„დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო“, პრემიერის გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, საზოგადოებრივ სამუშაოებს, ან შრომის ბაზარზე არსებულ შესაბამის ვაკანსიებს სთავაზობს. იმ შემთხვევაში კი, თუ ბენეფიციარი არაფორმალურ სექტორშია დასაქმებული, საქმიანობის ფორმალიზების შესაძლებლობა ეძლევა. აღნიშნულ შეთავაზებაზე დათანხმების შემთხვევაში, ოჯახს, 4 წლის განმავლობაში, უწყვეტად უნარჩუნდება საარსებო შემწეობა.
„პროგრამის განხორციელება მიმდინარე წლის 1-ელ მარტს დაიწყო და მაისის დასაწყისის მდგომარეობით, უკვე 7 195 სოციალური შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი პირია დასაქმებული“, – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, საქართველოს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას.
ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, დასაქმების ხელშეწყობაზე საუბრის დროს, განსაკუთრებით ხაზგასასმელია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ახალი ინიციატივა, რომლის მიზანია სოციალურად დაუცველი, შრომისუნარიანი პირების მიმართ შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის განხორციელება და მათი გააქტიურება შრომის ბაზარზე, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის გზით“, – აღნიშნა მინისტრმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
ზურაბ აზარაშვილის თქმით, მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა დასაქმების ხელშეწყობაა. სწორედ ამ მიზნით, ფუნქციონირებს „დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო“, რომელიც შრომის ბაზრის აქტიურ პოლიტიკას ახორციელებს და სამუშაოს მაძიებლებს აძლევს შესაძლებლობას, ჩაერთონ ისეთ პროგრამებში, როგორებიცაა: პროფესიული მომზადებისა და გადამზადების მოკლევადიანი კურსები, სტაჟირება.
მინისტრის განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სააგენტოს ინსტიტუციურ განვითარებას. ეტაპობრივად, იზრდებოდა სააგენტოს წარმომადგენლობა, რომელიც საწყის ეტაპზე, მხოლოდ თბილისსა და 7 რეგიონში ფუნქციონირებდა. დღეისათვის კი, სააგენტო უკვე წარმოდგენილია თბილისსა და ყველა რეგიონში, მუნიციპალურ დონეზე.
„ვაგრძელებთ მუშაობას შრომის ბაზრის გაძლიერებისა და ეკონომიკის გაუმჯობესების მიზნით. შესაბამისად, ინსტიტუციურად გაძლიერდება დასაქმების სააგენტო და დასაქმების ყველა სერვისი ხელმისაწვდომი იქნება, სრულად, ქვეყნის მასშტაბით“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.