დღეს ე.წ მესამე სვეტის ანუ კერძო დაგროვებითი საპენსიო სქემების გავრცელება ქვეყანაში ძალიან დაბალია. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო სამსახურში 2023 წლის 9 თვის მდგომარეობით 3 არასახელმწიფო საპენსიო სქემაა რეგისტრირებული, რომელთაგანაც 2 სქემის დამფუძნებელს სადაზღვევო ორგანიზაცია წარმოადგენს, ხოლო ერთი სქემა დაფუძნებულია არამზღვეველი იურიდიული პირის მიერ საკუთარი დასაქმებულებისათვის.
დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, ე.წ მესამე სვეტის საპენსიო სქემაში მოქმედი საპენსიო ხელშეკრულებების მიხედვით 15,674 მონაწილეა რეგისტრირებული. ყველაზე მეტი მონაწილე სადაზღვევო კომპანია „ჯი პი აი ჰოლდინგის” დაფუძნებულ საპენსიო სქემას ჰყავს. დანაზოგს სქემაში 11,415 მონაწილე აკეთებს. 3,661 მონაწილე ჰყავს „ალდაგის“ საპენსიო სქემას, 598 მონაწილეა რეგისტრირებული „საქაერონავიგაციის“ საპენსიო ფონდში.
2023 წლის 9 თვის მდგომარეობით, საპენსიო სქემებში მონაწილეებმა 3,4 მილიონი ლარის საპენსიო შენატანი განახორციელეს. 30 სექტემბრის მდგომარეობით, საპენსიო რეზერვების მოცულობამ 40 მილიონ ლარს მიაღწია, საპენსიო სქემების საინვესტიციო შემოსავალი კი ჯამურად 2,8 მილიონ ლარს შეადგენს.
მიუხედავად იმისა, რომ სადაზღვევო კომპანიებისგან განსხვავებით „საქაერონავიგაციის” დაფუძნებულ სქემას გაცილებით ცოტა მონაწილე ჰყავს, ყველაზე მეტ შენატანს სწორედ ამ სქემის მონაწილეები ახორციელებენ [2,8 მლნ ლარი] და შესაბამისად საინვესტიციო შემოსავლის მიხედვითაც, რაც 2,3 მილიონი ლარია, საქაერონავიგაცია ლიდერობს.
“მესამე სვეტის” პენსიის ბენეფიციარები საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ მიიღებენ როგორც სახელმწიფო საბაზისო პენსიას, ასევე სახელმწიფო დაგროვებით პენსიას და “მესამე სვეტის” ანუ კერძო-დაგროვებით პენსიას.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტი „კერძო ნებაყოფლობითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავს, რომელიც თავისუფლებას აძლევს დასაქმებულებს, დამსაქმებლებსა და აქტივების მმართველ კომპანიებს, ისევე როგორც სადაზღვევო კომპანიებს დასაქმებულების კონკრეტული სეგმენტისათვის კონკურენტუნარიანი საპენსიო პროდუქტი შექმნან.
დღეს არსებულ კერძო საპენსიო სქემებზე საგადასახადო შეღავათი არ ვრცელდება. ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტში კი მოქალაქეების კერძო სქემებით დაინტერესების სტიმულირებისთვის საგადასახადო შეღავათებია გათვალისწინებული.