შავი ზღვის ელექტრო კაბელზე ტექნიკური კვლევა ივლისში დასრულდება – ეკონომიკის მინისტრი

შავი ზღვის ელექტრო კაბელზე ტექნიკური კვლევა ივლისში დასრულდება – ეკონომიკის მინისტრი

შავი ზღვის ელექრტოკაბელის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევა 2024 წლის ივლისში დასრულდება – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა BMG-ის კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

კაბელის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევა საქართველოს ინიციატივით ჯერ კიდევ 2022 წლის მაისში დაიწყო და ის 18 თვის ვადაში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ის 2024 წლის ივლისამდე არ დასრულდება. კვლევას იტალიური ენერგეტიკული საკონსულტაციო კომპანია CESI ამზადებს.

შავი ზღვის კაბელის შესახებ მემორანდუმი 2022 წლის 17 დეკემბერს გაფორმდა და მის ხელმომწერებს შორის არიან საქართველო, აზერბაიჯანი, უნგრეთი და რუმინეთი. პროექტის კონცეფციის მიხედვით, აზერბაიჯანი და საქართველო ელექტროენერგიის მიმწოდებლები, ხოლო რუმინეთი და უნგრეთი მომხმარებლები იქნებიან. ამასთან, მემორანდუმის გაფორმებისას ითქვა, რომ აზერბაიჯანი ევროკავშირს მწვანე ენერგიას მიაწვდიდა, თუმცა არსებული მდგომარეობით ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის გამომუშავება 95%-ით საწვავ რესურსებზე არის დამყარებული, ხოლო მზის და ქარის ენერგიის ათვისებას აზერბაიჯანი მხოლოდ ახლა იწყებს. ამასთან, მკაფიოდ განსაზღვრული არაა, როდის შევა ამ მიმართულებით ახალი სიმძლავრეები ძალაში. პარალელურად, საქართველოში ყველაზე დიდი ზომის ელექტროსადგურების მშენებლობის პროცესი გაჭიანურებული, გაყინული, ვადაგადაცილებული და შეფერხებულია, საუბარია ისეთ პროექტებზე როგორიცაა ნამახვანი, ნენსკრა და ხუდონჰესი. პირველადი კონცეფციის თანახმად, სწორედ ამ პროექტების ჭარბი ენერგიით ვაჭრობა უნდა მოეხდინა საქართველოს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან.

ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის გახანგრძლივების მიზეზი პროექტში ახალი მონაწილე ქვეყნების ჩართვა გახდა, რადგანაც თავდაპირველად, კაბელის განვითარება მხოლოდ ორი მონაწილის, რუმინეთის და საქართველოს ელექტროსისტემების ჩართულობით განიხილებოდა. როგორც მინისტრი აღნიშნავს, ექსპერტები სწავლობენ ყველა მონაწილე ქვეყნის, ასევე მთლიან სამხრეთ კავკასიის და თურქეთის ენერგეტიკულ სისტემას, რის შემდეგაც ეკონომიკურ-ტექნიკური დასაბუთების კვლევა დასრულდება.

ლევან დავითაშვილის თქმით, პროექტზე მსჯელობა ირაკლი კობახიძის ბრიუსელში ვიზიტის დროს გაიმართა, ხოლო პროექტის დაფინანსების წყაროთა შორის მსოფლიო ბანკთან ერთად ევროკავშირის ფონდები განიხილებიან.

“ჩვენ ბრიუსელში შევეხეთ კაბელის მიმდინარეობის საკითხს და ვისაუბრეთ დაფინანსების შესაძლებლობებზე. კვლევასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ რომ ის დაკორექტირდა და ივლისში დასრულდება შესაბამისად ჯერ არ გვაქვს სრულყოფილი მონაცემები, საწყის ეტაპზე იყო ის საქართველოს მიერ ინიცირებული, ეს იყო საქართველოს და რუმინეთის ელექტროგადამცემი ოპერატორების მხრიდან, თუმცა ამას შემდგომში დაემატა ევროპის მხრიდან უნგრეთი და სამხხრეთ კავკასიაში აზერბაიჯანი და ოთხმხრივი ხელშეკრულების ფარგლებში დავიწყეთ კვლევა. ამ კვლევის ფარგლებში დაემატა აზერბაიჯანის ელექტროენერგეტიკული პოტენციალის შესწავლაც, ასევე სამხრეთ კავკასიის, მათ შორის სომხეთის ბაზრის და თურქეთის ბაზრის შესწავლაც. ასევე ბულგარეთი დამკვირვებელი წევრის სახით მონაწილეობს. აქედან გამომდინარე კვლევის ვადები გახანგრძლივდა. ხდება დაზუსტება ექსპერტებთან. სრული დოკუმენტი ხელმისაწვდომი იქნება ივლისში.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პროექტი ოპერატიულად განხორციელდეს.

ჩვენი კაბელი იქნება არამხოლოდ ყველაზე გრძელი, არამედ ყველაზე ღრმა წყალქვეშა ელექტროკაბელიც და ამ საკითხზე მწარმოებლებთან ინტენსიური კომუნიკაცია დავიწყეთ, რათა მოხდეს გარკვეული პროცესების პარალელურად მართვა.

რაც შეეხება დაფინანსების საკითხებს, იცით რომ მსოფლიო ბანკი იყო პირველი პარტნიორი ამ პროექტში და კვლევაზე თანხები მათ მიერ იყო გამოყოფილი, თუმცა ეს საქართველოს მიერ აღებული სესხი იყო. დიდი ნაწილი უშუალოდ პროექტის მოსალოდნელია რომ მსოფლიო ბანკის მიერ იყოს გამოყოფილი, ასევე კარგი პირობებით და გარკვეული ზეპირი შეთანხმებები უკვე არსებობს. თუმცა, ამ პროექტში მონაწილეობს ევროკავშირის ორი წევრი ქვეყანა და მას შეეხება ევროპის გარკვეული ფონდებიდან დაფინანსება, თუმცა დაფინანსბის სტრუქტურაზე საუბარი მაინც ნაადრევია ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის დასრულებამდე. EIB და ევროპის გარკვეული ფონდები იქნებიან დაფინანსების წყაროები. ასევე შესაძლებელია, რომ თუკი მხარეებს შორის იქნება შეთანხმება კერძო ოპერატორებიც ჩაერთონ, რასთან დაკავშირებითაც სურვილი უკვე გამოითქვა და ეს დაფიქსირებულია, თუმცა გააჩნია რამდენად დადგება ამის საჭიროება”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

სოხუმის აეროპორტის ამოქმედება ზაფხულამდე იგეგმება – ე.წ. ელჩი

სოხუმის აეროპორტის ამოქმედება ზაფხულამდე იგეგმება – ე.წ. ელჩი

“სოხუმის ახალი აეროპორტის ამოქმედება 2025 წლის ტურისტული სეზონის დაწყებამდე იგეგმება”, – ამის შესახებ პროპაგანდისტულ გამოცემა Sputnik-თან, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ელჩმა რუსეთში,…
აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება

აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება. ინფორმაციას რუსული მედია ე.წ. ცესკო-ზე დაყრდნობით ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში…
მერიის 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტით, ხარჯები 241 მლნ-ით, 1.8 მილიარდამდე მცირდება

მერიის 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტით, ხარჯები 241 მლნ-ით,…

თბილისის მერიამ საკრებულოს 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი წარუდგინა, რომელიც საკრებულოში განხილვების შემდეგ დაკორექტირდება. ბიუჯეტის პირველადი პროექტით, თბილისის მერიის ხარჯები 1,781,853,300…