
თებერვალში ინფლაციური მოლოდინები შემცირდა – სებ
- ეკონომიკა
- მარტი 17, 2025
- 17
საქართველოს ეროვნული ბანკი თებერვლის თვის ინფლაციური მოლოდინების ანგარიშს აქვეყნებს. სებ-ის თანახმად, თებერვლის განმავლობაში ეკონომიკური აგენტების მხრიდან ინფლაციური მოლოდინები შემცირდა.
სებ-ის თანახმად, მათ მიერ გამოკითხულ ბიზნესებსა და ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა შორის გაზრდილია მოლოდინი, რომ მომდევნო ერთ წელში ინფლაცია 2-4%-ის ფარგლებში იქნება, ხოლო შემცირებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, ვინც მომდევნო წლის განმავლობაში უფრო მაღალ 4%-6%-იან ინფლაციას მოელის.
“ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა მიხედვით, თებერვალში იანვართან შედარებით ერთწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია. ერთი მხრივ, იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 1 წლის მანძილზე ფასების ზრდას 4%- 6%-ის ფარგლებში ფიქრობენ, შემცირდა. მეორე მხრივ, მომატებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც სამომხმარებლო ფასების ცვლილებას ზრდის უფრო დაბალ ინტერვალში, 2%-4%-ის ფარგლებში, ელოდებიან. ასევე, თებერვალში, წინა თვისგან განსხვავებით, გამოჩნდნენ ისეთი რესპონდენტებიც, რომლებიც სამომხმარებლო ფასების შემცირებას -2%-0% ინტერვალსა და 2%-ზე მეტად ელოდებიან.
ამავე გამოკითხვის მიხედვით, თებერვალში იანვართან შედარებით სამწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები გაზრდილია. ერთი მხრივ, იანვართან შედარებით, მომატებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო სამი წლის მანძილზე ფასების ცვლილებას 6%-8%-ის ზრდის ფარგლებსა და 8%-ზე მეტად ელოდებიან. მეორე მხრივ, შემცირებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ცვლილებას შედარებით დაბალი ზრდის ინტერვალში, 0%-2%-ისა და 4%-6%-ის ფარგლებში, ელოდებიან.
გამოკითხულთა აზრით, საკუთარ პროდუქციაზე/მომსახურებაზე ფასების ზრდის მოლოდინი 1 წლიან პერიოდში შემცირებულია. კერძოდ, თებერვალში იანვართან შედარებით მნიშვნელოვნად ნაკლებია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც საკუთარ პროდუქტზე ფასების მატებას 4%-6%-ის ფარგლებში ელოდებიან. ამავე დროს მომატებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ცვლილებას შედარებით დაბალი ზრდის ფარგლებში, 2%-4%-ის მიდამოში ვარაუდობენ.
ამავე გამოკითხვის მიხედვით, თებერვალში იანვართან შედარებით მოლოდინები ხელფასების ზრდაზე მომატებულია. კერძოდ, გაზრდილია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას 20%- 30%-ის ფარგლებსა და 30%-ზე მეტად ელოდებიან. ამავე დროს, შემცირებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას 10%-20%-ის ფარგლებში ფიქრობენ.
გამოკითხულთა აზრით, თებერვალში კომპანიაში წარმოებისათვის საჭირო რესურსების გამოყენების ეფექტიანობა (კომპანიის რესურსების რეალური გამოყენება, მაქსიმალურ გამოყენებასთან შედარებით) იანვართან შედარებით მცირედით შემცირებულია”, – ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.