საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის დასასრულებლად საქართველო მსოფლიო ბანკისგან დამატებით €35.4 მილიონს ისესხებს – კაკაურიძე

საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის დასასრულებლად საქართველო მსოფლიო ბანკისგან დამატებით €35.4 მილიონს ისესხებს – კაკაურიძე

საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის, Log-in Georgia-ს დასასრულებლად, საქართველო მსოფლიო ბანკისგან დამატებით €35.4 მილიონის სესხს მიიღებს – პროექტისთვის დამატებითი დაფინანსების მოძიების შესახებ გადაწყვეტილება ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში დღეს წარადგინა.

კაკაურიძის თქმით, პროექტის დასასრულებლად თანხას მსოფლიო ბანკის ჯგუფში შემავალი რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD) გამოყოფს, მისი ათვისება კი 2027 წლის ბოლომდეა დაგეგმილი.

“[Log-In Georgia-ს პროექტის ფარგლებში,] რეალურად ორი ხელშეკრულება გვაქვს, ერთი რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკთან, მეორე ევროპის საინვესტიციო ბანკთან, ჯამში დაახლოებით €70 მილიონი ევროს ოდენობის სესხი გვქონდა აღებული, თუმცა, თავიდანვე ვიცოდით, რომ ეს ამ პროექტის დასრულებისთვის საკმარისი არ იქნებოდა; ამავდროულად, გასათვალისწინებელია, რომ კოვიდის პერიოდში შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობის ხარჯი მნიშვნელოვნად გაიზარდა და შემდგომში აღარ შემცირებულა, ამიტომ გარკვეული დანაკლისი ისედაც პროგნოზირებული იყო, თუმცა ახლა ამ პროექტის ბოლომდე გაყვანას უნდა, დაახლოებით, $40 მილიონ დოლარამდე. €70 მილიონი ევრო, რაც იყო გამოყოფილი, უკვე დაკონტრაქტებულია და შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს.

ეკონომიკის სამინისტრომ დააყენა საკითხი დამატებითი რესურსების გამოყოფის თაობაზე – გვქონდა მოლაპარაკებები მსოფლიო ბანკთან, ამ ჯგუფშია შემავალი IBRD-იც. გვაქვს შეთანხმება, დამატებით გამოიყოს €35.4 მილიონი ევრო პროექტის დასასრულებლად. ისევე როგორც წინა თანხები, ესეც ეკონომიკის სამინისტროს გავლით, “ოუფენ ნეთის” (Log-in Georgia-ს განმახორციელებელი სახელმწიფო კომპანია) მეშვეობით იქნება დახარჯული, მსოფლიო ბანკის წესების დაცვით გამოცხადებული ტენდერების შესაბამისად. რაც შეეხება სესხის პირობებს, ეს არის 25-წლიანი სესხი, მათ შორის 10 წელი იქნება შეღავათიანი პერიოდი, და საპროცენტო განაკვეთი დაფუძნებულია 6-თვიან ევრობონდზე და ემატება მარჟა 1.08%. სესხის ვადა გადადის 2027 წლის ბოლომდე და ამ თანხის ათვისებაც 2027 წლამდეა დაგეგმილი”, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

შეგახსენებთ, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში, 2015 წელს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ა(ა)იპ “ოუფენ ნეტი” დაფუძნდა, რომელსაც საქართველოში ინტერნეტის ფართოზოლიანი კავშირის პროექტის განხორციელება დაევალა. პროგრამა ინტერნეტიზაციისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ხელმისაწვდომ ფასად შეთავაზებას გულისხმობს. საყოველთაო ინტერნეტიზაციისთვის ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2020 წლიდან დაიწყო და ორ ეტაპად განხორციელდა, შემდეგ კი, 2021 წლიდან, სამშენებლო სამუშაოები Log-in Georgia-ს ფარგლებში, IBRD-ის სესხის საფუძველზე გაგრძელდა. პროექტი მომავალ წელს უნდა დასრულდეს, თუმცა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიში მიხედვით, 2025 წლისთვის ინტერნეტიზაციისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობის ვერ მოსწრების რისკი მაღალია.

Log-in Georgia-ს ფარგლებში, 2025 წლის ბოლოსთვის სულ 5000 კმ. სიგრძის ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური ინფრასტრუქტურა უნდა აშენდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ოპტიკური ქსელით დაიფარება 1000-მდე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, მაღალმთიანი სოფლები, რომლითაც სარგებელი 500 000 ადამიანმა უნდა მიიღოს.

“ოუფენ ნეტის” 2024 წლის ანგარიშის თანახმად, 2024 წლის ბოლოსთვის არსებული საოპერაციო ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის ჯამური სიგრძე შეადგენდა 1 300 კმ-მდე.

მსგავსი სიახლეები

ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ $116 მილიონისა და ₾54 მილიონის ჯარიმები აქვთ დაკისრებული

ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ $116 მილიონისა…

ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ 116 მილიონი დოლარისა და 54 მილიონი ლარის ჯარიმები აქვთ დაკისრებული – ამის შესახებ სახელმწიფო…
სეს-ი რეკომენდაციებს ავრცელებს, რა უნდა გავითვალისწინოთ ონლაინ პლატფორმებზე სურსათის შეძენისას

სეს-ი რეკომენდაციებს ავრცელებს, რა უნდა გავითვალისწინოთ ონლაინ პლატფორმებზე სურსათის…

ონლაინ პლატფორმებზე სურსათის (ისევე როგორც სხვა პროდუქტების) შეძენა, დღეს საკმაოდ აქტუალურია. სოციალურ ქსელში ხშირია სხვადასხვა სახის სურსათის შეთავაზებების შემთხვევები, რაც გარკვეულ…
თვალჭრელიძის ქუჩაზე 762 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა

თვალჭრელიძის ქუჩაზე 762 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა

თვალჭრელიძის ქუჩაზე, 762 დევნილ ოჯახს ახალი საცხოვრებელი ბინა გადაეცა. დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაცემის ღონისძიებაზე პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მომდევნო წლის…