საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გამართულ მინისტერიალში („სამომავლო ხედვა – ციფრულ სოფლის მეურნეობაზე გადასვლა“) მიიღო მონაწილეობა.
მინისტერიალი აზერბაიჯანის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებითა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით იმართება და მისი მთავარი გზავნილია აგრარული მიმართულებით ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა და სტანდარტიზაცია, რაც გაამარტივებს და გამჭვირვალეს გახდის ფერმერებთან ურთიერთობას, უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის და გამჭვირვალობის გაზრდას. ციფრული ტექნოლოგიები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობების დროს.
ოთარ შამუგიამ მინისტერიალის მრგვალი მაგიდის ფორმატით გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც 10 ქვეყნის მინისტრი და საერთაშორისო ორგანიზაციების გენერალური დირექტორები ესწრებოდნენ, საქართველოს სოფლის მეურნეობის გაციფრულების მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე გაამახვილა ყურადღება.
„ჩვენ არა ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადავდგით სოფლის მეურნეობის გაციფრულების მიმართულებით. მუშაობს ფერმერებთან და მეწარმეებთან ინფორმაციის გაცვლის ელექტრონული სისტემა, მიღებული მოსავლის (ყურძენი) აღრიცხვა ერთიანი ელექტრონული პროგრამის საფუძველზე, სერტიფიკატების და ნებართვების გაცემა ელექტრონული სისტემების მეშვეობით; საექსტენციო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, შეიქმნა ციფრული პლატფორმები; მიწის მდგრადი მართვის უზრუნველსაყოფად, მიმდინარეობს ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაცია, მიწის რესურსების მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა, საძოვრების რეგისტრაცია და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ციფრულ რუკაზე განთავსება. აქტიურად განვიხილავთ ისეთ ღონისძიებებს, როგორიცაა თანამგზავრული და აერო სურათების დამუშავებით სასოფლო-სამეურნეო კულტურების დარუკება, სასოფლო-სამეურნეო კულტურებში წყლის დეფიციტის განსაზღვრა, დაუმუშავებელი სავარგულების იდენტიფიცირება და სხვა. ჩვენ ვართ ღია საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისთვის“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრთან, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ მუხტარ ბაბაევთან, მოლდოვის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის და სურსათის მინისტრ ვიორელ ჩერჩიუსთან, ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) გენერალურ დირექტორ პაურო კაბლასკოსთან, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალურ დირექტორ ქიუდონგუსთან.
მინისტერიალში მონაწილეობას ღებულობდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ზურაბ პატარაძე.
ქუთაისი ყოველთვის იყო განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერა ჩვენს ქვეყანაში.დღეიდან კი, ტექნოლოგიური ჰაბის გახსნით, ქუთაისი ასევე ხდება საქართველოს ტექნოლოგიური…
სემეკ-მა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია ავრცელებს. კომისიის ცნობით, სემეკ-ის…
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს წუხილს ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ…