რა კითხვებზე უპასუხებს ხვალ დეპუტატებს ნათია თურნავა? – ინტერპელაციის 9 შეკითხვა
- ეკონომიკა
- თებერვალი 22, 2024
- 84
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ნათია თურნავას ხვალ პარლამენტში ინტერპელაციის რეჟიმში მოუსმენენ.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 149-ე მუხლის პირველი პუნქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე ინტერპელაციის წესით თურნავა შვიდმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დაიბარა. გაგზავნილი ცხრავე კითხვა “ლიბერთის ბანკის” მარეგულირებელ ჩარჩოს ეხება, რომელსაც სებ-ი კომერციულ ბანკს უწესებს.
გთავაზობთ 9 კითხვას:
- გაქვთ თუ არა ინფორმაცია, რა სახის საბანკო პროდუქტებს სთავაზობს სს ,,ლიბერთი ბანკი“ პენსიონერებს;
- იყო თუ არა თქვენთვის ცნობილი, რომ კოვიდ პანდემიის პერიოდში 3-6 თვიანი ,,საშეღავათო პერიოდის“ გამოყენებისთვის, სს „ლიბერთი ბანკი“ პენსიონერებს სესხებს უხანგრძლივებდა 2-დან 4 წლამდე ვადით;
- სესხების ვადის შეუსაბამო გაზრდასთან დაკავშირებით, გაქვთ თუ არა შემუშავებული შესაბამისი რეკომენდაციები, რას გულისხმობს ის და თუ არ გაქვთ რა მიზეზით;
- გაქვთ თუ არა ინფორმაცია, რომ სს ,,ლიბერთი ბანკი“ პენსიონერებს უფორმებდა ეგრეთ წოდებულ „ოვერდრაფტებს“ მათი სათანადო ინფორმირების გარეშე. შესაბამისად, გთხოვთ განგვიმარტოთ, როდესაც კომერციულ ბანკს აქვს კლიენტის ინფორმირების ვალდებულება, რასაც “ლიბერთი ბანკი“ თავს არიდებდა, რა სახის რეაგირება მოყვა თქვენი მხრიდან, ან თუ არ გქონიათ რეაგირება, რატომ?
- თქვენი კომპეტენციის ფარგლებში, სამომავლოდ გაქვთ თუ არა შემუშავებული რეკომენდაციები ეგრეთ წოდებულ “ოვერდრაფტებთან“ დაკავშირებით, რომელსაც პენსიონერებმა ,,ვალი სიცოცხლის“ ბოლომდე დაარქვეს;
- მიმდინარე წელს მოგმართეთ განცხადებით (N 6507/3-38/23), რომლითაც თქვენი
უწყებისგან გამოვითხოვეთ ინფორმაცია, საპენსიო სესხებთან დაკავშირებით ერთიანი წესის შემუშავების თაობაზე. თქვენი კორესპონდენციიდან (N 1-12190/23) ირკვევა, რომ მიმდინარე წელს ზემოაღნიშნული პრობლემით განცხადებით მოგმართათ 900-ზე მეტმა პენსიონერმა. ჩვენი მოსაზრებით აღნიშნული რიცხვი საკმარისზე მეტია იმისთვის, რომ ეროვნულ ბანკს ჰქონოდა შესაბამისი რეაქცია და შეემუშავებინა სათანადო რეკომენდაციები. შესაბამისად, გვაინტერესებს გაქვთ თუ არა შემუშავებული რეკომენდაციები და თუ არ გაქვთ რატომ; - მოგეხსენებათ რომ, მიმდინარე წლის აგვისტოს თვიდან ნოემბრის ჩათვლით, შეიქმნა არაერთი პრეცედენტი, როდესაც საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი ,,მოქალაქეების“ ჩართულობით და ძალისხმევით, მოქალაქეებმა მომართეს ეროვნულ ბანკს და მათი უნებართვოდ გაზრდილი სესხი, (რომელიც პანდემიის დროს გამოყენებული საშეღავათო პერიოდის გამო, სს „ლიბერთი ბანკის“ მიერ გახანგრძლივდა 2-დან 4 წლამდე,) დაუბრუნდა ძველ ჩარჩოს. რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანს, რომელსაც 2026 წლამდე უნდა ეხადა სესხი, 2023 წლის აგვისტოს თვეში დაუსრულდა სესხის გადახდის ვადა. შესაბამისად, მაინტერესებს ამ საკითხთან დაკავშირებით მყისიერად რატომ არ შეიმუშავეთ რეკომენდაციები, რათა სს „ლიბერთი ბანკს“ გაეცა სრულყოფილი ინფორმაცია, კოვიდ პანდემიამდე აღებული სესხების ძველ ჩარჩოში დაბრუნების შესაძლებლობაზე და აღნიშნული ინფორმაცია მიეტანა მომხმარებლამდე. იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი რეკომენდაცია შემუშავებული გაქვთ, ეწევით თუ არა მისი შესრულების მონიტორინგს;
- იმ მსესხებლებს, რომელთა სესხიც დაუბრუნდა „ძველ ჩარჩოს“, სს „ლიბერთი ბანკმა“ წინმსწრებით სესხის გაუქმებისთვის შეატანინა გარკვეული თანხა, რომლის მოცულობაც აღემატებოდა „საშეღავათო პერიოდში“ გადაუხდელ თანხას, შესაბამისად აპირებთ თუ არა ამ საკითხის მოკვლევას, რეაგირებას და რეკომენდაციების შემუშავებას. აქვე მოგახსენებთ, რომ საშეღავათო პერიოდში გადაუხდელი თანხის გადახდას, პენსიონერს ბანკი სთხოვს ერთიანად, რაც მათთვის წარმოუდგენლად დიდი ტვირთია. შესაბამისად, აპირებთ თუ არა ამ საკითხზე გასცეთ რეკომენდაცია, პენსიონერის სურვილის შემთხვევაში, აღნიშნული თანხა გადანაწილდეს იმ ვადაზე, რომელსაც მოიცავდა „საშეღავათო პერიოდი“.
- ვინაიდან უკვე შეიქმნა არაერთი პრეცედენტი, პენსიონერების მიერ აღებული და პანდემიის პერიოდში, ბანკის მიერ გადავადებული სესხების „ძველ ჩარჩოში“ დაბრუნების მიმართულებით, გეგმავთ თუ არა, კონკრეტული მექანიზმი შემუშავებას, რათა აღნიშნული პრეცედენტები გავრცელდეს ყველა მსგავს შემთხვევაზე. იმ შემთხვევაში თუ არ შეგიმუშავებიათ შესაბამისი რეკომენდაცია, გთხოვთ წარმოგვიდგინოთ უარის დასაბუთებული არგუმენტაცია. პატივისცემით,
ცნობისთვის, ინტერპელაციის 9 კითხვის ავტორები პარტია მოქალაქეები, “გირჩი” და დამოუკიდებელი დეპუტატი, თეონა აქუბარდია არიან.
bm.ge