯომი-ბაკურიანის ისტორიული სარკინიგზო ხაზის, ეგრეთ წოდებული „კუკუშკის“ რეაბილიტაცია.

„ასევე დაიწყება ძალიან მალე ანაკლიის 18-კილომეტრიანი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა და ასევე, რაც მნიშვნელოვანია ტურისტული თვალსაზრისითაც, განხორციელდება ბორჯომი-ბაკურიანის ისტორიული სარკინიგზო ხაზის, ეგრეთ წოდებული „კუკუშკის“ რეაბილიტაცია. ეს რაც შეეხებოდა რკინიგზას, ხედავთ, რამდენად შთამბეჭდავია ცვლილებები, რომლებიც განხორციელდა და ეს ყველაფერი არის კიდევ ერთხელ მართვის სისტემის ზოგადად გაუმჯობესების შედეგი, რაც კონკრეტულად აისახა კონკრეტულად რკინიგზაზეც“, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი სიახლეები

ტექნოლოგიური ჰაბის გახსნით ქუთაისი ხდება საქართველოს ტექნოლოგიური განვითარების ერთ-ერთი მთავარი ცენტრი – ამ ეკოსისტემის განუყოფელი ნაწილი გახდება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი – კობახიძე

ტექნოლოგიური ჰაბის გახსნით ქუთაისი ხდება საქართველოს ტექნოლოგიური განვითარების ერთ-ერთი…

ქუთაისი ყოველთვის იყო განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერა ჩვენს ქვეყანაში.დღეიდან კი, ტექნოლოგიური ჰაბის გახსნით, ქუთაისი ასევე ხდება საქართველოს ტექნოლოგიური…
სემეკ-მა საქართველოს ელექტროსისტემაში მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო

სემეკ-მა საქართველოს ელექტროსისტემაში მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო

სემეკ-მა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია ავრცელებს. კომისიის ცნობით, სემეკ-ის…
საქართველოს საგარეო უწყება: ვიმედოვნებთ, ევროკავშირი გადახედავს ყულევის ქარხნის დასანქცირების გადაწყვეტილებას

საქართველოს საგარეო უწყება: ვიმედოვნებთ, ევროკავშირი გადახედავს ყულევის ქარხნის დასანქცირების…

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს წუხილს ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ…