„არჩევნების დროს ეკონომიკა პოლიტიკის  მძევალი ხდება“

„არჩევნების დროს ეკონომიკა პოლიტიკის მძევალი ხდება“

პარლამენტის არჩევნების დიდი უპირატესობით მოგებას ზეიმობს “ქართული ოცნება” და გაყალბების ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს. თუმცა საერთაშორისო საზოგადოებამ უკვე გააკეთა ნეგატიური განცხადებები, ევროკავშირმა საბოლოოდ გააჩერა საქართველოს გაწევრების პროცესი, ქვეყნების ნაწილი კი აქტიურად საუბრობს საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობის შეწყვეტასა და გადახედვაზე. ეს ყველაფერი როგორ აისახება საქართველოს ეკონომიკაზე და რა საფრთხეების წინაშე შეიძლება დადგეს ქვეყანა, ამ საკითხებზე აკადემიკოს ლადო პაპავას ვესაუბრეთ.

 

– დავიწყოთ იმით, რომ საზოგადოება ამ შემთხვევაშიც ორად არის გაყოფილი – ნაწილი არჩევნების შედეგებს აღიქვამს დადებითად, ნაწილი კი, ვინც ოპოზიციას უჭერს მხარს, კრიტიკულად უყურებს. ასე რომ, საზოგადოება ამ არჩევნების შედეგების შეფასებაშიც, ფაქტობრივად, გაყოფილია. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაესვას წერტილი, თუ რა დარღვევები იყო, რა როგორ იყო.

აშშ-დანაც და ბრიუსელიდანაც მოვიდა ეს გზავნილი და საქართველოშიც ისმის, რომ თუკი ვინმეს დარღვევების რამე ფაქტი, რამე დოკუმენტი აქვს, უნდა წარუდგინოს სათანადო ორგანოებს, უნდა გასაჯაროვდეს, რათა საზოგადოებაში შეიქმნას არა აღქმები იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა, არამედ გვქონდეს მეტ-ნაკლებად ზუსტი ინფორმაცია, მართლა რა მოხდა 26 ოქტომბერს.

ტექნოლოგია ამერიკულია, მანამდე ეჭვი არავის არ ჰქონია შეტანილი ამ ტექნოლოგიაში, აუდიტი ჩატარებულია, და თუ ამ არჩევნების დროს რაიმე შეიცვალა და ამის მამხილებელი ფაქტები არსებობს, აუცილებლად უნდა გასაჯაროვდეს.

- ხელისუფლება საერთაშორისო გამოძიებაზე უარს ამბობს. ადგილობრივი გამოძიების მიმართ ნდობა რეალურად არ არსებობს მთელი რიგი ფაქტორების გამო და ასეთ ვითარებაში, თუკი ხელისუფლება საერთაშორისო გამოძიებაზე საბოლოოდ უარს იტყვის, არ იქნება იმის დადასტურება, რომ არჩევნები მართლა გააყალბეს და ამას რა გავლენა ექნება პროცესებზე?

– როგორც ვიცით, ცენტრალური საარჩევნო კომისია უშუალოდ თანამშრომლობს ეუთო/ოდირთან, რომელიც აკვირდებოდა არა მხოლოდ წინასაარჩევნო პროცესს, არა მარტო 26 ოქტომბერს, არამედ საკმაოდ მკაფიოდ თქვეს, რომ დააკვირდებიან იმასაც, თუ როგორი იქნება პოსტსაარჩევნო პერიოდი, როგორ იქნება განხილული საჩივრები, როგორ გადაწყვეტილებებს მიიღებენ. ამიტომ უცხოელების ჩართულობა ამ პროცესში უკვე სახეზეა და ნუ ვიტყვით, რომ ის უცხოელების გარეშე მიმდინარეობს. ახლა რაც შეეხება სასამართლოს, რა თქმა უნდა, სასამართლოს პრობლემები რჩება, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება ის მომენტიც, რომ სტრასბურგში რამდენი საჩივარიც შევიდა საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, აბსოლუტური უმრავლესობა ან საერთოდ წარმოებაში არ იქნა მიღებული, ან ჩვენი მთავრობის გამამტყუნებელი გადაწყვეტილება არ გამოუცხადებიათ. ამიტომ ერთია, როგორია საზოგადოების ნაწილში აღქმები და მეორე – ფაქტები. რომ იყოს პირიქით, იყოს ისეთი სიტუაცია, რომ სტრასბურგიდან ადანაშაულებდნენ მთავრობას და ითხოვდნენ კომპენსაციების გადახდას, მაშინ კი ბატონო, მაგრამ ასეთი ფაქტები, საბედნიეროდ, ცოტაა. ამიტომაც ვამბობ, რომ ერთია ის, რაც ჭორების სახითაა გავრცელებული და მეორეა – ფაქტები.

ქართველ საზოგადოებას უნდა ვცეთ პატივი და მივცეთ სწორი ინფორმაცია. ამ არჩევნებთან დაკავშირებით ყველა ფაქტი უნდა იყოს წარმოდგენილი და მხოლოდ ის განცხადება, რომ აი, გაყალბდა არჩევნებიო, შესაძლოა ვიღაცისთვის იყოს გულის მოსაფხანი და სასიამოვნოდ მოსასმენი, მაგრამ, მაგალითად, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ეს არაფრის მთქმელი არ არის. ასე ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ნებისმიერი რამ დააბრალო და მერე იმან იმართლოს თავი. ამიტომაც გამოაქვეყნონ პრეზიდენტმა და ოპოზიციურმა პარტიებმა, რა მასალები და რა ფაქტები აქვთ. პროკურატურასაც წარუდგინონ და საჯაროც გახადონ.

ტელევიზიები აქვთ, მედიასაშუალებები აქვთ, სოციალურ ქსელებში აქტიური არიან და გაასაჯაროონ, რომ იყო კონკრეტულად ესა და ეს დარღვევა. ეს იქნება ყველაზე კარგი, რადგან გვექნება საშუალება, ვნახოთ და მერე ჩვენ გადავწყვეტთ, იყო თუ არა დარღვევა.

ქალბატონმა პრეზიდენტმა რომ თქვა, გაყალბებულია და რუსეთი შემოვიდაო, ეს მხოლოდ ბრალდებაა და თუ ფაქტები არ იქნა წარმოდგენილი, მაშინ აშკარა ცილისწამება იქნება. ფაქტები გვჭირდება, რათა დავრწმუნდეთ, რომ ამ არჩევნებში მართლაც მოხდა რაღაც ისეთი, რაც ქვეყნისთვის საზიანოა. თუ ამას ვერ ასაბუთებ, მაშინ ეს არის ცილისწამება და ცილისწამება კი დანაშაულის კატეგორიაში გადის.

- ეკონომიკაზე ამას რა გავლენა ექნება და პირველ შედეგებს როდის უნდა ველოდოთ?

– ნებისმიერ შემთხვევაში ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკა “ჰაერში გამოკიდებული”, პოლიტიკისგან ცალკე ვერ იქნება.

წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების შემდეგ განსაკუთრებული მღელვარებაა და ეს ყოველთვის აისახება ეკონომიკაზე. ბიზნესს სჭირდება მშვიდი გარემო და, თუკი ქვეყანაში იქნება მშვიდი გარემო, მაშინ ბიზნესი ვითარდება; და თუ ბიზნესი ვითარდება, ეს მთელი ქვეყნისთვის არის კარგი. ამ აქსიომაში ვრწმუნდებით ყველა არჩევნების დროს და არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. რა თქმა უნდა, წინასაარჩევნო პერიოდიც, ასე თუ ისე, დაძაბული იყო, არჩევნების დღეც არ იყო მარტივი, თუმცა ამ დღეს ძალიან ბევრ საარჩევნო ოლქში იყო აბსოლუტური სიმშვიდე. ამას უცხოელი დამკვირვებლებიც აღიარებდნენ. მე შემიძლია ვთქვა, ჩემს უბანზე რა ხდებოდა – ჩემს უბანზე, სადაც მე ხმა მივეცი, სიმშვიდე იყო. ჩემი შეფასება ბევრი არაფრის მთქმელია. მთავარია, უცხოელი დამკვირვებლები, რომლებიც სხვადასხვა რეგიონში ჩადიოდნენ, ამბობდნენ, რომ ძირითადად, სიმშვიდე იყო. იყო დარღვევები, ეს გახდა ცნობილი და უკვე დაკავებულიც არის ორი პირი, ვინც საარჩევნო ყუთში ბიულეტენები ჩაყარა. რა თქმა უნდა, ამაზე რეაგირებაც შესაბამისია.

არჩევნების დროს ეკონომიკა პოლიტიკის მძევალი ხდება. ამასთან, შევხედოთ ფაქტებს – ერთია, რას აქვეყნებს საქართველოს სტატისტიკის სამსახური და მეორე, თუ როგორია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების (უწინარეს ყოვლისა, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის) შეფასებები.

საქართველოს ოფიციალური სტატისტიკის მონაცემებით, საქართველოში ეკონომიკური ზრდის საკმაოდ მაღალი მონაცემებია დაფიქსირებული. იმავდროულად, საერთაშორისო სავალუტო ფონდი სრულად ეყრდნობა რა “საქსტატის” მონაცემებს, ბოლო პერიოდში თითქმის უწყვეტად ოპტიმისტურ პროგნოზებს აკეთებს საქართველოსთან დაკავშირებით, თანაც მნიშვნელოვანია, რომ ოპტიმისტური პროგნოზი კეთდება იმის ფონზე, რაც არჩევნები ჩატარდა ქვეყანაში და როგორი პოლარიზებულიცაა საზოგადოება.

საზოგადოება რომ პოლარიზებულია, ეს ხომ კარგად იცის სავალუტო ფონდმა, მაგრამ ამის მიუხედავად, პროგნოზები მაინც ოპტიმისტურია. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ უშუალოდ საქართველოს ეკონომიკაში არ ხდება ისეთი რამ, რაც ეკონომიკური კრიზისის დაწყების მანიშნებელია. უშუალოდ ეკონომიკიდან ჩვენს ეკონომიკას არაფერი ემუქრება! თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკა სრულად დაცულია ყველაფრისგან. პოლიტიკური არასტაბილურობა ყოველთვის აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე. თუ რამე სირთულე შეიქმნება საქართველოს ეკონომიკაში, რომელიც შეიძლება გამოიხატოს ეკონომიკური ზრდის ტემპების შემცირებაში, ან ეროვნული ვალუტის სტაბილურობის შენარჩუნების გართულებაში, ეს ყველაფერი არ იქნება გამოწვეული ეკონომიკაში არსებული პრობლემებით, არამედ გამოწვეული იქნება ან საგარეო ფაქტორებით, ან/და იმით, რაც ქართულ პოლიტიკაში ხდება. წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით, დღეს საქართველოს ეკონომიკაში ისეთი არაფერი ხდება, რომ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი დაიწყოს.

- ლარის გაუფასურება რამდენად დამაფიქრებელია და რა გავლენა ექნება როგორც ეკონომიკაზე, ასევე ზოგადად სოციალურ მდგომარეობაზე?

– ნებისმიერი ვალუტა ყოველთვის რეაგირებს პოლიტიკურ განცხადებებზე, პოლიტიკურ დაპირისპირებაზე, წინასაარჩევნო პერიოდზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სახეზეა მძლავრი პოლიტიკური პოლარიზაცია, როდესაც არის დაპირისპირება, როდესაც არის მუქარა, არაკონსტრუქციული გარემო.

ეს, უწინარეს ყოვლისა, ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე აისახება. ასეთი დაძაბული პოლიტიკური გარემო ქმნის საფრთხეს, რამე არ გართულდეს ეკონომიკაში და ყალიბდება ცრუ მოლოდინები, უარყოფითი განწყობა და ეს გაცვლით კურსზეც აისახება. ადამიანებიც და ბიზნესიც ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი უცხოური ვალუტა მოიმარაგონ იმ შემთხვევისთვის, თუ ეროვნული ვალუტა გაუფასურებას დაიწყებს, რათა ნაკლებად იზარალონ. ამით კი, ანუ რაც უფრო მეტ ვალუტას მოიმარაგებენ, მით მეტად ზრდიან მასზე მოთხოვნას და, შედეგად, კიდევ უფრო აუფასურებენ ეროვნულ ვალუტას. პრაქტიკულად, მათ მიერ შესაძლო რისკების დაზღვევა ეროვნულ ვალუტას კიდევ უფრო მეტად აუფასურებს.

- ეს გაუფასურება რა გავლენას ახდენს ეკონომიკაზე, გვაქვს იმ დონის ექსპორტი, რომ ეს გაუფასურება დააბალანსოს?

– სამწუხაროდ, მას შემდეგ, რაც საქართველო დამოუკიდებელი გახდა 1990-იანი წლების დასაწყისიდან, ქვეყანას არასოდეს ჰქონია დადებითი სავაჭრო ბალანსი. საქართველო ყოველთვის იყო იმპორტდამოკიდებული ქვეყანა, იყო პერიოდები, როდესაც იმპორტი 4-ჯერ აღემატებოდა ექსპორტს და დღეს სადღაც 2,6-2,7-ჯერ აღემატება. ტენდენცია უკეთესობისკენ გამოიკვეთა, მაგრამ მაინც იმპორტდამოკიდებულ ქვეყნად ვრჩებით და, რა თქმა უნდა, ეროვნული ვალუტის გაუფასურება ძალიან მძიმე იქნება ქვეყნისთვის, რადგან ის უშუალოდ აისახება ფასებზე. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საგარეო სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესების ტენდენცია სახეზეა, ხოლო ეროვნულ ეკონომიკაში ისეთი არაფერი ხდება, რომ რამე კრიზისული პერიოდის მასტიმულირებელი გახდეს. ამის მიუხედავად, პოლიტიკურ რყევებს შეუძლია ეკონომიკაშიც რყევები გამოიწვიოს. ეს პრაქტიკულად ყველგან ხდება და, რა თქმა უნდა, ამ პრობლემის წინაშე საქართველოც დგას.

- ისიც ითქვა, რომ არჩევნების წინ ეროვნული ბანკი ინტენსიურად ყიდდა რეზერვებს, რათა საზოგადოების უკმაყოფილება შეენელებინა და ახლა, ფაქტობრივად, რეზერვების გარეშე ვართ. ეს რამდენად შეესაბამება სიმართლეს და, თუკი ასეა, რა რისკების წინაშე ვართ?

– რეზერვებიდან რამდენიმე ასეული მილიონია დახარჯული, რეზერვების მოცულობა კი რამდენიმე მილიარდია. ასე რომ, რა საფრთხე უნდა იყოს? ყოველ შემთხვევაში, ის, რაც ეროვნულმა ბანკმა ამ ეტაპზე გააკეთა, რომ ეროვნული ვალუტა ამ პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე მეტ-ნაკლებად სტაბილურად ყოფილიყო, რეზერვების ნაწილი გაყიდა, აბსოლუტურად სწორია. რეზერვები სწორედ იმისთვის არის, რომ არასასურველი რყევები გამორიცხო და უარყოფითი მოლოდინები “მოაცილო” სავალუტო ბაზარს.

- ევროკავშირში გაწევრების პროცესი შეჩერდა. ქვეყნების ნაწილი ამბობს, რომ აჩერებენ საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობას, ნაწილმა გადახედვა დააანონსა და ეს რა გავლენას მოახდენს ეკონომიკაზე?

– როდესაც საერთაშორისო საზოგადოება საერთაშორისო დონეზე საქართველოს ხელისუფლების მიმართ გამოდის კრიტიკულად, რა თქმა უნდა, ეს ეკონომიკაზეც აისახება. თუმცა ბოლო შეფასება რომ გამოქვეყნდა, იქ გარკვეული პროგრესია დაფიქსირებული, არის გარკვეული წინსვლაც, მაგრამ არის გადაუწყვეტელი პრობლემებიც. საქართველო ევროკავშირში გაწევრებისთვის რომ ოდესმე მზად იყო, ასეთი რამ არც არასდროს თქმულა.

როგორი კონფიგურაციითაც უნდა ჩამოყალიბდეს ახალი მთავრობა, დარჩებიან თუ არა ძველი სახეები, თუ გამოჩნდება ახალი, აუცილებელია ინტენსიური მუშაობის განახლება როგორც აშშ-თან, ასევე ევროკავშირთან. ამას “ქართული ოცნებაც” აღიარებს.

- დასავლეთის მიმართ "ოცნების" პოლიტიკის შეცვლის გარეშე ეს შესაძლებელი იქნება?

– გაყინული პოლიტიკა, როგორც ასეთი, არ არსებობს. პოლიტიკაც ცოცხალი ორგანიზმია და ცვალებადია, გარკვეული ვითარებებიდან გამომდინარე. “ქართულ ოცნებას” თავად აქვს ჩაწერილი კონსტიტუციაში ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ამაზე უარი არ უთქვამს. აუცილებელია დასავლეთთან ურთიერთობების გადატვირთვის შედეგი დადებითი იყოს. მინდა მჯეროდეს, რომ ეს ყველაფერი წარმატებით იქნება განხორციელებული. ყოველ შემთხვევაში, ამაზე განცხადებები კეთდება და დანარჩენი ვნახოთ. დრო გვიჩვენებს, ყველაფერი როგორ წარიმართება.

- ცალკეული ქვეყნები აცხადებენ, რომ გაწყვიტეს თანამშრომლობა, გადახედავენ ურთიერთობას და ეს ძალიან ახლო პერსპექტივაში რა პრობლემას შეგვიქმნის წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით? მით უმეტეს, რომ ლაპარაკია საქართველოს, ფაქტობრივად, ყველაზე დიდი დონორების ქვეყნებზე?

– ეს, რა თქმა უნდა, ცუდია. ამიტომ საჭიროა, სწრაფად ამოქმედდეს ყველა რესურსი, რათა ურთიერთობა გადავიდეს სამუშაო ვითარებაში როგორც ბრიუსელთან, ასევე ვაშინგტონთან. ამას დაამატეთ ის, რომ ჯერ არჩევნების შედეგები საქართველოში დამტკიცებული არ არის. ჩვენ საბოლოოდ არ ვიცით, როგორი იქნება მთავრობა – დაიშლება თუ გაერთიანდება ზოგიერთი სამინისტრო, ან ვინ რა თანამდებობას დაიკავებს. ამიტომ იმაზე ლაპარაკი, თუ რა უნდა გააკეთონ და როგორ, საკმაოდ რთულია. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ სულ რამდენიმე დღე დარჩა აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებამდე და ჯერ კიდევ არ ვიცით, რა შედეგით დასრულდება, დემოკრატები შეინარჩუნებენ თუ არა პრეზიდენტის პოსტს. ამიტომ ერთი სცენარია, თუ კამალა ჰარისი გახდება პრეზიდენტი და მეორე, თუ დონალდ ტრამპი დაბრუნდება თეთრ სახლში. ამ ეტაპზე ამის პროგნოზირება თავად ამერიკელებს უჭირთ და ურთიერთგამომრიცხავი შეფასებები კეთდება. ეს არჩევნები არ არის ის არჩევნები, რომელიც მხოლოდ ამერიკას შეეხება. ეს არის არჩევნები, რომელიც მთელ მსოფლიოს თუ არა, თითქმის მთელ მსოფლიოს ეხება, მათ შორის, ისეთი მცირე ზომის ქვეყანას, როგორიც საქართველოა. ამიტომ ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რა შედეგით დასრულდება ამერიკაში არჩევნები.

- ხშირად ამბობენ, რომ "ოცნებას" ტრამპის გამარჯვების იმედი აქვს. თქვენ რას ფიქრობთ, ეს იმედი რამდენად საფუძვლიანია? ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, რა შეიცვლება "ქართული ოცნებისთვის" სასიკეთოდ, იმის გათვალისწინებით, რომ ჩინეთს პირველ მტრად სწორედ ტრამპი აღიარებს?

– მე ამ არჩევნებს ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებ და არ ვიტყოდი, რომ მხოლოდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში. ქალბატონი კამალა ჰარისის გამარჯვების შემთხვევაშიც, რომ არაფერი ვთქვათ დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნებაზე, სიტუაცია ისე ვერ გაგრძელდება, როგორც ახლაა, თუნდაც უკრაინაში. ასევე, არანაკლები დაძაბულობაა ახლო აღმოსავლეთში, რომელიც პრაქტიკულად უკვე გადაზრდილია ირან-ისრაელს შორის სამხედრო დაპირისპირებაში. ნუ დაგვავიწყდება, რომ როდესაც საქმე გვაქვს ბირთვულ სახელმწიფოსთან, იქ სიტუაცია არაპროგნოზირებადია. ეს ყველაფერი ჩვენს სამეზობლოში ხდება. ამიტომ იმავე აშშ-სთვის, იმავე ევროკავშირისთვის კავკასიის რეგიონი სტრატეგიული მნიშვნელობის ხდება. ამიტომ არა ვარ ისე განწყობილი, რომ მაინცდამაინც რაღაც ცუდი უნდა მოხდეს ჩვენთან მიმართებაში. თუმცა საქართველოს ახალ მთავრობას დასჭირდება მუხლჩაუხრელი მუშაობა როგორც ვაშინგტონთან, ასევე ბრიუსელთან და ამ მუშაობის გარეშე შედეგები არ დაიდება. აუცილებლად უნდა ჩამოყალიბდეს, კონკრეტულად რა მოთხოვნები აქვთ, რათა მოხდეს აშშ-სა და ევროკავშირთან ურთიერთობის გადატვირთვა და ამაზე შემდეგ დაიწყოს საქართველოს მოლაპარაკებები და მუშაობა. რა თქმა უნდა, ამ მოლაპარაკებებს საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესები არ უნდა შეეწიროს. აქ საკითხი დგას მარტივად – თუ დასავლეთი დაკარგავს საქართველოს, ის ერთმნიშვნელოვნად დაკარგავს კავკასიას. აზერბაიჯანს გამოუცხადეს სანქციები და ამით სომხეთის გაძლიერებას ცდილობენ. სომხეთის გაძლიერებას რა სჯობს – რამდენი ძლიერი მეზობელიც გვეყოლება, მით უკეთესი, მაგრამ აზერბაიჯანს თუ სანქციებს დაადებს აშშ, როგორ ფიქრობთ, ვის მხარეს დაიჭერს თურქეთი? სომხეთის სამხრეთით ირანი ისედაც სანქცირებულია, ჩრდილოეთით საქართველოა და საქართველოც თუ სანქციებში მოექცევა, ამით რა გამოვა? არც არაფერი კარგი, არა მარტო ჩვენთვის, არამედ კოლექტიური დასავლეთისთვისაც. სომხეთიდან გასასვლელი სადმე ხომ უნდა იყოს და ერთადერთი რეალური გასასვლელი სომხეთიდან საქართველოა. ამერიკელები, როგორც წესი, გამოირჩევიან შორსმჭვრეტელური პოლიტიკის გატარებით და ამიტომ სწორია, საქართველოს მთავრობა რომ ამბობს, უნდა გავაგრძელოთ ურთიერთობა აშშ-სა და ევროკავშირთან საქართველოს ინტერესების გათვალისწინებითო. დარწმუნებული ვარ, ევროკავშირისთვისაც და ამერიკისთვისაც ამ ცხელ რეგიონში, სადაც, ერთი მხრივ, რუსეთთან ომში მყოფი უკრაინაა და მეორე მხრივ, პრაქტიკულად არაბულ ალყაში მოქცეული ისრაელი, საქართველო და მთლიანად კავკასია სტრატეგიულ მნიშვნელობას ინარჩუნებს.

- საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობის ასპექტი ჩანს "ოცნების" რიტორიკაშიც, აი, მათ უფრო ვჭირდებით, ვიდრე ჩვენო და ა.შ. ეს გასაგებია, მაგრამ ხომ არ მოხდება ისე, რომ სწორედ კავკასიის შესანარჩუნებლად დასავლეთი მიგვიღებს როგორც რიგით ავტორიტარულ ქვეყანას და დემოკრატიულ პროცესებზე აქ ხელს ჩაიქნევს. ასეთი ურთიერთობებიც ხომ აქვთ და ეს ჩვენ რას მოგვიტანს?

– რაც შეეხება დემოკრატიულ პროცესებს, დასავლეთი ვერასოდეს დახუჭავს თვალს არჩევნებზე. ეს ჩვეულებრივი ამბავია და კიდევ ერთხელ ვიმეორებ – თუ იქნება დადასტურებული არჩევნების გაყალბების ფაქტები, დასავლეთი თვალს ვერ დახუჭავს. მაგრამ, როდესაც ვაშინგტონიდან ჩვენს პრეზიდენტს მოუწოდებენ, ალბათ, გაქვს შენ გაყალბების მამხილებელი დოკუმენტები, ადექი და გამოძიებას წარუდგინეო, შემთხვევითი ნათქვამი ნამდვილად არ არის. ამიტომ ყველასთვის არის საინტერესო და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ თუკი არის დარღვევები, უნდა იყოს დოკუმენტურად დადასტურებული. რაც შეეხება დემოკრატიის სხვა საკითხებს, მაგალითად, სიტყვის თავისუფლება ჩვენთან შეზღუდული არ არის. აბა, გაიხსენეთ, რამდენი ტელევიზია იყო სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი და ახლა რამდენი ოპოზიციური არხია. ვინმე ხელს უშლის თუნდაც ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში? ეს ავადსახსენებელი გამჭვირვალობის კანონიც – ავადსახსენებელს იმიტომ ვეძახი, რომ სწორედ მისი შემოტანის შემდეგ გაფუჭდა დასავლეთთან ურთიერთობა – ძალაშია შესული, მაგრამ რა, რეალურად ხომ არ მოქმედებს? თუ კანონს არ აამოქმედებდნენ, მაშინ რატომ იქნა ის მიღებული?!

- რა შანსია, რომ ეს კანონი გაიწვიოს "ოცნებამ" და ამით სცადოს დასავლეთის განწყობის სასიკეთოდ შეცვლა?

– ფაქტია, საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოში განიხილება. საკონსტიტუციო სასამართლო დამოუკიდებელი ორგანოა და შესაძლოა მან მიიღოს გაუქმების გადაწყვეტილება. მე არ ვიცი, ეს მათი პრეროგატივაა, მაგრამ გამორიცხული არაფერია.

”კვირის პალიტრა” რუსა მაჩაიძე 

მსგავსი სიახლეები

სოხუმის აეროპორტის ამოქმედება ზაფხულამდე იგეგმება – ე.წ. ელჩი

სოხუმის აეროპორტის ამოქმედება ზაფხულამდე იგეგმება – ე.წ. ელჩი

“სოხუმის ახალი აეროპორტის ამოქმედება 2025 წლის ტურისტული სეზონის დაწყებამდე იგეგმება”, – ამის შესახებ პროპაგანდისტულ გამოცემა Sputnik-თან, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ელჩმა რუსეთში,…
აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება

აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება. ინფორმაციას რუსული მედია ე.წ. ცესკო-ზე დაყრდნობით ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში…
მერიის 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტით, ხარჯები 241 მლნ-ით, 1.8 მილიარდამდე მცირდება

მერიის 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტით, ხარჯები 241 მლნ-ით,…

თბილისის მერიამ საკრებულოს 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი წარუდგინა, რომელიც საკრებულოში განხილვების შემდეგ დაკორექტირდება. ბიუჯეტის პირველადი პროექტით, თბილისის მერიის ხარჯები 1,781,853,300…