ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოები არ შეჩერებულა

ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოები არ შეჩერებულა

ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ფსკერის დაღრმავების სამუშაოები არ შეჩერებულა – უწყება პასუხობს ზოგიერთი მედიით გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სამუშაოები შეჩერებულია.

“გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო დროს ზოგიერთ მედიასაშუალებაში და სოციალურ სივრცეში გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის პროექტის მშენებლობა შეჩერდა და იქ სამშენებლო სამუშაოები აღარ მიმდინარეობს.

ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ეს ინფორმაცია არის ტყუილი და მიზანმიმართულად ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. გვსურს განვმარტოთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის მიმდინარეობა:

შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურსა” და საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ ერთობლივ საწარმოს (რომლის წამყვანი წევრია ბელგიური კომპანია Jan De Nul N.V.) შორის 2024 წლის 29 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება შედგება ორი ეტაპისაგან: მობილიზაცია/პროექტირება და უშუალოდ მშენებლობა.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ტერიტორიაზე სამობილიზაციო სამუშაოები (I ეტაპი) ოფიციალურად დაიწყო 2024 წლის 16 სექტემბერს. გასული თვეების განმავლობაში ტერიტორიაზე შემოტანილი იქნა ტალღმტეხის მშენებლობისათვის საჭირო 200 000 კუბურ მეტრზე მეტი კლდოვანი მასა/ქვის ლოდები დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. პარალელურ რეჟიმში ჩატარდა ყველა საჭირო კვლევა (ზღვის ფსკერის ბათიმეტრია, ასაშენებელი ტალღმტეხის ჰიდრო-დინამიკური ზეგავლენის კვლევა-შეფასება და ა.შ) ევროპული კომპანიების მიერ, ხოლო ავტორიტეტულმა ჰოლანდიურმა კომპანიამ Royal Haskoning DHV მოამზადა ტალღმტეხის დეტალური დიზაინი/პროექტი.

გარდა ამისა, ტერიტორიაზე მოეწყო სამიმოსვლო გზები, სამშენებლო მოედანზე მოხდა ყველა საჭირო კომუნიკაციის შეყვანა, დასრულდა ბეტონის ქარხნისა და ბეტონის დამცავი ბლოკების საწარმოო პოლიგონის მონტაჟი. პროექტის პირველი ეტაპი, რომელიც გულისხმობდა სამობილიზაციო და საპროექტო სამუშაოებს, დასრულებულია და უკვე გაცემულია შესაბამისი სამშენებლო ნებართვაც. ამჟამად მიმდინარეობს სამობილიზაციო ეტაპზე ჩატარებული სამუშაოების საბოლოო შეფასება, რის შემდეგაც კონტრაქტორი სამშენებლო სამუშაოებს ოფიციალურად შეუდგება.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის სამშენებლო პროექტის ფარგლებში საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირება-მშენებლობაზე ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების გაწევის მიზნით, პროექტში ერთვება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, რომელთანაც უახლოეს დღეებში გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება.

აქვე აღვნიშნავთ, რომ აქტიურად გრძელდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის კერძო პარტნიორის შესარჩევ პროცესში მონაწილე კონსორციუმის მიერ წარმოდგენილ წინადადებასთან დაკავშირებით საკითხების დაზუსტების პროცესი, რომლის დასრულების შემდეგაც ხელი მოეწერება საბოლოო ხელშეკრულებას,”- ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.

2026 წელს ანაკლიის პორტის პროექტზე 195 მილიონი ლარი დაიხარჯება – ბიუჯეტის პროექტი

2026 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის და პორტამდე მისასვლელი გზის მშენებლობაზე საერთო ჯამში 195 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება.

ფინანსთა სამინისტროს მიერ პარლამენტში წარდგენილი ბიუჯეტის პროექტის თანახმად, პორტის ფსკერის დაღრმავების სამუშაოებსა და ტალღმჭრელის მოწყობაზე 150 მილიონი ლარი დაიხარჯება, რაზეც წელსაც 150 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული.

ამასთან, მომდევნო წელს უნდა დაიწყოს პორტამდე მისასვლელი 18-კილომეტრიანი გზის მშენებლობა, რისთვისაც 45 მილიონი ლარის გათვალისწინება იგეგმება, 2027 წელს კი გზის მშენებლობაზე 125 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს, პორტის ინფრასტრუქტურის მოწყობაზე კი ასევე 125 მილიონი ლარი. ადგილზე პორტის ფსკერის დაღრმავების სამუშაოებს 2024 წლის ზაფხულში გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე ბელგიური კომპანია Jan De Nul-ი ახორციელებს.

მსგავსი სიახლეები

დიდუბის რაიონში, იროდიონ ევდოშვილის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ერთი თვით იზღუდება

დიდუბის რაიონში, იროდიონ ევდოშვილის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ერთი თვით…

თბილისის მერიის ინფორმაციით, დიდუბის რაიონის გამგეობა, იროდიონ ევდოშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეიდან ერთი თვის განმავლობაში, საავტომობილო…
ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ $116 მილიონისა და ₾54 მილიონის ჯარიმები აქვთ დაკისრებული

ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ $116 მილიონისა…

ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ 116 მილიონი დოლარისა და 54 მილიონი ლარის ჯარიმები აქვთ დაკისრებული – ამის შესახებ სახელმწიფო…
სეს-ი რეკომენდაციებს ავრცელებს, რა უნდა გავითვალისწინოთ ონლაინ პლატფორმებზე სურსათის შეძენისას

სეს-ი რეკომენდაციებს ავრცელებს, რა უნდა გავითვალისწინოთ ონლაინ პლატფორმებზე სურსათის…

ონლაინ პლატფორმებზე სურსათის (ისევე როგორც სხვა პროდუქტების) შეძენა, დღეს საკმაოდ აქტუალურია. სოციალურ ქსელში ხშირია სხვადასხვა სახის სურსათის შეთავაზებების შემთხვევები, რაც გარკვეულ…