ევროკავშირში ინფლაციამ რეკორდულ 9.6%-იან ნიშნულს მიაღწია

ევროკავშირში ინფლაციამ რეკორდულ 9.6%-იან ნიშნულს მიაღწია

მიმდინარე წლის ივნისში ევროკავშირში წლიურმა ინფლაციის დონემ 9.6%-იან ნიშნულს მიაღწია, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია და მნიშვნელოვნად აღემატება ანალიტიკოსების მოლოდინებს.

სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, უშუალოდ ევროზონაში წლიური ინფლაციის დონემ 8.6% შეადგინა, რაც 0.5 პროცენტული პუნქტით აღემატება მაისის თვის მაჩვენებელს.

ევროკავშირის მასშტაბით ინფლაციის ყველაზე მაღალი დონე ესტონეთში (22.0%), ლიეტუვასა (20.5%) და ლატვიაში (19.2%) ფიქსირდება; ხოლო სამომხმარებლო ფასების ზრდის ყველაზე დაბალი დონე მალტაში (6.1%), საფრანგეთსა (6.5%) და ფინეთშია (8.1).

ევროსტატის განმარტებით, ინფლაციის მაჩვენებლის ზრდა გასულ თვესთან შედარებით ენერგორესურსების 4.2%-იანი გაძვირებით, სურსათის ფასების 1.9%-იანი ზრდითა და სერვისების 1.4%-ით გაძვირებითაა განპირობებული.

აღსანიშნავია, რომ ინფლაციის ზრდის პარალელურად, ევროკომისიამ ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზების გაუარესების გადაწყვეტილება მიიღო, რაც რეგიონის მასშტაბით გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ვითარების გაუარესებასთანაა დაკავშირებული.

გთავაზობთ ევროკომისიის მიერ მაისსა და ივლისში მომზადებული პროგნოზების შედარებას.


ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი:

ძველი – 2022 წელი +2.7%; 2023 წელი +2.3%.
ახალი – 2022 წელი +2.6%; 2023 წელი +1.4%.

ევროზონის ინფლაციის პროგნოზი:

ძველი – 2022 წელი 6.1%; 2023 წელი 2.7%.
ახალი – 2022 წელი 7.6%; 2023 წელი 4.0%.

ევროკავშირის ინფლაციის პროგნოზი:

ძველი – 2022 წელი 6.8%; 2023 წელი 3.2%.
ახალი – 2022 წელი 8.3%; 2023 წელი 4.6%.

მიუხედავად ყველა საპროგნოზო მაჩვენებლის გაუარესებისა, ევროპის ცენტრალური ბანკი წელს ევროზონაში რეცესიის განვითარებას მაინც არ პროგნოზირებს, მონეტარული პოლიტიკის ხისტი გამკაცრებისგან კი ECB ჯერაც თავს იკავებს.

მოწინავე ამერიკული საინვესტიციო ბანკის – Morgan Stanley-ს ვარაუდით, ევროკავშირში რეცესია წლის ბოლოს დაიწყება და ის თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

ევროკომისიის მიერ ინფლაციური პროგნოზის გაუარესების ძირითადი განმაპირობებელი მიზეზი მსოფლიოს მასშტაბით ენერგორესურსებისა და სურსათის გაძვირებაა, რაც, თავის მხრივ პანდემიითა და რუსეთ-უკრაინის ომითაა გამოწვეული.

მსგავსი სიახლეები

ივნისში საქართველოში 12.8%-იანი ინფლაცია იყო

ივნისში საქართველოში 12.8%-იანი ინფლაცია იყო

საქსტატმა 2022 წლის ივნისის თვის ინფლაციის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, გასული თვის განმავლობაში ქვეყანაში წლიური ინფლაციის დონე 12.8% იყო. მათ შორის…
სსფ-ის ანგარიში ეროვნული ბანკის ნაბიჯებს ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელთან დასაახლოებლად დადებითად აფასებს

სსფ-ის ანგარიში ეროვნული ბანკის ნაბიჯებს ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელთან დასაახლოებლად…

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოსთვის ახალი სამწლიანი პროგრამა დაამტკიცა, რომელიც ქვეყნისთვის საჭიროების შემთხვევაში $280- მილიონიანი დაფინანსების გამოყოფას ითვალისწინებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, საერთაშორისო სავალუტო…