მწვანე ეკონომიკის განვითარების იმპერატივები და მისი ურთიერთკავშირი ინოვაციურ  ეკონომიკასთან

მწვანე ეკონომიკის განვითარების იმპერატივები და მისი ურთიერთკავშირი ინოვაციურ ეკონომიკასთან

ვახტანგ ბურდული ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშომელი, განყოფილების ხელმძღვანელი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,

ამჟამად მსოფლიო საზოგადოება წინ სწევს “მწვანე” ეკონომიკის ჩამოყალიბების საკითხს,

რომელმაც თანდათანობით უნდა შეცვალოს უკვე მრავალი ათწლეულის განმავლობაში მოქმედი “ყავისფერი” ეკონომიკა, რომელიც სერიოზულ ზიანს აყენებს გარემოს და ახდენს დიდი საფრთხეების ინდუცირებას თანამედროვე და, განსაკუთრებით, მომავალი თაობების ნორმალური არსებობისათვის. განვითარებულ ქვეყნებში ასევე აქტიურად ხორციელდება ინოვაციური ეკონომიკის ჩამოყალიბების კონცეფცია. რამდენადაც “მწვანე” ეკონომიკის კონცეფციაში დიდი ყურადღება ეთმობა “მწვანე” ეკონომიკაზე ორიენტირებული სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტო შემუშავებების ((R&D) განხორციელებას და “მწვანე” ინოვაციების რეალიზაციას, ამდენად, ბუნებრივია, რომ გარკვეულ ფარგლებში ეკონომიკის ეს ორი ტიპი ნაწილობრივ შეეთავსება (ე. ი. –გადაიკვეთება). “მწვანე” ეკონომიკის განვითარება მოითხოვს ინოვაციური ეკონომიკის აპარატის და ინსტრუმენტების

გამოყენებას.

“მწვანე” ეკონომიკაზე გადასვლის აუცილებლობის იმპერატივები

როგორც მსოფლიო, ისე ცალკეული ქვეყნების ეკონომიკების მდგრადი განვითარება სულ უფრო ხშირად წყვეტას განიცდის, კერძოდ, არარაციონალური ბუნებათსარგებლობის ფაქტორების ზემოქმედების გამო. თუმცა ამჟამად გაბატონებულმა ეკონომიკურმა სისტემამ (“ყავისფერმა” ეკონომიკამ) გარკვეული დადებითი შედეგები მოიტანა ცხოვრების დონის ამაღლებაში, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ამ სისტემის ფუნქციონირების ნეგატიური შედეგები. ეს არის როგორც ეკოლოგიასთან (კლიმატის ცვლილება, გაუდაბნოება, ბიომრავალფეროვნების დაკარგვა), ისე რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემები _ ბუნებრივი კაპიტალის გამოფიტვა (არაგანახლებადი და ზოგიერთი განახლებადი რესურსის გამოფიტვა, ნიადაგის ეროზია, მტკნარი წყლის, სურსათისა და ენერგიის ნაკლებობა, გარემოს დაბინძურება საწარმოო და სამომხმარებლო ნარჩენებით და მისი დეგრადაცია და ა. შ.). გლობალური ფინანსური, ენერგეტიკული და ეკოლოგიური კრიზისის მიზეზები დაკავშირებულია ბუნებრივი რესურსების ინტენსიურ და არარაციონალურ ამოღებასთან, მათი გამოყენების ცუდ მართვასთან ერთად. ამის შედეგად განუხრელად იზრდება უზარმაზარი, მაგრამ ძირითადად ფარული ეკოლოგიური დავალიანება პლანეტისა და მომავალი თაობების წინაშე. ესე იგი იქმნება საფრთხე ამჟამინდელი და, განსაკუთრებით, მომავალი თაობებისათვის. რაც იზრდება იმის გაგება, თუ რა საფრთხეები წარმოიშვება განვითარების ამ მოდელის გამოყენებით, სულ უფრო მეტი ყურადღება ეთმობა მისი რეორგანიზაციის პრობლემებს. ამასთან დაკავშირებით უკანასკნელ პერიოდში წარმოიშვა “მწვანე” ეკონომიკაზე გადასვლის პრობლემა. “მწვანე” ეკონომიკის კონცეფციის ჩარჩოებში ითვლება, რომ ეკონომიკა წარმოადგენს ბუნებრივ გარემოზე დამოკიდებულ კომპონენტს, რომლის ფარგლებში ის არსებობს და მის ნაწილს წარმოადგენს. ეს კონცეფცია ემყარება სამ აქსიომას: შეუძლებელია უსასრულოდ გავლენის სფეროს გაფართოება შეზღუდულ სივრცეში; შეუძლებელია უსასრულოდ მზარდი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მოთხოვნა რესურსების შეზღუდულობის პირობებში; დედამიწის ზედაპირზე ყველაფერი ურთიერთდაკავშირებულია. ამ აქსიომებიდან გამომდინარეობს, რომ მუდმივი ეკონომიკური ზრდა შეუძლებელია _ შესაძლებელია მხოლოდ მუდმივი ეკონომიკური განვითარება. ამ სამი აქსიომის მხედველობაში მიღებით განვიხილოთ ყველაზე თვისებრივი სერიოზული მიზეზები, რომლებსაც შეუძლიათ მდგრადი განვითარების პერიოდული წყვეტა იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება მიღებული ქმედითი ზომები “მწვანე” ეკონომიკის ინსტრუმენტების გამოყენებისა და ინოვაციური “მწვანე” ტექნოლოგიების დანერგვის სფეროში. სწორედ ეს მიზეზები წარმოადგენენ შემაგულიანებელ მიზეზებს (იმპერატივებს), რომლებიც წინასწარ განსაზღვრავენ”მწვანე” ეკონომიკაზე გადასვლის აუცილებლობას.

1. კლიმატის ცვლილება. როგორც ცნობილია, ატმოსფეროში ნახშირჟანგის სულ უფრო და უფრო მზარდი მოხვედრის გამო ნახშირბადის შემცველი ყველა სახის საწვავის (ნავთობი და მისი გადამუშავების პროდუქტები, ქვანახშირი, ბუნებრივი აირი, საწვავი ფიქალი და ა. შ.) წვის შედეგად და მათში სათბური აირების კონცენტრაციის ზრდის გამო ხდება გლობალური დათბობა, რომელიც იწვევს კლიმატის ცვლილებას, ყველასათვის ცნობილი ნეგატიური შედეგებით. აუცილებელი ხდება ელექტროენერგიის გამომუშავება ალტერნატიული წყაროების მეშვეობით (განახლებად ენერგიაზე მომუშავე ჰეს-ები, ქეს-ები, მეს-ები) ელექტრომობილური ტრანსპორტის გამოყენება და სხვ. ეს აუცილებლობა (მოთხოვნა) წარმოადგენს “მწვანე” ეკონომიკის ერთ-ერთ ძირითად იმპერატივს. მაგრამ ასეთი გადასვლის პროცესი (ნაწილობრივი, მთლიანად _ შეუძლებელია) მოითხოვს მრავალ წელს. იგი დაკავშირებულია მსხვილ ინვესტიციურ დანახარჯებთან, და ინოვაციური საწარმოო და სამომხმარებლო ტექნოლოგიების დანერგვასთან.

2. ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა, რომელიც დგას კაცობრიობის წინაშე, ეს არის ნიადაგის

დეგრადაციის პრობლემა. ნიადაგი წარმოადგენს გამოფიტვად რესურსს, ესე იგი, მისი დაკარგვის ან დეგრადაციის შემთხვევაში შეუძლებელია მისი აღდგენა იმ პერიოდის განმავლობაში, რომელიც შეესაბამება ერთი თაობის სიცოცხლის ხანგრძლივობას. როგორც მიწის რესურსების, სასოფლო-სამეურნეო განვითარებისა და ეკოლოგიური მდგრადობის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი, ნიადაგი წარმოადგენს სურსათის, საკვების, საწვავის და ბოჭკოს წარმოებისა და, ასევე, მრავალი ეკოლოგიური სამსახურის გაწევის ერთ-ერთ საფუძველს. ნაყოფიერი ნიადაგის ბუნებრივი ტერიტორია შეზღუდულია და განიცდის სულ უფრო მზარდ ზეწოლას ინტეფიკაციისა და მისი გამოყენებისათვის კონკურენციის გამო სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოყვანის, მეტყევეობის, საქონლის ძოვების (საძოვრული სავარგულების სახით) და ურბანიზაციის სფეროებში, ასევე დედამიწსზე მზარდი მოსახლეობის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად კვების პროდუქტების და ენერგიის წარმოებისა და ნედლეულის მოპოვებისას. ნიადაგის დეგრადაციის მიზეზებს წარმოადგენს მიწის რესურსების გამოყენებისა და მათი მართვის არარაციონალური მეთოდები და, ასევე, ექსტრემალური კლიმატური მოვლენები, განპირობებული სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური და მმართველობითი ფაქტორებით. დღეისათვის მიწების 33 პროცენტი დეგრადირებულია ზომიერი ხარისხიდან მძლავრ ხარისხამდე, ნიადაგის ეროზიის, დამლაშების, გამკვრივების, დამჟავებისა და ქიმიური გაჭუჭყიანების შედეგად. ამჟამად დეგრადაციის სიჩქარე ისეთია, რომ საფრთხეს ქვეშ აყენებს მომავალი თაობების ყველაზე საარსებო მოთხოვნების დაკმაყოფილებების შესაძლებობას. არსებული შეფასებების მიხედვით, მიმდინარე დემოგრაფიული ტენდენციები და დედამიწის მოსახლეობის საპროგნოზო ზრდა (2050 წელს მოსახლეობის რიცხოვნება გადააჭარბებს 8 მილიარდ ადამიანს) გამოიწვევს სურსათზე, საწვავსა და ბოჭკოზე მოთხოვნის 60%-იან ზრდას. სოფლის მეურნეობის გაძღოლისათვის გამოსადეგი ტერიტორიების გაფართოების შესაძლებლობები მცირეა, აფრიკისა და სამხრეთი ამერიკის ზოგიერთი რაიონის გამონაკლისით. დამატებითი მიწის ფონდების უმეტესი ნაწილი არ გამოდგება სოფლის მეურნეობისათვის, ეკოლოგიური, სოციალური დანახარჯები კი, რომელიც საჭირო იქნება მათი ექსპლუატაციის შესაძლებლობების შექმნისათვის, ძალიან მაღალი აღმოჩნდება. ამიტომ სასოფლო-სამეურნეო ნიადაგის რაციონალური გამოყენება მთელ მსოფლიოში და მდგრადი წარმოება აუცილებელი პირობებია ნიადაგის დეგრადაციის პროცესის შებრუნებისა და აწმყოსა და მომავალში სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის, რაც წარმოადგენს “მწვანე” ეკონომიკის განვითარების წამქეზებელ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს

იმპერატივს.

3. არაგანახლებადი ბუნებრივი რასურსების (ე. ი. ბუნებრივი კაპიტალის) გამოფიტვა. რა თქმა

უნდა, თანდათანობით გამოფიტვას განიცდის არაგანახლებადი ბუნებრივი რესურსების ყველა სახე, სპილენძის მადნის ბუდობები, ფოსფატები, აპატიტები და ა. შ. მაგრამ მთავარია არაგანახლებადიენერგომატარებლები: ქვანახშირი ისევ წარმოადგენს დედამიწაზე ენერგიის უმნიშვნელოვანეს ყველაზე პერსპექტიულ წყაროს, დღეისათვის მთელ მსოფლიოში ქვახშირის ენერგეტიკას უკავია 40%, ჩინეთსა და ინდოეთში _ 70-80%, აშშ-ში _ 40%, გერმანიაში _ დაახლოებით _ 50%. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) მონაცემების მიხედვით, უახლოეს 20-25 წელიწადში ქვანახშირი მნიშვნელობის მიხედვით დარჩება მეორე საწვავ ენერგეტიკულ რესურსად ნავთობის შემდეგ. IEA აღნიშნავს, რომ მომხმარების მიმდინარე პოლიტიკის პირობებში მოთხოვნა ქვანახშირზე შეიძლება გაიზარდოს 70%-ით ქვანახშირის გამოყენების ტექნოლოგიების სპექტრის გაფართოების გათვალისწინებით. ქვანახშირის მარაგების ხარჯვის ამჟამინდელი ტემპების შენარჩუნების შემთხვევაში ეს მარაგი ამოიწურება მინიმუმ 270 წლის შემდეგ. თუ გავითვალისწინებთ, რომ ქვანახშირის ფენების ფორმირება მზის ენერგიის ხარჯზე ხდებოდა ასეული მილიონი წლების განმავლობაში, მათი განადგურება 200-300 წელიწადში წარმოადგენს დაუშვებელ ფუფუნებას. ამასთან საჭიროა გავითვალისწინოთ, რომ ქვანახშირის ადვილად მისაწვდომი საბადოები ამოიწურება გაცილებით უფრო ადრე, ქვანახშირის ამოღების შემთხვევაში კი 1-2 კმ სიღრმიდან საჭირო იქნება იმდენი ენერგიის დახარჯვა, რომელიც გადაფარავს მისი დაწვის შედეგად მიღებული ენერგიის მოცულობას. ესე იგი, ასეთი სიღრმეებიდან ქვანახშირის ამოღება უაზროა. ყველაზე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ნავთობის მსოფლიოში მოძიებული მარაგების სრული ამოწურვა დაახლოებით 50 წლის შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუ მისი მოპოვებისა და გადამუშავების პროდუქტების მოცულობები შენარჩუნდება თანამედროვე დონეზე, რაც წარმოადგენს აღმაშფოთებელ უპასუხისმგებლობას მომავალი თაობებითან მიმართებაში. დღეისათვის ნავთობი წარმოადგენს ძირითად მსოფლიო ენერგორესურსს, ამის გარდა, მისი კომპონენტები გამოიყენება პლასტმასების და მრავალი სხვა ნაკეთობის წარმოებისათვის. მთლიანობაში, ნავთობის გადამუშავების პრუდუქტები გამოიყენება 6 ათასზე მეტი სახელწოდების საქონლის წარმოებაში. ბენზინიდან და მაზუთიდან დაწყებული, და ასპირინის და ტუჩების საცხით დამთავრებული _ ყველაფერი გაკეთებულია ნავთობისაგან. მისი კომპონენტებიდან ყოველწლიურად აწარმოებენ 25 მლნ ტონა ცილს, რომლითაც კვების პროდუქტების წარმოებისას ხდება ცხოველური წარმოშობის ნივთიერების შენაცვლება და, რა თქმა უნდა, პროდუქტები ნავთობიდან (ბენზინი, ნავთი, დიზელი) ჯერ კიდევ წარმოადგენს კვების ძირითად წყაროს მიწისზედა, წყლისა და საჰაერო ტრნაპორტისათვის, ამასთან, უკანასკნელისათვის ფაქტობრივად უალტერნატივოდ, მაზუთი კი ფართოდ გამოიყენება ელექტროენერგიის წარმოებისათვის თბოელექტროსადგურებზე. უკანასკნელი მონაცემების მიხედვით ნავთობის “დამტკიცებული მსოფლიო მარაგები” (ნავთობის რაოდენობა, რომელიც შეიძლება იყოს მოპოვებული და ამასთან მოიტანოს მოგება) საკმარისი იქნება 53 წლის განმავლობაში. მსოფლიო ენერგეტიკული საბჭოს ოდნავ უფრო ადრინდელ 2012 წლის მონაცემებში ნათქვამია, რომ ნავთობის მარაგი ამოიწურება 56 წლის შემდეგ, აირის _ 55 წლის შემდეგ, ქვანახშირის კი _ 100 და მეტი წლის შემდეგ. ამასთან, ენერგიის ალტერნატიური წყაროების წილი მსოფლიო ელექტროენერგიის წარმოებაში არ აღემატება 5 პროცენტს. მაგრამ ზემოთ მოყვანილ შეფასებებში არაა გათვალისწინებული ფიქლის ნავთობი და ბითუმინოზური ქვიშები. უკანასკნელი ძალიან ბევრია კანადაში, ვენესუელაში, ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის რუსეთის სანაპიროზე. ფიქლის ნავთობი უკვე მოიპოვება რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის აშშ-სა და რუსეთში. სამწუხაროდ, ფიქლიდან ნავთობმოპოვების კოეფიციენტი შეადგენს 10-15%. თუ მოხერხდება ამ კოეფიციენტის დაყვანა 40%-მდე, მაშინ ნავთობის მარაგები ამოიწურება მხოლოდ საუკუნის ბოლოს, ან კიდევ უფრო გვიან. მაგრამ ფიქლის ნავთობის მოპოვებისას კოლოსალურად ზიანდება ნიადაგის ზედა ფენა, ბითუმინოზური ქვიშები კი განლაგებულია დიდ სიღრმეში და მიუხედავად იმისა, რომ მათი ბუდობები უზარმაზარია, თვალმისაწვდომს მომავალში ისინი დააკმაყოფილებენ ნავთობში

მსოფლიო მოთხოვნის მხოლოდ რამდენიმე პროცენტს. რაც შეეხება ბუნებრივ აირს, მისი “დამტკიცებული” მარაგები ამოიწურება დაახლოებით 55 წლის შემდეგ. თუმცა არის უფრო ახალი, მაგრამ ჯერ კიდევ დაუმტკიცებელი შეფასებები. არაგანახლებადი რესურსების შესახებ ამ მონაცემებიდან ჩანს “მწვანე” ეკონომიკის ორი უმნიშვნელოვანესი იმპერატივი: თბური და ელექტროენერგიის გამომუშავების ეფექტიანი ალტერნატიური მეთოდების შესაძლებლობისამებრ სწრაფი შემუშავების აუცილებლობა და ეკონომიკაში მათი თანდათანობითი დანერგვა, იმ მიზნით, რომ ალტერნატიული განახლებადი წყაროებიდან გამომუშავებელი ელექტროენერგიის წილი გაიზარდოს შესაძლებლობისამებრ მაქსიმალურ დონემდე; იმ ღონისძიებების განხორციელება, რომელიც მიმართულია ენერგიის უფრო ეკონომიურ ხარჯვაზე. 4. მშპ-ს ენერგოტევადობა. განვითარებული ქვეყნების მშპ-ს ენერგოტევადობა 2-3-ჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში. მშპ-ს ენერგოტევადობის შემცირების მიზნით, განვითარებულ ქვეყნებში მუდმივად ხორციელდება ენერგოდაზოგვის პოლიტიკა, რომლის გატარება მით უმეტეს საჭიროა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. ჩვენი წარმოდგენით, მშპ-ს ენერგოტევადობის შემცირების, ენერგოდაზოგვისა და ენერგოეფექტიანობის ამაღლების პოლიტიკა უნდა გახდეს “მწვანე” ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს იმპერტივად.

5. განახლებადი ბუნებრივი რესურსების გამოფიტვა. რა თქმა უნდა, არ შეიძლება ვილაპარაკოთ ისეთი განახლებადი რესურსების გამოფიტვაზე, როგორიცაა, მაგალითად, ჰიდროენერგია და ქარის ენერგია, რომელიც წარმოადგენენ მზის ენერგიის ზემოქმედების პროდუქტს, ამიტომ, გამოუფიტვადებია (ყოველ შემთხვევაში უახლესი 500 მლნ წლის განმავლობაში).მაგრამ შეიძლება ვილაპარაკოთ ისეთი უმნიშვნელოვანესი განახლებადი რესურსის გამოფიტვის შესახებ, როგორიცაა ხე-ტყე (და, ბუნებრივია, მერქანი). ბევრ ქვეყანაში ამა თუ იმ პერიოდში ხდებოდა და ახლაც ხდება ხე-ტყის მასობრივი არაკონტროლირებადი გაჩეხა, უფრო ხშირად, ხე-ტყის აღდგენისათვის შემდგომი სამუშაოების განხორციელების გარეშე. ზოგიერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ხე-ტყის ასეთი უკონტროლო ჩეხვის პერიოდი შეიმჩნეოდა საბჭოთა კავშირის დაშლის შენდეგ. ეგრეთ წოდებული “ბიზნესმენები” დაუბრკოლებლად ჩეხავდნენ ტყის დიდ მასივებს, ამასთან ხდებოდა პირველადი ხე-ტყის მასალების (მორები) პირდაპირი ექსპორტირება, ქვეყნის შიგნით გადამუშავების გარეშე. საქართველოში იმ პერიოდამდე ხე-ტყით დაკავებული იყო ტერიტორიის 40%-მდე, ამჟამად კი ტყეებით დაკავებული ტერიტორია ქვეყანაში გაცილებით

უფრო მცირეა. სამეურნეო საქმიანობის ბევრი სახეობისათვის ხე-ტყის მასალებისა და, ასევე,

ბუნებრივი გარემოსათვის საერთოდ და, კერძოდ, ატმოსფეროში ჟანგბადის ბალანსის მხარდასაჭერად ტყის მნიშვნელობის გათვალისწინებით, ჩვენი წარმოდგენით, “მწვანე” ეკონომიკის ერთ-ერთ უმთავრეს იმპერატივს წარმოადგენს ტყეების მდგომარეობის კონტროლი და ღონისძიებების განხორციელება მათი გაშენებისათვის.

6. უკიდურესად სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს საწარმოო და სამომხმარებლო ნარჩენების დაგროვება, ასევე მსოფლიო ოკეანეში ქიმიური ნარჩენების განზავება, რომელიც

უარყოფით გავლენას ახდენს ბიო ნაირფეროვნებაზე, კერძოდ, წყლის მჟავიანობის გაზრდა ამცირებს პლანკტონის რაოდენობას, რომელიც ტყეებთან ერთად აწარმოებს ჟანგბადს და იცავს მის ბალანსს ატმოსფერიში. აქ საჭიროა ნარჩენების უტილიზაციისა და გადამუშავების სისტემების დანერგვა, რაც ასევე წარმოადგენს “მწვანე” ეკონომიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს იმპერატივს.

“მწვანე” ეკონომიკა _ მდგრადი განვითარების ახალი პარადიგმის უმნიშვნელოვანესი ვექტორია

ტერმინი “მწვანე ეკონომიკა” პირველად გამოიყენა 1989 წელს ეკოლოგიური ეკონომიკის

წამყვანმა ჯგუფმა (დევიდ პირდი, ედუარდ ბარბიერი და ენილ მარკანდია) ნოვატურულ მოხსენებაში გაერთიანებული სამეფოს მთავრობისათვის – “გეგმა მწვანე ეკონომიკისათვის” ((Blueprint for a Green Economy).). 1991 და 1994 წლებში ამავე ავტორებმა გამოუშვეს პირველი მოხსენების გაგრძელებები სახელწოდებით “გეგმა 2: მსოფლიო ეკონომიკის გამწვანება” და “გეგმა 3: მდგრადი განვითარების ეფექტიანობის გაზომვა”. თუმცა პირველი მოხსენების არსი იყო ის, რომ ეკონომიკას შეუძლია და უნდა დაეხმაროს ეკოლოგიურ პოლიტიკას, მეორე და მესამე მოხსენებებმა გააფართოვეს პრობლემური ზონა გლობალურ საკითხებამდე: კლიმატის ცვლილება, ოზონის ფენის გამოფიტვა, ტროპიკული ტყეების გაჩეხვა და რესურსების დანაკარგები განვითარებად ქვეყნებში. 2008 წელს ეს ტერმინი იყო განვითარებული UNEP-ში (გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა _ (United Nations Enviropmen Programme) მრავალი გლობალური კრიზისისა და მათზე რეაქციის საკითხების განსაზღვრის კონტექსტში. UNEP-მა “მწვანე ეკონომიკის გეგმის” ერთ-ერთ ავტორთან, ედვარდ ბარბიესთან, ერთად მოამზადა მოხსენება სახელწოდებით “ახალი გლობალური მწვანე კურსი”, რომელიც გამოვიდა 2009 წლის აპრილში. ამ მოხსენებაში მოცემულია პოლიტიკის ზომების ისეთი ერთობლიობა, რომელიც ასტიმულირებს ეკონომიკის გაჯანსაღებას და ამავე დროს აძლიერებს მსოფლიო ეკონომიკის მდგრადობას. “მწვანე” ეკონომიკაზე მიმართული ახალი გლობალური კურსი, როგორც შემდგომი განვითარების ერთადერთი გზა, გამოცხადდა 2010 წელს მე-40 მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც ჩატარდა დავოსში, ლოზუნგით “გავაუმჯობესოთ, გადავგეგმოთ, გადავაკეთოთ სამყარო”. “მწვანე” ეკონომიკის კონცეფცია მიზნად ისახავს ეკონომიკის, საზოგადოებისა და ბუნების კომპონენტების უფრო ჰარმონიულ შეთანხმებას მდგრადი განვითარების პარადიგმის ჩარჩოებში. ამ დროისათვის იგი ხდება ინოვაციური, ანტიკრიზისული ფორმირების გლობალურ კურსად მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და რეგიონში. არაერთი მრავალი დონის ორგანიზაცია ეხება ამ საკითხს. ზემოაღნიშნული UNEP (გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა), OECD (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია) და სხვა, ის განიხილება მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციებზე _ ყველაზე მნიშვნელოვანი კონფერენცია მდგრადი განვითარებისა და “მწვანე” ეკონომიკის შესახებ “რიო+20” ჩატარდა 2012 წელს , ერთ-ერთი უკანასკნელი შედგა ქ. ბათუმში 2016 წელს. საყოველთაოდ აღიარებული “მწვანე” ეკონომიკის განსაზღვრება ჯერ არ არსებობს. არსებობს რიგი განსაზღვრება სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ.. ყველა მათგანი ამა თუ იმ ხარისხით მიუთითებს იმაზე, რომ “მწვანე” ეკონომიკა უნდა იყოს მიმართული ეკონომიკური, გარემოს დაცვითი და სოციალური მიზნების ჰარმონიზაციის მიღწევისკენ. 2009 წელს UNEP-მა გააკეთა “მწვანე” ეკონომიკის ტერმინის განსაზღვრების პირველი მცდელობა: “ეს არის ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც ეხება საქონლისა და მომსახურების წარმოებას, განაწილებასა და მოხმარებას, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში იწვევს ადამიანების კეთილდდღეობის გაუმჯობესებას, ამავდროულად არ უქმნის მომავალ თაობებს მნიშვნელოვან ეკოლოგიურ რისკებს და ამცირებს ეკოლოგიური რესურსების დეფიციტს”. 2011 წელს UNEP- მა გააკეთა უკვე სხვა განსაზღვრება^”მწვანე ეკონომიკა დაბალნახშირბად განვითარებაზე დაფუძნებული რესურსეფექტიანი ეკონომიკაა, რომელიც იწვევს ადამიანების კეთილდღეობის გაუმჯობესებას და სოციალურ სამართლიანობას და ამასთან მნიშვნელოვნად ამცირებს ეკოლოგიურ რისკებს და ხელს უშლის ბიომრავალფეროვნების დაკარგვას”. UNCTAD-მა (United Nations Conference for Trading and Development_ვაჭრობის და განვითარების გაეროს კონფერენცია) 2011 წელს გააკეთა შემდეგი განსაზღვრება: “მწვანე ეკონომიკა არის ეკონომიკა, რომელიც მოკლევადიან საქმიანობაში მიისწრაფება გრძელვადიან სოციალურ სარგებლისაკენ და იწვევს ადამიანთა კეთილდღეობის ამაღლებასა და უთანასწორობის შემცირებას, მომავალი თაობებისათვის მნიშვნელოვანი ეკოლოგიური რისკებისა და ეკოლოგიური დეფიციტების შექმნის გარეშე”. მიუხედავად იმისა, რომ ამ სამ განსაზღვრებაში ამა თუ იმ ზომით ჩანს ზემოთ მოცემული “მწვანე” ეკონომიკის მთავარი მიზნები, მათში არაა აღნიშნული ეკონომიკური განვითარების კოორდინაციის სისტემის სრულყოფის აუცილებლობა ‘მწვანე” ეკონომიკის პრინციპების შესაბამისად. განვითარების და რეკონსტრუქციის ევროპულმა ბანკმა შემდეგი განსაზღვრება გააკეთა: “მწვანე ეკონომიკა არის ეკონომიკა, რომელშიც სახელმწიფო და კერძო ინვესტიციები ხორციელდება იმის გათვალისწინებით, რომ მინიმუმამდე შემცირდეს ეკონომიკური საქმიანობის ზემოქმედება ბუნებრივ გარემოზე და სადაც ბაზრის პრობლემების მოგვარება ხდება პრაქტიკით შემოწმებული პოლიტიკური ზომებისა და სამართლებრივი ჩარჩოების მეშვეობით, რომელიც მიმართულია ეკოსისტემების სისტემატურ აღრიცხვაზე, გადაბმული რისკების მართვაზე და ინოვაციების სტიმულირებაზე”. სხვა საკითხებთან ერთად, ამ განსაზღვრებაში აღნიშნულია ინოვაციების სტიმულირების აუცილებლობაც, რომელიც უნდა გახდეს “მწვანე” განვითარების საფუძველი, მაგრამ გამოტოვებულია ერთ-ერთი მთავარი პრობლემა _ რესურსეფექტიანობის პრობლემა. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) შეიმუშავა და დანერგა “მწვანე” ზრდის” კონცეფცია, რომელმაც განსაზღვრა იგი, როგორც ეკონომიკური ზრდისა და განვითარების მაქსიმალური უზრუნველყოფა, ბუნებრივი აქტივების რაოდენობასა და ხარისხზე გავლენის გარეშე და ზრდის იმ პოტენციალის გამოყენებით, რომელიც წარმოიშობა “მწვანე” ეკონომიკაზე გადასვლის დროს. ანუ “მწვანე ზრდა” არის მშპ-ს ზრდა, რომელიც ექვემდებარება “მწვანე”

პირობებს და საყრდენს აკეთებს “მწვანე” სექტორებზე, როგორც ზრდის ახალ მამოძრავლებლებზე. ამისათვის მწვანე ზრდამ უნდა მოახდინოს ინვესტიციებისა და ინოვაციების კატალიზება, რაც ხელს შეუწყობს ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს. კითხვის ასეთი ფორმულირება გარკვეულ წინააღმდეგობაში შედის “მწვანე” ეკონომიკის აქსიომებთან. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ეტაპზე მშპ-ს ზრდას უნდა ჰქონდეს ადგილი, მაგრამ, მთლიანობაში, “მწვანე” ეკონომიკის აქსიომების შესაბამისად და საღი აზრიდან გამომდინარე, ნათელია, რომ მშპ-ს უსასრულო ზრდა შეუძლებელია და მან უნდა მისცეს გზა ეფექტიან “მწვანე” განვითარებას. „თუნდაც “მწვანე ზრდაც” შეიძლება იყოს დროებითი ამოცანა, რადგან მსოფლიოში უკვე მუშავდება გადასვლა ეკონომიკურ მოდელზე ზრდის გარეშე (degrowth). ეკონომიკურმა ზრდამ უნდა დაუთმოს ადგილი კეთილდღეობას, მოგება _ საზოგადოებრივ სარგებლობას”. ამავე დროს, გარკვეული მატერიალური დოვლათის ზრდას შეიძლება ჰქონდეს ადგილი, მაგრამ მშპ-ს ზრდას _ არა. გავაშუქოთ ეს მაგალითზე. რიგი საზოგადოებრივი და სამთავრობო ანალიტიკოსის სცენარის მიხედვით “მწვანე” ინვესტიციების შედეგად ენერგოეფექტიანობის არსებითი ზრდის გამო ვარაუდობენ 2050 წლისათვის მსოფლიო ეკონომიკის ენერგიაზე მოთხოვნის შემცირებას 40%-ით, ინერციულ სცენართან შედარებით. ანუ მშპ-ში ენერგიის მოხმარების წილი შემცირდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მშპ-ში სხვა საქონლის წილი არ გაიზრდება, მაგრამ მთლიანობაში მშპ შეიძლება არ გაიზარდოს. “მწვანე” ეკონომიკის გაცნობიერება მოითხოვს გარკვეულ კონკრეტიზაციას და სტრუქტურიზაციას როგორც იმ სექტორების (საქმიანობის სახეების) განსაზღვრის თვალსაზრისით, რომელშიც უნდა ხდებოდეს შესაბამისი “მწვანე” გარდაქმნები (ტრანსფორმაციები), ასევე იმ “მწვანე” ღონისძიებების განსაზღვრის თვალსაზრისით, რომელიც უნდა ხორციელდებოდეს ან კონკრეტულ სექტორებში (საქმიანობის სახეებში), ან საერთოდ, მთლიან ეკონომიკურ სისტემაში. მრავალრიცხოვან პუბლიკაციებში ამა თუ იმ თანამიმდევრობით გამოიყოფა ის საკვანძო სექტორები (ან საქმიანობის სახეები), რომლებიც საბაზისოებია “მწვანე” გარდაქმნების (ტრანსფორმაციების) რეალიზაციისათვის: ტრანსპორტი; ენერგეტიკა; მთამადნეულის მოპოვება; მრეწველობა; მიწის გამოყენება (დაცული ტერიტორიების, სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის ჩათვლით); მშენებლობა; საბინაო და კომუნალური მეურნეობა; ტურიზმი; დაბინძურების პრევენცია, ნარჩენების უტილიზაცია და გადამუშავება; წყლის რესურსების მართვა. მაგრამ ძნელია “მწვანე” ეკონომიკის მიხედვით ღონისძიებების განხილვა რაიმე ნიშნის შესაბამისად დაჯგუფებული დარგების ერთობლიობის ჩარჩოებსა და ტრადიციული ეკონომიკური მოდელის ფარგლებში. საქმიანობის “მწვანე” სახეების გაჩენა თავისთავად წარმოადგენს ტრადიციულ დარგებში ან რამდენიმე დარგის ჯგუფში ცვლილებების შედეგს. ამიტომ სხვადასხვა წყაროში ჩვეულებრივად ახდენენ “მწვანე” ეკონომიკის განვითარების საკვანძო მიმართულებების სისტემატიზაციას. ამასთან, მიმართულებების განსაზღვრისა და სტრუქტურიზაციისას ჩვეულებრივად ითვალისწინებენ კონკრეტული ქვეყნის სპეციფიკურ თავისებურებებს. ქვემოთ მოყვანილია “მწვანე” ეკონომიკის განვითარების მიმართულებების სისტემები ბელორუსიასა და ყაზახეთში. ჯერჯერობით პოსტსაბჭოური ქვეყნებიდან მხოლოდ ამ ორ რესპუბლიკაშია უკვე შედგენილი და ხორციელდება “მწვანე” ეკონომიკის შესახებ მოქმედების გეგმები. სოციალურ-ეკონომიკური პირობების, პერსპექტივების, მიზანშეწონილობის, საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით ბელორუსის რესპუბლიკაში “მწვანე” ეკონომიკის განვითარების პრიორიტეტული მიმართულებებია: ელექტროტრანსპორტის (ინფრასტრუქტურის) და ურბანული მობილობის განვითარება, “ჭკვიანი” ქალაქების კონცეფციის განხორციელება; ენერგოეფექტიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობის განვითარება და საბინაო ფონდის ენერგოეფექტიანობის გაზრდა; მთლიანი შიდა პროდუქტის ენერგოტევადობის შემცირება, ენერგოეფექტიანობის გაზრდა, მათ შორის ენერგოეფექტიანი ტექნოლოგიებისა და მასალების დანერგვით; განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების პოტენციალის გაზრდა; ორგანული პროდუქციის წარმოებისათვის პირობების შექმნა; მდგრადი მოხმარება და წარმოება; ეკოტურიზმის განვითარება. ხოლო ყაზახეთში, “მწვანე” ეკონომიკის განვითარების შემდეგი შვიდი ძირითადი მიმართულება ხორციელდება: განახლებადი ენერგიის წყაროების დანერგვა; ენერგოეფექტიანობა საბინაო-კომუნალურ მეურნეობაში; ორგანული მიწათმოქმედება სოფლის მეურნეობაში; ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესება; წყლის მართვის სისტემის გაუმჯობესება; “სუფთა” ტრანსპორტის განვითარება; დაცვა და ეფექტიანი მართვა ეკოსისტემებით. OESD-ის კლასიფიკაციის თანახმად, “მწვანე” ტექნოლოგიები მოიცავს შემდეგ სფეროებს: ზოგადი გარემოსდაცვითი მენეჯმენტი (ნარჩენების მართვა, წყლის და ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლა, მიწის აღდგენა და ა. შ.); განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოება (მზის ენერგია; ბიოსაწვავი და ა. შ.); კლიმატის ცვლილების შედეგების მომსახურება; ატმოსფეროში მავნე გამონაბოლქვის შემცირება; საწვავის გამოყენების ეფექტიანობის გაზრდა, აგრეთვე შენობებსა და ნაგებობებში და განათების მოწყობილობებში ენერგოეფექტიანობის გაზრდა. “მწვანე” ეკონომიკის წარმატებული დამკვიდრებისათვის საჭიროა მნიშვნელოვანი ინოვაციების მიმართვა ეფექტიან ინოვაციებში. ანუ “მწვანე” ეკონომიკის განვითარების ყველა მიმართულება მოითხოვს ინოვაციების დანერგვას, როგორც სრულიად ახალი ტექნოლოგიების სახით, ასევე

გაუმჯობესებადი ინოვაციების სახით, მაგალითად, სამრეწველო მოწყობილობის ენერგოეფექტიანობის ამაღლების მიზნით. ამავე დროს, ეკონომიკის “გამწვანების” ამოცანა მოითხოვს ისეთი ზომების რეალიზაციას, რომელიც მიმართულია ტრადიციული ბრძანებლურ-ადმინისტრაციული რეგულირების და კონტროლის ინსტრუმენტების შეთავსებაზე ინოვაციური ინსტრუმენტების დანერგვის ზომებთან, ასევე შეთავსებას საბაზრო ინსტრუმენტებთან, რომელიც ორიენტირებულია “მწვანე” ინვესტიციების დაფინანსებაზე.

ინოვაციური ფაქტორი “მწვანე” ეკონომიკაში

ინოვაციების განხორციელება გადამწყვეტ როლს თამაშობს “მწვანე” ეკონომიკის განვითარებაში. დღეისათვის მსოფლიო ინოვაციების 40% მოდის “მწვანე” ეკონომიკაზე, მათგან 50% ენერგოდაზოგვასა და ენერგოეფექტიანობაზე, რომლებიც მწვანე ეკონომიკაში საკვანძო ფაქტორია. ამასთან, მოწინავე ქვეყნებში ამჟამად ინოვაციების დანერგვის ქვეშ იგულისხმება არა მარტო ახლად შექმნილი გაუმჯებესებადი სიახლეები, არამედ ახალი ტექნოლოგიების კომლექსების ჩამოყალიბებაც (ესე იგი, ახალი წარმოებების შექმნა მთლიანობაში) და, ასევე, ახალ ტექნოლოგიურ ბაზაზე აქტუალური, მაგრამ დროებით დაკარგული (ძირითადად პოსტსაბჭოურ ქვეყნებში), წარმოებების შექმნა, და მრავალი სხვა. ეს ყველაფერი ხდება ეროვნული ინოვაციური სისტემების აპარატისა და ეკონომიკური მექანიზმების გამოყენების საფუძველზე (R&D, ტექნოლოგიების გადაცემა, ინოვაციების კომერციონალიზაცია, ინოვაციური საქმიანობის სახელმწიფო და კერძო დაფინანსება და ა. შ. ამ ასპექტში “მწვანე” ეკონომიკა შეიძლება ჩაითვალოს ინოვაციური ეკონომიკის განუყოფელ

ნაწილად, რომელიც თანდათანობით მასში სულ უფრო მეტ და მეტ ადგილს იკავებს. “მწვანე” ეკონომიკის განვითარების მიმართულებების ზემოაღნიშნული კლასიფიკაციების საფუძველზე (OESD-ის, ბელარუსისა და ყაზახეთის კლასიფიკაციები და სხვა), შევადგინეთ განზოგადებული კლასიფიკაცია და ამ კლასიფიკაციის ზოგიერთი პოზიციის მიხედვით მოვიყვანეთ ინოვაციების მაგალითები. ჩვენი აზრით, შეიძლება გამოვყოთ “მწვანე” ეკონომიკის განვითარების შემდეგი განზოგადებული საკვანძო მიმართულებები: 1. ეკოსისტემების ზოგადი მართვა _ “ნარჩენების მართვა, ბრძოლა წყლის და ჰაერის დაბინძურებასთან, მიწის (ნიადაგის) აღდგენა და რაციონალური გამოყენება, ტყეების აღდგენა და დარგვა; 2. განახლებადი ენერგიის წყაროების დანერგვა; 3. მშპ- ს ენერგოტევადობის შემცირება და ენერგოეფექტიანობის გაზრდა (შენობა-ნაგებობების მშენებლობა და საბინაო-კომუნალური მეურნეობა, მრეწველობა, ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა); 4. ელექტროტრანსპორტის განვითარება; 5. ორგანული მიწათმოქმედება სოფლის მეურნეობაში; 6. ეკოლოგიური ტურიზმის განვითარება.

ნარჩენების მართვა. როგორც ზემოთ აღინიშნა, ამჟამად განვითარებულ ქვეყნებში ვითარდება მრავალბრუნავი (წრიული) ეკონომიკა, რომლის მთავარი ამოცანაა წარმოებისა და მოხმარების ნარჩენების მეორად მიმოქცევაში ჩართვა. ასე, მაგალითად, ფინეთში, რომელიც 2016 წლის ეკონომიკური ეფექტიანობის ინდექსის მიხედვით ყველაზე მწვანე ქვეყანაა მსოფლიოში, ნარჩენების მხოლოდ 11% მიდის ნაგავსაყრელზე, დანარჩენი დაყოფილია შემდეგ კატეგორიებად: “დახარისხებული ნარჩენები”, “გადამუშავება” და “ენერგიის გენერაცია”. ბუნებრივია, რომ ამ ქვესისტემებში საჭიროა თანამედროვე ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა, რაც უკვე ხდება განვითარებულ ქვეყნებში.

განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება. განახლებადი ენერგიის წყაროები გამოიყენება ჰიდროელექტროსადგურებში, მზის და ქარის ელექტროსადგურებში, ბიოსაწვავის დანადგარებსა და გეოთერმულ და ზოგიერთი სხვა სახის სადგურში. განვიხილოთ მხოლოდ მზის და ქარის ელექტროსადგუები, რომლებიც შედარებით ცოტა ხნის წინ გამოჩდნენ და, შესაბამისად, ინოვაციურ ტექნოლოგიებს წარმოადგენენ. მზის ელექტროსადგურები რამდენიმე ტიპისაა. ყველაზე მეტად გავრცელებულია: 1. კოშკის ტიპის მზის თბოელექტროსადგურები (ყველაზე დიდი, რომლის სიმძლავრე 392 მეგავატია, ექსპლუატაციაში შევიდა 2014 წლის 13 თებერვალს, სან-ბერნადინოში, კალიფორნია); 2. რომლებიც გამოიყენებენ პარაბოლურ- ცილინდრულ კონცენტრატორს (დასრულებულებიდან ყველაზე დიდს აქვს 280 მეგავატი სიმძლავრე და განლაგებულია ბარსტოუში,კალიფორნია); 3. ფოტოელექტროსადგურები (ყველაზე დიდია პიკური სიმძლავრით 550 მეგავატი, რომელიც მდებარებს კალიფორნიაში, აშშ). მაგრამ უკანასკნელებიდან მსოფლიოში ყველაზე მძლავრ ელექტროსადგურად ითვლება კალიფორნიაში (აშშ) იმპერიალის ოლქში განლაგებული სადგური პიკური სიმძლავრით 206 მეგავატი, რადგანაც იქ გამოიყენება მთელი დღის განმავლობაში მოდულების მზეზე ორიენტაციის ტექნოლოგია. საკმაოდ მძლავრი ფოტოელექტროსადგურები გაჩნდა არც თუ ისე დიდი ხნის წინ, მათ საფუძველში დევს ინოვაციური ტექნოლოგიები, რომლებიც მუდმივად იხვეწებიან. ეს სადგურები არიან ქსელური ან ავტონომიური, გარდა ამისა, ისინი აწარმოებენ ელექტროენერგიას მხოლოდ დღისით, ზოგიერთ მათგანს გააჩნია მოწყობილობა გამომუშავებული ენერგიის აკუმულირებისათვის (მაგალითად, აკუმულატორული ბატარეებით Тesla), კერძოდ, მომხმარებლის ენერგიით უზრუნველყოფისათვის ღამის პერიოდში. ქარის ელექტროსადგური (ქეს) არის რამდენიმე ელექტროენერგეტიკული დანადგარი, რომელიც განლაგებულია ერთ ან რამდენიმე ადგილზე და გაერთიანებულია ერთიან ქსელში. ქეს-ების ტიპებია _ მიწისზედა, სანაპირო და შელფური. მიწისზედა ქეს-ების განლაგება ხდება ბორცვებსა და გორაკებზე, ასევე მთებშიც. ქეს-ების მშენებლობა მოითხოვს ქარის ბალანსის დადგენას მისი განლაგების სავარაუდო ადგილზე, პროექტირებას და სხვა ინოვაციურ გამოკვლევებს. უკანასკნელ პერიოდში ქეს-ების მშენებლობა სულ უფრო და უფრო ვითარდება.

მშპ-ს ენერგოტევადობის შემცირება და ენერგოეფექტიანობის ამაღლება. ყველა ქვეყანაში ენერგორესურსების მოხმარების გადამეტებული წილი მოდის სამ დარგზე: მრეწველობა, საბინაო-კომუნალური მეურნეობა და ტრანსპორტი. ასე, მაგალითად, ბელორუსის რესპუბლიკაში “საბინაო- კომუნალურ სექტორში გამოიყენება ქვეყნის ენერგორესურსების 38 პროცენტი, ხოლო მრეწველობასა და ტრანსპორტში, შესაბამისად, 29 და 20 პროცენტი . “ყაზახეთის რესპუბლიკის მრეწველობაზე კი მოდის ენერგიის მოხმარების 50%-ზე მეტი, საბინაო-კომუნალური და სატრანსპორტო სექტორები ხმარობენ,

შესაბამისად, 30% და 20%”. ამავდროულად ამ რესპუბლიკებმა მიიღეს გეგმები უახლოეს წლებში ენერგოეფექტიანობის ამაღლების შესახებ. ევროკავშირის ქვეყნებში ენერგოეფექტიანობის ამაღლების პოლიტიკა უკვე მრავალი წელი ტარდება, ამჟამად კი დაგეგმილია 2030 წლისათვის ენერგოეფექტიანობის გაზრდა 27%-ით.

საბინაო-კომუნალურ სექტორში ენერგოეფექტიანობის ამაღლება, უპირველეს ყოვლისა, მიიღწევა ინოვაციური ენერგოეფექტიანი ტექნოლოგიების გამოყენებით სახლების მშენებლობაში და, ასევე, ექსპლუატაციის დროს. ასე, მაგალითად, ბელორუსის რესპუბლიკაში ენერგოეფექტიანი მშენებლობის განვითარება ითვალისწინებს ექსპლუატაციაში შესაყვანი მრავალსართულიანი და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების ყოველწლიურ მოცულობაში ენერგოეფექტიანობის მაღალი კლასის მქონე სახლების წილის თანდათანობით მომატებას, ახალი ტექნიკური, პროექტული და ორგანიზაციული გადაწყვეტილებებისა და საცხოვრებელი სახლებისათვის ენერგოდამზოგი ინჟინერული სისტემების შემუშავებისა და დანერგვის საფუძველზე. ამასთან, ამ სისტემებში გათვალისწინებულია თბური ენერგიის განახლებადი და მეორადი ენერგეტიკული რესურსების გამოყენების ობიექტებისა და მიკროკლიმატისა და ენერგომოხმარების მართვის ავტომატიზირებული სისტემების არსებობა. ასევე საჭიროა გადასვლა ინოვაციურ ენერგოდამზოგ დიოდურ განათებაზე, როგორც სახლებში, ასევე ქუჩების განათებაში, რაც ამჟამად ხორციელდება მთელ მსოფლიოში.

მთელ მსოფლიოში მრეწველობაში ენერგიის დაზოგვა მიიღწევა ინოვაციური ენერგოეფექტიანი ტექნოლოგიების დანერგვით, ასევე, მოქმედ ტექნოლოგიებში ენერგოდაზოგვაზე მიმართული გასაუმჯობესებელი ინოვაციების განხორციელებით. ტრანსპორტის სექტორში ენერგიის დაზოგვა მიიღწევა მოსახლეობის მიერ საწვავის დამზოგი სატრანსპორტო საშუალებების შეძენის სტიმულირების, საჰაერო ხომალდების და სარკინიგზო ლოკომოტივების პარკის განახლებისა და ინოვაციურ ელექტრომობილურ ტრანსპორტზე გადასვლით.

ელექტროტრანსპორტის განვითარება. ევროკომისიამ შესთავაზა აკრძალოს ქალაქებში ბენზინით აღჭურვილი მანქანების გამოყენება 2050 წლისათვის. ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ მიიღო ეს აკრძალვა 2030 წლიდან. ამასთან, საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოსა და აუდიტორული კომპანიის შეფასებით, 2025 წლისათვის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მსოფლიო ბაზარზე, ელექტრომობილების გაყიდვის წილი არ აღემატება 15 პროცენტს და ის დაახლოებით 20 მილიონი ერთეული იქნება.

საქმე იმაშია, რომ ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა ელექტრომობილების წარმოებისათვის საკმაოდ დიდი ტემპებით არ ვითარდება. მიუხედავად იმისა, რომ ხორციელდება R&D ელექტრომობილებისათვის უფრო ტევადი აკუმულატორების შესაქმნელად, ამ მიმართულებით რაიმე მნიშვნელოვანი პროგრესი არ შეიმჩნევა. თუმცა თანამედროვე ლითიუმ-იონურ აკუმულატორებს აქვთ შედარებით მაღალი ტევადობა და მთელ რიგ ქვეყანაში იწყება მათი წარმოება. პოსტსაბჭოური ქვეყნებიდან გარკვეული ძვრები ელექტრომობილების წარმოების საქმეში შეიმჩნევა ბელორუსსა და ყაზახეთში. ბელარუსში დაპროექტდა Crossback სახის ავტომობილები და აწყობილი იქნა მათი მცირე სერიული პარტია. ქვეყანაში არის დასამუხტი სადგურების ორი მწარმოებელი, მაგრამ არ იწარმოება აკუმულატორული ბატარეები. ლითიუმ-იონური ბატარეების წარმოება მოითხოვს მაღალ კაპიტალურ დაბანდებებს (არანაკლებ 150 მლნ აშშ-ის დოლარის) და შესაძლებელია მხოლოდ მსხვილი დაინტერესებული ინვესტორის გაჩენისას. ბელარუსის მრეწველობის სამინისტროს რიგ ორგანიზაციას გააჩნია ელექტრომობილებისათვის დეტალების, კვანძების, მაკომპლექტებლების და სპეციალური მოწყობილობის წარმოების პოტენციური შესაძლებლობა. ავტომობილების მწაროებლებმა ყაზახეთში შეზღუდული რაოდენობით დაიწყეს ელექტრომობილების წარმოება. უსტ-კამენოგორსკის AziaAvto KIASoulEV ქარხანამ გამოუშვა პირველი KIASoulEV . 2016 წლის ივლისში კოსტანაიში მდებარე ქარხანამ “სარიარკაავტოპრომ”-დააამზადა ჩინური მარკის JAC ელექტრომობილების საცდელი პარტია. და ბოლოს, 2017 წლის ივლისში AziaAvto-მ წარადგინა LADAVestaEV გამოფენაზე EXPO-2017. ელექტრომობილების ადგილობრივ წარმოებას შეუძლია შეამციროს მათი ღირებულება მოსახლეობისათვის, მაგრამ არის ფაქტორები, რომლებიც ზღუდავენ ყაზახეთში ელექტრომობილების ბაზრის პოტენციალს. ამავდროულად, ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტრო აქტიურად მუშაობს ელექტრონული სატრანსპორტო საშუალებებისათვის ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებაზე, მათ შორის დასამუხი სადგურების შექმნაზე. ელექტრო ტრანსპორტის დანერგვის მეორე მიმართულება, რომელიც იგეგმება ზოგიერთ ქვეყანაში, ელექტრომობილების გამოყენების გაფართოების გარდა, ეს არის ქალაქებში ტრამვაიებისა და ტროლეიბუსების გამოყენებისაკენ შემობრუნება, რაც შეიძლება ინტერპრეტირებული იყოს როგორც ძველ ცოდნაზე დაფუძნებული ინოვაციების დანერგვა. მაგრამ ამის მიღწევა რთულია, რადგან ამ ტრანსპორტის ფუნქციონირება იწვევს სირთულეებს სატრანსპორტო ნაკადების მოძრაობის რეგულირების დროს.

მწვანე ეკონომიკის დაფინანსებისა და სტიმულირების შესახებ

ეკონომიკის “გამწვანების” ამოცანა “მოითხოვს ზომების იმპლემენტაციას, რომლებიც მიმართულია ბრძანებლურ-ადმინისტრციული რეგულირების და კონტროლის ინსტრუმენტების შეთავსებაზე ინოვაციური ინსტრუმენტების ზომებთან, წარმოებისა და მოხმარების მოდელების გამოცვლაზე მიმართული კოლექტიური საზოგადოებრივი ქმედებების ჩათვლით, ასევე შეთავსებას საბაზრო ინსტრუმენტებთან, რომელიც მიმართულია ფინანსირების გადაორიენტირებაზე “მწვანე” ინვესტიციებზე, ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების შემუშავებასა და რესურსების გამოყენების ეფექტიანობის ამაღლებაზე”.

“მწვანე” ეკონომიკის პროექტებს შორის არსებობს მრავალი ისეთი პროექტი, რომელიც უნდა

განხორციელდეს გრძელვადიანი პერიოდის განმავლობაში, ძალიან ძვირია და რომლის ამოგების ვადა ძალიან დიდი (მაგალითად, მიწის აღდგენა). გარდა ამისა, ძნელია ბიზნესი აიძულო ზოგიერთი ღონისძიების რეალიზაციისათვის (მაგალითად, გამასუფთავებელი ნაგებობების დაყენება) გარკვეული წახალისების გარეშე. ამიტომ გარდაუვალია სახელმწიფო დირიჟიზმის გაძლიერება ფისკალური მექანიზმის (მაგალითად, ბუნებრივი გარემოს გაბინძურებაზე გადასახადის შემოღება), სახელმწიფო შესყიდვებისა და, რაც მთავარია, “მწვანე” ღონისძიებების სახელმწიფო დაფინასების სფეროებში.

გარდა ამისა, საჭიროა კერძო ბიზნესის სტიმულირების მექანიზმის შემუშავება განსაკუთრებით ძვირი არამომგებიანი “მწვანე” ღონისძიებების ჩატარებისათვის. მაგრამ “მწვანე” ინვესტიციების უმეტესი ნაწილი (მაგალითად, ღონისძიებები წარმოების ენერგოტევადობის შემცირების მიზნით) მომგებიანია ბიზნესისათვის და არ მოითხოვს სპეციალურ სახელმწიფო სტიმულირებას მათი რეალიზაციის მხარდასაჭერად.

უპირველეს ყოვლისა, საჭიროა სახელმწიფო დაფინანსების არხების გაძლიერება. ამისათვის

საჭიროა საგადასახადო შემოსულობებიდან გადარიცხვების იმ წილების გაზრდა, რომელიც მიიმართება შესაბამის სახელმწიფო ფონდებში და მეწარმეობის მხარდაჭერის სხვა ორგანიზაციებში. “მწვანე” ინვესტიციებზე სახელმწიფო საფინანსო სახსრები უფრო ხშირად მიიმართება უკვე დიდი ხნის განმავლობაში მოქმედი სახელმწიფო ორგანიზაციების (ან ფონდების) მეშვეობით, რომელიც მხარს უჭერს ბიზნესს საერთოდ (და არა მარტო ბიზნესის “მწვანე” ინვესტიციებს), მაგრამ იქმნება ორგანიზაციებიც, რომლებიც ორიენტირებულია მხოლოდ “მწვანე” პროექტების საფინანსო მხარდაჭერაზე. მაგალითად, ფინეთში Finfund-ი (სამრეწველო თანამშრომლობის ფინური ფონდი, დაარსდა 1980 წელს) აფინანსებს როგორც მრეწველობის განვითარებას საერთოდ, ასევე “მწვანე” პროექტებს, სხვა პროექტებთან ერთად “მწვანე” პროექტების რეალიზაციის დაფინანსებაში მონაწილეობს ასევე ორგანიზაცია თეკეს-ი, NEFCO კი (ჩრდილოეთის ეკოლოგიური საფინანსო კომპანია, შექმნილია ჩრდილოეთი ევროპის ქვეყნების მთავრობების მიერ 1990 წელს, შტაბ-ბინა იმყოფება ჰელსინკში) ახორციელებს უშუალოდ “შედეგებზე დაფუძნებულ ეკოლოგიურ დაფინანსებას, რომელიც უზრუნველყოფს დაფინანსებას იმ პროექტებისათვის, რომლებიც ამცირებენ ბუნებრივ გარემოსათვის მავნე ამონაყრებს”.

ამასთან, უდავოა, რომ “მწვანე” დაფინანსებაში კერძო ბიზნესის ინვესტიციებს უნდა ჰქონდეს უპირატესი მნიშვნელობა სახელმწიფო ინვესტირებასთან შედარებით. მთავარი როლი აქ უნდა ეკუთვნოდეს, ისევე როგორც დანარჩენი პროექტების (რომლებიც არ არიან დაკავშირებული “მწვანე ეკონომიკასთან) ინვესტირების უმეტეს შემთხვევებში, დაფინასებას იმ ბანკების მეშვეობით, რომლებიც შედიან საფინანსო-სამრეწველო ჯგუფებში. მაგრამ, რთული “მწვანე” პროექტებისათვის აქ შეიძლება გათვალისწინებული იყოს სახელმწიფო სტიმულატორების გამოყენება. საგადასახადო პრეფერეციების გარდა, ეს შეიძლება იყოს სახელმწიფო გარანტიები იმ კრედიტებზე, რომლებიც მიიმართება“მწვანე” ინვესტისტიციების განსახორციელებლად, ასევე, შეიძლება, ზოგიერთ შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ კრედიტებზე პროცენტის დაფარვა და ა.შ. საერთოდ, “მწვანე” ინვესტიციების განხორციელების სახელმწიფო და კერძო მექანიზმები, ფისკალური და საფინანსო სტიმულირების მექანიზმები სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირად იქმნება, კონკრეტული პირობების გათვალისწინებით და ამჟამად ბევრი მათგანი იმყოფება ჩამოყალიბების პროცესში.

მაშასადამე, ამჟამად მსოფლიო საზოგადოება აქტიურად წევს წინ “მწვანე” ეკონომიკის ჩამოყალიბების საკითხს, რომლის სექტორები უნდა იყოს ინტეგრირებული ამჟამინდელი “ყავისფერი” ეკონომიკის სექტორებში, რათა შესაძლებლობის ფარგლებში შეამცირონ მისი უარყოფითი გავლენა ეკოლოგიასა და მდგრადი განვითარების პერსპექტივებზე. მისი არსის გასაგებად ნაშრომში, პირველ რიგში, ფორმულირებული და დასაბუთებულია იმპერატივები, რომლებიც განაპირობენ “მწვანე” ეკონომიკის განვითარების აუცილებლობას, მათ შორის: კლიმატის ცვლილებისა და არაგანახლებადი რესურსების ამოწურვის პრობლემები; ნახშირწყალბადის საწვავიდან და ენერგიის ალტერნატიული წყაროებიდან ელექტროენერგიის გამომუშავებაზე თანდათანობითი (შესაძლებლობის ფარგლებში) გადასვლის აუცილებლობა; ნიადაგის დეგრადაციის ტენდენციის შეცვლა და აწმყოსა და მომავალში სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა; არაგანახლებადი რესურსების თანდათანობით გამოლევის გამო, ისეთი ღონისძიების ჩატარება, რომელიც მიმართული იქნება ამ რესურსების უფრო ეკონომიურ ხარჯვაზე; მშპ-ს ენერგოტევადობის შემცირების, ენერგოდაზოგვისა და ნერგოეფექტიანობის ამაღლებისაკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელება; საწარმოო და სამომხმარებლო ნარჩენების, ნაგავსაყრელების, გრუნტისნაყარებისა და ა. შ. დაგროვებასთან დაკავშირებით საჭირო ნარჩენების უტილიზაციისა და გადამამუშავებელი სისტემების დანერგვა, წრიული ეკონომიკის განვითარება და სხვა. ფართო ასპექტში, “მწვანე” ეკონომიკის განვითარების მიმართულებები მოიცავენ შემდეგ პოზიციებს: ეკოსისტემების ზოგადი მართვა (“ნარჩენების მართვა, ბრძოლა წყლისა და ჰაერის დაბინძურებასთან, მიწის (ნიადაგის) აღდგენა და რაციონალური გამოყენება, ტყეების აღდგენა და დარგვა); განახლებადი ენერგიის წყაროების დანერგვა; მშპ-ს ენერგოტევადობის შემცირება და ენერგოეფექტიანობის გაზრდა (შენობა-ნაგებობების მშენებლობა და საბინაო-კომუნალური მეურნეობა, მრეწველობა, ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა); ელექტროტრანსპორტის განვითარება; ორგანული მიწათმოქმედება სოფლის მეურნეობაში; ეკოლოგიური ტურიზმის განვითარება.

“მწვანე” ეკონომიკის დამკვიდრებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს შესაბამისი ინოვაციური

ტექნოლოგიების დანერგვა და ასევე მისი განვითარების ყველა მიმართულების ჭრილში გაუმჯობესებადი (გასაუმჯობესებელი) ინოვაციების განხორციელება. ამ ასპექტში “მწვანე” ეკონომიკა შეიძლება ჩაითვალოს ინოვაციური ეკონომიკის შემადგენელ ნაწილად, რადგანაც ეს ორი ეკონომიკა საჭიროებს მსგავს და ხშირად განზოგადებული კოორდინაციის მექანიზმებს და ინოვაციურ ინფრასტრუქტურას.

წყარო: ბურდული ვ. “მწვანე” ეკონომიკის განვითარების იმპერატივები და მისი

ურთიერთკავშირი ინოვაციურ ეკონომიკასთან. _ ჟ.: „ეკონომისტი”, 2019, #3 ტომი XV)

მსგავსი სიახლეები

„მპ დეველოპმენტმა“, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერის ფარგლებში, თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის ხელშეწყობით, სადებიუტო ობლიგაციები გამოუშვა

„მპ დეველოპმენტმა“, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერის ფარგლებში, თიბისი კაპიტალისა…

კომპანია „მპ დეველოპმენტმა“, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, თიბისი კაპიტალისა და გალტ…
საქართველომ $37 მლნ-მდე ღირებულების სარეცხი და საწმენდი საშუალებები იყიდა – იმპორტიორი ქვეყნები

საქართველომ $37 მლნ-მდე ღირებულების სარეცხი და საწმენდი საშუალებები იყიდა…

წლის პირველ ნახევარში საქართველომ 36 მილიონ 912 ათასი დოლარის ღირებულების 31 749 ტონა სარეცხი და საწმენდი საშუალებები იყიდა. ამ პერიოდისთვის იმპორტი…
„შარშანდელთან შედარებით, ხორბლის მოსავლიანობა, ხარისხი და ფასი გაზრდილია“ – მინისტრის მოადგილე

„შარშანდელთან შედარებით, ხორბლის მოსავლიანობა, ხარისხი და ფასი გაზრდილია“ –…

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის თენგიზ ნასარიძის განცხადებით, შარშანდელთან შედარებით წელს ხორბლის საჰექტარო მოსავლიანობა გაზრდილია, გაუმჯობესებულია ხარისხიც და შესაბამისად,…