ახალი რეალობა იქმნება და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ, – განცხადება ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა გააკეთა.
მან საქართველოში ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ბრიფინგი გამართა და საქართველო-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების პოტენციალზე ისაუბრა.
„ხაზი უნდა გავუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ტვირთბრუნვა გაიზარდა 75%-ით. ასევე, ბაქო- თბილისი-ყარსი შესაძლოა, იყოს გამოყენებული, რომ 5 მილიონი ტონით დაიტვირთოს და მომდევნო წელს ამ მიმართულებით მეტი კაპიტალი დაბანდებას მოვახდენთ ამ დერეფანში, კიდევ უფრო მეტი ფინანსური რესურსი გამოიყოფა.
ვაპირებთ, ამ მარშრუტის გამოყენებას, რათა კასპიის საშუალებით აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით ევროპისკენ გავიტანოთ ტვირთები და ახალი მარშრუტები დავამუშაოთ. ყველა ქვეყნის ინტერესშია, რომ გაიზარდოს ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულება და მოხდეს საქართველოს პორტების გამოყენება, რათა ტვირთბრუნვა ცენტრალური აზიიდან ევროპისკენ წავიდეს და პირიქით. მიგვაჩნია, რომ ამ პოტენციალის გაზრდის შესაძლებლობა გვაქვს. ახალი რეალობა იქმნება და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ“, – განაცხადა ალიევმა.
მისი თქმით, ბაქოს საერთაშორისო სავაჭრო საზღვაო პორტი და მისი პოტენციალი გაიზრდება და კიდევ მეტი ინვესტიცია ჩაიდება, ხოლო ამ კუთხით, სატრანსპორტო მიმართულებით საქართველოსთან მჭიდროდ თანამშრომლობა იქნება საჭირო, რადგან „ეს უნდა იყოს ერთობლივი, შეხმატკბილებული ძალისხმევა“.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, „სატრანსპორტო შესაძლებლობების განვითარებისთვის მეზობლებთან უნდა განვავითაროთ ურთიერთობა, სხვა შემთხვევაში ვერ ვიქნებით სანდო სატრანზიტო ქვეყანა. საქართველოს სახით გვყავს მეგობარი, მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორი“.
ილჰამ ალიევის განცხადებით, საერთო ჯამში, იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ ენერგომატარებლებზე მოთხოვნა მზარდია, საქართველო და აზერბაიჯანი წარდგენილი არიან ერთ ფრონტზე.
„ერთად ვიმუშავებთ, რათა ჩვენი ეროვნული ინტერესები – ორი მოძმე ერის ინტერესები, ისეთ მნიშვნელოვან ურთიერთობებს ქმნიდეს, რომ მსოფლიოსაც მოუტანოს სარგებელი. ჩვენი მეგობრობა ამის საფუძველია“,- განაცხადა ილჰამ ალიევმა.
“სოხუმის ახალი აეროპორტის ამოქმედება 2025 წლის ტურისტული სეზონის დაწყებამდე იგეგმება”, – ამის შესახებ პროპაგანდისტულ გამოცემა Sputnik-თან, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ელჩმა რუსეთში,…
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება. ინფორმაციას რუსული მედია ე.წ. ცესკო-ზე დაყრდნობით ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში…
თბილისის მერიამ საკრებულოს 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი წარუდგინა, რომელიც საკრებულოში განხილვების შემდეგ დაკორექტირდება. ბიუჯეტის პირველადი პროექტით, თბილისის მერიის ხარჯები 1,781,853,300…