„ინტუიცია მკარნახობს, რომ მოსახლეობას უვიზო რეჟიმი არ შეუჩერდება!“
- ეკონომიკა
- სექტემბერი 23, 2025
- 121
საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის გაუქმება-არგაუქმების საკითხზე შეფასების მოსამზადებელი ვადა ამოიწურა, თუმცა გადაწყვეტილების მიღებამდე ჯერ არის დრო. ამასობაში კი ბოიკოტისტები კვლავ რევოლუციას აანონსებენ და მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე რამდენიმე შეკრება აქვთ დანიშნული, მთავარ თარიღად მაინც 4-5 ოქტომბერი სახელდება. პოლიტიკურ და ეკონომიკურ მოლოდინებზე აკადემიკოს ლადო პაპავას ვესაუბრებით.
"რევოლუციას სამი წინაპირობა უნდა ჰქონდეს"
– დავიწყოთ იმით, რომ წინასწარ რევოლუციის თარიღის დაანონსება გაუგებარია. საერთოდ, რევოლუციას აქვს თავისი წინა პირობები – ჯერ ერთი, ეკონომიკური ფაქტორი აუცილებლად მწვავე უნდა იყოს; მეორე – ქვეყნის ხელმძღვანელობას არ უნდა შეეძლოს სრულფასოვანი მმართველობა და უნდა იყოს ინსტიტუციური პრობლემები და მესამე – საგარეო ფაქტორი. ამ სამი ფაქტორიდან საქართველოში რევოლუციას ხელს უწყობს მხოლოდ მესამე, საზღვარგარეთის ფაქტორი, როდესაც ყველანაირად ცდილობენ ქვეყანაში არეულობა შემოიტანონ და რევოლუცია მოხდეს. რაც შეეხება ეკონომიკას, მოდი, პარალელი გავავლოთ “ვარდების რევოლუციასთან”. რა მოხდა 2003 წელს? საბიუჯეტო სექტორში არ გაიცემოდა ხელფასები, პენსიები, ზამთარში სრულიად საქართველოში სიბნელე იყო და მხოლოდ თბილისს ჰქონდა ელექტროენერგია მცირე ხნით. იყო სიცივე, შიმშილი და ამ ვითარებაში, რა თქმა უნდა, მოსახლეობის განწყობა არა იყო ხელისუფლების მხარდამჭერი. ამას დაემატა ინსტიტუციური სისუსტეც – როცა სახელმწიფო დაწესებულებები ხელფასებს დროზე ან საერთოდ ვერ იღებენ… რაც მთავარია, მაშინაც კი წინასწარი თარიღი, რომ რევოლუცია 23 ნოემბერს უნდა მომხდარიყო, არ დაანონსებულა.
დღეს ვნახოთ, რა ხდება – ეკონომიკაში საკმაოდ პოზიტიური ტენდენციები გვაქვს და ეს დაფიქსირებული აქვთ უწინარეს ყოვლისა საერთაშორისო-სავალუტო ფონდს, მსოფლიო ბანკს, ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკს, აზიის განვითარების ბანკს ანუ საერთაშორისო ინსტიტუციებს. ამას ემატება ინსტიტუციური შეფასებები მთავრობის გამჭვირვალობის შესახებ, ასევე გამოქვეყნდა სხვადასხვა რეიტინგი მთავრობის საქმიანობის ეფექტიანობის, ასევე სასამართლოს შესახებ. ეს შეფასებები ხომ ქართველების გაკეთებული არ არის, არამედ იმ ანალიტიკური ცენტრების, რომლებიც აშშ-სა და ევროკავშირთან არიან ასოცირებული. სახეზეა პოზიტიური შეფასებები. მაშასადამე, საქართველოში არც ეკონომიკური ვითარება და არც ინსტიტუციური მდგომარეობაა ისეთი, რომლის საფუძველზეც ვიტყოდით, რომ რევოლუციის წინა პირობებია ჩამოყალიბებული. ერთადერთი, სამწუხაროდ, დასავლეთიდან ფორსირებული დაძაბულობის კერების შექმნაა და დასავლეთი ამას არც მალავს. ამიტომ, როგორც დაუანონსებელი და მით უფრო დაანონსებული რევოლუცია, ჩემი ღრმა რწმენით, შეუძლებელია მოხდეს. საზოგადოებაც დაიღალა რევოლუციებით. უფროსი თაობის ხალხს კარგად გვახსოვს, რა მოხდა ზვიად გამსახურდიას დროს – ეს იყო სახელმწიფო გადატრიალება. ძალიან რთულია საზღვრის გავლება, სად არის რევოლუცია და სად სახელმწიფო გადატრიალება. 2003 წლის “ვარდების რევოლუციას” რევოლუცია ჰქვია, მაგრამ არ გამოვრიცხავ, გავიდეს დრო და სახელმწიფო გადატრიალება დაერქვას, იმიტომ, რომ მასში “ლამაზად” იკვეთება გარე მხარეების დაინტერესება, რათა გადატრიალება მომხდარიყო. ყველას გვახსოვს, როგორ ჩამოვიდა თბილისში რუსეთის უშიშროების საბჭოს მაშინდელი მდივანი იგორ ივანოვი და როგორ შეხვდა ჯერ რევოლუციონერებს, შემდეგ შევარდნაძეს და მასთან შეხვედრის შემდეგ შევარდნაძემ განაცხადა გადადგომის შესახებ. ფაქტობრივად, აშკარად იყო რუსული ძალის ჩარევა მაშინდელ ე.წ. ვარდების რევოლუციაში. დღეს ქვეყანაში რევოლუციის საფუძველი არ არსებობს. თუმცა, ცხადია, დაძაბულობის შექმნას შეეცდებიან და მეტ-ნაკლებად გამოუვათ კიდევაც.
- რას ელოდებით?
– ახალგაზრდებს გამოიყვანენ. ყველამ ვიცით, რომ ადრეც მიმდინარეობდა ახალგაზრდების დატრენინგება, თუმცა ეს კეთდებოდა, როგორც წესი, საქართველოში, მაგრამ მას შემდეგ, რაც “უცხოელი აგენტების შესახებ” კანონი იქნა მიღებული, საქართველოში ამგვარი ტრენინგები შეიზღუდა და ახლა როგორც გამოჩნდა, ეს ბრიტანელების დაფინანსებით ლიეტუვაში მიმდინარეობს. ძალიან ცუდია, რომ ასეთ რაღაცებში ჩართული არიან ის ქვეყნები, რომლებთანაც ჩვენ ტრადიციულად გვქონდა კარგი ურთიერთობა, მაგრამ ბოლო დროს დასავლეთში გამოიკვეთნენ ძალები, რომლებსაც ძალიან უნდათ “ნაცმოძრაობა” და მისი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდნენ ხელისუფლებაში და ეს ძალიან გულდასაწყვეტია. მათ ვერ გაიგეს, რომ როგორი ნაკლიც არ უნდა ჰქონდეს დღეს “ქართულ ოცნებას”, ქართველი საზოგადოება იმ ბოროტებას, რაც იყო “ნაცმოძრაობის” დროს, არასდროს აღარ აირჩევს.
- მაგრამ "ნაცმოძრაობის" გარდა, არსებობს სხვა ოპოზიციაც, თუნდაც "ლელო" და გახარია და მეორე, ყოველივე ეს კობახიძის განცხადებას მოჰყვა, რაც, ფაქტობრივად, იყო ევროკავშირზე უარი. რატომ არის ჩარევა, თუ დასავლეთი მხარს უჭერს იმ ძალებს, ვინც "ოცნების" ამ პოლიტიკის წინააღმდეგ იბრძვის?
– დავიწყოთ თავიდან. რა თქმა უნდა, ფორმალურად არც “ლელო” და არც გახარია არ არის “ნაცმოძრაობა”, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ არჩევნებშიც და არჩევნების შემდგომაც შედეგების მიხედვით ხდებოდა ამ პარტიების ჩახუტება “ნაცმოძრაობასთან”. გავიხსენოთ, რომ წინა ადგილობრივ არჩევნებში, მაშინ, როდესაც ნიკანორ მელია იყო “ნაცმოძრაობის” თავმჯდომარე, თბილისის მერის არჩევნებში ის იყო დასახელებული “ნაცმოძრაობის” მერობის კანდიდატად, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარედ – მამუკა ხაზარაძე. შესაბამისად, “ლელოს” პრაქტიკულად “ნაცმოძრაობასთან” ერთად ყოფნის კომპლექსი არა აქვს. ისიც გავიხსენოთ, რომ არჩევნების შემდგომ მთელ რიგ საკრებულოებში საკრებულოს თავმჯდომარედ რომ გასულიყო გახარიას პარტიის წევრი, ისინი ამისთვის “ნაცმოძრაობას” შეეკრნენ.
- დღეს ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი უვიზო მიმოსვლის შეჩერება-არშეჩერების საკითხია. ევროკომისიის დათქმული ვადა ამოიწურა და ანგარიშის განხილვა უკვე ნებისმიერ დროს იქნება შესაძლებელი. რა მოლოდინი გაქვთ და რა შედეგებს მოიტანს ეს როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად?
– როდესაც გითხარით, დასავლეთი უწყობს-მეთქი ხელს ქვეყანაში რევოლუციის თუ სახელმწიფოს გადატრიალების მოწყობას, ამის გამორჩეული ინსტრუმენტი არის მუქარა, რომ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შეიძლება გაუქმდეს. ესეც ზეწოლისა და რევოლუციური განწყობების ჩამოყალიბების ინსტრუმენტია. თუმცა ქვეყნის შიდა ფაქტორები ოპოზიციის სასარგებლოდ ნამდვილად არ არის. თუკი მიიღეს გადაწყვეტილება და საქართველოს მოსახლეობას აუკრძალეს ევროკავშირში უვიზოდ შესვლა, “ქართული ოცნება” ამასაც ძალიან ლამაზად მიაწვდის ამომრჩეველს და მარტივად ეტყვის, რომ ეს არის ამ ოპოზიციის დამსახურება, რომელიც არა მარტო მთავრობას, არამედ ქართველ საზოგადოებასაც ებრძვის და დიდი ნაწილი ამას მიიღებს, რადგან სინამდვილეში მართლაც ასეა. კი გაიძახიან, უნდა დაისაჯოს მთავრობა და არა სრულიად მოსახლეობაო, მაგრამ, ფაქტობრივად, მაინც მუშაობენ იმაზე, რომ მოსახლეობას შეუჩერდეს უვიზო რეჟიმი და ამან გამოიწვიოს მღელვარება, რათა საპროტესტო აქციებს მეტი მუხტი მიეცეს. რა მოლოდინი მაქვს? არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ ინტუიცია მაინც მკარნახობს, რომ მოსახლეობას უვიზო რეჟიმი არ შეუჩერდება.
- მოცემული იყო კონკრეტული საკითხები, რომელთა შესრულების ვადა ამოიწურა, ხელისუფლება კი უფრო გამწვავებაზე მიდის... მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაციებს ანგარიშები დაუყადაღეს, ვხედავთ, რაც ხდება სასამართლო პროცესებზე... რამდენად გაძლევთ ეს ოპტიმიზმის საფუძველს?
– არსებობს პროცედურები, რომელთა საფუძველზეც უნდა შეჩერდეს უვიზო მიმოსვლა მაშინ, როდესაც ქვეყანა არღვევს უვიზო მიმოსვლის სტანდარტებს. მათი დარღვევა კი არ არის დაფიქსირებული და ის, რაც წინა პირობებში ჩაიწერა, მათ შორის, დავუშვათ, “ოჯახური სიწმინდის დაცვის შესახებ” კანონის გაუქმება ან “უცხოეთის აგენტების შესახებ” კანონის გაუქმება, არანაირი კავშირი არა აქვთ სამართლებრივად და ინსტიტუციურად უვიზო მიმოსვლის საკითხთან. ეს ყველაფერი პოლიტიკური დეკლარაციაა და ამიტომ, თუ ევროკომისია ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური და არა იმის გამო, რომ საქართველო უვიზო მიმოსვლის რომელიმე პირობას არღვევს.
- თავის დროზე, როდესაც უვიზო რეჟიმი მოგვცეს, გადაწყვეტილების მთავარი მოტივი ხომ პოლიტიკური იყო და შეჩერებისთვის პოლიტიკური ფაქტორი რატომ არ არის საფუძვლიანი? დღეს ხელისუფლება აკმაყოფილებს თუნდაც ევროკავშირში გაწევრების მოთხოვნებს?
– რაც შეეხება უვიზო მიმოსვლას, ამაში რომ იყოს რამე პრობლემა, რა თქმა უნდა, ბრიუსელი იტყოდა, მაგრამ ის მხოლოდ ორ კანონზე მიუთითებს, რაც ადასტურებს, რომ ამას არანაირი კავშირი უვიზო მიმოსვლასთან არა აქვს. რაც შეეხება ევროკავშირის სტანდარტებს, როდესაც ევროკავშირთან ასოცირებული სხვადასხვა ინსტიტუტი აქვეყნებს კვლევებსა და ანგარიშებს, რომ საქართველო ერთ-ერთი წარმატებული რეფორმატორი ქვეყანაა, ესეც ჩვენი ჩაწყობილი ხომ არ არის? ისინი აქვეყნებენ, ხომ? სხვა სიტყვებით, ბრიუსელის პოლიტიკური ელიტა წინააღმდეგობაში მოდის თავის ანალიტიკურ ცენტრებთანაც კი. ეს ძალიან გულდასაწყვეტია, რადგან ამის გამო შესაძლოა საქართველომ გარკვეული უარყოფითი შედეგები მიიღოს, ეს კი ისევ და ისევ ბრიუსელისგან მომავალი საფრთხეა და როგორც ზემოთ გითხარით, საფრთხეების ძალიან დიდი ნაწილი დაკავშირებულია საზღვარგარეთთან. იმავდროულად, უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოსთვის მთავარი საფრთხე არის რუსეთი, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები, მაგრამ შედარებით ახალ საფრთხედ გამოიკვეთა დასავლეთი, რომელიც ცდილობს რამენაირად ისევ “ნაცმოძრაობა” მოიყვანოს ხელისუფლებაში. გავიხსენოთ, რამდენი რეზოლუცია მიიღეს, სააკაშვილი ციხეში კვდება და გამოუშვითო, წავიყვანოთ და ვუმკურნალოთო, მაგრამ სტრასბურგის სასამართლომ რომელი სარჩელი დააკმაყოფილა? მე ცუდს არავის ვუსურვებ, მაგრამ სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, თითქოს ქართველმა მედიკოსებმა დემენციაც კი დაამარცხეს. გამოდის, ჩვენს მედიკოსებს ნობელის პრემია ეკუთვნით მედიცინის დარგში. ეს თვალთმაქცობა და ტყუილები სწორედ დასავლეთიდან მოდიოდა, რათა ხელისუფლება ძალადობრივად შეცვლილიყო.
- დავუშვათ, "ნაცმოძრაობისა" და სააკაშვილის დაბრუნება სურთ, შეიძლება ამის გაიგივება რუსეთისგან მომავალ საფრთხესთან?
– არ ვაიგივებ. მე ვლაპარაკობ ორ დამოუკიდებელ საფრთხეზე – ერთი, რომელიც ტრადიციულად მოდის რუსეთიდან, და მეორე, რომელიც შედარებით ახალი საფრთხეა და ის დასავლეთიდან მოდის…
რა მოხდება, თუ საქართველოს უვიზო რეჟიმს შეუწყვეტენ?! - ხელისუფლებაში რაც ხდება, ორ თვეში გადაყენება-გადმოყენებები, კორუფციისთვის მაღალჩინოსნების დაკავება და მოხსნა... ეს რა დასკვნების საშუალებას გაძლევთ?
– საკადრო ცვლილებები ყველა მთავრობისთვის არის დამახასიათებელი. როდესაც მთავრობაში სტაბილურობაა, უკეთესია, მაგრამ როცა საკადრო ცვლილებები ხდება, ეს საგანგაშო არ არის. სტაბილურობა კარგია, მაგრამ როდესაც მთავრობა ხედავს, რომ ცვლილებაა საჭიროა, ჯობს, განახორციელოს, ვიდრე ფორმალურად შეინარჩუნოს სტაბილურობა.
- კორუფცია?
– კორუფციის აღქმის ინდექსები ხომ ქვეყნდება და ესეც საქართველოში ხომ არაა მომზადებული? ამაშიც ხომ წინსვლა გვაქვს? ის, რომ თანამდებობის პირები გათავისუფლდნენ ან დააკავეს, ესეც საზოგადოებისთვის დადებითი სიგნალია. საერთაშორისო რეიტინგებით, რომლებიც კორუფციის შესახებ ქვეყნდება, საქართველოს პოზიციები მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიურია. დღეს რომ კორუფციის გამო თანამდებობის პირები დაკავებული არიან, ამას საზოგადოება მიესალმება, ხოლო საერთაშორისო რეიტინგებითა და კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველოს ნამდვილად არ დაუხევია უკან.
- ღმერთმა არ ქნას და, უვიზო მიმოსვლა რომ შეჩერდეს, საქართველოსთვის ყველაზე უარესი რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს?
– პირველი, რაც შეიძლება იყოს, ეს იქნება საპროტესტო აქციები, რაზეც არის ეს ყველაფერი გათვლილი. თუმცა არ ვფიქრობ, რომ ისე გამწვავდება, ქვეყნის სახელმწიფოებრიობას საფრთხე შეექმნას. მეორე – თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რა თქმა უნდა, მას რეაქციას მისცემენ ფინანსური ბაზრები, რამაც შეიძლება მეტ-ნაკლებად გამოიწვიოს რყევა ლარის კურსის ევროსთან მიმართებაში გაუფასურებით. თუმცა ესეც შეიძლება იყოს არა ტრენდული, რადგან ეროვნული ბანკის დღევანდელი რეზერვების მდგომარეობა დამაიმედებელია.
"დღეს საქართველოზე ყველაზე დიდ გავლენას ახდენს რუსეთ-უკრაინის ომი" - გარე ფაქტორებიდან ყველაზე არსებითი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე დღეს რას აქვს და ამ მხრივ რა არის მოსალოდნელი?
– დღეს საქართველოზე ყველაზე დიდ გავლენას ახდენს რუსეთის ომი უკრაინაში და არა მარტო საქართველოზე, ეს გავლენას ახდენს მთელ მსოფლიოზე, იმიტომ, რომ ეს ომი გაურკვევლობას ზრდის. ზოგადად ტრამპის პრეზიდენტობამ გააჩინა დიდი იმედი, რომ ეს ომი დასრულდებოდა და რაღაც სამშვიდობო შეთანხმებაზე ან თუნდაც დროებით ცეცხლის შეწყვეტასა და ომის “გაყინვაზე” შეთანხმება იქნებოდა მიღწეული. სამწუხაროდ, ტრამპის იმედი, რომ ომს სწრაფად შეაჩერებდა, არათუ არ სრულდება, არამედ საერთოდ გაურკვეველია, ომი დასრულდება თუ არა მეტ-ნაკლებად ახლო მომავალში. ტრამპი-პუტინის შეხვედრამ ამ საკითხში არათუ სიცხადე შეიტანა, არამედ უფრო დიდი ბუნდოვანება შექმნა და საბოლოოდ ისიც არ ვიცით, ამ შეხვედრაზე კონკრეტულად რაზე ისაუბრეს, რაზე შეთანხმდნენ ტრამპი და პუტინი. ფაქტია, რუსეთი შეჩერებას არ აპირებს, საომარ მოქმედებებს განაგრძობს. მართალია, ევროპა რუსეთს ემუქრება, მაგრამ ბრიუსელისა და ლონდონის მუქარა მოსკოვს დიდად არ აღელვებს. ეს ყველაფერი პირველ რიგში უკრაინისთვის არის ცუდი, მაგრამ უკრაინის შემდეგ ყველასთვის არის გაურკვევლობა და მათ შორის, საქართველოსთვის. ძალიან ცუდია, როდესაც ჩვენ ვართ ისეთ რეგიონში, სადაც დაძაბულობა პიკს აღწევს. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კი დაიდო ამერიკაში მნიშვნელოვანი შეთანხმებები, მაგრამ, სამწუხაროდ, ამაშიც ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა. და საერთოდ, საზოგადო დაძაბულობის გამო მსოფლიოში, როდესაც გამოკვეთილი არ არის, რა საით მიდის, მოლოდინებიც ვერ იქნება დადებითი. ვისარგებლებ შემთხვევით და თქვენი გაზეთის საშუალებით ასეთ რიტორიკულ კითხვას დავსვამ – ოდესმე ჩვენი მკითხველი წარმოიდგენდა, რომ ამერიკას ეყოლებოდა ისეთი პრეზიდენტი, რომელიც იტყოდა, გრენლანდია ამერიკის უნდა იყოს, ხოლო კანადა – ამერიკის შტატი? ფაქტია, აბსოლუტურ გაურკვევლობაში ვართ და ეს ძალიან უარყოფითად აისახება საქართველოზეც, მაგრამ მთლიანობაში მთავრობის სტაბილურმა და გონივრულმა პოლიტიკამ მოიტანა ის, რომ ქვეყანაში არის მდგრადი ეკონომიკური ზრდა და რაც მთავარია, ეს შეფასებები საერთაშორისო ორგანიზაციების გაკეთებულია.
სხვათა შორის, რამდენიმე თვის წინ აშშ-ში ერთ-ერთ ცნობილ არასამთავრობო ორგანიზაციაში გაიმართა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშის პრეზენტაცია, მათ შორის, საქართველოსთან დაკავშირებული. ამ შეხვედრას ესწრებოდა ძალიან ბევრი წარმომადგენელი, მათ შორის იყო ჩემი ერთ-ერთი ქართველი მეგობარიც და მან მითხრა, რომ ყველაზე მწვავედ საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელს დაუპირისპირდა საქართველოში ამერიკის ამ ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყოფილი ელჩი იმის გამო, როგორ შეიძლება ამ ვითარებაში საქართველოს კარგად აფასებდეთო. სავალუტო ფონდის წარმომადგენელს კი უთქვამს, რომ ჩვენ გამოვდივართ ოფიციალური სტატისტიკიდან, ოფიციალური შეფასებებიდან, ეს სტატისტიკა თავსებადია საერთაშორისო სტანდარტებთანო და მან თავისი ორგანიზაციის პოზიცია არგუმენტირებულად დაიცვა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რადგან ჩვენთან აშკარად გამოიკვეთა ორი მიმართულება – ეკონომიკური და პოლიტიკური. ჩვენი ყველა დასავლელი პარტნიორი საქართველოს ეკონომიკურ წარმატებას აღიარებს, პოლიტიკური კუთხით კი ზოგიერთი ჩვენი პარტნიორი ჯერ დუმს და, უწინარეს ყოვლისა, აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაცია, ზოგი კი საკმაოდ კრიტიკულია და ეს პირველ რიგში ეხება ბრიუსელს.
- ეკონომიკა ავტორიტარიზმებშიც წარმატებულია, საქართველოში დემოკრატიის პრობლემებზე ვსაუბრობთ. ეს არის დღეს ჩვენი მთავარი პრობლემა, მით უმეტეს, ეკონომიკური წინსვლა ზოგადად მოსახლეობაზე არ აისახება.
– ნამდვილად ვერ დაგეთანხმებით, რომ საქართველოში ავტორიტარიზმია. ასე რომ იყოს, ყოველ საღამოს პროტესტანტთა შედარებით მცირერიცხოვანი ჯგუფები ვერ შეძლებდნენ რუსთაველის პროსპექტის გადაკეტვას. არც ამდენი ოპოზიციური ტელეარხი თუ სხვა მედიასაშუალება იქნებოდა ქვეყანაში. რაც შეეხება იმას, რომ თითქოს “ეკონომიკური წინსვლა ზოგადად მოსახლეობაზე არ აისახება”, ეს უფრო ოპოზიციურად განწყობილი ადამიანის რწმენიდან გამომდინარე სიტყვებია, რომ ყველაფერი ცუდად უნდა იყოს, ვიდრე რეალობა. ბოლო წლებში იზრდება საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულთა ხელფასები, ასევე პენსიები, ამაღლდა საშუალო ხელფასის მაჩვენებელიც. აბსოლუტური სიღარიბე საქართველოში 2023 წელს 15,6%-დან 11,8%-მდე შემცირდა, ხოლო 2024 წელს – 9,4%-მდე. რაც შეეხება ფარდობით სიღარიბეს, ეს მაჩვენებელი შედარებით მოკრძალებულად შემცირდა, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ არ არსებობს მსოფლიოში ქვეყანა, სადაც ფარდობითი სიღარიბე არ იყოს მეტ-ნაკლები სიმწვავის პრობლემა. ყველას გვინდა მეტი დადებითი შედეგი, თუმცა ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილების ტრაექტორია ნამდვილად პოზიტიურია.
რას მოუტანს ზანგეზურის დერეფანი საქართველოს? - სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმება ახსენეთ, რაზეც საქართველოში პოლიტიკოსთა და ანალიტიკოსთა ნაწილი შეშფოთებით საუბრობდა, ამით საქართველო სატრანზიტო ფუნქციას დაკარგავსო... თქვენ ეს საფრთხე რამდენად რეალურად მიგაჩნიათ?
– დავიწყოთ იმით, რომ ეს უფრო გაზვიადებული ამბავია, ვიდრე რეალური შეთანხმება. ჯერჯერობით ხელმოწერილია დეკლარაცია, დეკლარაცია კი არ არის შეთანხმება. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეთანხმება მხოლოდ პარაფირებულია. ეს უფრო სამივე ხელმომწერის პიარი იყო. შეთანხმებას რომ ხელი მოეწეროს, სომხეთს მოუწევს კონსტიტუციის შეცვლა და ეს ადვილი არ არის, რადგან სომხეთს კონსტიტუციურად გამაგრებული აქვს სომეხი ერის არჩევანი, რომელიც უნდა განისაზღვროს არა მარტო სომხეთში, არამედ ყარაბაღის ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხითაც. ეს თუ არ შეიცვალა, მაშინ პარაფირებულ ტექსტს ვერც ხელს მოაწერენ და ვერც პარლამენტის მიერ იქნება რატიფიცირებული. რამდენიმე პუბლიკაცია ვნახე არა მხოლოდ სომხურ, არამედ დასავლურ სერიოზულ გამოცემებში, სადაც ანალიტიკოსები და მათ შორის, სომხებიც წერენ, რომ თუ ეს შეთანხმება ძალაში შევა, “დააცემენტებს” იმ უარყოფით შედეგებს, რაც არსებობს ამ ბოლო პერიოდში სომეხი ერისთვის. ასე რომ, სომხეთის პრობლემა ამ ხელშეკრულების მიღებასთან დაკავშირებით ასე მარტივი არ არის. თანაც ნუ დაგვავიწყდება, რომ ფაშინიანს მოსაგები აქვს 2026 წლის არჩევნები და ამიტომ წავა თუ არა სომეხი ერი იმაზე, რომ კონსტიტუციაში შევიდეს ცვლილება, ჯერჯერობით ღიაა. გარდა ამისა, სერიოზული პრობლემებია ინვესტიციებთან დაკავშირებითაც. ერთი მხრივ, მივესალმები ამერიკელების რეგიონში შემოსვლას და ეს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნება რეგიონისთვის, მაგრამ საბოლოოდ შემოვლენ კი? აქ იკვეთება ირანის პრობლემებიც. უნდა გვახსოვდეს, რომ ცხადია, ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ აშშ უფრო მეტად იყოს ჩართული კავკასიაში, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ იქ, სადაც აშშ აქტიურად იყო ჩართული, მერე, სამწუხაროდ, მიატოვა ის ხალხი და კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. ამიტომ ეს პროექტი რამდენად საინტერესო და მიმზიდველიც გნებავთ იყოს, ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა. მე მივესალმები, რომ როგორც კი ეს ხელმოწერა შედგა ვაშინგტონში და კარგად გაპიარდა, საქართველოს ოფიციალური პირები – პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე და პრეზიდენტიც მიესალმნენ, რადგან სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა ჩვენც გვჭირდება და ეს რომ გამოხატეს, ძალიან კარგია, მაგრამ რამდენად რეალიზებული იქნება ეს პროექტი, ჯერ უფრო მეტი კითხვაა, ვიდრე პასუხი. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ამ დოკუმენტებში ნახსენები არ არის ის დერეფანი, რომელიც საქართველოზე გადის და რომელიც “შუა დერეფნის” სახელით არის ცნობილი. “შუა დერეფნის” პროექტი ჩინურია და არა ამერიკული, თანაც ისიც საკითხავია, რამდენად დაუშვებს აშშ ჩინეთს ზანგეზურის დერეფნის გამოყენებაში… ძალიან ბევრ პუბლიკაციაში ისეთი ეშმაკობაა ჩადებული, თითქოს ზანგეზურის დერეფანი “შუა დერეფნის” ნაწილია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება და, თუ ჩინეთი არ აღიარებს ზანგეზურის დერეფანს “შუა დერეფნის” ნაწილად, რაც გინდა, ის ილაპარაკონ. კიდევ ერთი ეშმაკობა ამ პუბლიკაციებში ის არის, რომ ზანგეზურის დერეფანი, რომელიც რეალურად აღქმულია როგორც საავტომობილო და სარკინიგზო დერეფანი, ზოგიერთ პუბლიკაციაში განხილულია როგორც ნავთობსადენებისა და გაზსადენების დერეფანიც. ამის კი აღარ მჯერა, რადგან ამხელა ინვესტიციებს ვინ ჩადებს, როდესაც ის მილსადენები, რომლებიც საქართველოზე გადის, ბოლომდე ათვისებულიც კი არ არის… ახლა მიდის ლაპარაკი, რომ ყარსი-ახალქალაქის რკინიგზაც მეტად დაიტვირთოს და ეს როგორც ბაქოს, ასევე ანკარის ინტერესებშია. ასე რომ, საკითხი მარტივი არ არის და ამიტომ ძალიან ბევრი ფალსიფიკაციაც გვესმის ამ თემაზე. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვიტყოდი – თუ ზანგეზურის დერეფანი გაკეთდება, მივესალმები და მიმაჩნია, რომ საქართველოზე გამავალი დერეფანი და ზანგეზურის დერეფანი უნდა განვიხილოთ არა როგორც ალტერნატიული, არამედ როგორც ურთიერთშემავსებელი დერეფნები.
”კვირის პალიტრა”