„მწვანე“ ეკონომიკა

„მწვანე“ ეკონომიკა

 რამაზ აბესაძე, პროფესორი

XX საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს და 70-იანი წლების დასაწყისიდან კაცoბრიობა იწყებს ყურადღების მიქცევას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების პრობლემებისადმი. 1972 წელს ქალაქ სტოკჰოლმში გაიმართა მსოფლიო კონფერენცია ბუნების დაცვის საკითხებზე, სადაც გამოითქვა შეშფოთება იმის შესახებ, რომ ეკონომიკური ზრდის არსებული ტემპების შენარჩუნების შემთხვევაში კაცობრიობას კატასტროფა დაემუქრებოდა. კონფერენციამ მიიღო “ნულოვანი ზრდის” პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა როგორც ეკონომიკური ზრდის, ისე მოსახლეობის ზრდის ტემპების შეკვეცას. რასაკვირველია, ამ პროგრამას განხორციელება არ ეწერა და არც განხორციელებულა. თუმცა, ზრუნვა აღნიშნული პრობლემისადმი კიდევ უფრო გაძლიერდა. 1987 წელს გავრცელდა გაერთიანებული ერე¬ბის ორგანიზაციის გარემოსა და განვითაბის საერთაშორისო კომისიის მოხსენება “ჩვენი საერთო მომავალი”, რომელშიც შემოთავაზებული იყო მდგრადი ეკონომი კური განვითარების სტრატეგია. მისი არსი მდგომარეობდა იმაში, რომ უნდა გაგრძელებულიყო ეკონომიკის უწყვეტი ზრდა ახლანდელი თაობის მოთხოვნათა დაკმაყოფილების გასაუმჯობესებლად, ოღონდ მომავალი თაობების არსებობისათვის ზიანის მიყენების გარეშე. 1992 წელს რიოდე-ჟანეიროში გარემოსა და განვითარების საკითხებზე ჩატარდა მეორე მსოფლიო კონფერენცია, რომელზეც შემუშავებული და მიღებული იქნა პროგრამა – “დღის წესრიგი XXI საუკუნისათვის” [“Agenda 21”], სადაც ასევე გადმოცემულია მდგრადი განვითარების არსი. 2002 წელს იოჰანესბურგში შედგა უმაღლესი დონის მსოფლიო შეხვედრა, რომელზედაც განიხილეს რიო-დე-ჯანეიროს კომფერენციაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა შედეგები და დაისახა მომავლის ამოცანები. 1992 წლის კონფერენციიდან 20 წლის შემდეგ, 2012 წელს, რიოდეჟანეიროში კვლავ ჩატარდა კონფერენცია “რიო+20”, რომელზედაც იმსჯელეს “მწვანე” ეკონომიკის, მდგრადი განვითარებისა და სიღარიბის შესახებ. მდგრად ეკონომიკურ განვითარებაზე გადასვლა გულისხმობს ისეთი გლობალური პრობლემების გადაჭრას, რომლებიც დაკავშირებულია: მსოფლიო მოსახლეობის რიცხოვნობასთან; ეკონომიკურ ზრდასთან; არაგანახლებადი რესურსების ალტერნატიული რესურსებით ჩანაცვლებასთან; განახლებადი რესურსების კვლავწარმოების პირობების შენარჩუნებასთან; გარემოს დაბინძურების შემცირებასთან. სწორედ ამ პრობლემათა გადაჭრას მნიშვნელოვანწილად ემსახურება “მწვანე” ეკონომიკა.

„მწვანე“ ეკონომიკა და „ყვითელი“ ეკონომიკა

ტერმინი „მწვანე“ ეკონომიკა პირველად გამოყენებული იქნა ნაშრომში „მწვანეეკონომიკის პროექტი“ („Blueprint for a Green Economy“). მწვანე ეკონომიკის კონცეფცია გადმოცემულია რიო-დეჟანეიროს მდგრადი განვითარებისადმი მიძღვნილი კონფერენციის დოკუმენტში „მომავალი, რომელიც ჩვენ გვსურს“ („Future we want“).
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გარემოსდაცვითი პროგრამის (United Nations Environment Programme – UNEP) განმარტებით, „მწვანე“ ეკონომიკა არის ეკონომიკა, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანთა კეთილდღეობის ამაღლებას გრძელვადიან პერიოდში და უთანაბრობის შემცირებას, რომ მომავალ თაობას შესაძლებლობა მისცეს თავიდან აიცილოს გარემოსა და მისი გაღარიბების არსებითი რისკები. როგორც ჩანს ძირითადი აქცენტი განმარტებაში გადატანილია ადამიანთა კეთილდღეობის ამაღლებაზე, ვინაიდან ბუნების შენარჩუნება, დაცვა და, რიგ შემთხვევებში, გაუმჯობესება, თავისთავად, ადამიანთა კეთილდღეობის ამაღლებას ემსახურება. თუ უფრო დავაკონკრეტებთ, „მწვანე“ ეკონომიკა გულისხმობს ეკოლოგიური მოთხოვნების – რესურსების რაციონალური გამოყენების, ბუნების კვლავწარმოების პროცესების შენარჩუნების, ცოცხალი ორგანიზმების უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და მწარმოებლურობის გაზრდის გზით ადამიანთა ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. „მწვანე“ ეკონომიკის მიზნები ასევე ემსახურება მომავალში რესურსებით უზუნველყოფის საქმესაც, ვინაიდან არააღდგენადი, მილევადი რესურსების ჩანაცვლება ხდება აღდგენადი, ეკოლოგიურად სუფთა რესურსებით. თუმცა, მომავალში რესურსებით უზრუნველყოფის პრობლემა უფრო ფართოა და გლობალური ხასიათი აქვს.
  „ყავისფერი“ ეკონომიკა ანუ ტრადიციული ეკონომიკა, ინდუსტრიალიზაციის ეპოქის დასაწყისიდან მომდინარე, დაკავშირებულია წარმოების პროცესებში ნახშირბადის მაღალ შემცველობასთან (ვინაიდან იგი ძირითადად ემყარება წიაღისეული სათბობის.გამოყენებას), რესურსების მფლანგველურ მოხმარებასა და სოციალურ ექსკლუზიურობასთან. ამის საწინააღმდეგოდ „მწვანე“ ეკონომიკა ხასიათდება ნახშირბადის დაბალი შემცველობით, რესურსების რაციონალური მოხმარებითა და სოციალური ინკლუზიურობით. იგი არა მხოლოდ ინარჩუნებს, არამედ აღადგენს ბუნებრივ კაპიტალს.
„მწვანე“ ეკონომიკის იდეა შემუშავდა მდგრადი განვითარების კონცეფციის საფუზველზე და მისი განხორციელების ერთ-ერთი ძირითადი გზაა. მდგრადი განვითარება მოიცავს ეკონომიკურ, ეკოლოგიურ და სოციალურ სფეროებს თანაბრად. „მწვანე“ ეკონომიკაც მოიცავს სამივე ამ სფეროს, მაგრამ აქცენტი გადატანილია რესურსების ეფექტიან გამოყენებაზე, ბუნების შენარჩუნებასა და განვითარებაზე. აქ ადმიანთა კეთილდღეობის ამაღლებაში უდიდეს როლს თამაშობს ადამიანის ეკოლოგიურად უსაფრთხო გარემოში ცხოვრებისა და საქმიანობის პრობლემები აწმყოსა და მომავალში.
„მწვანე“ ეკონომიკის მთავარი მოწოდებაა – ახლანდელი და მომავალი თაობების კეთილდღეობის ამაღლება არსებული არაგანახლებადი რესურსების მაქსიმალურად ეფექტიანი გამოყენების, მათი ეკოლოგიურად სუფთა რესურსების ჩანაცვლების, ბუნებრივი კაპიტალის შენარჩუნებისა და განვითარების გზით.

 

ბუნებრივი კაპიტალი

ბუნებრივი კაპიტალი არის ბუნებრივი აქტივების მსოფლიო მარაგები რომელიც მოიცავს გეოლოგიურ, ნიადაგის, ჰაერის, წყლს, ყველა ცოცხალი ორგანიზმის რესურსებს, ასევე ფართო სპექტრის მომსახურებას, რომელსაც იღებენ ადამიანები და რაც შესაძლებელს ხდის სიცოცხლეს (მას ხშირად ეკოსისტემურ მომსახურებას უწოდებენ). ბუნებრივი კაპიტალი მოიცავს ორ ძირითად კომპონენტს: აბიოტიკურ ბუნებრივ კაპიტალს (წიაღი, წყალი, მიწა, ჰაერი და სხვ.) და აბიოტიკურ ნაკადებს (წვიმა, ქარი, ტემპერატურა, სიმაღლე ზღვის დონიდან, ნიადაგი, ჭუჭყი, კვების საგნები, მზის გამოსხივება და სხვ.).
ეკონომიკურმა საქმიანობამ ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ ხდება დედამიწის თითოეული უჯრედის წარმოების პროცესში ჩართვა, რაც დაკავშირებულია გარემოს მდგომარეობის გაუარესებასა და ბუნებრივი კაპიტალის ამოწურვასთან სულ უფრო და უფრო დიდი მასშტაბებით. ბუნებისადმი უყურადღებო დამოკიდებულება, ადამიანთა ბუნებრივ კაპიტალზე ნეგატიური ზემოქმედება გამოიწვევს რესურსებისა და ბიომრავალფეროვნების შემცირებას, გარემოს დაბინძურებას, კლიმატის ცვლილებას, საერთოდ, აქტივების უკმარისობას (2025 წლისათვის მსოფლიოს მოსახლეობა შეიძლება დაიტანჯოს წყლის ნაკლებობისაგან, 2030 წლისათვის შეიძლება დაიკარგოს ბიომრავალფეროვნების 10% და ა. შ.). ასეთ პირობებში მცირდება ბუნებრივი კაპიტალის მიერ მოწოდებული მომსახურების დონე, რასაც მოჰყვება ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება და ცხოვრების დონის შემცირება.
ამიტომ „მწვანე“ ეკონომიკის მთავარი ამოცანა ბუნებრივი კაპიტალი შენარჩუნება და განვითარებაა.

„მწვანე“ ზრდა და „მწვანე“ დასაქმება

„მწვანე ზრდა“ გულისხმობს ერთდროულად ეკონომიკურ ზრდასა და გარემოს სტაბილურობას. „მწვანე“ ეკონომიკის ყველაზე რადიკალურ დამცველებს მიაჩნიათ, რომ მომავალი თაობა არ უნდა დავუკავშიროთ ეკონომიკურ ზრდას ანუ ეკონომიკური ზრდა უნდა შეწყდეს
როგორც აღინიშნა „მწვანე ეკონომიკა“ მოწოდებულია გავზარდოთ ეკონომიკის მასშტაბები, მაგრამ არ უნდა გავაღარიბოთ ბუნებრივი კაპიტალი. ბუნებრივი კაპიტალის დეგრადაცია არა მხოლოდ აუარესებს ცოცხალი ორგანიზმების მდგომარეობას, არამედ აძვირდებს ეკონომიკას, უფრო მეტი ფიზიკური კაპიტალის შექმნა ხდება საჭირო, იგივე საქონლის შესაქმნელად ან მომსახურების გასაწევად. მაგალითად თუ წყალს დავაბინძურებთ, უფრო დიდი ინფრასტეუქმურის შექმნა გახდება საჭირო წყლის მისაწოდებლად და ა. შ. 2011 წელს „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ (The Organization for Economic Co-operation and Development (OECD)) მიერ მიღებული იქნა დოკუმენტი – „გზად მწვანე ზრდისაკენ“ (Towards Green Growth). მასში გადმოცემულია რეკომენდაციები და ინსტრუმენტები შემდგომი ეკონომიკური ზრდისა, ისე რომ ბუნებრივი კაპიტალი აგრძელებდეს ადამიანებსათვის ეკოსისტემურ მომსახურებას.
ჩვენ ვერ დავეთანხმებით ავტორებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ „მწვანე“ ეკონომიკა შრომის ბაზარს აფართოებს უფრო მეტად, ვიდრე ტრადიციული, „ყავისფერი“ ეკონომიკა. მართალია „მწვანე“ ეკონომიკაზე გადასვლის დროს გარემოს გასაჯანსაღებლად, ბუნებრივი კაპიტალის შესანარჩუნებლად, დაგროვებული ეკოლოგიური პრობლემების აღმოსაფხვრელად იქმნება ახალი სამუშაო ადგილები ალტერნატიული ენერგეტიკის, „მწვანე“ მშენებლობის, ნარჩენების გადამუშავებისა და უტილიზაციის, ორგანული სოფლის მეურნეობის ფორმირების, „მწვანე“ ეკონომიკის შესაბამისი სპეციალისტების სწავლებისა და გადამზადების, ეკოლოგიური მეწარმეობის განვითარების მიმართულებით, მაგრამ სანამ არ დამთავრდება ძირითადად „მწვანე“ ეკონომიკაზე გადასვლა, მანამ ეკონომიკური ზრგის ტემპები, ნაკლები იქნება, ვიდრე ეს იქნებოდა ტრადიციული ეკონომიკის დროს, ვინაიდან გარდა ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა „მწვანე“ ეკონომიკის დროს რესურსები მიედინება ისეთი ბუნებისდაცვითი ღონისძიებების განხორციელებაზეც, რომელიც ახალ სამუშაო ადგილებს არ ქმნის (მაგალითად, ფილტრების შეძენაზე მეტალურგიაში, მშენებლობასა და ენერგეტიკაში და ა. შ.). სამაგიეროდ, უმჯობესდება ადამიანთა ჯანმრთელობა და შრომითი რესურსების კვლავწარმოების პროცესები და იზრდება ქვეყნის ადამიანისეული კაპიტალი და სხვ. ასევე „მწვანე“ ეკონომიკაზე გადასვლა ძირითადად უნდა მოხდეს აღდგენადი ბუნებრივი რესურსების გამოყენების მეშვეობით. აღდგენის პროცესები კი შეზღუდულია დროში და იძულებული ვართ ეკონომიკის ზრდის ტემპები მას შევუსაბამოთ, წინაათმდეგ შემთხვევაში, საქმე გვექნება ისევ „ყავისფერ“ ეკონომიკასთან, რაც მიგვიყვამს ბუნებრივი კაპიტალის გაჩანაგებასთან.
“მწვანე” დასაქმება გულისხმობს ისეთი სამუშაო ადგილების შექმნას, სადაც გამოიყენება რესურსდამზოგი და ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიები. „მწვანე“ სამუშაო ადგილი ერთმანეთისაგან შესაძლებელია განვასხვაოთ ორი კრიტერიუმის მიხედვით: 1. პროდუქციის გამოშვების მიხედვით და 2. წარმოების პროცესის მიხედვით. პირველი კრიტერიუმის მიხედვით სამუშაო ადგილები დაკავშირებულია ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის გამოშვებასთან, ხოლო მეორე კრიტერიუმის მიხედვით – ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების (რესურსდამზოგი, გარემოს დაცვითი ტექნოლოგიები) გამოყენების მიხედვით.
მსოფლიოში „მწვანე“ სამუშაო ადგილის შეფასება ხდება სხვადასხვა მაჩვენებლის მიხედვით. ჩინეთში, მაგალითად, გამოიენება შემდეგი დეტერმინანტები: გარემოს დაცვა; ენერგიის მოხმარების შემცირება; ნარჩენების შემცირება; გარემოს ხარისხის ამაღლება; ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენება; ადამიანისეული კაპიტალის ხარისხის ამაღლება და ა. შ.
არ შეიძლება ვისაუბროთ “მწვანე ეკონომიკაზე” სიღარიბის აღმოხვრის პრობლემაზე საუბრის გარეშე ანუ სოციალური პოლიტიკისაგან მოწყვეტის გარეშე, ვინაიდან ნებისმიერი ეკონომიკის მთავარი მიზანია ხალხის კეთილდღეობის ამაღლება.

 

ინოვაციური ეკონომიკა, ეკონომიკური განვითარება და „მწვანე“ ეკონომიკა

როგორც ცნობილია, თანამედროვე ეტაპზე განვითარებულ ქვეყნებში ფუნქციონირებს ინოვაციური ეკონომიკა, რომელიც ეფუძნება ინოვაციების გამუდმებულ, სულ უფო მზარდ ნაკადს, ეკონომიკის ყველა სფეროში და ეკონომიკური სისტემის ყველა ელემენტში – საკუთების ფორმებში, ფიზიკურ და ადამიანისეულ კაპიტალში, ტექნოლოგიებში, ინსტიტუციებში, ინფორმაციებში. რით არის განპირობებული ინოვაციების ასეთი ტემპები და მიმართულება? უპირველეს ყოვლისა, ადამიანთა კეთილდღეობის დონის ამაღლებით. „მწვანე“ ეკონომიკის ჩასახვა და განვითარებაც, სწორედ ამ მიზეზით მოხდა – ადამიანთა კეთილდღეობის ამაღლება, უპირველეს ყოვლისა, ეკოლოგიური მოთხოვნების უზრუნველყოფის საფუძველზე.
შეიძლება თუ არა „მწვანე“ ეკონომიკა ინოვაციური ეკონომკისაგან მოწყვეტით წარმოვიდგინოთ? რასაკვირველია არა, იგი ინოვაციური ეკონომიკის ჩამოყალიბებისა და განვითარების შემადგენელი ნაწილია. „მწვანე“ ეკონომიკაზე რეალური ფიქრი და მისი განხორციელება ეკონომიკური განვითარების გარკვეულ ეტაპზე გახდა შესაძლებელი, კეძოდ, მაშინ, როდესაც ამისათვის საჭირო ინოვაციური განვითარების დონე (შესაბამისი ინოვაციური პოლიტიკა, ინოვაციური სისტემა, ტექნოლოგიები, ინსტიტუციები და ა. შ.) და ფინანსური სახსრები საკმარისი იყო. დღეისათვის განვითარებულ ქვეყნებში ინოვაციური ეკონომიკა შედგება ორი ნაწილისაგან „ყვითელი“ეკონომიკისა (რომლის ხვედრთი წილი თანდათან კლებულობს) და „მწვანე“ ეკონომიკისაგან (რომლის ხვედრთი წილი თანდათან იზრდება). ორივე ეს ნაწილი, ჯერჯერობით, მზარდია, მაგრამ უფრო სწრაფად, საბოლოოდ, გაიზრდება „მწვანე“ ეკონომიკა და ჩამოყალიბდება ინოვაციური ეკონომიკა, სადაც აბსოლატურად დიდ ნაწილს დაიკავებს „მწვანე“ ეკონომიკა. თუმცა ინოვაციური ეკონომიკა უფრო რთული სისტემაა აქ მიმდინარეობს უფრო რთული პროცესები, მაგალითად „მოაზეოვნე ტექნოსფეროს“ ჩამოყალიბების პროცესები და სხვ.
„მწვანე“ ეკონომიკის ფორმირებისათვის აუცილებელია, როგორც ეკომომიკური განვითარება (ანუ ეკონომიკის თვისებრივი სრულყოფა), ისე ეკონომიკური ზრდა (ანუ ეკონომიკის რაოდენობრივი მატება), თუმცა სულ უფრო გადამწყვეტი ხდება ეკონომიკური განვითარება. სწორედ თვისებრივი ცვლილებები ეკონომიკაში, ინოვაციები ხდის „მწვანე“ ეკონომიკაზე გადასვლის შესაძლებლობას, ვინაიდან ეს პროცესი მოიოთხვს თვისებრივ ცვლილებებს ეკონომიკური სისტემის ყველა ელემენტში. გარდა ამისა, თანამედროვე ეტაპზე უკვე დაწყებულია პროცესი ეკონომიკური ზრდის საწინააღმდეგო მოქმედებისა ანუ ეკონომიკური კლებისა. ამის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეკოლოგიური მოთხოვნების ამოქმედებაა, მათ შორის, „მწვანე“ ეკონომიკაზე გადასვლა, ვინაიდან ეკონომიკას ვერ გავზრდით იმაზე მეტად, ვიდრე ამას ბუნების კვლავწარმოების პროცესები მოითხოვენ. მაშასადამე, „მწვანე“ ეკონომიკაზე გადასვლა განაპირობებს ეკონომიკური ზრდის გარკვეულ სტაბილიზაციას. რაც შეეხება ეკონომიკურ განვითარებას, პირიქით, ის კიდევ უფრო უნდა დაჩქარდეს. იგი მოახდენს ეკონომიკური ზრდის შენელების კომპენსაციას, ვინაიდან ახალი სამომხმარებლო თვისებების მქონე პროდუქციის ათვისება და არსებულის გაუმჯობესება ადამიანთა კომფორტს ზრდის, ეკონომიკური ზრდის გარეშედაც.
ეკონომიკური კლება არ ნიშნავს ეკონომიკურ დაქვეითებას, იგი ეკონომიკური განვითარების თანამდევი პროცესია და გამოწვეულია ეკონომიკაში პროგრესული თვისებრივი ცვლილებებით. იგი არის ძველის ჩამოშორების, რესურსოტევადობის შემცირების, უნარჩენო და ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების დანერგვის, სულ უფრო მაღალი კომფორტის უზუნველმყოფელი პროდუქციის შექმნის პროცესი. მოკლედ რომ ვთქვათ. სწორედ ეკონომიკური განვითარება იძლევა „მწვანე“ ეკონომიკაზე გადასვლის საშუალებას. ამისათვის კი აუცილებელია ქვეყანაში ინოვაციური სისტემის არსებობა, რათა მუდმივად მიმდინარეობდეს ინოვაციების დანერდვის პროცესი. სწორედ ინოვაციების დანერგვა ხდის შესაძლებელს ეკონომიკური ზრდის ტემპები შევუსაბამოთ ბუნებაში მიმდინარე კვლავწარმოების პროცესებს, დავიცვათ და განვავითაროთ ბუნებრივი კაპიტალი და იმავდროულად ავამაღლოთ ადამიანთა კეთილდღეობის დონე. „მწვანე” ეკონომიკის მთავარი ამოცანაც სწორედ ამაში მდგომარეობს.

 

„მწვანე“ ეკონომიკა საქართველოში

საქართველოში „მწვანე“ ეკონომიკის ფორმირების მიმართულებთ გარკვეული ინსტიტუციური საფუძვლები მომზადებულია. კერძოდ: მიღებულია საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის შესახებ“ (1996); საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა სამი ეროვნული პროგრამა; საქართველოს კანონი – „ნარჩენების მართვის კოდექსი“; „ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების ეროვნული სტრატეგიისა და 2016-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა“. ამ დოკიუმენტებში ევროკავშირი-საქართველოს ასოციირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული დირექტივების მოთხოვნების შესაბამისად ასახულია საქართველოს გარემოსდაცვითი მიზნები და პრიორიტეტები, განსაზღვრულია სტრატეგიული გრძელვადიანი მიზნები, უახლოეს 5 წელიწადში განსახორციელებელი ამოცანები და კონკრეტული ქმედებები, რომლებიც აუცილებელია გარემოს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. გარემოსდაცვითი პოლიტიკის მთავარ მიზანად აღიარებულია ქვეყნის მდგრადი და დაბალანსებული განვითარება, რომლის დროსაც გარემოსდაცვითი და სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევები ერთ სიბრტყეში განიხილება. საქართველო მონაწილეობს საერთაშორისო კონვენციებში: ბაზელის კონვენცია ,,სახიფათო ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვასა და მათ განთავსებაზე კონტროლის შესახებ“, „სტოკჰოლმის კონვენცია ,,მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ“, „მინამატას კონვენცია ,,ვერცხლისწყლის შესახებ“ და სხვ.). საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაკვეთით გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის კორპორაციის (GIZ) მიერ მომზადდა მწვანე ზრდის პოლიტიკის დოკუმენტი. ამასთან ერთად, 2016 წლის ნოემბერში საქართველო მიუერთდა „მწვანე ზრდის დეკლარაციას“, რომლის შესაბამისად, ქვეყნები აცხადებენ, რომ გააძლიერებენ მწვანე ზრდის სტრატეგიებზე მუშაობის ძალისხმევას იმის გათვალისწინებით, რომ მათში ერთდროულად იყოს გათვალისწინებული „მწვანე“ და „ზრდა“, ასევე ხელს შეუწყობენ მწვანე ინვესტირებას. მწვანე ეკონომიკის პრინციპები გულისხმობს მონიტორინგისა და შეფასების პროცედურებს, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისათვის და მთავრობის ანგარიშვალდებულებისათვის.
შეიძლება გამოიყოს სხვა პოზიტიური აქტივობებიც, რომელსაც ადგილი აქვს საქართველოში „მსვანე“ ეკონომიკის ფორმირების მიმართულებით. მაგალითად: მიმდინარეობს მუშაობა „მწვანე“ ეკონომიკის ზრდის სტრატეგიაზე. მის შექმნაში მონაწილეობენ ეკონომიკური პროფილის სამინისტროები  და შემდეგი დონორი ორგანიზაციები: ევროპის აღმოსავლეთ სამეზობლო ქვეყნების ეკონომიკების გამწვანების პროექტი (EaP GREEN), ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) და გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UNEP); დაიწყება ჰაერის ხარისხის ევროპული სტანდარტის დანერგვა უკვე არსებული თანამედროვე ავტომატური მონიტორინგის ქსელი საშუალებას იძლევა, სწორედ ევროპული სტანდარტებით მოხდეს ჰაერის ხარისხის შეფასება; 2018 წლის 1-ლი იანვრიდან დაიწყო ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესი; ბენზინსა და დიზელში დამაბინძურებელ ნივთიერებათა ნორმა დაუახლოვდება ევროპულ სტანდარტს; უპირატესობა მიენიჭება ეკოლოგიურ ტრანსპორტს, მათ შორის მსუბუქ და დაბალი კუბატურის მქონე ავტომობილებს, დაიწყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეცვლა ეკოლოგიურად უფრო სუფთა ტრანსპორტით; დაგეგმილა გადასახადებისგან სრულად გავათავისუფლდეს ის სექტორი, რომელიც საქართველოში შეძლებს ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებას; ქალაქებში შეიქმნება ახალი მწვანე რეკრეაციული სივრცეები, მნიშვნელოვანი ინვესტიციები ჩაიდება დაცული ტერიტორიებისა და ყველა ბუნებრივი და ადამიანის მიერ შექმნილი ხელოვნური ეკოსისტემების განვითარებაში; გაძლიერდება ტყის დაცვა მისი სარეკრეაციო და ტურისტული მიზნებისთვის განვითარება, ამისათვის დაგეგმილია ხე-ტყის იმპორტის წახალისება და სხვა;
“მწვანე” ეკონომიკაზე გადასვლის მიმართულებით განსაკუთრებით აქტიურობს თბილისის მერია, რომელმაც შეიმუშავა გარემოსდაცვითი სტრატეგია 2015-2020 და მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმა 2017-2030

საქართველოში „მწვანე“ ეკონომიკის ფორმირების გზაზე არსებს არა ერთი მწვავე პრობლემა: მდინარეები დაბინძურებულია აზოტის ნაერთებით, ზოგიერთი – მძიმე ლითონებით, ნავთობპროდუქტებით, კომუნალური სექტორის ნარჩენებით; არ ხდება ჩამდინარე წყლის სათანადო გაწმენდა, წყლის ბიოლოგიური გაწმენდა და ა. შ.; ნიადაგის დაბინძურების, ეროზიული პროცესების, ნიადაგის მეორადი დაჭაობებისა და დამლაშების, სასარგებლო წიაღისეულისა და საშენ მასალათა ღია წესით მოპოვების, ადამიანის არასწორი სამეურნეო მოქმედების შედეგად დიდია ნიადაგის დანაკარგები; უკანონო და უკონტროლო ხე-ტყის მოპოვება; ატმოსფერო დბინძურდება ავტოტრანსპორტითა და ენერგეტიკით (საერთო მავნე გაფრქვევებში პირველ ადგილზეა ნახშირჟანგი, შემდეგ ნახშირწყალბადები, მეთანი, მყარი ნაწილაკები, აზოტის ოქსიდები და ამიაკი); სერიოზული ნაკლოვანებებია ადამიანთა ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიმართულებით (სურსათის უვნებლობის, ქიმიკატების უსაფრთხო გამოყენება. ავტომობილების გამონაბოლქვის მავნე ზემოქმედება, საბანაო-სარეკრეაციო წყლების არასაკმარისი სანიტარულ-ჰიგიენური დაცულობა და სხვ.), ნაკლოვანებები არსბობს ბიომრავალფეროვნებათა შენარჩუნების სფეროში (ჰაბიტატების კარგვა, ფრაგმენტაცია და დეგრადირება, უკანონო ნადირობა და თევზჭერა, უცხო სახეობების ინტროდუქცია, ბიოლოგიური რესურსების არამდგრადი გამოყენება და სხვ. ფაქტობრივად დაცული ტერიტორიები არა ბიომრავალფეროვნების დაცვისთვის, არამედ ტურიზმის განვითარების რესურსად გამოიყენება); აღდგენადი და არატრადიციული ენერგორესურსების ათვისების დაბალი დონე (საქართველო მდიდარია: ჰიდროენერგორესურსებით, მზის, ქარისა და თერმული წყლების რესურსებით, მაგრამ ყველა ეს რესურსი დღეისათვის მცირედიდთაა ათვისებული), არასრულყოფილია ნარჩენების მართვის სისტემა, იგი არ შეესაბამება საერთაშორისო მოთხოვნებს; სრულყოფას საჭიროებს შესაბამისი ინსტიტუციური ბაზა (მაგ. მისაღებია კანონი სამთო გადამუშავების ნარჩენების შესახებ, „მწვანე“ ეკონომიკის განვითარების სტრატეგია და სხვ.); გასაძლიერებელია. გარემოსდაცვითი განათლების სისტემა და სხვ.
შეძლებს თუ არა საქართველო „მწვანე“ ეკონომიკაზე სწრაფ გადასვლას? პასუხი ამ კითხვაზე უარყოფითია, ვინაიდან „მწვანე“ ეკონომიკაზე გადასვლა დამოკიდებულია ეკონომიკის განვითარების საერთო დონეზე. მართალია, საზღვარგარეთის დახმარების შედეგად ეს პროცესი შესაძლებელია დაჩქარდეს მაგრამ იგი იმდენად რთულია თუ მთელ ეკონომიკაში ღრმა თვისებრივი ცვლილებები არ მოხდა, ეს პროცესი სრულყოფილად ვერ განხორციელდება. აუცილებელი ქვეყანაში გაძლიერდეს ინოვაციური ეკონომიკის მშენებლობა, შესაბამისად ინოვაციური სისტემის სრულყოფა, რომლის პირობებშიდაც უფრო ინტენსიური გახდება მსოფლიო გამოცდილების გამოყენებაც და იმ დაბრკოლებების გადალახვაც, რომელიც საქართველოსათვის არის დამახასიათებელი.

წყარო – Ramaz Abesadze  “GREEN” AND “CIRCULAR” ECONOMY: ESSENCE AND MODERN CHALLENGES. IJONESS 2019; 10 (2)

მსგავსი სიახლეები