ეკოლოგიური პრობლემები ევროკავშირში
- ეკოლოგია
- ივნისი 26, 2024
- 229
რამაზ აბესაძე - ინსტიტუტის დრექტორი, მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
ნანა ბიბილაშვილი - ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, ეკონომიკის დოქტორი
ХХI საუკუნის ერთ-ერთ გლობალურ პრობლემას წარ-მოადგენს გარემოს დაცვის პრობლემა. წარსულში ადამიანთა სულ უფრო მზარდი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ბუნების გამოყენება ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ხდებოდა, რამაც კაცობრიობა კატასტროფის წინაშე დააყენა. საჭირო ხდება ძირეული ცვლილების გატარება ეკონომიკური სისტემის ყველა ელემენტში, რათა თავიდან იქნეს აშორებული გლობალური ეკოლოგიური პრობლემები.
თანამედროვე ეტაპზე მთელი მსოფლიო, ცალკეული ქვეყნები, საერთაშორისო ორგანიზაციები ეძიებენ გზებს ამ ჩიხიდან გამოსასვლელად. ამის მაგალითია მდგრადი განვითარების მიზნებისა და ამოცანების დასახვა და განხორციელება, “მწვანე” და “წრიული”ეკონომიკის ფორმირების პროცესები და სხვ. შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკა გადადის ახალ ტექნიკურ, ტექნოლოგიურ, ინსტიტუციურ და ა. შ. რელსებზე ეკოლოგიურ მოთხოვნათა გათვალისწინების აუცილებლობის გამო. წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანთა საზოგადოებას კატასტროფა ემუქრება. მსოფლიოში ამ უაღრესად რთული პრობლემის გადაჭრაში მოწინავე პოზიციები უჭირავს და მნიშვნელოვან როლს თამაშობს ევროკავშირი.
ევროკავშირის პოლიტიკა და კანონმდებლობა გარემოს დაცვის სფეროში
გარემოს დაცვასთან დაკავშირებული პოლიტიკის შემუშავება ევროკავშირში ხდება რეგიონებისა და ქვეყნების თავისებურებათა გათვალისწინებით. პოლიტიკის შემუშავების შემდეგ ევროკავშირში შემავალი ქვეყნები აფინანსებენ და ცხოვრებაში ატარებენ მიღებულ პოლიტიკას. დღეისათვის ევროკავშირს უფლება აქვს, აწარმოოს საერთაშორისო თანამშრომლობა გარემოს დაცვის სფეროში, თუმცა თავდაპირველად (დაფუძნების დროს) ეს უფლება მხოლოდ მასში შემავალ ცალკეულ სახელმწიფოს ჰქონდა. ეკოლოგიური კრიზისის გამწვავებასთან დაკავშირებით და იმის გამო, რომ ეკოლოგიურ პრობლემებს არ აქვს სახელმწიფოებრივი საზღვარი, აუცილებელი გახდა ეკოლოგიური ღონისძიებების გატარება ევროკავშირის დონეზე. 1972 წელს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობათა მეთაურების საბჭოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება ევროკავშირის უფლებამოსილების გაფართოების შესახებ, მათ შორის, ეკოლოგიის მიმართებით. იგი მიუერთდა სხვადასხვა საერთაშორისო კონვენციას გარემოს დაცვის სფეროში. დაიწყო ერთიანი პოლიტიკის, საკანონმდებლო აქტების და ნორმების შემუშავება, ევროკავშირის ინსტიტუტებისათვის კომპეტენციების გადაცემა ამ სფეროში. შემდგომ ევროკავშირის როლი მნიშვნელოვნად გაფართოვდა ჯერ მაასტრიხტის (1992), შემდეგ კი ამსტერდამის (1996) ხელშეკრულებათა საფუძველზე, რომელთა მიხედვითაც მდგრადი განვითარება გახდა კავშირის უმთავრესი მიზანი. ევროკავშირის ეკოლოგიური პოლიტიკის ძირითად მიზნებად ასევე განისაზღვრა: გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა; ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება; საერთაშორისო ეკოლოგიური თანამშრომლობა. შემუშავდა ევროკავშირის ეკოლოგიური საქმიანობის პრინციპები: სუბსიდარულობის პრინციპი, რომლის მიხედვითაც კავშირმა ეკოლოგიური საქმიანობა უნდა გასწიოს იმ სფეროში, რომელშიც ცალკეულ ქვეყანას საკითხის გადაჭრა არ შეუძლია; გამაფრთხილებელი მოქმედების პრინციპი, რაც გულისხმობს გაფრთხილებას; პრო- ფილაქტიკას გარემოს დაბინძურებისაგან; სიფრთხილის დაცვის პრინციპი, რის მიხედვითაც მოსალოდნელი ჰიპოთეტური ეკოლოგიური საფრთხის არსებობის დროსაც კი მიღებული უნდა იქნეს პროფილაქტიკური ზომები; გარემოსადმი მიყენებული ზიანის ლიკვიდაციისა და ანაზღაურების პრინციპი. ზიანის თავიდან აცილების შეუძლებლობის შემთხვევაში ზიანის მინიმიზაცია და მისი გავრცელების შეზღუდვა, საბოლოოდ მისი შედეგების აღმოფხვრა;
პრინციპი, რომლის მიხედვითაც ზარალს ანაზღაურებს ის, ვინც ბუნებას ზიანი მიაყენა; ზიანის ანაზღაურება ზიანის წყაროს მოსპობის შედეგად; ინტეგრაციის პრინციპი, რომელიც გულისხმობს სხვა პრობლემების გადაჭრის დროს ეკოლოგიური საკითხების ჩართვასაც. საერთო კომპეტენციის სფეროებად აღიარებული იქნა: კლიმატის ცვლილება; დედამიწის ოზონური ფენის დარღვევა; ბიომრავალფეროვნების შემცირება; ტექნიკური ავარიების შემცირება; მტკნარი წყლის წყაროთა მართვა; ტყეების დეგ- რადაცია; სანაპირო ზონის მენეჯმენტი; ნარჩენების წარმოება და განადგურება, ურბანული ეკოლოგია. ეკოლოგიური სამართალი წარმოადგენს ევროკავშირის სამართლის შემადგენელ ნაწილს, რომელიც შეიქმნა ინტეგრაციული პროცესების შედეგად, იგი თანხმობაშია საერთაშორისო და წევრი ქვეყნების სამართალთან. ამასთან, კავშირის სამართლებრივ აქტებს უფ- რო დიდი ძალა აქვს, ვიდრე წევრი ქვეყნების საკანონმდებლო აქტებს. მთავარი სამართლებრივი აქტი გარემოს დაცვის სფეროში არის ევროკავშირის ხელშეკრულების სპეციალური განყოფილება გარემოს დაცვის შესახებ, სადაც: ჩამოყალიბებულია ეკოლოგიური პოლიტიკის ამოცანები და პრინციპები; რეგლამენტირებულია გარემოს დაცვის მაღალი დონე, ამასთან, დაშვებულია გარკვეული გამონაკლისები რეგიონების თავისებურებებიდან გამომდინარე; გადმოცემულია ბუნებისდაცვით ღონისძიებათა და პროცედურების იურიდიული საფუძვლები; ნებას რთავს წევრ სახელმწიფოებს, განახორციელონ უფრო მკაცრი ბუნებისდაცვითი ღონისძიებები, რის შესახებაც უნდა აცნობონ ევროპულ კომისიას. საერთოდ ევროკავშირის ხელშეკრულებაში საკმაოდ სრულყოფილადაა ასახული გარემოს დაცვის პრობლემები. მასში მითითებულია, რომ ევროკავშირი მიისწრაფის ეკონომიკის ჰარმონიული, დაბალანსებული და მდგრადი განვითარებისაკენ, გარემოს დაცვის მაღალი დონისაკენ. გარემოს დაცვის მიმართულებით ევროკავშირის დირექტივების ძირითად სფეროებს წარმოადგენს: ჰაერისა და წყლის ხარისხის მართვა; ბუნების დაცვა; ნარჩენების მართვა; ქიმიურ ნივთიერებათა მართვა; გენეტიკურად შეცვლილი ორგანიზმები და სხვ.
მრავალი ნორმატიული აქტი (დირექტივები და სხვ.) ეხება წყლისა და ჰაერის ხარისხის კონტროლის, ნარჩენების უტილიზაციის, სამრეწველო გამონატყორცნთა, ბიოტექნოლოგიათა უსაფრთხოების, ხმაურის დონის შემცირებისა და ა. შ. სფეროებს ევროკავშირის წევრი ქვეყნები ამ დირექტივებს იღებენ განუხრელი შესრულებისათვის, რაც დადებითად აისახება ამ ქვეყნების ეკოლოგიურ მდგომარეობაზე.
ევროკავშირის ეკოლოგიური სამოქმედო პროგრამები
1972 წლიდან იწყება ევროკავშირის ეკოლოგიური სამოქმედო პროგრამების შემუშავება. ევროპის საბჭომ მიიღო ევროკავშირის პირველი ეკოლოგიური სამოქმედო პროგრამა ((First Environmental Action Programme – EAP 1), რომელიც მოიცავდა 1973-1977 წლებს. განისაზღვრა ეკოლოგიური საქმიანობის მიზნები, ამოცანები, პრინციპები და პრიორიტეტული მიმართულებები. პროგრამა ასევე შეიცავდა მდგრადი განვითარების კონცეფციის არაერთ საკვანძო ელემენტს, რომელიც მიღებული იქნა გაეროს მიერ XX საუკუნის 90-იანი წლებიდან. 1973 წელს მიღებულ იქნა არაერთი აქტი, რომლებშიც აისახა გარემოზე ნეგატიური გავლენის შეფასების პროცედურები, ემისიის სტანდარტები და სხვა ევროკავშირის დონეზე. ევროკავშირის მეორე ეკოლოგიური სამოქმედო პროგრამა ((Second Environmental Action Program – EAP 2), რომელიც მოიცავდა 1977-1981 წლებს, წარმოადგენდა პირველის გაგრძელებას, რომელშიც, ამასთანავე, განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა წყლისა და ჰაერის ხარისხის უზრუნველყოფისა და ნარჩენების საკითხებს. 1975-1978, 1981-1983 წლების კრიზისებმა მნიშვნელოვნად შეამცირა ამ პროგრამის განხორციელების შედეგები, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მათ დიდი როლი ითამაშეს ევროკავშირის ეკოლოგიური პოლიტიკის განხორციელებაში. ევროკავშირის მესამე ეკოლოგიური სამოქმედო პროგრამა (The Third Environmental Action Programme – EAP 3), რომელიც მოიცავს 1981-1986 წლებს, ასახავს მნიშვნელოვან ცვლილებებს ევროკავშირის ეკოლოგიურ პოლიტიკაში. იგი უფრო მჭიდროდაა დაკავშირებული შიგა ბაზართან. მასში პირველად იქნა განსაზღვრული კავშირის საერთო ეკოლოგიური სტრატეგია და მოქმედება, რომელიც მიმართულია ზარალის თავიდან აცი- ლებაზე და არა მართვაზე. მასში მითითებულია გამონატყორცნთა სტანდარტების ჰარმონიზაციის აუცილებლობაზე და სხვ.