“13 მენეჯერული პოზიცია გაუქმდა ” – საქპატენტში რეორგანიზაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს

“13 მენეჯერული პოზიცია გაუქმდა ” – საქპატენტში რეორგანიზაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – „საქპატენტი“ რეორგანიზაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ „საქპატენტში“ 13 მენეჯერული პოზიცია გაუქმდა.

გავრცელებულ განცხადებაში რეორგანიზაციის აუცილებლობისა და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებაა განმარტებული.

„გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია საქპატენტში განხორციელებული რეორგანიზაციის შესახებ. სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – „საქპატენტი“ არის ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში მოქმედი დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც ახორციელებს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების სამართლებრივ უზრუნველყოფას.

ჯერ კიდევ 2022 წლის 6 აპრილის, სსიპ – საჯარო სამსახურის ბიურომ საქპატენტის სტრუქტურასთან დაკავშირებით მოამზადა ფუნქციური ანალიზი, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი საქპატენტის სტრუქტურაში გამოვლენილი ნაკლოვანებები, რაც დაუყოვნებლივ საჭიროებდა შესაბამის რეაგირებას. ამ ანალიზის საფუძველზე, საქპატენტის სტრუქტურის ერთ-ერთი მთავარ ნაკლოვანებას (სხვა ხარვეზებთან ერთად) წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ საქპატენტში მენეჯერული პოზიციების რაოდენობა მაღალი იყო და მოითხოვდა ოპტიმიზაციას (საშტატო ნუსხით გათვალისწინებული პოზიციების 30% მენეჯერულია).

ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ზოგიერთი სტრუქტურული ერთეულის შემთხვევაში დარღვეული იყო იერარქიულობის პრინციპი და იგი არ შეესაბამებოდა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საჯარო დაწესებულების თანამდებობების/პოზიციების პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის მიკუთვნებული თანამდებობების ეკვივალენტური ფუნქციური დატვირთვის განსაზღვრის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 იანვრის №7 დადგენილებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

მათი ინფორმაციით, რეორგანიზაციამდე საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრის სტრუქტურა 8 დეპარტამენტს, 1 სამსახურს, 18 სამმართველოსა და სასწავლო ცენტრს მოიცავდა და საქპატენტში ჯამში 128 თანამშრომელი საქმდებოდა, მათ შორის 92 პირი საშტატო ნუსხით განსაზღვრულ პოზიციებზე, რომელთაგანაც 30 პირი მენეჯერულ პოზიციებს იკავებდა. საქპატენტის თავმჯდომარეს კი 3 მოადგილე და ერთი მრჩეველი ჰყავდა.

„რეორგანიზაციის ფარგლებში, განისაზღვრა საქპატენტის ახალი სტრუქტურა და ჩამოყალიბდა ახალი საშტატო ნუსხა, რომელშიც აღმოფხვრილია არსებული ნაკლოვანებები, კერძოდ განხორციელდა საქპატენტის მენეჯერული პოზიციებისა და სტრუქტურული ერთეულების/ქვედანაყოფების ოპტიმიზაცია, რის საფუძველზე განხორციელდა სამუშაო ძალის შემცირება, კერძოდ გაუქმდა 13 მენეჯერული პოზიცია, მათ შორის გაუქმდა დეპარტამენტის უფროსის ორი, სამმართველოს უფროსის შვიდი, სამმართველოს უფროსის მოადგილის ორი, ასევე თავმჯდომარის მოადგილისა და თავმჯდომარის მრჩევლის პოზიციები.

აღსანიშნია, რომ რეორგანიზაციის ფარგლებში სამუშაო ძალის შემცირება შეეხო მხოლოდ მენეჯერულ პოზიციებზე დასაქმებულ პირებს და არც ერთი სხვა თანამშრომელი სამსახურიდან არ გათავისუფლებულა.

აქვე აღსანიშნავია, რომ რეორგანიზაციამდე პერიოდში საქპატენტში იდენტურ პოზიციებზე დასაქმებული პირები, რომლებიც ერთმანეთის მსგავს სამუშაოს ასრულებდნენ, სრულიად დაუსაბუთებლად იღებდნენ განსხვავებულ სარგოს. რეორგანიზაციის შემდგე ეს ნაკლოვანებაც აღმოიფხვრა და ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც დაუსაბუთებლად იღებდა კოლეგებისგან განსხვავებულ ანაზღაურებას, ჯამში 57 თანამშრომელს, გაეზარდა ანაზღაურება და გაუტოლდა მსგავს პოზიციაზე დასაქმებული პირების სარგოს. საქპატენტის თანამშრომლებისათვის სახელფასო სარგოს გათანაბრება შესაძლებელი გახდა მათ შორის, რეორგანიზაციის ფარგლებში მენეჯერული პოზიციების შემცირების შედეგად დაზოგილი თანხებით“, – განმარტავენ საქპატენტში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქპატენტის, როგორც ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის საქმიანობა პირდაპირ უკავშირდება თანამედროვე მსოფლიოში სწრაფად განვითარებად სამეცნიერო დარგებს. „შესაბამისად, მოქნილი მმართველობითი მექანიზმის შექმნის საჭიროება იდგა, რომელიც გულისხმობს მცირე, მაგრამ კვალიფიციური და ეფექტიანი მენეჯმენტის არსებობას, რაც რეორგანიზაციის ერთერთი მთავარი მიზანი იყო“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრში იმასაც აზუსტებენ, რომ რეორგანიზაციის პროცესი სრული გამჭვირვალობითა და შრომითი კანონმდებლობის ზედმიწევნით დაცვით განხორციელდა. „საზოგადოების მხრიდან ინტერესის არსებობის შემთხვევაში, მზად ვართ საზოგადოებას დამატებით მივაწოდოთ სრული და ამომწურავი ინფორმაცია, რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე“, – წერია განცხადებაში.

ცნობისთვის: “საქპატენტის“ ყოფილმა თანამშრომელმა მარიამ კეპულაძემ, რომელიც საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრში 2014 წლიდან მუშაობდა და სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების სამმართველოს უფროსის პოსტს იკავებდა დღეს Facebook-ის პირად გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც დაკავებული თანამდებობიდან დათხოვნის შესახებ წერს და „საქპატენტის“ თავმჯდომარე სოსო გიორგაძეს თანამშრომელთა პროფესიული ნიშნით შევიწროებაში ადანაშაულებს.

BM.GE-მ საქპატენტს მიმართა – იყო თუ არა დღეს გავრცელებული განცხადება, მარიამ კეპულაძის პოსტის პასუხი, რაზეც გვიპასუხეს, რომ მათ მიერ რეორგანიზაციის შესახებ გავრცელებული განცხადება საზოგადოების მხრიდან დიდი ინტერესს უკავშირდება.

მსგავსი სიახლეები

საქართველომ ევროპის ბიზნეს ანგელოზთა კონგრესის მასპინძლობისთვის განაცხადი შეიტანა

საქართველომ ევროპის ბიზნეს ანგელოზთა კონგრესის მასპინძლობისთვის განაცხადი შეიტანა

აქსელის, საქართველოს ბიზნეს ანგელოზთა ქსელის ინიციატივით, საქართველომ ევროპის ბიზნეს ანგელოზთა ქსელის (EBAN) კონგრესის მასპინძლობისათვის განაცხადი შეიტანა. ევროპის ბიზნეს ანგელოზთა კონგრესი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საინვესტიციო კონფერენცია ევროპაში, რომელიც…
წელს კავკასიასა და ცენტრ. აზიაში ეკონომიკური ზრდა 3.9%-მდე შენელდება, 2025 წელს 4.8%-მდე დაჩქარდება – IMF

წელს კავკასიასა და ცენტრ. აზიაში ეკონომიკური ზრდა 3.9%-მდე შენელდება,…

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2024 წლისთვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები განაახლა. ორგანიზაციის პროგნოზის მიხედვით, მიმდინარე წელს კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ეკონომიკური ზრდა…
ჩინეთი-შუა დერეფანი-იტალია – ერთწლიანი პაუზის შემდეგ საკონტეინერო გადაზიდვები განახლდა

ჩინეთი-შუა დერეფანი-იტალია – ერთწლიანი პაუზის შემდეგ საკონტეინერო გადაზიდვები განახლდა

ჩინეთი-შუა დერეფანი-იტალია – ერთწლიანი პაუზის შემდეგ, “ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით” საკონტეინერო გადაზიდვები განახლდა. გადაზიდვას სინცზიანიდან ნეაპოლამდე „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ და…