დიდი დიღმიდან მეტრო “დიდუბემდე” ტრამვაის ხაზის მშენებლობისთვის მერია ფასების გამოკვლევას ატარებს

დიდი დიღმიდან მეტრო “დიდუბემდე” ტრამვაის ხაზის მშენებლობისთვის მერია ფასების გამოკვლევას ატარებს

თბილისის მერია დიდი დიღმიდან მეტრო “დიდუბის” მიმართულებით 7.5-კილომეტრიანი ტრამვაის ხაზის მშენებლობას გეგმავს. პროექტის თანახმად, ახალ მარშრუტს 11 გაჩერება ექნება და მას ტრამვაის 10 შემადგენლობა უნდა მოემსახუროს. ის გაივლის მირიან მეფის ქუჩას, აღმაშენებლის ხეივანს, გრიგოლ რობაქიძის გამზირს, გადაკვეთს შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდს და მისი საბოლოო გაჩერება მეტრო დიდუბეს მიმდებარედ იქნება. ფასების გამოკვლევის შემდეგ გახდება ცნობილი თუ რამდენი მილიონი დოლარი დაჯდება აღნიშნული პროექტის განხორციელება.

სამშენებლო სამუშაოები ჩატარდება Design-Build (DB) მეთოდით, რაც გულისხმობს როგორც საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას, ისე უშუალოდ მშენებლობას. პროექტის თანახმად, ტრამვაის ხაზი დააკავშირებს დიდი დიღმის მე-3 და მე-4 მიკრორაიონებს მეტრო დიდუბესთან, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მგზავრთა გადაადგილებას. პროექტის თანახმად, ტრამვაის ერთ შემადგენლობას არანაკლებ 300 მგზავრის გადაყვანა უნდა შეეძლოს.

პროექტი შემდეგ კომპონენტებს მოიცავს:

  • საპროექტო სამუშაოები: მოიცავს ტოპო-გეოდეზიურ და გრუნტის კვლევებს, მგზავრთნაკადების ანალიზს, საინჟინრო გათვლებს და ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას.
  • ინფრასტრუქტურა: ლიანდაგები, საკონტაქტო ხაზი, ტრამვაის დეპო, ადმინისტრაციული შენობა, სამრეცხაო, ტექნიკური მომსახურების ცენტრი და უსაფრთხოების სისტემები.
  • ტრამვაის მართვის სისტემა: მოიცავს სიგნალიზაციის, უსაფრთხოების, ავტომატიზაციისა და საკომუნიკაციო ქსელების სრულ ინტეგრაციას.
  • მგზავრთა კომფორტი: ტრამვაის გაჩერებებზე და ვაგონებში განთავსდება ინფორმაციული ეკრანები (PIS), ხმოვანი შეტყობინების სისტემა (PA), და ვიდეომეთვალყურეობა (CCTV).
  • OCC (Operations Control Center): ცენტრალური სადისპეტჩერო ცენტრი უზრუნველყოფს ტრამვაის მოძრაობის, უსაფრთხოების, და საინფორმაციო სისტემების მართვას.

ვადები:

  • კონცეპტუალური პროექტი: 6 თვე;
  • დეტალური პროექტირება: 12 თვე;
  • მშენებლობა: 36 თვე.

პროექტის საერთო ვადა 4.5 წელს შეადგენს.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განმარტების თანახმად, პრეტენდენტს 2022-2024 წლებში ჯამურად უნდა ჰქონდეს არანაკლებ 50’000’000 აშშ დოლარის ბრუნვა.

ამასთან, შემსყიდველი მიმწოდებელს ავანსის სახით გადაუხდის სახელშეკრულებო ღირებულების არაუმეტეს 20%-სა, ამასთან გასათვალისწინებელია, რომ 2025 წელს ავანსის მოცულობიდან გაიცემა არაუმეტეს 20’000’000 აშშ დოლარის ოდენობის თანხა.

ბაზრის მოკვლევა 2025 წლის 23 აპრილს დასრულდება.

მსგავსი სიახლეები

ვალუტის გაუფასურება, ბირჟის ვარდნა და პროტესტი – რა ხდება თურქეთში?

ვალუტის გაუფასურება, ბირჟის ვარდნა და პროტესტი – რა ხდება…

ქალაქ სტამბოლის მერის დაკავების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ დევნის დაწყების და პროტესტის გამწვავების ფონზე, თურქული ლირა რეკორდულად გაუფასურდა. 19 მარტს 1 ამერიკული…
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა თბილისის შემოვლითი გზის, ავჭალა-წიწამურის მონაკვეთის პროექტი დაახარვეზა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა თბილისის შემოვლითი გზის, ავჭალა-წიწამურის მონაკვეთის პროექტი…

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა დაახარვეზა თბილისის შემოვლითი მაგისტრალის მეორე ლოტის პროექტი, რომელიც ავჭალიდან-წიწამურამდე ახალი 6.5-კილომეტრიანი ოთხზოლიანი გზის გაყვანას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია…
ქვეყანაში საწყობების საშუალო დატვირთვა 57%-ია – როგორია იჯარის საშუალო ფასი რეგიონების მიხედვით?

ქვეყანაში საწყობების საშუალო დატვირთვა 57%-ია – როგორია იჯარის საშუალო…

“ქვეყანაში საწყობების საშუალო დატვირთვა 57%-ია”, – ამის შესახებ “თიბისი კაპიტალის” სამრეწველო და ლოგისტიკური უძრავი ქონების ბაზრის კვლევაში წერია. დოკუმენტის თანახმად, ბოლო…