590 ქუჩა, გამზირი, ხიდი, 329 სკვერი, ავტობუსები… – რა გაკეთდა დედაქალაქში 2023 წელს?

590 ქუჩა, გამზირი, ხიდი, 329 სკვერი, ავტობუსები… – რა გაკეთდა დედაქალაქში 2023 წელს?

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის 2023 წლის ბოლო სხდომა გამართა და საზოგადოებას დედაქალაქში განხორციელებული მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები კიდევ ერთხელ წარუდგინა.

„სრულდება 2023 წელი და მინდა, მოკლედ შევაჯამო, რა შევძელით და რა პროექტები განვახორციელეთ. 2023 წელს დედაქალაქში მოწესრიგებული გზების ფართობი 825 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს. ჯამში, რეაბილიტირდა 590 ქუჩა, გამზირი, აღმართი და ხიდი; კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშაოები 26 ქუჩაზე ჩატარდა; 26 მილიონი ლარი დაიხარჯა 58 ავარიული შენობა-ნაგებობის გასამაგრებლად; 40 ჰექტრამდე ფართობზე განხორციელდა გამწვანების სამუშაოები – რეაბილიტაცია ჩაუტარდა 14 პარკს, 329 სკვერს და 82 სპორტულ მოედანს. თბილისის გარშემო არსებული ტყის აღდგენა-განაშენიანების პროექტის ფარგლებში, 17 ჰექტარზე განხორციელდა გამწვანების სამუშაოები. გარდა აღნიშნულისა, ლისის ტბის მიმდებარედ არსებულ 16 ჰა ფართობზე განხორციელდა მწვანე ნარგავების (ტყის) აღდგენა-გაშენების სამუშაოები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროგრამის – „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროექტებში, ჯამში, დაფინანსდა 1 750 განაცხადი, რაზეც 45 მლნ ლარი დაიხარჯა.

თბილისის მერმა ხაზი გაუსვა ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის სფეროში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებსაც.

„ჯანდაცვის პროგრამებში, ჯამურად, 81 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. რაიონული გამგეობებისგან დაკმაყოფილდა ბენეფიციართა 30 000-მდე განაცხადი ერთჯერად ფინანსურ დახმარებაზე, 33 000 ბენეფიციარმა კი მიიღო მედიკამენტების დაფინანსება; სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდა სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მრავალშვილიანი ოჯახის წევრი 4 000-ზე მეტი სტუდენტი. ასევე, წარმატებულ 617 მაგისტრანტს ფინანსური წახალისების მიზნით გამოეყო თანხა; გრძელდება პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“, რომელსაც მიმდინარე წელს დაემატა რამდენიმე ახალი მიმართულება. 2023 წელს 60-ზე მეტ პროფესიულ სპეციალობაში ჩაერთო 2 500-მდე მოქალაქე. „კულტურის სფეროს განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, მიმდინარე პერიოდისთვის დაფინანსდა 260-მდე პროექტი“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა სატრანსპორტო გეგმაზე და ზოგადად, წლის განმავლობაში ამ მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე.

„აზიის განვითარების ბანკის (ADB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით, დასასრულს უახლოვდება შესაბამისი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები თბილისში მეტროსადგურების განახლებისა და უნივერსალური მისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით. დასრულდა თბილისის ტრანსპორტის გეგმაზე მუშაობა; აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, საკონსულტაციო კომპანია „რამბოლის“ მონაწილეობით შეიქმნა თბილისის სატრანსპორტო გეგმა; შევისყიდეთ 18-მეტრიანი ავტობუსები, რომელიც მომავალი წლის ბოლომდე სრულად შემოვა დედაქალაქში და მოემსახურება მოსახლეობას“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, 2023 წელს ფართებით დაკმაყოფილდა კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული, დაახლოებით, 620 პირი.

„ჯამში, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილია კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული, დაახლოებით, 2 350 პირი. ამჟამად, მიმდინარეობს სხვადასხვა ცალკეული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია, როგორებიცაა: მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე, აბრეშუმის მუზეუმი, ე.წ. კადეტთა კორპუსი, წინამძღვრიშვილის N1, ერეკლეს ქ. N6 და სხვა. ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, უკვე ორ მისამართზე მიმდინარეობს მშენებლობები“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ საზოგადოებას მომავალი წლის გეგმები და ის გამოწვევებიც გააცნო, რაც დღეს ქალაქს აწუხებს.

„ამის გარდა, კიდევ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი მიმდინარეობს და მომავალ წელსაც განხორციელდება. ცხადია, არსებობს გამოწვევები. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი საკმარისი არ არის. ჩვენ ვართ შემართებით, გვაქვს შესაბამისი განწყობა იმისთვის, რომ ყველა იმ პრობლემას ვუპასუხოთ ღირსეულად, რომელიც დღეს თბილისს აწუხებს. ჩვენ უნდა განვახორციელოთ მეტი პროექტი, რომ ქალაქი კიდევ უფრო მოწესრიგებული იყოს, უფრო მეტად გამართული ინფრასტრუქტურა და საზოგადოებრივი ტრანსპორტი მეტი გამწვანებული სივრცე გვქონდეს. მთლიანობაში, ნაყოფიერი წელი იყო. ზოგიერთ პროექტი გრძელდება მისი მასშტაბურობიდან გამომდინარე. მომავალ წელს გველის კიდევ უფრო მეტი პროექტი, მეტი საქმე, რადგან ქალაქისა და მოსახლეობის საჭიროებები იზრდება და ჩვენი ვალია, ეს საჭიროებები ეფექტურად დავაკმაყოფილოთ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მსგავსი სიახლეები

ლაშა ხუციშვილი და ნათია თურნავა IMF-ის დირექტორის მოადგილეს შეხვდნენ

ლაშა ხუციშვილი და ნათია თურნავა IMF-ის დირექტორის მოადგილეს შეხვდნენ

ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ IMF-ის მმართველი დირექტორის მოადგილესთან, ბო ლისთან გამართეს შეხვედრა. მხარეთა…
ევროპის ცენტრალური ბანკი განაკვეთს მალე შეამცირებს – ლაგარდი

ევროპის ცენტრალური ბანკი განაკვეთს მალე შეამცირებს – ლაგარდი

ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის, კრისტინ ლაგარდის განცხადებით, უწყება რეფინანსირების განაკვეთს უახლოეს მომავალში შეამცირებს. მართალია, ბანკირს ზუსტი თარიღი არ დაუსახელებია, თუმცა ექსპერტები…
თბილისის ენერგომოხმარება იზრდება – “თელასი” ანგარიშს აქვეყნებს

თბილისის ენერგომოხმარება იზრდება – “თელასი” ანგარიშს აქვეყნებს

კომპანია „თელასმა“ 2024 წლის პირველი კვარტალის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, თბილისის აბონენტების მიერ მოხმარებული ელექტროენერგია წლიურად 5.5%-ით არის გაზრდილი. ასევე…