მთავრობა უსახლკაროთა საცხოვრებლით დაკმაყოფილების პროგრამას იწყებს – პირობები ცნობილია

მთავრობა უსახლკაროთა საცხოვრებლით დაკმაყოფილების პროგრამას იწყებს – პირობები ცნობილია

2023 წლის 3 ნოემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უსახლკაროთა და მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებლით დაკმაყოფილების სახელმწიფო პროგრამა დააანონსა. მისი თქმით, 1000-მდე ოჯახს მთავრობა სახლს გადასცემს, პროგრამის ღირებულება კი 50 მილიონი ლარი იქნება. პროგრამა მთავრობის 2024 წლის პირველ სხდომაზე განიხილეს, საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული შესაბამისი დადგენილებაც გამოქვეყნდა. დადგენილება ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევიდა და ძალაში 2025 წლის ბოლომდეა.

დოკუმენტის მიხედვით, პროგრამის ბენეფიციარი შეიძლება იყოს ოჯახი 3 და მეტი არასრულწლოვანი ბავშვით, რომლის ყველა წევრი რეგისტრირებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. დადგენილების მიხედვით, საცხოვრისი შეიძლება გადაეცეს ოჯახს, რომელიც ან სრულიად უსახლკაროა ან გააჩნია საცხოვრისი თუმცა, მისი ღირებულება ნაკლებია 50,000 ლარზე.

მთავრობის დადგენილება – უსახლკარო/მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახ(ებ)ის განსახლების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა
 

დადგენილებაში აღნიშნულია, რომ პროგრამის მიზანი საქართველოს მოქალაქე უსახლკარო/მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი (3 და მეტი არასრულწლოვანი) ოჯახებისათვის დამატებითი სოციალური მხარდაჭერის მიზნით გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებაა.

განსახლების პირობები და განსახლების გამომრიცხავი გარემოებები კი შემდეგნაირია:

უსახლკარო ოჯახი შეიძლება, განსახლებულ იქნეს, თუ ოჯახის ყველა წევრი, კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრირებულია სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვთ 120 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულა. ამასთან, კომისია უფლებამოსილია, განსაზღვროს განსახლების ეტაპები, სოციალური ქულის მიხედვით. ამავდროულად, უსახლკარო ოჯახი უნდა აკმაყოფილებდეს ჩამოთვლილი პირობებიდან ერთ-ერთს მაინც:

ა) ცხოვრობს უსახლკარო ოჯახის წევრ(ებ)ის საკუთრებაში/ თანასაკუთრებაში, მაგრამ საცხოვრებელი პირობები არის მძიმე;

ბ) უსახლკარო ოჯახის წევრ(ებ)ს არ უფიქსირდება საკუთრებაში/ თანასაკუთრებაში უძრავი ნივთი და ცხოვრობს ქირით ან ქირის გარეშე;

გ) დროებით განსახლებულია სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის მიერ, რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი საჯარო დაწესებულების დოკუმენტაციით.

2. ამ პროგრამით გათვალისწინებული განსახლების გამომრიცხავი გარემოებებია:

ა) უსახლკარო ოჯახის წევრ(ებ)ი, კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრირებული არის/არიან სააგენტოს დევნილთა მონაცემთა ბაზაში/ სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული (ეკომიგრანტი) ოჯახების ერთიან ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში;

ბ) უსახლკარო ოჯახის წევრ(ებ)ს სახელმწიფოსგან ერთხელ უკვე მიღებული აქვს/აქვთ საცხოვრებელი ფართი ან სათანადო ფულადი კომპენსაცია საცხოვრებელი ფართის შესაძენად;

გ) უსახლკარო ოჯახის წევრ(ებ)მა საცხოვრებელი ფართი გაასხვისა 2023 წლის 1 სექტემბრიდან;

დ) უსახლკარო ოჯახის ყველა წევრი არ არის საქართველოს მოქალაქე.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ პროგრამის ფარგლებში არ განიხილება იმ უსახლკარო ოჯახ(ებ)ის განსახლების საკითხი, რომელსაც საკუთრებაში აქვს უძრავი ნივთი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სააგენტოს მიერ შესაბამისი საექსპერტო დასკვნით დადასტურებული იქნება, რომ უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულება 50 000 ლარს არ აღემატება. ამასთან, უსახლკარო ოჯახების განსახლება საქართველოს ნებისმიერ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში მოხდება.

დადგენილებაში უსახლკარო ოჯახების განსახლების პროცესიცაა განმარტებული, რომელიც მიხედვით, სააგენტო მუნიციპალიტეტებიდან გამოითხოვს ინფორმაციას მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები იმ უსახლკარო ოჯახების შესახებ, რომელთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა შესაძლებელია, განხორციელდეს ამავე პროგრამის შესაბამისად.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ უსახლკარო ოჯახების შეფასება კრიტერიუმების შესაბამისად მოხდება, რომლითაც მხოლოდ კომისიის მიერ მათი განხილვის პრიორიტეტულობა განისაზღვრება.

ამასთან, შეფასებული, კომისიის მიერ განსაზღვრული უსახლკარო ოჯახები, მათი საჭიროებების ადგილზე გადამოწმების მიზნით, სააგენტოს მონიტორინგის დეპარტამენტს გადაეცემა. რის შემდეგაც სააგენტოს მონიტორინგის დეპარტამენტი უსახლკარო ოჯახების საჭიროებების ადგილზე გადამოწმებას, მონიტორინგის ფორმის შევსებას და, საჭიროების შემთხვევაში, უწყებებიდან ინფორმაციის გამოთხოვას უზრუნველყოფს.

წარდგენილი ინფორმაციისა და მონიტორინგის საფუძველზე, კომისია განსაზღვრავს განსახლების მოცემულ ეტაპზე იმ უსახლკარო ოჯახთა კონტიგეტს, რომელთა მიმართაც განსახლების ღონისძიებები უნდა განხორციელდეს.

ამავე დადგენილებაში აღნიშნულია, რომ კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, უსახლკარო ოჯახების დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გამოიცემა სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჩივრდება სასამართლოში. სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ უსახლკარო ოჯახს ეცნობება წერილობით.

აღსანიშნია, რომ უსახლკარო ოჯახებს, რომელთა მიმართ გამოიცა დაკმაყოფილების შესახებ აქტი, მიეცემათ 6-თვიანი ვადა, რათა მათ სააგენტოში განცხადებით წარადგინონ შესასყიდად საცხოვრებელი ფართი (სახლი/ ბინა). განცხადებას აუცილებლად თან უნდა ერთოდეს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, წარდგენილი საცხოვრებელი ფართი (სახლი/ ბინა) სააგენტოს მიერ შესაძლებელია, შესყიდულ იქნეს იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოს მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ წარდგენილი ფოტომასალით/დოკუმენტაციით დადასტურდება, რომ მასში შექმნილია საცხოვრებელი პირობები. წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე კი კომისია იღებს გადაწყვეტილებას საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) სააგენტოს მიერ უსახლკარო ოჯახისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრებაში გადაცემაზე.

შესყიდვის ღირებულება ერთ საცხოვრებელ ფართზე განისაზღვრება არაუმეტეს 50 000 ლარით. კომისია უფლებამოსილია, მიიღოს უარყოფითი გადაწყვეტილება საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრებაში გადაცემაზე, იმ შემთხვევაში, თუ სახლის მდგომარეობა არ აკმაყოფილებს მინიმალურ საყოფაცხოვრებო პირობებს ან არსებობს რაიმე იმგვარი გარემოება, რომელიც ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის/აფერხებს საცხოვრებელ ფართში ცხოვრებას და საკუთრებაში გადაცემას.

კანონმდებლობის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საცხოვრებელი ფართი (სახლი/ბინა) რეგისტრირდება უსახლკარო ოჯახის წევრების თანასაკუთრებად. სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული სარეგისტრაციო მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის გადახდას სააგენტო უზრუნველყოფს.

კანონმდებლობით დადგენილი წესით, უსახლკარო ოჯახისათვის უძრავი ქონების (საცხოვრებელი ფართის) საკუთრებაში გადაცემა განხორციელდება ამ უძრავი ქონების 10 წლის განმავლობაში გასხვისების უფლების შეზღუდვის პირობით.

მსგავსი სიახლეები

ლაშა ხუციშვილი და ნათია თურნავა IMF-ის დირექტორის მოადგილეს შეხვდნენ

ლაშა ხუციშვილი და ნათია თურნავა IMF-ის დირექტორის მოადგილეს შეხვდნენ

ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ IMF-ის მმართველი დირექტორის მოადგილესთან, ბო ლისთან გამართეს შეხვედრა. მხარეთა…
ევროპის ცენტრალური ბანკი განაკვეთს მალე შეამცირებს – ლაგარდი

ევროპის ცენტრალური ბანკი განაკვეთს მალე შეამცირებს – ლაგარდი

ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის, კრისტინ ლაგარდის განცხადებით, უწყება რეფინანსირების განაკვეთს უახლოეს მომავალში შეამცირებს. მართალია, ბანკირს ზუსტი თარიღი არ დაუსახელებია, თუმცა ექსპერტები…
თბილისის ენერგომოხმარება იზრდება – “თელასი” ანგარიშს აქვეყნებს

თბილისის ენერგომოხმარება იზრდება – “თელასი” ანგარიშს აქვეყნებს

კომპანია „თელასმა“ 2024 წლის პირველი კვარტალის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, თბილისის აბონენტების მიერ მოხმარებული ელექტროენერგია წლიურად 5.5%-ით არის გაზრდილი. ასევე…