Maersk-მა, საერთაშორისო ლოგისტიკურმა კომპანიამ, ახალი სატრანსპორტო გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც მნიშვნელოვან მწარმოებელ ქვეყნებს – ამერიკის შეერთებულ შტატებს, შორეულ აღმოსავლეთს, ევროპასა და ცენტრალურ აზიას ერთმანეთთან შეუფერხებლად აკავშირებს.
კომპანიის ახალი პროდუქტი – გემების და სარკინიგზო ტრანსპორტის საბოლოო ინტერმოდალური გადაწყვეტა, მიზნად ისახავს, გაიზარდოს ტვირთის გადაზიდვის ეფექტურობა, განსაკუთრებით კი სამომხმარებლო პროდუქციის ტრანსპორტირება აზიის მზარდ სამომხმარებლო ბაზარზე.
ახალი მოდელი განსაკუთრებით ფოკუსირებულია ყაზახეთსა და უზბეკეთზე, შემდეგ კი ეს იქნება საფუძველი ლოგისტიკური შეთავაზებების ისეთ ქვეყნებში როგორიცაა თურქმენეთი, ტაჯიკეთი და ყირგიზეთი.
Maersk-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ფოთის პორტი მათთვის გლობალურ ოკეანის ქსელთან მთავარი დამაკავშირებელი კარიბჭეა, რადგან ამ პორტიდან რკინიგზით ტვირთი უპრობლემოდ იგზავნება აზერბაიჯანსა და ბაქოში – შემდეგ კი ბაქოდან კასპიის ზღვის გავლით აქტაუსკენ. ბოლოს კი ტვირთი მის საბოლოო მიმართულებას მიეწოდება, კონკრეტულად ცენტრალურ აზიას ალმათში, ასტანასა და ტაშკენტში.
შესაბამისად, უწყვეტი და საიმედო ლოგისტიკის უზრუნველსაყოფად, Maersk საქართველოში, აზერბაიჯანში, უზბეკეთსა და ყაზახეთში საიმედო ლოგისტიკური კავშირების მნიშვნელობაზე მიუთითებს. განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ ეს სტრატეგიული მიდგომა ეფექტიანი და უსაფრთხო მიწოდების შესაძლებლობას იძლევა, რაც თავის მხრივ ამცირებს შეფერხებებს და ზრდის მომხმარებლის კმაყოფილებას.
“სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებიდან Maersk უკვე ყოვლისმომცველ სარკინიგზო და ოკეანე-სარკინიგზო ქსელს გთავაზობთ, რათა ევროპის ბაზრები ჩინეთის გავლით ცენტრალური აზიის ქვეყნებთან დააკავშიროს”, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ A.P. Moller – Maersk არის ინტეგრირებული ლოგისტიკური კომპანია, რომელიც თავისი მომხმარებლებისთვის მიწოდების ახალ ქსელებსა და ამ პროცესის გამარტივებაზე მუშაობს. როგორც ლოგისტიკური სერვისების გლობალური ლიდერი, კომპანია 130-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს.