პოლიტიკური კრიზისი თუ პროგრესი?!
- საზოგადოება
- თებერვალი 15, 2024
- 106
მურმან კვარაცხელია თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ყველა ქვეყნის ცხოვრებაში ჟამიდან ჟამამდე ბობოქარი გონის აფეთქების
დრო დგება. ეს ყოველთვის პროგრესისა და საყოველთაო სიახლის საწინდარი
როდია. ხშირ შემთხვევაში ის ემსახურება სხვა ქვეყანაში მოხარშულ ცინიზმით
გაჯერებულ შემოქმედთა ილუზიების დაკმაყოფილების სურვილს, ძნელია,
ნდობით აღივსო შენი ქვეყნის „ძე შეცდომილთა“ მიმართ.
მართალია დაინგრა დიქტატურა, ავტორიტარიზმი და მის ადგილზე
აღმოცენდა კაცობრიობისთვის არცთუ ისე დაღვინებული და ბოლომდე
გაუთვითცნობიერებელი და მრავალწახნაგოვანი ცნება, დემოკრატია. მთელი
ჰუმანური სამყარო მისი მონა გახდა და ლამის უნივერსალურ ფორმულად
წარმოგვიდგინეს ამა ქვეყნის ძლიერებმა. კაცობრიობა დიდი ხნის უკან
დარწმუნდა, რომ ის არც იდეალური და არც საუკეთესოა სახელმწიფოთა
მმართველობით ისტორიაში. ძველი, ამ შემთხვევაში, უტოპიური სოციალისტური
სისტემის ნგრევამ წარმოშვა სრულიად განსხვავებული, ჯერ კიდევ
არასრულოფილი კვაზი ხარისხის მატარებელი სახელმწიფო, სადაც მკაცრად
ჩამოყალიბებული თვისებრივი მონაცემები არ სჭირდება ჰომოსაპიენსს იმისთვის,
რომ იდგეს სახელმწიფოს მართვის სათავეებთან და დემოსის ნება მოარგოს
თავის არცთუ ისე ჯანსაღ ინტერესებს.
ასეთი მდგომარეობა არაჯანსაღია და მყიფე ბოძებზე დგას. მისი რყევის
ამპლიტუდა ქანქარასავით მოძრაობს და პროგრესს ნაკლებად უწყობს ხელს.
სამწუხაროდ, ამის ნათელი მაგალითია ახლად დაბადებული საქართველო,
რომელიც უკვე მეოთხე ათწლეულია აგურ-აგურ აშენებს ახალ
სახელმწიფოებრიობას. ამ დროს დემოკრატიის მიერ ნებადართული ადამიანთა
თავისუფალი ჯგუფები ყველა გზებით ცდილობენ ძალაუფლების ხელში ჩაგდებას
და ხელისუფლებაში თბილად მოკალათებას, რისი სავალალო მაგალითიც
უახლოეს წარსულში გვქონდა. უტიფრობით გარკვეული დროით მიაღწიეს
კიდევაც თავიანთ მიზანს. ამის მერე ძალაუფლების ბანგში ნელ-ნელა ჩაიძირნენ
და ყოველგვარი ზნეობრივი ნორმები თანდათანობით დაივიწყეს. მათი ბოლო
აკორდის მერე, როცა ყველაფერი დაკარგეს, მაშინ გაახსენდათ ქრისტიანული
მორალი და სამართლიანობის აღსრულებას სასტიკი ბრძოლა გამოუცხადეს.
კოჰაბიტაციური მიტევების პროცესი მოგვახვიეს გარედან, რადგან დემოკრატიის
ტანზე მორგებული მანტია ამის საშუალებას იძლევა. ამის გამო დაუსჯელობის
სინდრომმა ხელახლა წარმოშვა მბრძანებლის მწვერვალზე აბობღვის
შესაძლებლობის სურვილი. ამის გამეორება ქვეყანას უქადის ქაოსსა და
უიმედობას. მართალი კაცის სინდრომი იმდენად აქვთ გამჯდარი დანისლულ
გონებაში, სხვა, ვისაც ბოლომდე არ აქვს გაცნობიერებული ქვეყნის ბედის
გაურკვეველი მომავალი, ადვილად ხვდება მათ ნასროლ ბადეში. სამწუხაროდ,
ასეთ შემთხვევაში მოახერხეს საზოგადოების გახლეჩვა ორად, მდინარის ერთ
ნაპირზე დარჩა ძირითადი მასა, მეორე ნაპირზე – მეამბოხეთა კასტა. მთავარი
ნაპირის ბინადარნი მათ სინანულით ადევნებენ თვალყურს და ცოდვილებად
2
მიიჩნევენ. მთავარი ატრიბუტი, რომელიც მათ აძლევთ ყველაფრის თქმის
უფლებას, სახელად ჰქვია დემოკრატია, რომელიც მიმტევებელია და ლოიალური.
მისთვის რატომღაც არ არსებობს ზღვარი, სად იწყება უზნეობის აკრძალვის
წერტილი და საითკენ მიდის სამართლიანობისთვის ბრძოლის ხაზი. ადამიანის
უფლებების დარღვევა მხოლოდ დაჩაგრულთა ზნეობრივ ჩარჩოებში ექცევა
ყოველგვარი წარსულის გარეშე, უკან მოხედვა რეტროგრადულია, ჩვენ კი, წინ
უნდა ვიაროთ. საღად მოაზროვნე დემოსის უფლებების დაცვა-დარღვევის
ფილოსოფია, მათ ინტერესებში არ შედის. ორივე ერთნაირად გადის მაგიურ წრეზე
და არც კი ცდილობენ ერთმანეთისკენ ნაბიჯების გადადგმას. მათ შორის ხომ
დემოკრატიაა წამოწოლილი!
„ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ!“ მართლა რა „აჭამა“ ამ სანაცეთსა და მის
სატელიტებს ლიბერალურმა დემოკრატიამ! თუმცა, კამიუს თუ დავესესხებით,
დემოკრატიის მთავარი მონაპოვარი ერთ ლამაზ სენტენციაში შეიძლება ჩაეტიოს:
„ყველაფერი ნებადართულია, არაფერი არ არის აკრძალული?!“ მაგრამ ზოგ
შემთხვევაში ასეთმა მიდგომამ შეიძლება მიგვიყვანოს აბსურდამდე! ქვეყანას არ
უნდა დაემუქროს აბსურდის თეატრად გადაქცევა. თუ მივუშვით ისინი
თავისუფალ ცურვაზე და ტაში დავუკარით აგრესიული ჰომოსაპიენსების მიერ
ღია ცის ქვეშ ჩამოყალიბებულ აბსურდის თეატრს თავისი ახალი ავანსცენით,
ისინი უფრო შორეული ცურვის დიდოსტატები გახდებიან აბსურდში
ჩაძირულები. მაგრამ მათ ავიწყდებათ მთავარი – „აბსურდი არ ათავისუფლებს, ის
ბოჭავს, ის ყველაფრის ჩადენის უფლებას არ იძლევა. ყველაფერი ნებადართული
არ ნიშნავს, რომ არაფერია აკრძალული!“
დღეს კი, ჯერჯერობით, აბსურდის თეატრი ნელ-ნელა წინ მიიწევს თავისი
პოსტულატებით და მისი „აზდაკები“ მართავენ უაზრო წარმოდგენას. ავანსცენაზე
გახუნებული ფარდა ჰკიდია და არც ჩამოეშვება სცენის დასახურად. მაშ, რა სახის
აბსურდთან გვაქვს საქმე, ჩემო დემოსისა და კრატოსის თაყვანისმცემლებო?!.
ქვეყანას, რომ პატრონობა სჭირდება ამ „საოცარ და მშვენიერ“ სამყაროში, ეს
ბანალური ჭეშმარიტებაა. მაგრამ ამას ხალხის, მთელი საზოგადოების ნება
სჭირდება. აქ ყველა ერთ პოზიციაზე უნდა დადგეს. ჩვენდა საუბედუროდ,
„შაგრენის ტყავივით“ აპატარავებენ ჩვენს მიწა-წყალს, სხვები კი იზრდებიან
ჩვენს ხარჯზე. სწორედ ეს ალაპარაკებდა და აწუხებდა ერის მამას, ილია
მართალს, როცა გვმოძღვრავდა: „ჩვენ თუ არ ვუპატრონეთ ჩვენს მშვენიერ მიწა-
წყალსა, მას, როგორც უპატრონო ეკლესიას, ეშმაკები დაეპატრონებიანო!“ ქვეყნის
წარმატების მიღწევის ერთ-ერთი უმთავრესი გზა ერის გამთლიანება, საერთო
ნიადაგზე დგომა და ქვეყნის კეთილდღეობისთვის ზრუნვაა. სახელმწიფოს
ჭეშმარიტ ჭირისუფალს, რომელიც დღეს ჭეშმარიტად ემსახურება მის ხალხს,
სჭირდება მისი ერიშვილების ჩუმი თანადგომა, რომელიც მოდის მისი წიაღიდან
და დაუნდობელ ბრძოლას უცხადებს სამყაროს ყველაზე მრისხანე მსაჯულს,
დროს, რომელიც არავის და არაფერს ინდობს მის სავალ გზაზე. თუმცა გიტოვებს
ფანჯარას პროგრესისა და წინსვლისთვის. ის მკაცრად გამიჯნავს ერთმანეთისგან
საკუთარ კეთილდღეობას გამოკიდებულ მედროვეებს, რომლებსაც ნაკლებად
აინტერესებთ ზოგადი საყოველთაო კეთილდღეობის აშენება ადამიანთა
ბედნიერებისთვის, ისინი საკუთარი საზომით უდგებიან ქვეყნის ბედსა და
უბედობას, იმ განსხვავებით, რომ მათთვის საკუთარი სიმშვიდე და სიმდიდრე
3
„განსაცვიფრებლად არის მთავარი“. დღევანდელობამ ჭეშმარიტ მამულიშვილთა
გვერდით, თავისი წიაღიდან ზედაპირზე ამოატივტივა გაუნათლებელთა და
უტიფართა გაურკვეველი მასა, რომელიც პატრიოტული ლოზუნგების
მოშველიებით ირონიულად ცდილობენ ქვეყნის სათავეში ხელმეორედ მოქცევას
და მბრძანებლის კვერთხის ხელში აღებას. ამის მისაღწევად ქვეყნის მესაჭეებს
უტიფარი მოსაზრებებითაც ამკობენ. ამ გზაზე მათი მხრიდან დანდობის გრძნობა
მთლიანად იგნორირებულია და ყოველგვარი აკრძალული ხერხით ცდილობენ
ამოეფარონ დემოკრატიასა და „მეგობარი ქვეყნების“ სიტყვიერ მხარდაჭერას.
ცხადია, ისინი აბსურდის იდეებით იკვებებიან და თავიანთ მეხოტბეებსაც
შთააგონებენ იგივეს. მათთვის უცხოა ქართული ერის წინაშე დასმული
ისტორიული კითხვა – „რანი ვართ და რანი შეიძლება ვიქმნეთ?!“ ილიას ეს
ცნობილი შეგონება მათი ინტერესების სფეროს ბევრად სცილდება. ეს
აბსურდისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია მათი მხრიდან.
ჩვენს პატივცემულ და უსუსურ ოპოზიციას გათვითცნობიერებული არა
აქვს მთავარი და მარადიული ჭეშმარიტება, ქვეყანას სიყვარული, ერთგულება და
ჯაფა სჭირდება! დღევანდელი ავანსცენის ნიღბოსანი პერსონები კი ისევ და ისევ
იშველიებენ დემოკრატიის უზოგადეს და ქიმერულ კანონს, ყველაფერი
ნებადართულია! ამან განაპირობა ის, რომ ხალხის ნაწილის ღვთიური ნების
აკუმულირება (უტიფართა ყვირილისა და ბღავილის ფონზე!…) ერთი მუჭა
სირცხვილის ზღვარგადასულ პერსონთა ხელში აღმოჩნდა. ისინი მოქალაქეების
სახელით დღენიადაგ აფრქვევენ თითიდან გამოწოვილ გამოგონილ „ახალ-ახალ“
თემებს და ცდილობენ, ცრურწმენის გახუნებული უსახური აზრები მოახვიონ
ცხოვრების აღმართზე მტკიცედ მდგარ ადამიანებს. ამის საბოლოო მიზანი არცთუ
ისე შორეულია, გათვლილია სხვის ნებაზე ბატონობასა და საკუთარი
უპირატესობის მიღწევაზე. ერთი ბედნიერი მომენტი მაინც გამოიკვეთა ამ
ჭიდილში, იმდენად გაუფასურდა მათი ქადაგების ხარისხი, ნახევრად ჩაიკეტნენ
პარლამენტის კედლებში და იქიდან უკიჟინებენ ერის ჭირვარამით გათანგულთა
მამულიშვილური სიბრძნეების შემოქმედთ.
შეუძლებელია, სრულ ჭკუა-გონებაზე მყოფმა ადამიანმა იწამოს ამ
უტიფართა მიერ გამოგონილი ვირტუალური სამყაროს, „მარტოობის ასი
წელიწადის“ საყოველთაო ნათლით გაჯერებული მომავალი.
უსასრულო დროთა მდინარება ერთ უმკაცრეს კანონს ემორჩილება,
რომელიც სულმნათმა ილიამ ერთ თეზაში მოაქცია – „წარსული მკვიდრი
საძირკველია აწმყოსი, როგორც აწმყო, მომავლისა“! ეს ნიშნავს კავშირის
უწყვეტობას ამ სამ დროებას შორის, პატივისცემასა და აღიარებას იმ საძირკვლისა,
რომლის ბალავარზე დგას მყოობადიცა და მომავალიც. ყოველგვარი წარსული,
უახლესი წლების ნაშემოქმედარიც, თურმე, მათი აზრით, აბსურდია და ეს არ
შეიძლება მომავლის საზოგადოებას ბალავრად გამოადგეს. მხოლოდ და მხოლოდ
მათი ავადმყოფური ხედვაა, ის, რომ წინაპართა მიერ ჩაყრილი საძირკველი
თურმე მხოლოდ და მხოლოდ ფუყე ქვებით ყოფილა გავსებული, არის
წარსულისადმი ნიჰილისტური და უპატივისცემლო დამოკიდებულების შედეგი,
რომელსაც ასე რუდუნებით ახმოვანებენ აბსურდის თეატრის ყალბი მასხარები.
ისეთ ზეაფსურდამდეც კი მიდიან, რომ ამაყად აცხადებენ, თითქოს ეს
სახელმწიფო მათ შექმნეს!
4
წარსულის გამოცდილების გაზიარება, შეფასება და მისგან რაციონალურის
აღმოშობა ერის წინსვლის საწინდარია. მან თავის დროზე მისი წილი მძიმე
ტვირთი ატარა ისე, როგორც შეეძლო, მომავალს კი დაუტოვა ფიქრისა და განსჯის
უფლება, დიდი გამოცდილება და შესთავაზა თავისი მხრები მეტი
პროგრესისათვის, რითაც ღირებულებათა შკალა შეცვალა. ყოველივე ამის სწორად
და ღრმად გააზრებას დიდი ნიჭი და შემართება სჭირდება, უნდა შეგეძლოს იმ
მიზიდულობის დაძლევა, რომელიც ყოველთვის უკან გექაჩება და შენ კი გგონია,
რომ წინ მიდიხარ. ჯერ კიდევ არ იციან აბსურდის თეატრის მასხარებმა, რომ ორი
შედეგობრივი არჩევანის წინაშე დგანან, ან დარჩნენ ავანსცენაზე მარადიულ
ირეალური სამყაროს მარგინალურ ტაკიმასხარებად ან ნელ-ნელა დატოვონ
ტრაგიკომედიის ავანსცენა მაყურებლის გარეშე დარჩენილი დარბაზი და ისევ
საზოგადოებას დაუბრუნდნენ. მათ ავიწყდებათ დიდი იოანე საბანისძის
შეგონება: „მამულისა ჩვეულებისაებრ სლვაი“-ს ჭეშმარიტება.
როგორც ჩანს, ჯერჯერობით, შორია ჭეშმარიტებამდე. . . ჯერ კიდევ
მტკიცედაა ფესვებგადგმული ქართველთა ისტორიულ გენეტიკაში სხვისი
მოიმედობისა და მათ მოწოდებაზე უაპელაციოდ ყურის გდების სინდრომი. რასაც
უკვე ვხედავთ ნელ-ნელა ვშორდებით და თავისუფლდება ქართველთა
მენტალიტეტი თავისი ქვეყნის გარეთ ხსნის გზის ძიებისაგან და უკვე ნათლად
ხედავს საკუთარი ქვეყნის ისტორიული განვლილი გზის ჭეშმარიტებასა და
სამომავლო მისიას. რა გამოდის, მართლაც ყველაფერი ნებადართულია
მავანთათვის და არაფერი არ არის აკრძალული?! . . . ეს ხომ ეროვნული
ღირებულებების დაკნინებაა!
აბსურდის თეატრი მავანთა ძალისხმევით ცდილობს თავის სტიქიაში
ჩარჩენას. ავანსცენაში ჩაკეტილი უნიჭოთა ბრბო არაფერს და არავის უწევს
ანგარიშს. მათ ხომ „რევოლუციის მამები“ და მათ მიერ გაღმერთებული
„დემოკრატია“ იცავს, რომ თმა არ ჩამოუვარდეთ! მათი მიზანია დაღალონ
საზოგადოება და სახელმწიფო(!) უკიდეგანო ყირამალობითა და მაისის კატის
კნავილით. მაგრამ მათთა საუბედუროდ და ჩვენდა საბედნიეროდ (ისინი ხომ
აღიარებენ საზოგადოების პოლარიზაციას და არ შეიძლება ამაში არ დავეთანხმოთ
მათ!) ავიწყდებათ ერთი დიდი ჭეშმარიტება – „არ არსებობს უნაყოფო და უიმედო
შრომაზე საშინელი სასჯელი!“ (კამიუ). აქედან ლოგიკური დასკვნა – ეს
ყველაფერი არაფერია, მათ მიერ არჩეული გზა გვარწმუნებს იმაში, რომ უფარდო
ავანსცენის მოქმედი „გმირები“ „მძიმე, მაგრამ თანაბარი ნაბიჯებით მიემართებიან
თავისი დაუსრულებელი სატანჯველისაკენ“. (ეს არის იმ ფიროსმანის შთაგონება,
რომელიც მეთევზეს წითელ ფერებში ხედავს). . .
მაგრამ ცხადია, აბსურდის თეატრმა ნელა, სპილოს სიდინჯით, შვა კვაზი
ბელადი, რომელიც საბოლოოდ ჩაიძირა თავის მიერ მოგონილ აბსურდის
სამყაროში წარსულის ცოდვების გამო. მით უმეტეს, უკვე გამოვიდა სიცრუის
სამყაროდან, რომელსაც ძალიან იაფად ჰყიდდა უტიფართა სახელით, რომელსაც
თავის დროზე ელანდებოდა და ესმოდა „ჩურჩული ანგელოზთა“, რომლებიც
პირდაპირ მიანიშნებდნენ მძიმეწონიან მტერზე, რომელიც მაცილის
გამანადგურებელი ხარხარით ცდილობს „ბელადის“ მოკვდინებას, თურმე… ის
დარწმუნებულია აბსურდის თეატრის შორეული მაყურებლის სურვილისა და
მოქმედების თანხვედრაში მტრის ავ მიზანთან. უმისამართო გვირაბის
5
მთხრელები კი მისი სურათის თანხლებითა და ნიანგის ცრემლებით
„პოლიხრონიონს“ უმღერიან ნირშეცვლილ „ბელადს“.
საზოგადოების დაღლა შეუძლებელია. საზოგადოება ხედავს უკვე
ახლოვდება აბსურდის თეატრის ავანსცენაზე უიმედო აპათეაში ჩაძირული
ღამურული და დაღლილ-დაქანცული უნიჭო, ამორფული მასა, რომელიც ძლივს
სუნთქავს. ამ აბსურდის თეატრის ბოლო მოჰიკანი მაღლა ღმერთისკენ
ხელებაშვერილი ხრიალით ამოუშვებს უკანასკნელ ამოსუნთქვას და
მიკნავებული ხმით ძლივს იტყვის – პოლიხრონიონ. აი, ბოლო უმსგავსოთა
საქციელისა.
. . . გახუნებული ფარდა ისევ ჰკიდია უძრავად ავანსცენის თავზე.
მაყურებელი იმედგაცრუებული და დამარცხებული ნელ-ნელა ტოვებს დარბაზს
და იძირება თავის ყოველდღიურ ტკივილსა და უიმედობაში, სადღაც გულის
კუნჭულში ჩარჩენილი ბოლო „იმედის“ საძებნელად, რომელიც ცისკრის
ვარსკვლავივით განათლდა და დაეშვა ღმერთის მიერ აღთქმულ მიწაზე, სადაც
სულ სხვაგვარად ისმის ყველაზე ახლობელი და შორეული სიტყვა „დემოკრატია“ !
ცხოვრება გრძელდება. თუ მოვიშველიებთ ქართული გონის
წინასწარმეტყველურ სიბრძნეს, ცხადი გახდება სამომავლო ვექტორთან როგორი
დიდი სიფრთხილე გვმართებს ლაციცი: „რკინის დროებაში ვცხოვრობთ, ამიტომ
ახლა ყველაზე ძნელი საშოვნელი გული ყოფილა. სიყვარული მოკვდა. . . მოკვდა!“
(მ. ჯავახიშვილი). თქვენ არ გაგაჩნიათ სამყაროს ყველაზე დიდი მამოძრავებელი
ძალა – სიყვარული. შეგიძლიათ ლაფში ამოთხვაროთ ყველა ის ქართველი,
რომელიც თქვენთვის მიუღებელია, როგორი ქველმოქმედიც არ უნდა იყოს იგი.
თქვენი ბელადი უტიფრად იმეორებს თავის საყვარელ, აბსურდულ ფრაზებს:
„მონებო! ლეკვებო!“
ქართველი ერის „მეორე სვეტი“ ილია მართალი ჯერ კიდევ როდის
ბრძანებდა – „სამშობლოზე არ აღმართო ხელი და ხმალი! არასოდეს, გესმის?
არასოდეს! რაც უნდა მოხდეს! რაც არ უნდა მოხდეს! რაც არ უნდა შეგპირდნენ! (!!!)
რა მუქარითაც არ უნდა დაგაშინონ!“. . .
ეს დიდი გაფრთხილება არ უნდა გახსოვდეთ, აბსურდის შემოქმედნო?!
დიახ, შემოქმედნო, იმიტომ რომ ყოველგვარი ხერხით ცდილობთ მიუღწეველი და
რეალურ მომავალს მოწყვეტილი ილუზიებით კვებოთ ის არშემდგარი
ჰომოსაპიენსები, რომლებიც თქვენს მიერ გამოგონილ მიკროსამყაროში სხედან და
თავდაჯერებით კნავიან „გმირი ბელადის“ სადიდებელ უნიჭოდ შეთხზულ
მონოლოგებს!. . .ისევ ილია მართალი: „უმეცრება და უვიცობა დიდი ჭირია და თუ
ამას თან დაჰყვა უჭკუობა და უნიჭობა, ხომ ჭირზე უფრო ჭირია“. . .
ნუთუ თქვენ არ ფიქრობთ, უმეცრებისა და უვიცობის მორევში რომ ხართ
შეტოპილები, ვითომ ოპოზიციავ?! თქვენს თავზე „ჭირზე უფრო ჭირია“
დამტყდარი. ესეც სახეზეა. ამ დროს თქვენ მიერ სახელდახელოდ მოწყობილ
ავანსცენაზე არ ჩანს ის „ჟანა დარკი“, რომელიც შესძახებს: „ჭკუით ქართველებო!“
(ჭ. ამირეჯიბი). ჩვენ უკან სამშობლოა! აქ თავმოყრილი უნიჭოების გროვა დღე და
ღამე აბსურდული აზრებით საკუთარი თავის დარწმუნებასა და შთაგონებაში
არიან გართულნი, დაჯერებულნი ამ მიზნებისა და საქციელის ჭეშმარიტებაში. ეს
კი ნიშნავს საკუთარი „მე“ს გამეტებას „მარადიული სატანჯველისათვის“
აბსურდისკენ მიმავალი გზით.
6
თავიანთი იდეებით შთაგონებული აბსურდის თეატრის „მასხარები“
პიროვნულ ზნეობას შესასვლელ კარებთან ტოვებენ. ისინი სრულიად
„განბანილნი“ შედიან მოგონილ სამყაროში, რომელიც რეალურ გარემოს წაართვეს,
არიან თავისი ილუზიური რწმენით დახუნძლულები და არად დაგიდებენ მათი
მოქალაქეობრივი ზნეობის საწყისებს… როდესაც ზნეობა არ სცილდება ამ „გმირთა“
შინაგანი ერუდიციის ღარიბ სამოსელს, ის ვერც მოაწესრიგებს თავის ქცევის
ნორმებს. ეს კი შეუძლებელს ხდის დიდი სახელმწიფოებრივი ინტერესების
მსახურების ვალდებულებას, რაც ვლინდება იმაში, რომ თავის პირად
მოთხოვნილებებს ფარისეველთა საჭიროებებს უთანხმებს სახელმწიფო
ინტერესების საზიანოდ, რომელიც სიცოცხლისა და კეთილდღეობის ყველაზე
მძლავრი გარანტია.
აბსურდის ავანსცენის გმირები ერის სამსახურში ვითომ დგომით
კეკლუცობენ, თუმცა ერის ცნებაში არასოდეს იგულისხმებენ ხალხის სურვილსა
და ნებას, თუნდაც ეს მთელ ერს ეხებოდეს. საინტერესო ისიცაა, რომ საკუთარი
„მარტოობის ასი წელიწადის“ ილუზორული სამყაროს შექმნით, სამშობლოს
ცნებას პირადი კრიტერიუმებით ზომავენ. მათ ავიწყდებათ ან იქნებ არც
არასოდეს იცოდნენ და უფიქრიათ ყველაზე ამაღლებულ და ყოვლისშემძლე
ძალაზე, რომელსაც სიყვარული ჰქვია. „სიყვარული – უანგარობასა და
პირუთვნელობაში გამოხატული კეთილმოსურნე დამოკიდებულებაა სამშობლოსა
და სამყაროს მიმართ. მშვენიერების გრძნობას მშობლიური მიწა-წყლის სილამაზე
და ერის ზნეობრივ-კულტურული საგანძური აღვივებს, ყოველივე ამას
ზიარებული კაცი – მამულიშვილია, პატრიოტია“ (ჭ. ამირეჯიბი). როგორც
ვხედავთ, აბსურდის თეატრის “გმირები“, მათ „ბელადთან“ ერთად,
მამულიშვილობასა და სამშობლოს ყველაზე გულანთებულ ჭირისუფლობაზე
დებენ თავს. ეტყობა მისი მთავარი არსი მათ არ ესმით, უბრალოდ, სურვილი
აქვთ, რაც შეიძლება მეტი მხარდამჭერი მოიპოვონ და ძალითა და და სხვა
ხერხებით(!) შეიტყუონ ისინი მათ მიერ შექმნილ ირეალობაში და ამით მთელი
ქვეყანა აქციონ აბსურდის თეატრად. მაგრამ ავიწყდებათ, რომ მამულში
მრავლადაა მამულიშვილური გრძნობით ანთებული „ჭკვასნიერი“ (ილია) კაცები,
რომლებიც კარგად ხედავენ ვის უნდა ანდონ სამშობლოს ბედ-იღბალი და თვითონ
როგორ დადონ ერთი აგური მაინც მის ასაშენებლად.
მაგრამ დღეს ნაღდი მამულიშვილების გვერდით ცრუ ჭირისუფალთა
მხედრობაც მრავლადაა თავმოყრილი. პარადოქსი ისაა, რომ წარსულის
ნოსტალგიით გათანგულნი და რეანიმაციის სენით შეპყრობილნი, დემოკრატიის
საყვირით მთელ ქვეყანაში დარბიან და თითქოსდა დაქცეული ქვენის(ეს მათი
ილუზიაა!) მხსნელ მესიად წარმოვიდგენენ თავს. ისინი უფრო შორსაც მიდიან.
არად დაგიდებენ იმავე დემოსის ნებას და კვაზი დაპირებებითა და სიცრუის
კორიანტელის დაყენებით, ცდილობენ ქართული სახელმწიფოებრიობა ბნელ
წარსულში დააბრუნონ. მაგრამ ავიწყდებათ, რომ მხოლოდ და მხოლოდ უკვე
მილევადი აბსურდის თეატრის შემოქმედნი არიან და მორყეულ სცენაზე დგანან,
რომელიც საცაა ჩაინგრევა…
დღეს კი, ახალი ხელისუფალნი კარგად ხედავენ რევანშისტებისა და სხვა
გარე მოქილიკეთა უსარგებლო და ავისმომასწავებელ ღავღავს. ისინი
დემოკრატიის მოშველიებითა და ურცხვი მანიპულაციებით, სხვა ქვეყნების ავ
7
ინტერესთა მსახურებით ცდილობენ დამალონ თავიანთი ნამდვილი მიზანი,
უსუსურობა და სხვადასხვა უთავმოყვარეო ყოველგვარი ზღვარგადასული ქცევა
და წამებულებად წარმოადგინონ საკუთარი თავი. ეტყობა ქვეყნისა და
ნორმალური ცხოვრების მოტრფიალე ადამიანების ნამდვილი ჭირისუფლობა
მათთვის მიუღებელია, რადგან სიცრუის მანქანა უშედეგოდ თუხთუხებს
აფრენის მოლოდინში.
დაბოლოს, აბსურდის თეატრის მოქმედ პირთა გალერეა საბოლოო უკვე
დამარცხდა და გაიწირა. მალე დასრულდება ბელადომანიისა და წარსულში
დაბრუნების მოსურნეთა ისტერიული ღრიანცელიც. მე კი, ვიტყოდი, „რამეთუ
კუდი ძაღლისა არ განიმართების, არცა კიჩხიბი მართლად ვალს“.
პოლიტიკური კრიზისი ვერ შედგა! „ჰოპლა, ჩვენ გავიმარჯვეთ“!
მსოფლიო ცივილიზაციის აკვანში გამოზრდილი საქართველო ახალი
ევროპული სამყაროს განუყოფელი ნაწილი ხდება თავისი წარსულით,
მყოობადითა და მომავლით.
სამშობლოს ეიმედება ჯანსაღი ქართველი და ღირსეული ჭირისუფალი!