ყველა იმ ოჯახსაც, რომელსაც საცხოვრისის პრობლემა არ აქვს, ექნება უფლება, მოგვმართოს და კომპენსაცია მიიღოს – მიხეილ სარჯველაძე

ყველა იმ ოჯახსაც, რომელსაც საცხოვრისის პრობლემა არ აქვს, ექნება უფლება, მოგვმართოს და კომპენსაცია მიიღოს – მიხეილ სარჯველაძე

„დევნილ ოჯახებს, რომლებიც არ ირიცხებიან იმ ოჯახთა სიაში, ვისაც სახელმწიფომ შეუსრულა ვალდებულება განსახლებასთან დაკავშირებით, ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ სახელმწიფოსგან კომპენსაცია. ყველა იმ ოჯახსაც, რომელსაც უკვე აქვს საკუთრებაში ბინა, მაგალითად, თავისით შეძენილი, ანუ ამჟამად საცხოვრისის პრობლემა არ აქვს, ექნება უფლება, მოგვმართოს და მიიღოს დაკმაყოფილება კომპენსაციის გზით,“ – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მან დევნილებისთვის განკუთვნილი ახალი პროგრამის დეტალებზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, დევნილი ოჯახის თითოეული წევრი სახელმწიფოსგან 10 000 ლარს მიიღებს.

„დევნილებზე როდესაც ვსაუბრობთ, გავითვალისწინოთ, რომ ყველა ოჯახს ერთნაირი საჭიროება არ აქვს. სახელმწიფოს მიერ, კანონმდებლობის საფუძველზე, განსაზღვრულია ობიექტური კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც ფასდება საჭიროებები.

მნიშვნელოვანია, რომ 2012 წლამდე, როდესაც დევნილთა სამინისტრო არსებობდა, მთელი სამინისტროს ბიუჯეტი სულ 25 მილიონი იყო. დღეს მხოლოდ განსახლების პროგრამისთვის სახელმწიფოს გამოყოფილი აქვს 250 მილიონი ლარი და ეს თანხა მზარდია.

მიმდინარე პროექტების შედეგად, ბინა დამატებით დაახლოებით 2 700 ოჯახს გადაეცემა. ეს არ არის უმნიშვნელო რიცხვი, თუმცა პარალელურად გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, როგორიცაა „სოფლად სახლი“. ამ პროექტის ფარგლებში სახელმწიფო ბენეფიციარებს კონკრეტულად განსაზღვრულ თანხას გამოუყოფს.

არიან ადამიანები, რომლებსაც შეიძლება არც ბინის ლოდინი სურდეთ და არც სოფელში ცხოვრება. მათ ექნებათ შესაძლებლობა, სრულიად ნებაყოფლობით მოითხოვონ ამის ნაცვლად კომპენსაცია, რომელიც ოჯახის თითოეულ წევრზე 10 000 ლარს შეადგენს. საშუალოდ, ეს დაახლოებით იმავე თანხას უტოლდება, რაც „სოფლად სახლის“ პროექტისთვის არის გათვალისწინებული“ – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ განაცხადების მიღება უახლოეს დღეებში დაიწყება. პროგრამით სარგებლობისთვის გადამწყვეტი ფაქტორია, რომ „ეს უნდა იყოს დევნილი ოჯახი მთლიანად და არა მისი ცალკეული წევრები. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ოჯახს მანამდე არ უნდა ჰქონდეს მიღებული დაკმაყოფილება სახელმწიფოს მხრიდან“.

მინისტრმა დევნილთა განსახლების მიმართულებით მიღწეულ შედეგებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 2012 წლიდან დღემდე 45 000-ზე მეტი დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა.

„ხშირად ამაზე არ ვსაუბრობთ. დღეს ვინც ამ პროგრამებს, სახელმწიფოს ამ მიდგომებსა და პოლიტიკას რაღაცნაირად თავს ესხმის, არ გამოსდის, მაგრამ ცდილობს. იმ ხალხის მმართველობის პირობებში სულ 19 000 ოჯახი დაკმაყოფილდა. უფრო სწორად, მთელი დამოუკიდებელი საქართველოს განმავლობაში, ამ ვალდებულების გაჩენიდან 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე პერიოდში, სულ 19 000 ოჯახი დაკმაყოფილდა.

2012 წლიდან დღემდე დაკმაყოფილებულ ოჯახთა რაოდენობა 45 000-ს აღემატება. ეს მნიშვნელოვანი სხვაობაა. ამასთან, განსახლება ისეთი მასშტაბური მშენებლობებით ხორციელდება, როგორიც ახლა მიმდინარეობს. თბილისში მთელი ახალი საცხოვრებელი უბნები აშენდა. მიმდინარე პროექტის ფარგლებში შვიდი კორპუსი შენდება. დიდი საცხოვრებელი კორპუსები შენდება ზუგდიდში, ბორჯომში, რუსთავსა და ქუთაისში“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მსგავსი სიახლეები

საქართველო დიუშენის სამკურნალო მედიკამენტ “ჯივინოსტატს” ყიდულობს – სარჯველაძე

საქართველო დიუშენის სამკურნალო მედიკამენტ “ჯივინოსტატს” ყიდულობს – სარჯველაძე

ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საქართველო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ “ჯივინოსტატს” ყიდულობს. მინისტრის თქმითვე, ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. მედიკამენტი “ჯივინოსტატი” განკუთვნილია…
მიხეილ სარჯველაძე საფრანგეთის ელჩს შეხვდა

მიხეილ სარჯველაძე საფრანგეთის ელჩს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ოლივიე კურტოს შეხვდა. ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის…
მიხეილ სარჯველაძე მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

მიხეილ სარჯველაძე მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, როლანდ პრაისს, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ჯანდაცვის სექტორის ხელმძღვანელს, რეკა მენონსა…