ეროვნულ ბანკს მთავრობის მიერ მომზადებულ კანონპროექტზე შენიშვნები აქვს

ეროვნულ ბანკს მთავრობის მიერ მომზადებულ კანონპროექტზე შენიშვნები აქვს

საქართველოს ეროვნულ ბანკს მთავრობის მიერ მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს. ისინი დღევანდელ სხდომაზე სებ-ის ვიცეპრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა წარადგინა. პარლამეტში 6 თებერვალს შესული კანონპროექტის მიხედვით, ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობას ემატება პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი და განისაზღვრება, რომ სებ-ის საბჭოს შემადგენლობაში, გარდა საბჭოს თავმჯდომარისა, შედიან ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, 3 ვიცე-პრეზიდენტი და სხვა წევრები. აღნიშნული კანონპროექტით აგრეთვე გათვალისწინებულია, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ეროვნული ბანკის საბჭო ავალებს ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტს.

ეროვნული ბანკის მიერ ამ კანონპროექტზე წარდგენილი შენიშვნები ასეთია

“1. როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში ბუნდოვანია, თუ რომელი ვიცე-პრეზიდენტი ასრულებს მის მოვალეობას, ასევე ბუნდოვანია, თუ რა პროცედურით ხდება მოვალეობის შესრულების რომელიმე ვიცე-პრეზიდენტისთვის დაკისრება.

აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით, ეროვნულ ბანკში მოვალეობის დაკისრებისა და უფლებამოსილების განაწილების საკითხები მოწესრიგებულია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტითა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 28 იანვრის №13/04 ბრძანებით „საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ვიცე–პრეზიდენტებსა და აღმასრულებელ დირექტორს შორის ფუნქციების განაწილების შესახებ“, რომლის თანახმად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არ ყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას კონკრეტული ვიცე-პრეზიდენტი ასრულებს. ბრძანება ასევე ითვალისწინებს სხვა ვიცე-პრეზიდენტებზე მოვალეობის დაკისრების შემთხვევებს. საგულისხმოა, რომ პრაქტიკაში, ეროვნული ბანკის საქმიანობის პროცესი ამ მიმართულებით არასოდეს შეფერხებულა. მათ შორის, იყო შემთხვევა, როდესაც ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას 16 თვის განმავლობაში ასრულებდა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ კანონპროექტის მიზანი აღნიშნული საკითხის საკანონმდებლო დონეზე დარეგულირებაა, შესაძლებელია პირველ ვიცე-პრეზიდენტად ორგანული კანონით გათვალისწინებული 3 ვიცე-პრეზიდენტიდან ერთ-ერთი განისაზღვროს, რითაც ეროვნული ბანკის საბჭოში კიდევ ერთი აღმასრულებელი წევრის დამატება საჭირო არ იქნება.

2. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების რაოდენობა და დამოუკიდებელი ზედამხედველის ბალანსი

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოქმედი რედაქციით, ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობაში 9 წევრიდან 4 აღმასრულებელი წევრია (პრეზიდენტი და 3 ვიცე-პრეზიდენტი), ხოლო 5 წევრი არააღმასრულებელი უნდა იყოს. ამჟამად, ეროვნულ ბანკში ვაკანტურია 1 არააღმასრულებელი წევრის პოზიცია. შემოთავაზებული კანონპროექტით, საბჭოს 5 წევრი აღმასრულებელი, ხოლო 4 არააღმასრულებელი იქნება, რითაც ცალსახად გაუქმდება ეროვნული ბანკის საბჭოს, როგორც დამოუკიდებელი ზედამხედველი ორგანოს, როლი ვინაიდან, საბჭოს შემადგენლობის უმრავლესობა აღმასრულებელი წევრები იქნებიან (როგორც არააღმასრულებელი წევრის არსებული ვაკანტური პოზიციის შევსების შემთხვევაში, ისე არააღმასრულებელი წევრების კანონით დადგენილი რაოდენობის გაზრდისას, თუკი ვაკანსიები რეალურად არ შეივსება).

3. შეუსაბამობა ცენტრალური ბანკების მმართველობის საერთაშორისო პრაქტიკასა და აღიარებულ პრინციპებთან

აღნიშნული საკითხი გასული წლის ივლისში დეტალურად შეისწავლა საერთაშორისო სავალუტო ფონდის უსაფრთხოების მისიამ (IMF Safeguards Assessment) და ხაზი გაუსვა არააღმასრულებელი წევრების უმრავლესობის კრიტიკულობას ბანკის საზედამხედველო ფუნქციის კუთხით. აღნიშნული მისიის რეკომენდაციების საფუძველზე და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებული პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან კონსულტაციით „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში აუცილებელია ისეთი ცვლილებების განხორციელება, რომლის მიხედვითაც ეროვნული ბანკის საბჭოში მოქმედი არააღმასრულებელი წევრები მუდმივად და დროის ნებისმიერ მომენტში უმრავლესობაში იქნებიან. კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილებები ამ შეთანხმების საპირისპიროა.

ამასთან, როგორც რამდენიმეჯერ საჯაროდ განვაცხადეთ, გასული წლის ოქტომბრის თვეში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ განხორციელდა ტექნიკური დახმარების პროექტი, რომლის მიზანია ეროვნული ბანკის მმართველობის მოდელის მოდერნიზაცია და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი პარლამენტში მიმდინარე წლის ივნისის ბოლომდე იქნება წარმოდგენილი. ინიციირებული ცვლილებები, თავისი შინაარსით, ამ ტექნიკური დახმარების მისიის მიერ შემოთავაზებულ მმართველობის მოდელებთან წინააღმდეგობაშია.

4. წინააღმდეგობა საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეთანხმებულ პროგრამასთან

ასევე, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებული პროგრამის ფარგლებში, რაც ქვეყანაში განხორციელებული სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკისა და სტრუქტურული რეფორმების დადასტურების მნიშვნელოვანი გზავნილია, ეროვნული ბანკის მმართველობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ცვლილებები ამ ორგანიზაციის წარმომადგენლებთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგ უნდა მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია ქვეყანაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი 3 წლიანი პროგრამის შეფერხება. ამასთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან კონსულტაციების გარეშე კანონპროექტის მიღება არ შეესაბამება მასთან საქართველოს შეთანხმებას და შესაბამისად, დამატებით გასააზრებელია, რამდენად სწორია განმარტებით ბარათში მითითებული ინფორმაცია, რომ საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს წარმოდგენილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკითხის კომპლექსურობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, ეროვნულ ბანკს კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილებები და მათი დაჩქარებული წესით განხილვის ინიციატივა მიზანშეწონილად არ მიაჩნია. ასეთი სახის ცვლილებები დეტალურ ანალიზს, აქტიურ კონსულტაციებს საჭიროებს – მათ შორის პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან – და, როგორც მინიმუმ, ჩვეულებრივი (არადაჩქარებული) წესით განხილვას იმსახურებს. ჩვენი მხრივ, სრულ მზადყოფნას გამოვთქვამთ პარლამენტთნ ამ საკითხის აქტიურ რეჟიმში განხილვებში მონაწილეობაზე,”- ნათქვამია სებ-ის მიერ მომზადებულ შენიშვნებში.

შეგახსენებთ, რომ 3 მარტიდან სებ-ის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის უფლებამოსილების ვადა იწურება. 

მსგავსი სიახლეები

საქართველომ ევროპის ბიზნეს ანგელოზთა კონგრესის მასპინძლობისთვის განაცხადი შეიტანა

საქართველომ ევროპის ბიზნეს ანგელოზთა კონგრესის მასპინძლობისთვის განაცხადი შეიტანა

აქსელის, საქართველოს ბიზნეს ანგელოზთა ქსელის ინიციატივით, საქართველომ ევროპის ბიზნეს ანგელოზთა ქსელის (EBAN) კონგრესის მასპინძლობისათვის განაცხადი შეიტანა. ევროპის ბიზნეს ანგელოზთა კონგრესი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საინვესტიციო კონფერენცია ევროპაში, რომელიც…
წელს კავკასიასა და ცენტრ. აზიაში ეკონომიკური ზრდა 3.9%-მდე შენელდება, 2025 წელს 4.8%-მდე დაჩქარდება – IMF

წელს კავკასიასა და ცენტრ. აზიაში ეკონომიკური ზრდა 3.9%-მდე შენელდება,…

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2024 წლისთვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები განაახლა. ორგანიზაციის პროგნოზის მიხედვით, მიმდინარე წელს კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ეკონომიკური ზრდა…
ჩინეთი-შუა დერეფანი-იტალია – ერთწლიანი პაუზის შემდეგ საკონტეინერო გადაზიდვები განახლდა

ჩინეთი-შუა დერეფანი-იტალია – ერთწლიანი პაუზის შემდეგ საკონტეინერო გადაზიდვები განახლდა

ჩინეთი-შუა დერეფანი-იტალია – ერთწლიანი პაუზის შემდეგ, “ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით” საკონტეინერო გადაზიდვები განახლდა. გადაზიდვას სინცზიანიდან ნეაპოლამდე „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ და…