საქართველოს კანონმდებლობის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდებისა და თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის დებულების შესაბაბისად დაარსდა ინსტიტუტის გაზეთი – „ეკონომიკა და საზოგადოება“.
გაზეთის, როგორც მასმედიის ნებისმიერი საშუალების, მთავარი ფუნქციაა, საზოგადოებას მიაწოდოს სწორი ინფორმაცია ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებზე.
გაზეთი განსაკუთრებით ორიენტირებულია ეკონომიკური პრობლემების გაშუქებაზე, თუმცა, რადგან ეკონომიკა ორგანულადაა დაკავშირებული საზოგადოების ნებისმიერ სფეროსთან, მასში ასევე აისახება ადამიანთა საქმიანობის
სხვა მიმართულებებიც (განათლება, მეცნიერება, კულტურა, სპორტი და ა, შ,), გაზეთში ქვეყნდება კვალიფიციური ექსპერტული შეფასებები, სამეცნიერო და პოპულარული სტატიები, ინტერვიუები, შეხედულებები, რეკლამები, განცხადებები.
მასში, ბუნებრივია, აისახება უნივერსიტეტში (თსუ), მის ფაკულტეტებზე და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესები. გაზეთისათვის მნიშვნელოვანია მასში საზოგადოების, განსაკუთრებით მეცნიერ-ეკონომისტთა ფართო მონაწილეობა. ასევე, სასურველია, თავიანთი მოსაზრებები და შეხედულებები მოგვაწოდონ სტუდენტებმა(დოქტორანტები, მაგისტრანტები, ბაკალავრები).
გაზეთი ვრცელდება მასიურად და კავშირი აქვს სამთავრობო, ბიზნესის და საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებთან.
გაზეთში გამოქვეყნება უფასოა.