ღვინის ტურიზმი საქართველოში

ღვინის ტურიზმი საქართველოში

ქეთევან ქველაძე - ეკონომიკის დოქტორი, უფროსი მეცნიერთანამშრომელი; ნუნუ ქისტაური - ეკონომიკის დოქტორი, უფროსი მეცნიერთანამშრომელი; მედეა მელაშვილი - მეცნიერთანამშრომელი

მსოფლიოში ღვინის ტურიზმი სულ უფრო პოპულარული ხდება, იგი
თანამედროვე ლიტერატურაში მოიხსენიება როგორც ენოტურიზმი.
დღეს უკვე ცნობილია, რომ ქართული ღვინო ისტორიით ერთ-ერთი
უძველესია მსოფლიოში. მევენახეობა და მეღვინეობა აქ ძვ. წ. VII-VI
ათასწლეულიდან იღებს დასაბამს. დღეისთვის მსოფლიოში მევენახეობისა და
ღვინის წარმოების ნაპოვნი ყველაზე ადრეული ნიშნები მიუთითებს
საქართველოში ღვინის კულტურის არსებობაზე ჯერ კიდევ 8000 წლის წინ, რაც
საქართველოს ღვინის სამშობლოს სტატუსს ანიჭებს. ატლასის, „მეღვინის ხელოვნება“ (ნიუ-იორკი, 1992), ავტორები ჰიუ ჯონსონი და ჯეიმს ჰოლიდეი, ასევე ღვინის ექსპერტი და მსოფლიოში
საუკეთესო ღვინის გზამკვლევის ავტორი ოზ კლარკი თანხმდებიან, რომ
კაცობრიობა ჯერ კიდევ ქვის ხანაში იმყოფებოდა, როდესაც საქართველოში
პირველად გააშენეს ვაზი და მიიღეს ღვინო. უძველესი რუკის მიხედვით,
საქართველოდან ღვინო პირველად შევიდა სირიაში, შემდეგ ეგვიპტესა და
იტალიაში, ხოლო შემდგომ – დასავლეთ ევროპაში.
მსოფლიოში ცნობილი 2000 ყურძნის ჯიშიდან 500 ქართულია. საქართველოს
ტერიტორიაზე ვაზის ველური ჯიშები დღესაცაა გავრცელებული. გასული
საუკუნის 80-იან წლებში ქართული ტყის ვაზი წითელ წიგნში შეიტანეს და მას
სახელმწიფო იცავს. საქართველოში აღნუსხულია 500-მდე სახეობის ვაზი,
რომელთაგან 430 სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო საკოლექციო ვენახებშია
დაცული. ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს 2013 წელს
იუნესკოს (UNESCO) მიერ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის
ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც ამ მეთოდის უნიკალურობაზე მიუთითებს და
გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის, რომ ღვინო უძველესი ქართული
იდენტობისა და კულტურის შემადგენელი ნაწილია.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო გამოირჩევა მევენახეობა-მეღვინეობის
ისტორიული წარსულით, დარგში არსებული საუკუნოვანი გამოცდილებით,
კლიმატური ზონებისა და რელიეფის მრავალფეროვნებით, ჩვენთან ტურიზმის
ეს მიმართულება განვითარების საწყის ეტაპზე იმყოფება იმ ქვეყნებთან
შედარებით, სადაც ღვინის ტურიზმი კარგადაა განვითარებული. დარგში
წარმატებების მისაღწევად ჩვენ აუცილებლად უნდა გავიზიაროთ იმ ქვეყნების
გამოცდილება, რომლებიც დიდი ხანია ჩართულნი არიან ამ სფეროში:
საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, გერმანია, პორტუგალია, კვიპროსი, საბერძნეთი
და ავსტრია. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ეს საქართველოს მთავრობის ერთ-
ერთი მთავარი პრიორიტეტი გახდა. როგორც ცნობილია, ტურიზმის ნებისმიერი
მიმართულების განვითარება იწყება მისთვის საინტერესო სფეროს
დაწვრილებით შესწავლით. გამონაკლისი არც ენოტურიზმია. ამ მხრივ წამყვანი
რეგიონი კახეთია, სადაც საქართველოს ვენახების დაახლოებით სამი მეოთხედია
გაშენებული, აქ შეხვდებით რქაწითელს, კახურ მწვანეს, საფერავსა და სხვა
ვაზის ჯიშებს. ქართლის რეგიონში კი კლასიკური ევროპული სტილის ღვინოებსა
და ცქრიალა ღვინოების დაგემოვნებას ურჩევენ ტურისტებს. შემდეგია იმერეთის
რეგიონი. იმერეთის რეგიონიდან გამოარჩევენ ადგილობრივი ციცქასა და
ცოლიკოურის ნაზავს, ასევე თეთრ კრახუნასა და წითელ ოცხანურ საფერეს. რაჭა-
ლეჩხუმის ღვინის რეგიონი ერთ-ერთი ყველაზე პატარა რეგიონია საქართველოში.
აქ, მთელ ტერიტორიაზე, ვენახები საკმაოდ ცოტაა, თუმცა ღვინოები მაღალი
ხარისხისაა და ძალიან გამორჩეულია. რეგიონში ყველაზე ცნობილი ღვინოებია
ხვანჭკარა და უსახელოური. შავი ზღვის სანაპირო კი აჭარის, აფხაზეთის,
გურიისა და სამეგრელოს ღვინის რეგიონებად იყოფა. აქ კლიმატი 

სუბტროპიკულია და ღვინოებიც უფრო მსუბუქი, “ხრაშუნა” და გამაგრილებელია.

ბოლო წლების განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა ღვინის ტურიზმის
განვითარებისთვის. აშენდა ბევრი ახალი მარანი, რესტავრაცია ჩაუტარდა
ბევრ ისეთ ისტორიულ მარანს, რომელიც ქვეყნის საგანძურს წარმოადგენს
და ტურისტებისთვის მიმზიდველია. ასევე საინტერესოა თბილისში
ქართული ღვინის მუზეუმი, სადაც წარმოდგენილია უძველესი ქართული
ღვინის ჭურჭელი, ქვევრები. მუზეუმი მოიცავს უძველეს ენოთეკას
(საცავს), სადაც სხვადასხვა პერიოდის 25000-მდე ბოთლი ღვინოა
დაცული. ბოლო წლების დინამიკა ასევე გვიჩვენებს, რომ ქართული ღვინო
მსოფლიო ბაზარზე ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო
გამოფენებზე მასშტაბურად იღებს მონაწილეობას და დიდ წარმატებებსაც
აღწევს. ამის დასტურად შეგვიძლია მოვიყვანოთ შემდეგი მონაცემები მაგ.: 1)
ჯერ კიდევ 2016 წლის 7-9 სექტემბერს გაერთიანებული ერების ტურიზმის
ორგანიზაციის, UNWTO-ს ინიციატივით, ღვინის ტურიზმის. კონფერენციას 42
ქვეყნის 250 დელეგატი და 150 ორგანიზაცია დაესწრო; 2) განსაკუთრებული
აღნიშვნის ღირსია ღვინის კომპანია „შუმის“ წარმატება, რომელმაც 2021 წლის 23
ოქტომბერს, იტალიაში, ევროპის საბჭოს ეგიდით გამართულ კულტურული
მარშრუტების კონკურსზე, საქართველოს სახელით ისტორიაში პირველად,
საერთაშორისო უმაღლესი ტიტული – „საუკეთესო არქეობოტანიკური პრაქტიკა
ღვინის ტურიზმში“ – მოიპოვა. აღნიშნული ტიტული საქართველოსთვის კიდევ
ერთი მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია საერთაშორისო ასპარეზზე; 3)
ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთ-ერთმა უდიდესმა ღვინის ციფრულმა
პლატფორმამ – VinePair-მა გამოაქვეყნა სტატია: „ათი საუკეთესო ღვინის
რეგიონი, რომელსაც 2023 წელს უნდა ესტუმრო“. ამ ტოპ ათეულში საქართველო
პირველ ადგილს იკავებს; 4) ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით,
ქართული ღვინო 2023 წელს მსოფლიოს 15 ქვეყანაში ჯამში 14 გამოფენაზე, 20
ფესტივალსა და 100 პროფესიულ დეგუსტაციაზე იყო წარდგენილი. ეს ქვეყნებია:
ამერიკის შეერთებულ შტატები, იაპონია, გერმანია, საფრანგეთი, დიდი
ბრიტანეთი, დანია, სამხრეთ კორეა, ჩინეთი, პოლონეთი, ლატვია,
ნიდერლანდები, შვეიცარია, ისლანდია, იტალია და თურქეთი; 5) Mundus Vini
2024-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღვინის საგაზაფხულო კონკურსში
საქართველომ მოიპოვა 52 ოქროს და 31 ვერცხლის მედალი; 6) სულ ახლახან 2024
წლის 27 თებერვალს პორტუგალიაში გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით
„საქართველო – ღვინის ქვეყანა“, რომელიც სწორედ ქვევრის ღვინის წარმოების
უნიკალურ ქართულ მეთოდს მიეძღვნა.
ღვინის კულტურის მქონე ყველა ქვეყანაში მეტად მნიშვნელოვანია
ენოტურიზმის ისეთი სახეობა, რომელიც განსაკუთრებით პოპულარულია ე.წ.
არაორგანიზებული ტურისტებისათვის. მაგალითად, ფეხით ან საკუთარი
ავტომობილით მოგზაურები ხედავენ გზებზე დამონტაჟებულ ნიშნულებს –
„ღვინის გზა“, რომლებიც მარნებისკენ მიუთითებენ. ისინი ხშირ შემთხვევაში ინტერესდებიან ამ მინიშნებით და სტუმრობენ მითითებულ ადგილებს და შემდეგ ახდენენ მათ რეკლამირებას. ეს კი თავისთავად ადგილობრივი ღვინის პოპულარიზაციას და, შესაბამისად ენოტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს.

ბოლო წლებში ასეთი ტრაფარეტები ჩვენ გზებზეც ხშირად გვხვდება. ამასთან
ერთად, შეიქმნა ქართული ღვინის ტურისტული გზამკვლევი, რომელშიც
განთავსებულია ინფორმაცია ღვინის ტურისტული მარნებისა და ქართული
ღვინის კომპანიების შესახებ: მათი მისამართები და აგრეთვე ქართული ღვინის
კომპანიებისა და მარნების საინფორმაციო გვერდები; მონაცემები ღვინის
მაღაზიების, ბარებისა და რესტორნების შესახებ და სხვ. „ღვინის გზის“ პროექტი
საქართველოში სახელმწიფომ და საერთაშორისო ორგანიზაცია USAID-მა
დაგეგმეს. იგი 2011 წელს ამოქმედდა. ნიშნულებზე ვაზისა და ყურძნის
სიმბოლიკა ქართულია, ფერი კი – საფერავის. ღვინის სამშობლოში „ღვინის გზა“,
ჯერჯერობით, ერთადერთი მასშტაბური ენოტურისტული პროექტია, რომელსაც
სახელმწიფო უძღვება. იგი მოიცავს ქვეყანაში არსებულ ღვინის იმ საოჯახო
მარნებსა და საწარმოებს, რომლებიც ღვინის ტურიზმის ფარგლებში
საქმიანობენ. ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2023 წლისთვის
არსებული 352 „ღვინის გზის“ პროექტში მონაწილე მარნიდან
იდენტიფიცირებულია 213. პროექტის დახმარებით არაერთმა მეღვინემ
განავითარა ახალი ტურისტული სერვისები, შეიქმნა ტურისტული კლუბები. მაგ.
ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ღვინისა და
გასტრონომიის შესახებ ბლოგის, vinoge.com-ის ბაზაზე დაფუძნდა "ღვინის
კლუბი", რომელიც აერთიანებს არა მარტო მეღვინეებს, არამედ ასევე სხვადასხვა
პროფესიის ადამიანებსაც. კლუბის მიზანია: ღვინის შესახებ ცოდნისა და
ქართველი მომხმარებლის კულტურის ამაღლება, მაღალი ხარისხის ღვინის
პროპაგანდა, ქართული მევენახეობა-მეღვინეობის ტრადიციების აღორძინება,
ნოვატორული წამოწყებების მხარდაჭერა, ბაზარზე წარმოდგენილი ქართული და
უცხოური ღვინოების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება, ქართული
სამზარეულოს დახვეწა ადგილობრივი ღვინოების მიხედვით, ღვინის ტურიზმის
განვითარებაში წვლილის შეტანა და ა.შ..
მცირე მარნებისა, რეგიონული ღვინის ტურიზმის განვითარებისა და
ზოგადად, საქართველოში ტურიზმის განვითარების მიზნით, ღვინის კლუბთან
(Wine Club) თანამშრომლობით, USAID/Georgia-ის „ეკონომიკური უსაფრთხოების
პროგრამის“ („The USAID Economic Security Program“) ფინანსური მხარდაჭერით
დაიწყო ახალი საგანმანათლებლო პროექტი „ღვინის სოფელი“, რომელიც 2020
წლიდან ხორციელდება. ამ სასწავლო პროექტში ჩართულმა მეღვინეების
უმეტესობამ უკვე მონიშნა საკუთარი მარანი ტურისტულ რუკაზე და მზად არის
უმასპინძლოს სტუმრებს. აქვე აღსანიშნავია, რომ დღეს საქართველოში ყველაზე
გავრცელებული აგროტურისტული ობიექტები სწორედ ღვინის მარნებია. ისინი
აგროტურიზმის დაახლოებით 85-90%-ს შეადგენენ. ამჟამად, აგროტურისტულ
და ღვინის ტურიზმის საქმიანობებში ჩართული ფერმერები ძირითადად არაორგანიზებულად ეწევიან ტურისტულ საქმიანობას, რასაც ხშირ შემთხვევაში

აქვს ერთჯერადი სახე. საყურადღებო და უდაოდ დასაფასებელია ის გარემოება,
რომ ახალი პროექტის ერთ-ერთი მიზანია „ღვინის გზის“ ხარვეზების აღმოფხვრა.
იგი ღვინის ტურიზმის შემდგომ განვითარებას ემსახურება და შეუძლია ხელი
შეუწყოს ბევრი მნიშვნელოვანი ეკონომიკური პრობლემის გადაჭრას: ახალი
სამუშაო ადგილების შექმნას, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას,
რეგიონების ინფრასტრუქტურის სრულყოფას, ბუნების დაცვას, ისტორიული და
კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნებას.
აღნიშნულ სფეროს ჩვენთან არეგულირებს 2003 წლის რედაქტირებული
კანონი „ღვინისა და ვაზის შესახებ“. ასევე ტურიზმის ეროვნული
ადმინისტრაციის მიერ შემუშავებულია ათწლიანი პროექტი „საქართველოს
ტურიზმის სტრატეგია 2025“, რომლის მიზანია ისეთი გზამკვლევის შექმნა,
რომელიც ხელს შეუწყობს ტურიზმის მდგრად განვითარებას, ქვეყნის ტურიზმის
სფეროში სხვადასხვა სექტორის განვითარებას (მაგ., ღვინის ტურიზმის),
მიღებული შემოსავლების გაზრდას, ახალი ბაზრების ათვისება და
დივერსიფიკაციას, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას და სხვ.. აგრეთვე
2023 წელს დაიგეგმა ცვლილებები საგადასახადო კოდექსში, რომელიც 2025
წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება. ამ ცვლილებების მიხედვით დადგენილია
საგადასახადო შეღავათები, რომლითაც ისარგებლებენ აგროტურიზმის და ღვინის
ტურიზმის სფეროში მოღვაწის სტატუსის მქონე პირები, რასაც მათთვის
მნიშვნელოვანი წამახალისებელი ეფექტი ექნება. კანონის პროექტის მიხედვით,
საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება აგროტურისტული
და ღვინის ტურისტული სფეროს სუბიექტების მიერ მიღებული შემოსავალი და
გაცემული ხელფასი, ამავე საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯები. ეს
ცვლილებები ძალაში იქნება შესაბამისი სტატუსის მინიჭებიდან 10
კალენდარული წლის განმავლობაში. რაც შეეხება ღვინის მწარმოებლებს, მათ
უნდა განახორციელონ ხარისხის ამაღლება. აქვე საყურადღებოა ისიც, რომ
დღეისათვის საქართველოში არ არსებობს სამართლებრივი ბაზა, რომელიც
დაარეგულირებს აგროტურიზმთან და ღვინის ტურიზმთან დაკავშირებულ
საქმიანობასა და სამართლებრივ ურთიერთობებს. აგროტურიზმი და ღვინის
ტურიზმი მჭიდრო კავშირშია, როგორც ტურიზმის, ასევე სასოფლო-სამეურნეო
საქმიანობასთან. შესაბამისად, ტურიზმის სფეროში არსებული საკანონმდებლო
რეგულაციები ვერ არეგულირებს მათთან დაკავშირებულ რიგ საკითხებს და
მოითხოვს სპეციფიკურ მართვას. ასევე, არ არსებობს როგორც აგროტურისტული,
ასევე, ღვინის ტურიზმის ობიექტების ერთიანი ბაზა, რომელიც ტურისტებს
საშუალებას მისცემს, გაეცნონ საქართველოში არსებულ შესაბამის ობიექტებს და
შეარჩიონ მათთვის სასურველი დანიშნულება.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენ გვაქვს ენოტურიზმის განვითარების
გარკვეული პრაქტიკა და ხელსაყრელი მდგომარეობა. აღნიშნული დარგის
ექსპერტთა და ჩვენს მიერ ჩატარებული ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა ქვეყნის ღვინის ტურიზმის წინაშე მდგარი პრობლემები: მსოფლიოს ღვინის

ბაზარზე ჩვენი ქვეყნის მცირე წილი; ღვინის არასაკმარისად მაღალი ხარისხი;
ზოგიერთი რეგიონის შესაძლებლობების ათვისების არასათანადო დონე;
ინფრასტრუქტურის არასრულყოფილება; ტურების მაღალი ფასი;
მაღალკვალიფიციური კადრების მოსამზადებელი სასწავლებლების სიმცირე და,
აქედან გამომდინარე, კვალიფიციური კადრების ნაკლებობა და სხვ.. ასევე
ყურადსაღებია ის, რომ დღეს ქართული იდენტობის მატარებელი ქვევრის ღვინის
მწარმოებლები ძირითადად მცირე მარნები არიან. სწორედ მათ დასახმარებლად
და ზემოთ აღნიშნული პრობლემების აღმოსაფხვრელად აუცილებელია ამ
სფეროსადმი უფრო მეტი ყურადღების გამოჩენა, ტურისტული სააგენტოები კი
ვიზიტორებს კომპლექსურ ღონისძიებებს უნდა სთავაზობდნენ, რათა ტური
სახალისოც იყოს და შემეცნებითიც, რათა აქ ჩამოსულ ტურისტებს გაუღვივოს
დაინტერესება და გაუჩინოს სურვილი ამ ადგილების კიდევ ერთხელ
მონახულებისა. ეს, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოში ღვინის
ტურიზმის შემდგომ პოპულარიზაციასა და განვითარებას. საქართველოში,
უცხოური წამყვანი მეღვინეობის ქვეყნების მსგავსად, მეღვინეობის
რეგიონების ტურიზმის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება ღვინის ტურები უნდა
გახდეს (მაგ., როგორიცაა ღვინის დეგუსტაციას, წარმოების ეტაპების გაცნობას,
ვენახების დათვალიერებას ღვინის ფესტივალებზე დასწრება და ა.შ.), რადგან
ღვინის ტურები არის კარგი შესაძლებლობა ქართული ღვინის კულტურის
შესახებ ინფორმაციის გავრცელებისა. გარდა ამისა, ქვეყნის
პოპულარიზაციისთვის ასევე უნდა მოიცავდეს ტერიტორიის უნიკალურობის,
ადგილობრივი ტრადიციების, ადათ-წესების, სამზარეულოს, ბუნებრივი,
კულტურული და ისტორიული ღირსშესანიშნაობების გაცნობასაც. ამ მიზნის
მისაღწევად მნიშვნელოვანია ღვინის პოტენციური ტურისტების მოტივაციის
გამოვლენა. გათვალისწინებულია ისიც, რომ სტუმრებს იზიდავს არა მარტო
ისტორიული ძეგლები და ტრადიციული ღვინის მარშრუტები, არამედ, ასევე
მსუბუქად, გართობის სახით მოწოდებული სხვადასხვა ღონისძიებები: მაგ.,
ღვინის დეგუსტაციის დღესასწაულები, ვენახში ქორწილის გადახდა, ვენახების
თავზე საჰაერო ბურთით ფრენა, გლეხებთან ერთად ყურძნის კრეფა და ყურძნის
დაწურვაში მონაწილეობა, საოჯახო სასტუმროებში ადგილობრივი სამზარეულოს
გაცნობა-დაგემოვნება, ცხენებით ჯირითი, ლაშქრობები ბუნებაში და სხვ..
ღვინის ტურიზმის რეკლამირებასთან ერთად აუცილებელია ქვეყანამ
უცხოეთში ყურადღება მიიქციოს მაღალი ხარისხის ღვინის წარმოება-
მიწოდებით, რათა შეძლოს საერთაშორისო ბაზარზე სათანადო ადგილის
დამკვიდრება და ჩვენი ღვინის ბრენდად ქცევა. უდიდესი მნიშვნელობა აქვს
გამოფენებსა და დეგუსტაციებში მონაწილეობას, რაც ზრდის ქართული ღვინის
ცნობადობასა და პოპულარიზაციას, და, შესაბამისად, იწვევს ექსპორტის
მოცულობის ზრდას, საბოლოოდ კი – ხელს უწყობს ტურისტების მოზიდვას.
საჭიროა ასევე სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ერთობლივი ჩართულობა

ტურიზმის დარგის მიმართულებების განვითარებასა და ღვინის ტურიზმის

პროგრამების შემუშავება – დახვეწაში, აგრეთვე სრულყოს საკანონმდებლო ბაზა.
ვთვლით, რომ ჩვენს ქვეყანას ღვინის ტურიზმის განვითარებისათვის
ნამდვილად გააჩნია დიდი პოტენციალი. მიუხედავად იმისა, რომ ღვინის
ტურიზმი ვერ იქნება მთელი რიგი არსებული სოციალურ-ეკონომიკური
პრობლემების მოგვარების ერთადერთი საშუალება, მას მაინც შეუძლია დიდ
როლი ითამაშოს მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებაში, სოფლის
თვითმყოფადობის შენარჩუნებაში, საქართველოს უნიკალური ბუნებრივი
მემკვიდრეობის დაცვაში და აგრეთვე, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში და
ამით დიდი წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში.

მსგავსი სიახლეები

დავითაშვილი თურქეთის, აზერბაიჯანის და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრებს შეხვდა – რაზე ისაუბრეს?

დავითაშვილი თურქეთის, აზერბაიჯანის და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრებს შეხვდა –…

თურქეთის ქალაქ სტამბოლში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა მონაწილეობა მიიღო ოთხმხრივ შეხვედრაში, სადაც თურქეთის, აზერბაიჯანისა და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრებთან ერთად რეგიონული…
რა ეკონომიკა აქვს საქართველოს “მთავარ” საექსპორტო პარტნიორ ყირგიზეთს

რა ეკონომიკა აქვს საქართველოს “მთავარ” საექსპორტო პარტნიორ ყირგიზეთს

2024 წლის 10 თვეში საქართველოს მთავარი საექსპორტო ბაზარი ნომინალურად ცენტრალური აზიის ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანა ყირგიზეთი გახდა. ცენტრალური აზიის ამ ქვეყანაში ექსპორტი…
ცესკოს თავმჯდომარემ ქონებრივი დეკლარაცია შეავსო – მისი წლიური ანაზღაურება 162,000 ლარია

ცესკოს თავმჯდომარემ ქონებრივი დეკლარაცია შეავსო – მისი წლიური ანაზღაურება…

ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა ქონებრივი დეკლარაცია შეავსო, რომელიც 2023 წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებს და არსებული მდგომარეობით საბანკო ანგარიშებზე თანხებს და უძრავ…