გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი აცხადებს, რომ წელს ყურძნის ფასთან დაკავშირებით გატარებულმა სახელმწიფო პოლიტიკის შედეგად დღეს მოსავლის დიდი ნაწილი მაღალკონდიციურია. დავით სონღულაშვილის კომენტარს რთველის მიმდინარეობასთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. კომენტარი მინისტრმა დღეს გამართული მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მიმდინარე წელს მნიშვნელოვანი სიახლე ხარისხიან ყურძენზე განსხვავებული ფასის დაწესებაა.
„საქართველოში დაიწყო რთველი, მთავარი აგრარული პროდუქტის – ყურძნის მოსავლის აღება. ეს არის განსაკუთრებული დრო და სეზონი ჩვენი მევენახეებისთვის. წლის დასაწყისში განვაცხადეთ, რომ ხარისხიან ყურძენზე იქნებოდა განსხვავებული ფასი, რაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს. მაღალკონდიციურ ყურძენთან დაკავშირებით განისაზღვრა განსხვავებული, მაღალი ფასი, რაც კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს ყურძნის ხარისხის ამაღლებას. დღეს უკვე ვხედავთ შედეგს, მოსავლის დიდი ნაწილი მაღალკონდიციურია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენმა პოლიტიკამ გაამართლა.
შემდგომ პერიოდში მაღალხარისხიან ყურძენზე აქცენტი კიდევ უფრო მეტად იქნება გაკეთებული. ამ ეტაპზე მინდა ვთქვა, რომ 2025 წლის ყურძნის მოსავალი იქნება გამორჩეული”, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს კახეთის რეგიონში, რთველის პროცესში, ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა. ჭარბ ყურძენს სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ ხარიხის მიხედვით დიფერენცირებულ ფასად იბარებს: კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძენს – 1.50 ლარად, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართულ სხვა საღვინე ჯიშებს – 1.20 ლარად, არაკონდიციურ და დაზიანებულ/ან დაავადებულ ყურძენს – 1.00 ლარად.
საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, ჯანდაცვის სამინისტროს მიეცა უფლება 1.35 მილიონ ლარად, გამარტივებული წესით შეისყიდოს რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები. მთავრობა რესპუბლიკური…
6 იანვარს ლარის მიმართ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ოფიციალური კურსი ასეთია: 1 აშშ დოლარი – 2.6968 ლარი. გაუფასურდა 0.05 თეთრი;1 ევრო…
2025 წლის ნოემბერში მშენებლობა როგორც წლიურად ისე თვის ჭრილში გაძვირდა, რაც ძირითადად დარგში დასაქმებულთა საშუალო ხელფასის ზრდამ განაპირობა. საქსტატის მიერ დღეს…