კომუნიკაციების კომისიამ სატელეკომუნიკაციო ბაზრის კვლევა დაიწყო

კომუნიკაციების კომისიამ სატელეკომუნიკაციო ბაზრის კვლევა დაიწყო

კომუნიკაციების კომისიამ სატელეკომუნიკაციო ბაზრის კვლევა დაიწყო, რომელშიც კომისიის ინფორმაციით, ევროპელი ექსპერტებიც მიიღებენ მონაწილეობას. პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელდება და მის შედეგად ბაზრის ანალიზის დოკუმენტი შემუშავდება. კვლევა 2023 წლის მეორე ნახევარში უნდა დასრულდეს.

“კვლევის ფარგლებში, ტელეკომ ბაზარზე არსებული კონკურენცია შეფასდება, დადგინდება შესაბამისი ბაზრები და საჭიროების შემთხვევაში კომპანიებისთვის სპეციფიკური ვალდებულებები განისაზღვრება. კვლევის მიზანია, ფიქსირებული და მობილური მომსახურების ბაზრებზე შესვლის ბარიერები მოიხსნას და გაიზარდოს კონკურენცია. აღნიშნული, ერთი მხრივ, მრავალფეროვან სატელეკომუნიკაციო მომსახურებებზე ხელმისაწვდომობას განაპირობებს, ხოლო მეორე მხრივ, მცირე ზომის კომპანიებს მისცემს შესაძლებლობას, განავითარონ საქმიანობა და შექმნან ალტერნატიული საკომუნიკაციო შეთავაზებები, ქსელის მფლობელი ოპერატორები კი მეტად აითვისებენ საკუთარი ქსელის შესაძლებლობებს, რითაც დამატებით შემოსავალს მიიღებენ.

ტელეკომ ბაზარზე არსებული მდგომარეობის, გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციის შესწავლის მიზნით, კვლევის ფარგლებში ექსპერტები ტელეკომ ოპერატორებს შეხვდნენ, მათ შორის სამუშაო შეხვედრები გაიმართა „ბილაინის“, „სქაიტელის“, „მაგთიკომის“, „სილქნეტის“, „ახალი ქსელების“, „კავკასუს ონლაინის“, „ოუფენ ნეტის“, მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორების ასოციაციისა, MVNO ასოციაციის წარმომადგენლებთან და მომხმარებელთა უფლებების დამცველთან. კვლევა, ევროკავშირის დაფინანსებით, AA Facility II-ს მხარდაჭერით ხორციელდება და ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას ისახავს მიზნად.

ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებით, ქართული კანონმდებლობა სრულფასოვნად უნდა დაუახლოვდეს ევროპულს, რისთვისაც აუცილებელია ტელეკომ ბაზარზე კონკურენციის ეფექტიანობის და ქსელის საბითუმო ელემენტებზე დაშვების გაუმჯობესების მიზნით ქვეყანამ ჩაატაროს ბაზრის ანალიზი და შეაფასოს რეგულირების მიზნებისთვის სავალდებულოდ შესასწავლი ბაზრები. აღნიშნული მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია, რომ ევროპის ელექტრონული კომუნიკაციების კანონის ფარგლებში არსებობს რეგულირებადი ბაზრების შესახებ ევროკომისიის რეკომენდაცია და შესაბამისი ბაზრების განსაზღვრის მეთოდოლოგიური წესები, რომლითაც უნდა იხელმძღვანელონ ევროპის მარეგულირებელმა ორგანოებმა ბაზრის ანალიზისა და შესაბამისი მარეგულირებელი ჩარჩოს განსაზღვრისთვის. აღნიშნული რეკომენდაციები არსებითია საქართველოსთვის ევროკავშირის სარეგულაციო ჩარჩოსთან დინამიური აპროქსიმაციის მიზნის მისაღწევად, სრულფასოვანი კვლევა კი აღნიშნული მიზნის განხორციელებას უზრუნველყოფს.

კვლევის კომპლექსურობიდან და მასშტაბურობიდან გამომდინარე, პროექტი რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე მოხდება ფიქსირებული და მობილური საკომუნიკაციო მომსახურებების საცალო ბაზრის კონკურენტული გარემოს ანალიზი, რომელიც 2023 წლის პირველ ნახევარში დასრულდება. მეორე ეტაპზე დადგინდება მობილურ ბაზარზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორები და აღნიშნული პროცესი 2023 წლის მეორე ნახევარში დასრულდება,”- ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მსგავსი სიახლეები

2025 წელს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის და ღორის სულადობა შემცირდა, ქათმის გაიზარდა – საქსტატი

2025 წელს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის და ღორის სულადობა შემცირდა,…

საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობამ 760.6 ათასი სული შეადგინა, რაც წლიურად 6%-იანი კლებაა. აქედან ფურისა და ფურკამეჩის…
თბილისის მერიამ მედიკამენტების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში 220 338 მოთხოვნა დააფინანსა

თბილისის მერიამ მედიკამენტების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში 220 338 მოთხოვნა…

თბილისის მერიამ 500-ლარიანი მედიკამენტების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, დღემდე 220 338 მოთხოვნა დააფინანსა. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე…
ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

16 თებერვლის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6799 ლარი გახდა.…