როგორ შეიცვალა მსოფლიოში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასი ბოლო 12 წელში?

როგორ შეიცვალა მსოფლიოში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასი ბოლო 12 წელში?

Visual Capitalist ანგარიშსწორების საერთაშორისო ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით იმ ქვეყნებს გვაცნობს, სადაც ბოლო 12 წლის განმავლობაში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასი შეიცვალა.

კვლევიდან ირკვევა, რომ 2010-დან 2022 წლამდე საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასი 57 ქვეყანაში შეიცვალა და ქვეყნების დაახლოებით 80%-ში ეს ცვლილება ფასების ზრდითაა გამოხატული. სხვაობა როგორც რეალური, ასევე ნომინალური ფასითაა ნაჩვენები. რეალური ფასი საქონლის ღირებულებას საბაზისო წელთან მიმართებაში ინფლაციის გათვალისწინებით აკორექტირებს, ნომინალური ფასი კი – ინფლაციას არ ითვალისწინებს.

12 წლის განმავლობაში ამ 57 ქვეყანაში საცხოვრებლის რეალური ფასის ზრდა საშუალოდ 27%-ს შეადგენს, განსაკუთრებით მაღალი ზრდა კი, მსოფლიოს ყველაზე განვითარებულ ქვეყნებშია. საშუალო მაჩვენებელი, ამ შემთხვევაში რეალური ფასიდანაა გამომდინარე და ნომინალური ფასით თუ ვიმსჯელებთ, ის დაახლოებით 3-ჯერ მეტი იქნება.

დეტალურად რომ განვიხილოთ, მოწინავე ეკონომიკებში რეალური ფასი 39%-ით გაიზარდა, განვითარებად ეკონომიკებში 18%-ით, ხოლო ევროზონაში 16%-ით.

რაც შეეხება იმ ქვეყნების რეიტინგს, სადაც ბოლო 12 წლის განმავლობაში ბინების რეალური ფასი საშუალოდ 85%-ით ან კიდევ უფრო მეტით გაიზარდა, პირველ ადგილს ისლანდია იკავებს 103%-იანი ზრდის მაჩვენებლით, მას 97%-ით ესტონეთი და ახალი ზელანდია მოსდევს. შემდეგი არის ჩილე, სადაც ფასები 95%-ით გაიზარდა, ხოლო მას 91% და 90%-იანი მაჩვენებლით თურქეთი და კანადა მოჰყვება. საცხოვრებელ ბინებზე 85%-იან ზრდა ლუქსემბურგში ფიქსირდება.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ნომინალური მაჩვენებელი ამ ქვეყნებში, გარდა თურქეთისა, რეალურ მაჩვენებელს დაახლოებით ორჯერ აღემატება. რაც შეეხება თურქეთს, აქ სხვაობა უზარმაზარია და საცხოვრებელი ბინების ფასის ნომინალური ზრდა 902%-ს შეადგენს, რაც თავისთავად ქვეყანაში, განსაკუთრებით ბოლო პერიოდის განმავლობაში, კრიტიკულად მაღალი ინფლაციითაა განპირობებული.

გარდა განვითარებული ეკონომიკებისა, რასაკვირველია, საცხოვრებლები განვითარებად ეკონომიკაშიც გაძვირდა. მაგალითად, ინდოეთსა და მალაიზიაში რეალური ფასი 60%-მდე გაიზარდა, ხოლო ფილიპინებსა და კოლუმბიაში საშუალოდ – 50%-ით.

რაც შეეხება იმ ქვეყნებს, სადაც საცხოვრებლის ფასი არც თუ დიდად გაიზარდა, ესენია: საფრანგეთიბელგიახორვატია, ასევე ჩინეთი და სინგაპური. თითოეულ მათგანში ბინების რეალური ფასი 20%-ზე ნაკლებით გაიზარდა.

არსებობს ისეთი ქვეყნებიც, სადაც რეალური ფასი არა თუ მნიშვნელოვნად არ გაზრდილა, არამედ შემცირდა კიდეც. მაგალითად, ასეთია: საბერძნეთი, იტალია, რუმინეთი, ესპანეთი და მაროკო. ამ ქვეყნებში 12 წლის განმავალობაში საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე რეალური ფასი საშუალოდ 20%-ით შემცირდა, რაც შეეხება რუსეთს, მართალია იქ რეალური ფასი ყველაზე მეტად, 33%-ითაა შემცირებული, თუმცა, ნომინალური ფასი, რომელიც არ ითვალისწინებს ინფლაციას 50%-ზე მეტითაა გაზრდილი. ასევეა სამხრეთ აფრიკაც, სადაც რეალური ფასი 5%-ით შემცირდა, თუმცა ნომინალური ფასის ზრდამ 72%-ი შეადგინა.

ანგარიშსწორების საერთაშორისო ბანკის კვლევაში ვერ მოხვდა საქართველო. თუმცა, ქვეყნის საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ფასის ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიღება “გალტ ენდ თაგარტის” კვლევიდან შეგვიძლია. როგორც ირკვევა, 2010-დან 2021 წლამდე საქართველოში საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ფასის მნიშვნელოვანი ცვლილება არ ფიქსირდება. 2021-2022 წლებში კი, ბათუმისა და თბილისის მაგალითზე დაყრდნობით, საცხოვრებლის ფასი დოლარში საშუალოდ 40-50%-ით გაიზარდა, ხოლო ლარში – გაორმაგდა.

მსგავსი სიახლეები

“ამ ეტაპზე რთულია ზუსტად განვსაზღვროთ ამერიკული ტარიფების გავლენა, ამიტომ ვაკვირდებით პროცესს” – “წყალი მარგებელი”

“ამ ეტაპზე რთულია ზუსტად განვსაზღვროთ ამერიკული ტარიფების გავლენა, ამიტომ…

კომპანია “წყალი მარგებელი” ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ ახალ  ტარიფებს და  მის საქართველოზე გავლენას   ეხმაურება. როგორც კომპანიიდან “ბიზნესპარტნიორის” კითხვების საპასუხოდ გამოგზავნილ ინფორმაციაშია აღნიშნული,  აშშ-ის პრეზიდენტის…
რა გავლენა ექნება 10%-იან ტარიფს აშშ-ში ქართული ღვინის ექსპორტზე – “ასკანელის” შეფასება

რა გავლენა ექნება 10%-იან ტარიფს აშშ-ში ქართული ღვინის ექსპორტზე…

ღვინის მწარმოებელი კომპანიების ნაწილის შეფასებით, ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები საქართველოდან აშშ-ში ექსპორტზე ნეგატიურად არ აისახება. როგორც კომპანია „ასკანელში“ BMG-ის განუცხადეს, 10%-იანი…
საქართველოს ეკონომიკა წელს 6%-ით, 2026-ში – 5%-ით გაიზრდება — ADB

საქართველოს ეკონომიკა წელს 6%-ით, 2026-ში – 5%-ით გაიზრდება —…

საქართველოს ეკონომიკა, გლობალური გაურკვევლობისა და გეოპოლიტიკური რისკების ფონზე, 2025 წელს სტაბილურად ზრდას განაგრძობს და შეუძლია კიდევ უფრო გაფართოვდეს მწვანე სატრანსპორტო და…