2023 წელს ხორბლის იმპორტის მოცულობა გაიზარდა, ფქვილის კი შემცირდა – იმპორტიორი კომპანიები

2023 წელს ხორბლის იმპორტის მოცულობა გაიზარდა, ფქვილის კი შემცირდა – იმპორტიორი კომპანიები

2023 წელს საქართველოში ხორბლის იმპორტის მოცულობა გაიზარდა, ფქვილის კი შემცირდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს ქვეყანაში 57 მილიონ 673 ათასი დოლარის ღირებულების 222 061 ტონა ხორბალი შემოვიდა. ხორბლის იმპორტის მოცულობის 20.6%-იანი ზრდის მიუხედავად, ღირებულება წლიურად 11.1%-ით შემცირდა, რაც მსოფლიოში ხორბლის ფასის შემცირებამ განაპირობა. ამიტომ გაუიაფდა საქართველოს საქონლის შეძენა.

უნდა აღვნიშნოთ, რომ 2022 წელს საქართველოში მეხორბლეობის დარგისთვის რთული და გამოწვევებით სავსე იყო. ხორბლის იმპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა. ამის მიზეზიც მთავარ საიმპორტო ბაზარზე – რუსეთში ხორბლის ექსპორტზე დაწესებული ბაჟი იყო, რომელიც ხორბლის იმპორტიორებს საქონლის შეძენას უძვირებდა. ამასთან, 2022 წელს რეკორდულად გაიზარდა ფქვილის იმპორტი, რადგან იმავე რუსეთში ამ დასახელების საქონელზე ნულოვანი საექსპორტო გადასახადი მოქმედებდა, რამაც ხორბლის იმპორტისადმი ინტერესი შეამცირა, ფქვილისადმი კი გაზარდა. შედეგად საქართველოში ხორბლის ადგილობრივი გადამუშავება, ფაქტობრივად გაჩერდა, ფერმერებს კი მოყვანილი მოსავალი ჩაუბარებელი რჩებოდათ.

ქვეყანაში ხორბლის ბაზარზე შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე, 2023 წელს დარგის წარმომადგენლების მოთხოვნის საფუძველზე საქართველოს მთავრობამ 12 ივნისიდან ქვეყანაში რუსული ფქვილის იმპორტზე 200-ლარიანი გადასახადი დააწესა. გადაწყვეტილება ძალაში პირველ ნოემბრამდე უნდა ყოფილიყო. მოგვიანებით, ოქტომბერში მთავრობამ, ისევ დარგის მოთხოვნით, ფქვილის იმპორტის გადასახადი 250 ლარამდე გაზარდა, ვადა კი 2024 წლის პირველ მარტამდე გაახანგრძლივა. ფქვილის გარდა იმპორტის გადასახადი ქერსა და ქატოზეც დაწესდა, რაც ტონაზე 100 ლარითაა განსაზღვრული. დარგის წარმომადგენლების შეფასებით, გადაწყვეტილებამ იმუშავა და ქვეყანაში ხორბლის იმპორტი გაიზარდა, ფქვილის კი შემცირდა.

დღეს, საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციამ განცხადება გაავრცელა, რომლითაც ფქვილის და მარცვლეულის კონკრეტულ კულტურებზე დაწესებული გადასახადის ვადის გახანგრძლივებას ითხოვს, თუმცა როდემდე არ აკონკრეტებენ.

2023 წელს საქართველომ ხორბალი სულ 7 ქვეყნიდან შეიძინა, საიდანაც მთავარი ბაზარი რუსეთი იყო. იმპორტის 98% სწორედ ამ ქვეყანაზე მოდის. საიმპორტო ქვეყნების რეიტინგი კი ასეთია:

  1. რუსეთი – $56.2 მლნ, 217 546 ტონა;
  2. თურქეთი – $688 ათასი, 2 833 ტონა;
  3. უკრაინა – $515 ათასი, 1 484 ტონა;
  4. ავსტრია – $87 ათასი, 73 ტონა;
  5. გერმანია – $63 ათასი, 42 ტონა;
  6. რუმინეთი – $62 ათასი, 72 ტონა;
  7. საფრანგეთი – $16 ათასი, 10 ტონა;

საქსტატის მიერ BM.GE-ისთვის მოწოდებული ინფორმაციით, 2023 წლის განმავლობაში საქართველოში ხორბლის უმსხვილესი იმპორტიორი კომპანიების ჩამონათვალი ასეთია: სს დაკო; შპს “აგროსისტემები”; შპს აგრორივერ; შპს ბარაქა ჯგუფი; შპს გურია-ექსპრესი; შპს დიკა; შპს კარმენ; შპს ლენა; შპს ცერერა; შპს ჯეოლოგ.

რაც შეეხება ფქვილის იმპორტს, 2022 წელი ამ დასახელების საქონლის რეკორდული ზრდის შემდეგ, 2023 წელს იმპორტირებული ფქვილის ღირებულება 45%-ით 37.4 მლნ დოლარამდე შემცირდა, მოცულობა კი 24.2%-ით 137 695 ტონამდე შემცირდა.

ფქვილის საიმპორტო ბაზრები, ხორბლის განსხვავებით, უფრო დივერსიფიცირებულია, თუმცა მთავარი იმპორტიორი ამ შემთხვევაშიც, ტრადიციულად რუსეთია. სტატისტიკის მიხედვით, შეძენილი საქონლის 98.3% რუსულ ფქვილზე მოდის. საიმპორტო ქვეყნების რეიტინგი კი ასეთია:

  1. რუსეთი – $35.9 მლნ, 135 349 ტონა;
  2. თურქეთი – $819 ათასი, 1 281 ტონა;
  3. იტალია – $201 ათასი, 189 ტონა;
  4. უკრაინა – $160 ათასი, 324 ტონა;
  5. საფრანგეთი – $84 ათასი, 61 ტონა;
  6. ლიეტუვა – $76 ათასი, 192 ტონა;
  7. ბელარუსი – $71 ათასი, 202 ტონა;
  8. ავსტრია – $54 ათასი, 60 ტონა;
  9. ყაზახეთი – $8 ათასი, 25 ტონა;
  10. პოლონეთი – $5 ათასი, 4 ტონა;

მცირე მოცულობებით ფქვილის იმპორტი ასევე გერმანიიდან, საბერძნეთიდან და გაერთიანებული სამეფოდან განხორციელდა.

გასული წლის განმავლობაში, რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ფქვილის იმპორტიორი TOP-10 კომპანიის ჩამონათვალი ასეთია: შპს ბევრილი ჯგუფი; იმ ზვიადი ცირეკიძე; შპს გალა 2022; შპს გიკა; შპს ელათა; შპს ეფ იქს თი ჯორჯია; შპს თემო ტრეიდი; შპს პროდუქტ-ექპო; შპს საუკეთესო ფქვილი; შპს ტერეკი 2023

 

bm.ge

მსგავსი სიახლეები

Bloomberg-ის სისტემაში ერთი დოლარის ღირებულება 2.8750 ლარს აღწევს

Bloomberg-ის სისტემაში ერთი დოლარის ღირებულება 2.8750 ლარს აღწევს

Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ამ დროისთვის ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.8750 ლარს შეადგენს, რაც ვაჭრობის დასაწყისში არსებულ 2.81-ის კურსს 6.5 თეთრით აღემატება.…
საშუალო ხელფასი დღეს 2000 ლარზე მეტია, 4 წლის თავზე 3 500 ლარამდე გაიზრდება – ირაკლი კობახიძე

საშუალო ხელფასი დღეს 2000 ლარზე მეტია, 4 წლის თავზე…

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მომდევნო 4 წელიწადში სამთავრობო პროგრამის მიხედვით 200 000-მდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება, ხოლო საშუალო ხელფასი 3 500 ლარამდე…
Enka Renewables-მა საქართველოს არბიტრაჟში $383 მილიონი მოუგო

Enka Renewables-მა საქართველოს არბიტრაჟში $383 მილიონი მოუგო

კომპანია Enka Renewables-მა საქართველოს საერთაშორისო არბიტრაჟში 383.2 მილიონი დოლარი მოუგო – ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია აქვეყნებს. საარბიტრაჟო დავა 2021 წლის ოქტომბერში…