ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ $116 მილიონისა და ₾54 მილიონის ჯარიმები აქვთ დაკისრებული

ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ $116 მილიონისა და ₾54 მილიონის ჯარიმები აქვთ დაკისრებული

ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ 116 მილიონი დოლარისა და 54 მილიონი ლარის ჯარიმები აქვთ დაკისრებული – ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ უწყების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ანგარიშიდან ირკვევა.

ინვესტორებს ჯარიმები შეუსრულებელი საინვესტიციო ვალდებულებების გამო დაეკისრათ, საუბარია პრივატიზაციის პროცესში სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობაზე, რომელიც კონკრეტულ ჯარიმებსა და საურავებს ითვალისწინებს.

საქართველოს მთავრობა ყოველწლიურად დაახლოებით 300 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფოს ქონებას ყიდის. ხშირ შემთხვევაში აუქციონის თუ ქონების სიმბოლურ ფასად გადაცემის დროს განსაზღვრულია საინვესტიციო ვალდებულებები, რომ ტერიტორიის შემძენმა ადგილზე კონკრეტული მოცულობის ინვესტიცია უნდა ჩადოს, რაც აუდიტირებულად უნდა დასტურდებოდეს.

თუმცა არაერთ შემთხვევაში, ინვესტორები ამ ვალდებულებების შესრულებას ვერ ახერხებენ, რის გამოც მათ ჯარიმები და საურავები ეკისრებათ. თუმცა ასევე ხშირია შემთხვევები, როდესაც მთავრობა ინვესტორისთვის ვალდებულების შესრულების მოდიფიცირებას ახდენს.

მაგალითად, თუკი ინვესტორს 1 მილიონ ლარად ნაყიდ სანატორიუმში 4 წლის ვადაში სასტუმროს მოწყობა და $3 მილიონის ინვესტირება ევალება, შესაძლებელია ინვესტორი სახელმწიფოს მოულაპარაკდეს და ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დაკისრებული ჯარიმა, ისევე როგორც საწყისი საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადა, მაგალითად 1 ან 2 წლით გაიხანგრძლივოს. არის შემთხვევები, როდესაც მთავრობის გადაწყვეტილებით ინვესტორებს საინვესტიციო ვალდებულებები ასევე დაკისრებული ჯარიმები უუქმდებათ. თუმცა აღნიშნული პრაქტიკა მეტწილად გაუმჭვირვალეა და ბუნდოვანი რჩება რატომ ჩამოეწერა ვალდებულება ერთ ინვესტორს, ხოლო მეორე ინვესტორი მსგავსი ვალდებულების დარღვევისთვის სასამართლო პროცესებში არის ჩართული.

ამასთან, როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშიდან ირკვევა, წლების განმავლობაში, აკუმულირებულია საკმაოდ სოლიდური მოცულობა იმ ჯარიმებისა და საურავების მიმართულებით, რომლებიც კომპანიებს შეუსრულებელი საინვესტიციო ვალდებულებების გამო 2006-2023 წლების განმავლობაში დაუგროვდათ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში მოცემულია ინფორმაცია სხვადასხვა ინვესტორების მიმართ მთავრობის მიერ გამოყენებულ განსხვავებულ მიდგომებზე, ზოგიერთ შემთხვევაში სასამართლო დავა, ზოგ შემთხვევაში პირგასამტეხლოს გადახდისთვის ახალი ვადის შედგენა, ზოგ შემთხვევაში კი ვალდებულებების პატიება.

“სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთი ფუნქციაა პრივატიზებული და მართვის უფლებით გადაცემული აქტივების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა და შესაბამისი ხელშეკრულებების მონიტორინგი. კერძოდ, ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე დაკისრებული გადასახდელების/პირგასამტეხლოს აღრიცხვისა და ამოღების კონტროლი.

ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული მონაცემების შესაბამისად, 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ხელშეკრულებების საფუძველზე, მისაღები პირგასამტეხლო შეადგენს − 71,644,358 ლარს და 131,313,169 აშშ დოლარს, ხოლო 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით − 54,422,258 ლარს და 116,321,105 აშშ დოლარს. მათ შორის, 2023 წელს დარიცხულია პირგასამტეხლო 7,784,383 ლარის და 7,479,640 აშშ დოლარის ოდენობით. ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ ინფორმაცია დაკისრებული პირგასამტეხლოებით წარმოშობილი მოთხოვნების და შემოსავლების შესახებ არ არის ასახული სააგენტოს ფინანსურ ანგარიშგებაში. თანხების არსებითობისა და მისი შინაარსიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ყოველწლიურად ფასდებოდეს პირგასამტეხლოების დაკისრების და ამოღების შესაძლებლობა. ამასთანავე, ფინანსური ანგარიშგების მომხმარებლებისათვის სამართლიანი ინფორმაციის მოწოდების მიზნით, დაკისრებული პირგასამტეხლოების შესახებ ინფორმაცია ფინანსურ ანგარიშგებაში აღრიცხული უნდა იყოს აღრიცხვის ინსტრუქციის მოთხოვნების შესაბამისად, რაც სააგენტოს მიერ არ არის განხორციელებული. მსგავსი ხარვეზი იდენტიფიცირებულია ეკონომიკის სამინისტროს წინა წლების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ანგარიშებშიც და გაცემულია შესაბამისი რეკომენდაცია, რომელიც ანგარიშგების თარიღისთვის არ არის შესრულებული”, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში.

წყარო: Bm.ge

მსგავსი სიახლეები

“ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში გარკვეული სამუშაო ჯგუფების ჩამოყალიბებაზე შევთანხმდით” – გენადი არველაძე

“ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში გარკვეული სამუშაო ჯგუფების ჩამოყალიბებაზე შევთანხმდით” –…

“საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა ხელს უწყობს ჩინეთის სახელმწიფოსთან ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას,“ – ამის შესახებ განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების…
“ჩინეთში შევხვდით კერძო სექტორს, ჩამოვიტანეთ კონკრეტული წინადადებები, პროექტები და შევთანხმდით შემდგომ ნაბიჯებზე“ – ნადარეიშვილი

“ჩინეთში შევხვდით კერძო სექტორს, ჩამოვიტანეთ კონკრეტული წინადადებები, პროექტები და…

„მნიშვნელოვანი და ძალიან ნაყოფიერი ვიზიტი დავასრულეთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში“ – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა ჩინეთში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.…
ძალიან გაზრდილია ჩინეთიდან საქართველოში ინვესტიციების განხორციელების ინტერესი – მარიამ ქვრივიშვილი

ძალიან გაზრდილია ჩინეთიდან საქართველოში ინვესტიციების განხორციელების ინტერესი – მარიამ…

„ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა მივიღეთ გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმში, სადაც სიტყვით გამოსვლისას ამომწურავად ვისაუბრეთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობაზე, ისევე როგორც საქართველოს…