20-22 ივნისს ქალაქ დოჰაში დაგეგმილ კატარის ეკონომიკურ ფორუმს, საქართველოს მთავრობის წევრებიც დაესწრებიან.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფორუმზე დასასწრებად საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, დღეს გაემგზავრა.
მათივე ცნობით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კატარის ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.
„დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის ორმხრივი, მაღალი დონის შეხვედრები. ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა შესაბამის პანელურ დისკუსიაზე“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
რაც შეეხება იმას – ვინ დაესწრება კატარის ეკონომიკურ ფორუმს საქართველოს მთავრობიდან, დელეგაციის შემადგენლობა ასე გამოიყურება: საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, იმყოფებიან ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.