მარაგი დღეისათვის გვაქვს საკმარისზე მეტი, თუმცა გვაქვს ფქვილის და არა ხორბლის სახით – სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მარაგი დღეისათვის გვაქვს საკმარისზე მეტი, თუმცა გვაქვს ფქვილის და არა ხორბლის სახით – სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ქვეყანაში ხორბლის იმპორტი, დიდწილად, ფქვილის იმპორტმა ჩაანაცვლა – ამის შესახებ განცხადებას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს, რითაც თავის მხრივ ხორბლის ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის განცხადებას ეხმიანება.

„იაფი ფქვილის მარაგების ფონზე, ავტომატურად შემცირებულია ხორბლის იმპორტი და ხორბლის მარაგები. ქვეყანაში ხორბლის ფქვილის დეფიციტის შექმნის საფუძველი არ არსებობს. მარაგი დღეისათვის გვაქვს საკმარისზე მეტი, თუმცა გვაქვს ფქვილის და არა ხორბლის სახით.

დაახლოებით თვენახევარ, ორ თვეში დაიწყება ხორბლის ადგილობრივი მოსავლის აღება. ივლისი-აგვისტო მსოფლიოში მარცვლეული კულტურების ახალი მოსავლის მიღების სეზონია. ახალი მოსავალი ახალი საფასო პოლიტიკის შემუშავებას განაპირობებს. დღეისათვის, ხორბლის ფასები მკვეთრადაა გაზრდილი, პრაქტიკულად გაორმაგებულია. იმედი გვაქვს, რომ ფასების კლების ტენდენცია დაიწყება. შესაბამისად, უკვე ამ პერიოდისთვის, საქართველოს მთავრობა შექმნილი ვითარების შესაბამისად იმოქმედებს“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს ხორბლის იმპორტიორთა ფქვილის მწარმოებელთა  ასოციაციამ შეხვედრის მოთხოვნით საქართველოს პრემიერს მიმართა. ასოციაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ხორბლის 10 დღის მარაგია დარჩენილი, თუმცა ფქვილის მარაგი არის, რადგან ფქვილის იმპორტი შეუფერხებლად ხორციელდება. ლევან სილაგავას თქმით,  ხორბლის იმპორტის შემცირება ადგილობრივი წარმოებების გაჩერებას იწვევს და დღეისთვის უკვე დიდი წისქვილკომბინატები ჩერდებიან.

მსგავსი სიახლეები