საქართველოს ეკონომიკის ინოვაციური განვითარების მიმართულებები

საქართველოს ეკონომიკის ინოვაციური განვითარების მიმართულებები

რამაზ აბესაძე, პროფესორი

ყველა ქვეყანა, მიუხედავად იმისა, განვითარების თუ რა დონეზე იმყოფება,
თანამედროვე პირობებში უნდა ცდილობდეს, ჰქონდეს საკუთარ კვლევებზე
დაფუძნებული ეფექტიანი ინოვაციური სისტემა. ამისათვის მთავრობამ უნდა
შექმნას პირობები ინოვაციური საქმიანობის გასაძლიერებლად, ეკონომიკაში
ინოვაციური მდგენელის გასაზრდელად.
საქართველოში არცერთი წინა მთავრობა არ ახორციელებდა ქმედით
ღონისძიებებს ეკონომიკის ინოვაციური განვითარების მიმართულებით. ამიტომაა,
რომ ინოვაციების სამართლებრივი ბაზის ფორმირება და ინოვაციური სისტემის
განვითარება ძირითადად 2013 წლიდან იწყება, როდესაც ქვეყანაში აღიარებულ იქნა
ეკონომიკის ინოვაციური განვითარების გზა. თუმცა, მანამდეც იყო მიღებული
დოკუმენტები, რომლებიც არაპირდაპირ ან პირდაპირ პასუხობენ ინოვაციური
განვითარების მოთხოვნებს. არც იმის თქმა შეიძლება, რომ ინოვაციების დანერგვას
საქართველოს ეკონომიკაში ადგილი საერთოდ არ ჰქონდა. ამ მიმართულებით
გარკვეული ნაბიჯები იდგმებოდა, განსაკუთრებით საინფორმაციო-
ტელესაკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით. მაგრამ,
ყოველივე ეს სრულიადაც ვერ აკმაყოფილებდა ინოვაციური სისტემის შესაქმნელად
და გასაძლიერებლად საჭირო პროცესების სახელმწიფო რეგულირების მოთხოვნებს.
ეს მაშინ, როდესაც ბევრმა პოსტსაბჭოთა ქვეყანამ ამ მხრივ დიდ წარმატებებს
მიაღწია, ზოგმაც ამ საკითხს დიდი ყურადღება თავიდანვე დაუთმო. მაგალითად,
ლიტვამ, ლიეტუვამ და ესტონეთმა შეძლეს, შეექმნათ საკმაოდ განვითარებული
ეროვნული ინოვაციური სისტემა, გახდნენ ევროკავშირის წევრები და ეს სისტემები
ამჟამად ევროკავშირის ერთიან ინოვაციურ სისტემაში ფუნქციონირებენ. რუსეთში
პირველი დოკუმენტი, სადაც გამოხატული იყო მთავრობის ინოვაციური
სახელმწიფო პოლიტიკა, მიღებულ იქნა უკვე 1996 წელს – ფედერალური კანონი
“მეცნიერებისა და სახელმწიფო სამეცნიერო-ტექნიკური პოლიტიკის შესახებ”, სადაც
განსაზღვრულია სახელმწიფოს ინოვაციური პოლიტიკის ძირითადი მიზნები და
პრინციპები. დაისახა ინოვაციური ეკონომიკის მშენებლობის გზები. ეკონომიკის
ინოვაციური განვითარება წარმოადგენს ყაზახეთის ეროვნული სტრატეგიისა და
პოლიტიკის მთავარ მიმართულებას. ქვეყანაში ამასთან დაკავშირებით თავიდანვე
მიღებულ იქნა მნიშვნელოვანი დოკუმენტები. უკრაინაში მრავალი დოკუმენტია
მიღებული ქვეყნის ინოვაციური განვითარების შესახებ, ბელორუსიაში XX საუკუნის
90-იანი წლებიდან დაიწყეს ინოვაციურ ეკონომიკაზე ფიქრი, სტრატეგიულ
მიმართულებად აღიარებულ იქნა ეკონომიკის დაფუძნება მეცნიერებისა და
ტექნოლოგიების განვითარებაზე. ამის შემდეგ ქვეყანაში მიიღეს მრავალი
ინსტიტუციური დოკუმენტი.

საქართველოს ეკონომიკის ინოვაციური განვითარების არსებული მდგომარეობა

საქართველოში ეკონომიკის ინოვაციური განვითარების მიმართულებით
განხორციელებული დადებითი ღონისძიებებიდან შეიძლება გამოიყოს: 1. დაიწყო
მუშაობა ინოვაციური საქმიანობის საკანონმდებლო ბაზის შესაქმნელად და 2016
წელს მიღებულ იქნა საქართველოს კანონი „ინოვაციების შესახებ“; 2. 2017 წელს
შეიქმნა საქართველოს კვლევებისა და ინოვაციების საბჭო; 3. 2014 წელს შეიქმნა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი გნვითარების სამინისტროს ინოვაციებისა
და ტექნოლოგიების სააგენტო; 4. 2016 წელს შეიქმნა საქართველოს ეკონომიკისა და
მდგრადი გნვითარების სამინისტროს „კავშირგაბმულობის საინფორმაციო და
თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტი“; 5. შეიქმნა შემდეგი ტექნიკური
პარკები, ინოვაციების ცენტრები, ფაბლაბები და კლასტერები: თბილისის, ბათუმის,
ზუგდიდის, თელავის, კასპისა და გურჯაანის ტექნოპარკები; დაბა ახმეტის, რუხის,
ხარაგაულის, ჭოპორტისა და ბაღდათის ინოვაციების ცენტრები; ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტის, თბილისის ტექნოპარკის, სამხატვრო აკადემიის, თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის, ბათუმის
სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის
უნივერსიტეტისა და ზუგდიდის ტექნოპარკის ფაბლაბები. ფაბლაბები
ფუნქციონირებს ასევე მესტიაში, გურჯაანში, ახალციხეში, ქობულეთში,
წალენჯიხაში, ფოთში, ამბროლაურსა და რუსთავში პროფესიული სასწავლებლების
ბაზაზე; კლასტერები: „სილიკონ ველი თბილისი", ქართული ავეჯის კლასტერი,
საქართველოს კინოკლასტერი, , საქართველოს აისიტი კლასტერი. მიმდინარეობს
კლასტერების შექმნა ტურიზმის მიმართულებით. პროექტი იმუშავებს იმერეთსა და
კახეთში, რაც სამი თემატური კლასტერის შექმნას ისახავს მიზნად: ადგილობრივი
ღვინისა და გასტრონომიული ტურიზმის კლასტერი, ავთენტური სასტუმროების
კლასტერი და კულტურული მემკვიდრეობის კლასტერი; ქუთაისის საერთაშორისო
უნივერსიტეტი, რომლის საგანმანათლებლო პროგრამები მიუნხენის ტექნიკური
უნივერსიტეტის პროგრამებს ეყრდნობა; 7. 2014 წელს აგრარულ სექტორში
სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის აღდგენის მიზნით, შეიქმნა სოფლის
მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი; 8. 2016 წელს საქართველოში
ამოქმედდა ვენჩურული საინვესტიციო პროგრამა – "სტარტაპ საქართველო“
დამწყები ბიზნესების ინოვაციური იდეების ფინანსური მხარდაჭერის აღმოსაჩენად;
9. მრავალი მაგალითის მოყვანა შეიძლება ეკონომიკის სხვასასხვა სფეროში ახალი
თანამედროვე საწარმოების ამოქმედების ან არსებულში მოწინავე ტექმოლოგიების
დანერგვის შესახებ. მაგალითად: უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი 230
მეგავატი სიმძლავრის გარდაბნის თბოელექტროსადგური;
ჰიდროელექტროსადგური – ნენსკრაჰესი; ხუთვარსკვლავიანი ტურისტული
კომპლექსი კახეთში; სამოქალაქო თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების
ქარხანა; კასპის ევროპული სტანდარტებისა და მაღალი ტექნოლოგიების აგურის
ქარხნა; მეტეხის ესპანური კომპანიის თანამედროვე საწარმოო ხაზებით
აღიჭურვილი კერამიკული პროდუქციის ქარხანა; თანამედროვე სტანდარტების
შესაბამისი ქართული სიმინდის მარცვლის გადამამუშავებელი, ზეთის მიმღები და
კომბინირებული საკვების მწარმოებელი ქარხანა სამეგრელოში; მეცხოველეობის
სანაშენე კომპლექსი, რომელიც აღჭურვილია ცნობილი კომპანია „Big Dutchman“-ის

მიერ წარმოებული მანქანა-დანადგარებით; რუსთავის სამკერვალო საწარმო –
"ქართლი ტექსტილი", რომელიც საბოლოოდ 4 ათასამდე მშრომელს დაასაქმებს და ა.
შ.
მიუხედავად გარკვეული წარმატებისა, ეკონომიკის ინოვაციური
განვითარების მიმართულებით, ჯერ კიდევ რჩება გადაუჭრელი პრობლემები,
რომელთაგან აღსანიშნავია: ეკონომიკის ინოვაციური განვითარებისაკენ
განხორციელებულ ღონისძიებებს აქვს შედარებით ფრაგმენტული და წყვეტილი
ხასიათი; არასათანადო მდგომარეობაშია  ქვეყნის სამეცნიერო  პოტენციალი:
მიუხედავად გარკვეული ზრდისა, მცირეა მეცნიერთა ხელფასი, რის გამოც
საგანგაშოდ  შემცირდა მეცნიერთა რაოდენობა და არაპრესტიჟული გახდა
მეცნიერების სფერო; განუვითარებელია საგრანტო სისტემა, მსოფლიოში თითქმის
ყველაზე დაბალია სახელმწიფო ბიუჯეტიდან მეცნიერების დაფინანსების
ხვედრითი წილი მთლიან შიდა პროდუქტში. ცუდ მდგომარეობაშია მეცნიერების
მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დ ა. შ.; სერიოზულ გარდაქმნას მოითხოვს საშუალო,
უმაღლესი, პროფესიული მომზადებისა და უწყვეტი განათლების სისტემა. იგი ჯერ
კიდევ სრულად არ არის ორიენტირებული ცოდნასა და ეკონომიკის მოთხოვნებზე.
განათლების მიღება ვერ გახდა მომავალში შემოსავლის ზრდის გარანტირებული
საშუალება. განუვითარებელი და არაეფექტიანია კადრების გადამზადების სისტემა
და ა. შ.; დაბალგანვითარებულია სამეცნიერო კვლევების მომსახურებისა და
კვლევის შედეგების  წარმოებაში გადაცემის სისტემა; არ არსებობს ტექნოლოგიების
დიფუზიის ხელშემწყობი მექანიზმები; დაბალია მცირე და საშუალო ბიზნესის
განვითარების დონე. არ არსებობს მცირე საწარმოთა მხარდამჭერი
ინფრასტრუქტურა და ინოვაციური მცირე საწარმოები; არ არსებობს მკვეთრად
გამოკვეთილი საინოვაციო პოლიტიკა შესაბამისი სტრატეგია და სახელმწიფო
რეგულირების მექანიზმი, სრულყოფილი ინსტიტუციური ბაზა და ინოვაციების
განვითარების მასტიმულირებელი სისტემა, წამახალისებელი საფინანსო,
საგადასახადო და სხვა მექანიზმები; არ ხდება დონორების მიერ პროექტების
განხორციელების შემდგომი მხარდაჭერა, რასაც ნულამდე დაჰყავს მათი საქმიანობა;
თითქმის არ არსებობს კავშირი მეცნიერებას,  ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის, რაც
ინოვაციური ეკონომიკის მთავარი მოთხოვნაა; თითქმის არ არსებობს
სახელმწიფოსა და ბიზნესის  მხრიდან შეკვეთები სამეცნიერო კვლევებზე; თითქმის
არ ხორციელდება საკუთარ კვლევებზე დაფუძნებული  ინოვაციები, ინოვაციების
იმპორტი შედარებით ხორციელდება მხოლოდ კავშირგაბმულობისა და
ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში; დაბალგანვითარებულია ინოვაციური
სისტემის ინფრასტრუქტურა (ბიზნესინკუბატორები, ტექნოპარკები,
საკონსულტაციო და ტექნოლოგიის გადაცემის ცენტრები, კლასტერები, ინოვაციური
ქსელები და სხვ.). დაბალგანვითარებულია სოფლად ჯიშთა გამოცდისა და
საკონსულტაციო სადგურები, საკონსულტაციო ცენტრები,
ჰიდრომეტეოროლოგიური, გეოლოგიური, გეოდეზიური, მეტროლოგიური,
სეისმოლოგიური, სამოდელო, ხარისხის მართვის, სამეცნიერო-ტექნიკური
ინფორმაციის, სტანდარტიზაციისა და სხვა სამსახურები; არსებობს ახალი
ტექნოლოგიების შემოტანის დამამუხრუჭებელი მრავალი ფაქტორი: ცოდნის

უქონლობა, ინსტიტუციური მხარდაჭერის არარსებობა, ფინანსური რესურსების
სიმწირე, პოლიტიკური და სოციალური დაძაბულობა;

საქართველოს ეკონომიკის ინოვაციური განვითარების მიმართულებები

უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ქვეყნის ეკონომიკის ინოვაციური განვითარება
იყოს არა ფრაგმენტული, არამედ უწყვეტი და კომპლექსური. შეიძლება გამოიყოს
საქართველოს ინოვაციური განვითარებისის შემდეგი ძირითადი მიმართულებები:
1. ინოვაციური სისტემის ხუთრგოლიანი მოდელის ჩამოყალიბება. მსოფლიოს
განვითარებულ ქვეყნებში უპირატესობა ენიჭებოდა ინოვაციური სისტემის
სამრგოლიან მოდელს (სპირალი) – მეცნიერება-სახელმწიფო-ბიზნესი, მაგრამ
დღეისათვის იგი იცვლება ოთხრგოლიანი მოდელით – მეცნიერება-სახელმწიფო-
ბიზნესი-სამოქალაქო საზოგადოება. ამას ემატება კიდევ ერთი რგოლი და
ყალიბდება ხუთრგოლიანი მოდელი – მეცნიერება-სახელმწიფო-ბიზნესი-
სამოქალაქო საზოგადოება-გარემო. ეს მოდელი სამრგოლიანი მოდელისაგან
განსხვავებით გულისხმობს ინოვაციების ღიაობის პრინციპს ანუ ინოვაციურ
პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან ჩართულობას, ასევე
არსებული გარემოს ე.ი. ეკოლოგიური ფაქტორების გათვალისწინებას, სადაც
გარემოში იგულისხმება ეკოლოგიური ფაქტორები, რომლებიც განაპირობებენ
დანარჩენი კომპონენტების მდგრად განვითარებასა და სტაბილურ
ფუნქციონირებას
2. სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერება. რისთვისაც აუცილებელია მათი
დაფინანსების ზრდა, რათა გაიზარდოს მეცნიერთა ხელფასი და განმტკიცდეს
მეცნიერების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რაც საშუალებას მოგვცემს გაიზარდოს
მეცნირთა პროდუქტიულობა, და მეცნირებით ახალგაზრდების დაინტერესება.
თანამედროვე ეტაპზე ასევე ინერგება მეცნიერების ღიაობის პრინციპი, რის
მიხედვითაც მეცნიერები თავისუფლად ითანამშრომლებენ ერთმანეთთან როგორც
ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ამისათვის კი საჭიროა გლობალურ სამეცნიერო
სივრცეში ჩართვა. კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყნის საგრანტოы სისტემის
გაფართოება. გრანტები უნდა არსებობდეს ყველა დონეზე (სახელმწიფო,
უნივერსიტეტების, ბიზნესის დონეზე). აუცილებელია მეცნიერების
საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა, რომელშიც ასახული იქნება თანამედროვე
მოთხოვნები. უნდა შეიქმნას სამეცნიერო მონაცემთა შენახვის, დამუშავებისა და
გავრცელების საიმედო ინფრასტრუქტურა.
3. განათლების სისტემის სრულყოფა. უნდა განხორციელდეს უმაღლესი
სასწავლებლების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება და მისი ეტაპობრივი
ზრდა. ეს ხელს შეუწყობს სტუდენტების მხრიდან მოთხოვნილების გაზრდას და,

შესაბამისად, მიღებული ცოდნის დონის ამაღლებას. აუცილებელია განათლების
ყველა დონეზე გააქტიურდეს აღმზრდელობითი ფუნქცია, რაც ხელს შეუწყობს
ქვეყანაში კრიმინალის, ნარკომანიისა და აზარტული თამაშებისადმი ადამიანთა
მისწრაფების შემცირებას. განათლების სისტემა უნდა პასუხობდეს ქვეყნის
ეკონომიკის ინოვაციური განვითარების მოთხოვნებს.
4. ინოვაციების იმპორტის გაძლიერება. თავდაპირველად ინოვაციური სისტემა
ორიენტირებული უნდა იყოს ტექნოლოგიების, განსაკუთრებით უახლესი და
მაღალი ტექნოლოგიების იმპორტზე. ამისათვის აუცილებელია შესაბამისი კადრების
მომზადება და ტექნოლოგიების დიფუზიის ხელშემწყობი მექანიზმების შექმნა.
უნდა აღმოიფხვრას ახალი ტექნოლოგიების შემოტანის დამამუხრუჭებელი
მრავალი ფაქორი: ცოდნის უქონლობა; პოლიტიკური ნებისა და ინსტიტუციური
მხარდაჭერის არარსებობა; ფინანსური რესურსების სიმწირე; პოლიტიკური და
სოციალური დაძაბულობა; საინვესტიციო გარემოს სრულყოფა გარედან
ინოვაციების მოსაზიდად და სხვ.
5. საკუთარ კვლევებზე დაფუძნებული  ინოვაციური სისტემის ფორმირება.
მართალია ინოვაციის იმპორტს ადგილი ექნება ყოველთვის, მაგრამ, ქვეყნის
კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად, უცილებელია თანდათან საკუთარ
კვლევებზე დაფუძნებული  ინოვაციური სისტემის ფორმირება, რაც კომპლექსური
ღონისძიებების გატარებას მოითხოვს: მეცნიერებისა და განათლების, ასევე
დაბალგანვითარებული სამეცნიერო კვლევების მომსახურებისა და კვლევის
შედეგების წარმოებაში გადაცემის (ტექნოლოგიების ტრანსფერი) სისტემის
სრულყოფა; მეწარმეთა გა გამომგონებელთა ფენის გაძლიერება; კადრების
მომზადებისა და გადამზადების სისტემის ეფექტიანობის ამაღლება და ა. შ.
6. ინოვაციური სისტემის ინფრასტრუქტურის სრულყოფა. გასაძლიერებელია მუშაობა
ინფრასტრუქტურის ელემენტების (სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები;
ტექნოპარკები; ბიზნეს-ინკუბატორები; კლასტერები, მცირე ინოვაციური
საწარმოები; ინოვაციური ტექნოლოგიური ცენტრები; კონსალტინგური ფირმები;
ტელესაკომუნიკაციო ქსელები; ფინანსური ინსტრუმენტები, მათ შორის,
ვენჩურული კაპიტალი და სხვ.) როგორც რაოდემობის, ისე მათი ეფექტიანობის
ზრდის მიმართულებით. უნდა შეიქმნას ინოვაციების განხორციელებისათვის
წამახალისებელი (სუფსიდირება, საგადასახადო შეღავათები, რისკების დაზღვევა
და სხვ.) გარემო; დონორების მიერ განხორციელებული პროექტების შედეგების
დანერგვის მხარდამჭერი მექანიზმების სოფლად ჯიშთა გამოცდისა და
საკონსულტაციო სადგურების, საკონსულტაციო ცენტრების,
ჰიდრომეტეოროლოგიური, გეოლოგიური, გეოდეზიური, მეტროლოგიური,

სეისმოლოგიური, სამოდელო, ხარისხის მართვის, სამეცნიერო-ტექნიკური
ინფორმაციის, სტანდარტიზაციისა და სხვა სამსახურების გაძლიერება.
7. საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარების დაჩქარება. საშუალო და მცირე
საწარმოები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ: უმუშევრობისა და სიღარიბის
დონის შემცირებაში; ქვეყნის სამეწარმეო პოტენციალის გადიდებაში და ამით
კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში; საშუალო ფენის ჩამოყალიბებაში და ამით
ქვეყნის ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური სტაბილურობის
განმტკიცებაში., შიგა მიგრაციის შემცირებაში, ვინაიდან საშუალო და მცირე
საწარმოების განფენილობა, პრაქტიკულად, შეუზღუდავია. ისინი შესაძლებელია
ფუნქციონირებდნენ ტერიტორიის ნებისმიერ ადგილზე. მაგრამ, თავიანთი
სიმცირის გამო ისინი საჭიროებენ სახელმწიფოს მხრიდან მნიშვნელოვან
მხარდაჭერას. აუცილებელია მიღებულ იქნეს კანონი „მცირე ბიზნესის მხარდაჭერის
შესახებ“, რაც არსებობს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში. ამ კანონის
საფუძველზე უნდა შეიქმნას მცირე ბიზნესის მხარდამჭერი ორგანო (მაგალითად
აშშ-ი ასეთ ორგანოს ჰქვია „მცირე ბიზნესის ადმინისტრაცია“) შესაბამისი
ინრასტრუქტურით, მასტიმულირებელი ინსტრუმენტებით (საგადასახადო
შეღავათები, იაფი კრედიტები, რისკების დაზღვევა, სახელმწიფო შესყიდვების
გაიოლება და ა. შ.). განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ინოვაციური მცირე
ბიზნესის განვითარებას. განვითარებულ ქვეყნებში ასეთი საწარმოები
ახორციელებენ უფრო მეტ ინოვაციურ იდეას, ვიდრე მსხვილი საწარმოები. მცირე
ბიზნესი ყველა დაწინაურებული ქვეყნის პრიორიტეტული ზრუნვის სფერო იყო.
გამონაკლისის სახით შეიძლება დავასახელოთ სამხრეთ კორეა, სადაც მსხვილი
ბიზნესის ძლიერი ლობისტური ჯგუფის გამო უპირატესობას მსხვილ ბიზნესს
ანიჭებდა, მაგრამ როდესაც დაინახეს, რომ საშუალო ფენის ჩამოყალიბებას და
სოციალ წონასწორობას საფრთხე შეექმნა, მილიარდებს ხარჯავენ მცირე ბიზნესის
განსავითარებლად.
8. დონორების მიერ პროექტების განხორციელების შემდგომი მხარდაჭერის
მექანიზმების შექმნა. აუცილებელია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტროში შეიქმნას გარკვეული ქვედანაყოფი, რომელიც ორგანიზებას
გაუკეთებს დონორების მიერ პროექტების განხორციელების შემდგომ პერიოდს –
მიღებული შედეგების დანერგვას.
9. საქართველოს რეგიონების ეკონომიკის ინოვაციური განვითარება. ამისათვის
აუცილებელია:
1. რეგიონების ეკონომიკის ინოვაციური განვითარების სიმძიმემ უნდა
გადაინაცვლოს ცენტრიდან რეგიონებისკენ.

2. რეგიონების ხელმძღვანელობამ რეგიონები უნდა გადააქციონ უცხოური
ინვესტიციებისათვის მიმზიდველ ტერიტორიებად.
3. თანდათან უნდა გაძლიერდეს რეგიონის ინოვაციური სისტემა შესაბამისი
ინფრასტრუქტურით (ვენჩურული ფონდები, ტექნოლოგიების ტრანსფერის
ცენტრები, ჯიშთა გამოცდის სადგურები, საკონსულტაციო ცენტრები,
ჰიდრომეტეოროლოგიური, გეოლოგიური, გეოდეზიური, მეტროლოგიური,
სეისმოლოგიური, სამოდელო, ხარისხის მართვის, სამეცნიერო-ტექნიკური
ინფორმაციის, სტანდარტიზაციისა და სხვა სამსახურები);
4. საქართველოს რაიონების ეკონომიკა ძირითადად აგრარური ხასიათისაა, ამდენად
უმთავრესია მოხდეს ინოვაციური ფერმების შექმნის სტიმულირება;
5. რაიონების ბუნებრივი რესურსების გამოვლენა და მათი ეფექტიანი გამოყენება;
6. სტრუქტურულ ფონდების შექმნა, რომელთა ძირითადი დანიშნულება იქნება
ფინანსური დახმარების გაწევა ჩამორჩენილობის დასაძლევად ეკონომიკის
ინოვაციური განვითარების გზით;
7. ბიოაგროწარმოების განვითარება, ეკოლოგიურად სუფთა და ბიოპროდუქციის
წარმოების ხელშეწყობა და მათი საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაცია;
8. სოფლისმეურნეობის პროდუქტთა შენახვა-გადამუშავების თანამედროვე
ტექნოლოგიების განვითარება;
9. ცოდნის გავრცელების ფარგლებში რეგიონული ექსტენციის ცენტრების შექმნა და
განვითარება და სხვ.
10. სამეცნიერო-ტექნიკური პროდუქციის ბაზრის შექმნაეკონომიკის ინოვაციური
განვითარება დგას მეცნიერებისა და, ამის საფუძველზე, ინოვაციების
განვითარებაზე. კურსი აღებული უნდა იყოს მეცნიერებატევადი პროდუქციის
წარმოებაზე. ამისათვის აუცილებელია სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-
საკონსტრუქტორო სამუშაოების (რაც გულისხმობს იმ სამუშაოთა ერთობლიობას,
რომელიც მიმართულია ახალი ცოდნის შექმნასა და მის გამოყენებაზე ახალი
პროდუქციის ან ტექნოლოგიის შესაქმნელად) დაფინანსების ზრდა, რის
საფუძველზედაც შესაძლებელი გახდება სამეცნიერო-ტექნიკური პროდუქციის
ბაზრის შექმნა. სამეცნიერო-ტექნიკურ ბაზარზე მომხმარებელი არის მეწარმე,
რომელსაც სურს თავისი საწარმოს კონკურენტუნარიანობის გაზრდა.
მიმწოდებელი კი არის ახალი პროდუქციის ან ტექნოლოგიის შემქმნელი
ორგანიზაცია. ამ ბაზრის მოცულობა დამოკიდებულია შექმნილი სიახლის
მოცულობაზე და ამ სიახლეთა დანერგვის აქტიურობაზე. სამეცნიერო-ტექნიკური
პროდუქციის ბაზარზე შეზღუდულია პროდუქციის სასაქონლო ფორმა. ბაზარს
მიეწოდება ინდივიდუალური მოხმარების პროდუქცია, ამდენად საბითუმო
ვაჭრობა აქ, როგორც წესი არ ხდება. ბაზრის სტრუქტურა შეიძლება მოიცავდეს

როგორც მსხვილ, ისე საშუალო და წვრილ საწარმოებს: უმაღლეს დაწესებულებებს,
სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს, კვლევით ლაბორატორიებს, საპროექტო და
საკონსტრუქტორო ბიუროებს, საწარმოთა სამეცნიერო-ტექნიკურ განყოფილებებს
და სხვა ორგანიზაციებს, რომლებიც დაკავებულნი არიან სამეცმიერო-ტექნიკური
საქმიანობით.
11. საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოება. ეკონომიკური უსაფრთხოების
ძირითადი შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს
პიროვნების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს სასიცოცხლო ეკონომიკური
ინტერესების მუდმივი დაცვა და ეკონომიკის დინამიკური განვითარება, როგორც
მშვიდობიან, ისე საშინაო და საგარეო ექსტრემალური სიტუაციების პირობებში. იგი
ხორციელდება საერთაშორისო, ეროვნულ, რეგიონულ, საწარმოსა და პირად
დონეზე. მისი უმნიშვნელოვანესი ინტერესებია ეკონომიკის ინოვაციური
განვითარებისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლების საფუძველზე: სოციალურ-
ეკონომიკური და სამხედრო-პოლიტიკური სტაბილურობა; რესურსების ეფექტიანი
გამოყენება და განაწილება; სახელმწიფოს ეროვნული პრიორიტეტების დაცვა და
რეალიზება; მდგრადი განვითარება; მოსახლეობის კეთილდღეობისა და ქვეყნის
თავდაცვისუნარიანობის ზრდა.
ეკონომიკური უსაფრთხოების განხორციელება გულისხმობს ღონისძიებათა
სისტემის შემუშავებასა და განხორციელებას, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის
ეროვნული ეკონომიკური სისტემის დამოუკიდებლობას, თვითმყოფადობას, მის
განვითარებას, საშინაო და საგარეო მუქარების აღკვეთას, წინასწარი ზომების
მიღებას მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად. ეკონომიკური
უსაფრთხოების განსახორციელებლად საჭიროა შესაბამისი ორგანიზაციული
სტრუქტურა. ეკონომიკური უსაფრთხოება ემყარება შემდეგ ძირითად პრინციპებს:
განვითარების ისტორიული გამოწვევებისა და მუქარების გათვალისწინება;
გრძელვადიანი სტრატეგიული მიზნებისა და ინტერესების განსაზღვრა; ადამიანის,
საზოგადოების, სახელმწიფოს სასიცოცხლო ინტერესების დაცვა; ეროვნული და
საერთაშორისო უსაფრთხოების თავსებადობა.
ეკონომიკური უსაფრთხოების შემადგენელი ნაწილებია: ფინანსური
უსაფრთხოება, ენერგეტიკული უსაფრთხოება; სასურსათო უსაფრთხოება, ასევე
მისი ცალკეული სფეროსა თუ დარგის უსაფრთხოება, როგორიცაა მრეწველობა,
ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა, ტურიზმი, ტრანზიტი, მცირე ბიზნესი და სხვ.
სტრატეგიის ყველა მიმართულების მიხედვით უნდა შემუშავდეს სახელმწიფო,
დარგობრივი და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრამები. ამ ეტაპზე მიზანშეწონილია
შემუშავდეს: „მეცნიერებისა და განათლების შემდგომი განვითარების პროგრამა“,
„მრეწველობის ინოვაციური განვითარების პროგრამა“, „სოფლის მეურნეობის

ინოვაციური განვითარების პროგრამა“, „ენერგეტიკის ინოვაციური განვითარების
პროგრამა“, „მცირე ბიზნესის შემდგომი განვითარებისა და მხარდაჭერის
პროგრამა“
სწორედ მეცნიერებისა და განათლების სფეროში გატარებული
რადიკალური პროგრესული ცვლილებების შედეგად არის შესაძლებელი
ეფექტიანი ინოვაციური სისტემის ჩამოყალიბება და ინოვაციური ეკონომიკის
ფორმირება. ასევე, უმნიშვნელოვანესია მრეწველობის ინოვაციური განვითარების
უზრუნველყოფა, ვინაიდან იგი ეკონომიკის მოწინავე დარგია და მისი
განვითარების გარეშე სხვა დარგების განვითარება შეუძლებელია. სწორედ
მრეწველობის ინოვაციურმა განვითარებამ უნდა განაპირობოს მთელი
ეკონომიკის ინოვაციური განვითარება. მრეწველობის ინოვაციური განვითარება
უნდა ეფუძნებოდეს მეცნიერებატევადი წარმოებების შექმნასა და განვითარებას.
სოფლის მეურნეობაში (რომელიც წარმოადგენს ქვეყნის სასურსათო
უსაფრთხოების საფუძველს) უნდა დაჩქარდეს უახლეს ტექნოლოგიებზე
დაარსებული ფერმერული (სასაქონლო) მეურნეობის ჩამოყალიბება. ამ დარგში
მოზიდული უნდა იქნეს ქართველ ბიზნესმენთა ინვესტიციები. ენერგეტიკა სხვა
გარგებთან შედარებით წინმსწრები ტემპებით უნდა ვითარდებოდეს. ძირითადი
მიმართულება, ბუნებრივია, არის ალტერნატიული ენერგეტიკის (განახლებად
ენერგიაზე დაფუძნებული) გაძლიერება. საწრაფოდ უნდა გადაიჭრას
ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებული
წინააღმდეგობები მოსახლეობის მხრიდან. განახლებადი ენერგეტიკა არ არის
მხოლოდ მოკლე პერიოდზე გათვლილი, იგი მომავლის ენერგეტიკაა, რომელიც
არასდროს ამოიწურება. მცირე ბიზნესის განვითარების გარეშე შეუძლებელი
იქნება ქვეყანაში საშუალო ფენის ჩამოყალიბება, უმუშევრობისა და სიღარიბის
მნიშვნელოვანი შემცირება.
წყარო: აბესაძე რ. საქართველოს ეკონომიკის ინოვაციური განვითარების სტრატეგიის
ძირითადი მიმართულებები. “ეკონომისტი” 2022 № 2

მსგავსი სიახლეები

სებ-მა ფულის გათეთრების დისტანციური ზედამხედველობის პორტალის გამოყენების წესი დაამტკიცა

სებ-მა ფულის გათეთრების დისტანციური ზედამხედველობის პორტალის გამოყენების წესი დაამტკიცა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ანტი ფულის გათეთრების (AML) და ტერორიზმის ფინანსირების საწინააღმდეგო (CFT) დისტანციური პორტალის გამოყენების წესი დაამტკიცა. პორტალის სახელია www.aml-cft.nbg.ge და ის ფულის…
ეკონომიკის სამინისტრო “ფოსტის შესახებ” კანონის საპარლამენტო განხილვებისთვის კონსულტანტს ქირაობს

ეკონომიკის სამინისტრო “ფოსტის შესახებ” კანონის საპარლამენტო განხილვებისთვის კონსულტანტს ქირაობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შესყიდვების სააგენტოს გამარტივებული შესყიდვის განხორციელების მიზნით მიმართავს. საუბარია საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის დირექტივებთან დაახლოების მიზნით „ფოსტის შესახებ“ კანონის…
2023 წელს საქართველოში რეკორდულად ბევრი ჩინური ავტომობილი შემოვიდა

2023 წელს საქართველოში რეკორდულად ბევრი ჩინური ავტომობილი შემოვიდა

ბოლო წლებში, ჩინურმა ავტომწარმოებელმა კომპანიებმა მსოფლიოში მასშტაბური ექსპანსია დაიწყეს, რომელიც ადგილობრივი კომპანიების მიერ გლობალური ბაზრის წილის მნიშვნელოვან ზრდას ისახავს მიზნად. ტენდენციის…