ბრიტანეთი და მსოფლიო დედოფლის გარდაცვალებას გლოვობს
- მსოფლიო
- სექტემბერი 10, 2022
- 478
მსოფლიო ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი მონარქი, დიდი ბრიტანეთის
დედოფალი ელისაბედ მეორე გარდაიცვალა. ინფორმაციას ადასტურებს
სამეფო ოჯახი, პირველი განცხადება კი წესების მიხედვით დიდი
ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ლიზ ტრასმა გააკეთა.
"მისი უდიდებულესობის დედოფლის გარდაცვალება უდიდესი შოკია
ერისთვის და მსოფლიოსთვის. დედოფალი ელისაბედ მეორე იყო კლდე,
რომელზეც თანამედროვე ბრიტანეთი აშენდა. ჩვენი ქვეყანა გაიზარდა და
აყვავდა მისი მეფობის დროს,"- თქვა ლიზ ტრასმა.
დამატებითი დეტალები მედიისთვის ამ დრომდე უცნობია. "ბი ბი სი"
ავრცელებს ინფორმაციას, რომ დედოფალს 10-11 დღეში დაკრძალავენ.
ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში 8 სექტემბერს გარდაიცვალა, ის 70 წლის
განმავლობაში იყო დედოფალი. მისი გარდაცვალების შემდეგ ტახტს,
შვილი 73 წლის ჩარლზი იკავებს და ავტომატურად ხდება გაერთიანებული
სამეფოს და სხვა სახელმწიფოთა, მათ შორის ახალი ზელანდიის, კანადის
და ავსტრალიის მეფე.
„ჩემი საყვარელი დედის, მისი უდიდებულესობის, დედოფლის
გარდაცვალება უდიდესი მწუხარების მომენტია ჩემთვის და სამეფო
ოჯახისთვის… ვიცი, ამ დანაკარგს ღრმად შეიგრძნობენ მთელ ქვეყანაში,
სამეფოებსა და თანამეგობრობაში, ასევე ურიცხვი ადამიანი მთელ
მსოფლიოში“- წერს დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზი.
ელისაბედ მეორის გარდაცვალებას გამოეხმაურა ქვეყნის ყოფილი
პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი.
„თითოეული ჩვენგანის გულებში არის ტკივილი ჩვენი დედოფლის
გარდაცვალების გამო.“ დედოფალი იმდენად არ ექვემდებარებოდა დროს
და იმდენად არაჩვეულებრივი იყო, რომ ვშიშობ, როგორც ბავშვებმა, ისე
დავიჯერეთ, რომ ის სულ იქნება და იქნება“ – ამბობს ჯონსონი.
დედოფლის გარდაცვალებას მალევე გამოეხმაურნენ ამერიკის
შეერთებულ შტატებში, სახელმწიფო შენობებზე დაუშვეს ეროვნული
დროშები, მათ შორის დროშა დაშვებულია თეთრი სახლისა და
კაპიტოლიუმის შენობაზე.პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო
შენობებზე დროშები დაშვებული დედოფლის დაკრძალვამდე დარჩება.
"ის იყო სიამაყის წყარო ბრიტანელების თაობებისთვის, ბევრი
ისეთისთვის, ვისაც არასდროს უნახავს თავისი ქვეყანა მის გარეშე.
დედოფალი ელისაბედ მეორე, დიდი ღირსების მქონე სახელმწიფო
მოღვაწე იყო, რომელმაც გააღრმავა ალიანსი გაერთიანებულ სამეფოსა და
შეერთებულ შტატებს შორის. მან ხელი შეუწყო იმას, რომ ჩვენი
ურთიერთობის განსაკუთრებული გამხდარიყო“- თქვა ამერიკის
პრეზიდენტმა ბაიდენმა.
დედოფლის გარდაცვალებიდან მალევე, მის ხსოვნას პატივი მიაგეს
გაეროში, სადაც იმ დროისთვის უშიშროების საბჭოს სხდომა
მიმდინარეობდა. წევრმა სახელმწიფოებმა დედოფლის გარდაცვალების
შესახებ ინფორმაცია სწორედ სხდომის დროს შეიტყვეს, ფეხზე წამოდგნენ
და წუთიერი დუმილით გამოხატეს სამძიმარი.
გაეროს გენერალური მდივნის შეფასებით, ელისაბედ მეორის „არსებობა
სიმშვიდეს უსახავდა ყველას ყოვლისმომცველი ცვლილებების
ათწლეულების განმავლობაში, მათ შორის აფრიკისა და აზიის
დეკოლონიზაციის და თანამეგობრობის განვითარების ჩათვლით“.
გუტერეში იხსენებს, რომ "დედოფალი ელისაბედ II იყო გაეროს კარგი
მეგობარი და ორჯერ ეწვია ნიუ-ორკის შტაბ-ბინას, ორმოცდაათზე მეტი
წლის დაშორებით. ის ღრმად იყო ჩართული საქველმოქმედო და გარემოს
დაცვით ღონისძიებებში“.
მსოფლიოს მასშტაბით, დიდი ბრიტანეთის ყველა საელჩოში სამძიმრის
წიგნები გაიხსნა, სადაც მსურველებს შეუძლიათ ჩანაწერები დატოვონ.
"შესანიშნავი მეგობარი, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ჩვენს ორ
ხალხს შორის ურთიერთგაგებასა და კავშირებზე"- ასე გამოეხმაურა
დედოფლის გარდაცვალებას ირლანდიის პრემიერ-მინისტრი მაიკლ
მარტინი.
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა დაწერა თავის განცხადებაში, რომ
ელისაბედ მეორე იყო სამაგალითო მილიონობით ადამიანისთვის, სხვათა
შორის გერმანიაში. „მისი სწრაფვა გერმანულ-ბრიტანული შერიგებისკენ
მეორე მსოფლიო ომის საშინელების შემდეგ, დაუვიწყარი დარჩება.
დაგვაკლდება ის, და არა ბოლო რიგში, მისი იუმორი,“ აცხადებს შოლცი.
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ბრიტანეთის დედოფალს
იხსენებს, როგორც საფრანგეთის მეგობარს, გულმოწყალე დედოფალს,
რომელმაც წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა თავის ქვეყანასა და
ეპოქაზე.
იტალიის პრემიერ-მინისტრი, მარიო დრაგი ასე აფასებს ელისაბედ მეორეს:
"დედოფალი ელისაბედი იყო მთავარი მოთამაშე მსოფლიოს ისტორიაში
უკანასკნელი სამოცდაათი წლის განმავლობაში. ის წარმოადგენდა
გაერთიანებულ სამეფოს და თანამეგობრობას გაწონასწორებული,
ბრძნული, ინსტიტუტებისა და დემოკრატიის მიმართ პატივისცემით".
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ელისაბედ მეორის
გარდაცვალების გამო უკრაინის ხალხის სახელით სამძიმრის წერილი
გაუგზავნა „სამეფო ოჯახს, მთელ გაერთიანებულ სამეფოს და
თანამეგობრობას „აუნაზღაურებელი დანაკარგის გამო“. „ჩვენი ფიქრები და
ლოცვა თქვენთანაა", წერს ზელენსკი.
კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო დიდი მწუხარებას
გამოთქვამს „კანადის ყველაზე ხანგრძლივი მმართველი მონარქის, მისი
უდიდებულესობა დედოფალი ელისაბედ II-ის გარდაცვალების გამო. ის
მუდმივად არსებობდა ჩვენს ცხოვრებაში და მისი მსახურება
კანადელებისთვის სამუდამოდ დარჩება ჩვენი ქვეყნის ისტორიის
მნიშვნელოვან ნაწილად".
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ სამძიმრის წერილი გააგზავნა
ლონდონში: "ღრმად დამამწუხრა მისი უდიდებულესობის, ელისაბედ II-ის
გარდაცვალებამ. ვუგზავნი გულწრფელ და გულითად სამძიმარს სამეფო
ოჯახს და ბრიტანელ ხალხს და ხალხს თანამეგობრობაში".
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თავის წერილში, რომელიც
ბრიტანეთის ახალ მეფეს, ჩარლზს გაუგზავნა, აღნიშნა, რომ დედოფალი
„სამართლიანად სარგებლობდა თავისი თანამემამულეების სიყვარულით
და პატივისცემით და ასევე, ავტორიტეტით მთელ მსოფლიოში“.
„მისმა უდიდებულესობამ დედოფალმა ელისაბედ II-მ იცხოვრა თავისი
ხალხის, ერისა და თანამეგობრობისადმი ერთგულებით. სიმტკიცის,
ღირსების და დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულების
მოდელი, რომელმაც ისტორიაში უნიკალური ადგილი დაიმკვიდრა. ჩემი
ფიქრები და ლოცვები სამეფო ოჯახთანაა", – ასე გამოეხმაურა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დედოფალ ელისაბედ
მეორის გარდაცვალებას.
განცხადება გაავრცელა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც.
„გულითადად ვუსამძიმრებთ სამეფო ოჯახს, გაერთიანებული სამეფოს
მთავრობას და ხალხს. მისი უდიდებულესობა, დედოფალი ელისაბედ II
იყო ლიდერი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში უძღვებოდა ერს,
იყო პატივისცემის და სიყვარულის ობიექტი. ის თაობებს ემახსოვრება!” –
წერს ღარიბაშვილი "ტვიტერზე".
***
ბრიტანეთის მეფე, ჩარლზ მესამე შოტლანდიიდან ბალმორალის
ციხესიმაგრიდან ლონდონში, ბუკინგემის სასახლეში დაბრუნდა. სწორედ
ბალმორალის ციხესიმაგრეში გარდაიცვალა ინგლისის დედოფალი, ქვეყნის
ისტორიაში ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში ტახტზე მყოფი, ელისაბედ
მეორე.
73 წლის ჩარლზი ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ხნიერი ადამიანი
იქნება, ვინც სამეფო ტახტს დაიკავებს. დღეს ის ასევე სიტყვით მიმართავს
ხალხს და ეს მისი პირველი საჯარო გამოსვლა იქნება მონარქის როლში.
დღესვე გაიმართება ახალი მეფისა და სულ რამდენიმე დღის წინ
დანიშნული პრემიერის, ლიზ ტრასის შეხვედრაც ბუკინგემის სასახლეში.
ტრასის პრემიერად დანიშვნის ცერემონია თავად ელისაბედ მეორემ,
გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე ჩაატარა.
დედოფლის ხსნოვისადმი პატივისცემის ნიშნად, სპეციალური სესია
ჩატარდება პარლამენტშიც. პარასკევს დანიშნულ სამგლოვიარო
ცერემონიალში, რომელიც წმინდა პოლის კათედრალში ჩატარდება,
მივლენ როგორც ახალი პრემიერი, ისე მისი კაბინეტის წევრებიც.
სამხედრო სალამით მიაგებენ პატივს დედოფალს ჰაიდ პარკსა და სხვა
რამდენიმე ლოკაციაზე.
დედოფალ ელისაბედის დაკრძალვა მომდევნო რამდენიმე დღეში იგეგმება
ვესტმინსტერ ებიში. დასაფლავების დღე ბრიტანეთში ეროვნული გლოვის
დღედ და საყოველთაო დასვენებად გამოცხადდება.
ბრიტანეთის მოსახლეობა დედოფალს გლოვობს. ისინი ყვავილებით და
სანთლებით ხელში ბუკინგებისა და უინძორის სასახლეებთან, ასევე
სხვადასხვა ქვეყნებში ბრიტანეთის საელჩოებთან იკრიბებიან და პატივს
მიაგებენ გარდაცვლილი დედოფლის ხსოვნას.