მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციის არსებული დინამიკა ძირითადად მიწოდების დროებითი ფაქტორებიდან მომდინარეობს, სებ-ი მაინც ირჩევს ფრთხილ მიდგომას, რათა ფასების მიმდინარე ზრდა გრძელვადიან ინფლაციურ მოლოდინებში არ აისახოს. ამის შესახებ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელ გადაწყვეტილებაშია აღნიშნული.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8%-ზე დატოვა. შესაბამისი გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 10 სექტემბრის სხდომაზე მიიღო.
სებ-ში აღნიშნავენ, რომ მაკროეკონომიკური ანალიზისა და არსებული რისკების შეფასების შედეგად, კომიტეტმა ოპტიმალურად მიიჩნია ზომიერად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება.
2025 წლის აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოში ფასების საერთო დონე წლიურად 4.6 პროცენტით გაიზარდა. მიზნობრივ, 3 პროცენტიან, მაჩვენებელთან შედარებით ინფლაციის ზომიერ ზრდას ძირითადად სურსათის ინფლაცია განაპირობებს, რომელიც მაღალი მერყეობით ხასიათდება.
“აღსანიშნავია, რომ საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლებისა და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, მიზნობრივ 3 პროცენტიან დონეზე დაბლა ნარჩუნდება და აგვისტოს მდგომარეობით 2.8 პროცენტი შეადგინა. გარდა საბაზო ინფლაციისა, სხვა შედარებით ხისტი ფასების საზომები ზომიერად გაზრდილია, რაც ინფლაციური მოლოდინების ზრდის რისკებს საყურადღებოს ტოვებს. კერძოდ, მომსახურების სექტორის ინფლაციამ აგვისტოში 4.2 პროცენტი შეადგინა. პარალელურად, იმპორტირებული პროდუქტების ფასები კვლავ დეფლაციურია, მეტწილად საწვავის ფასების წლიურად შემცირების ხარჯზე.
სებ-ის ცენტრალური სცენარის მიხედვით, როგორც, მოსალოდნელი იყო, ინფლაცია დროებით მიზნობრივ დონეზე მაღლა ნარჩუნდება და 2025 წელს 3.8 პროცენტის ფარგლებში იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციის არსებული დინამიკა ძირითადად მიწოდების დროებითი ფაქტორებიდან მომდინარეობს, სებ-ი მაინც ირჩევს ფრთხილ მიდგომას, რათა ფასების მიმდინარე ზრდა გრძელვადიან ინფლაციურ მოლოდინებში არ აისახოს. შედეგად, საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია 3 პროცენტის გარშემო დასტაბილურდება”,- აღნიშნულია გადაწყვეტილებაში.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2025 წლის 5 ნოემბერს ჩატარდება.