რეფინანსირების განაკვეთის შემცირება ნელი ტემპით გაგრძელდება – ეროვნული ბანკი

რეფინანსირების განაკვეთის შემცირება ნელი ტემპით გაგრძელდება – ეროვნული ბანკი

“საქართველოს ეროვნული ბანკი პოლიტიკის განაკვეთის ნორმალიზებას მხოლოდ ნელი ტემპით გააგრძელებს,”- ნათქვამია სებ-ის მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებაში, რომლითაც რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 10%-ზე შენარჩუნდა. ეროვნული ბანკის განმარტებით, შედარებით გაზრდილი გაურკვევლობა, ასევე გაზრდილი დაკრედიტება და საწვავის ფასებზე მზარდი წნეხი ქმნის ვითარებას, რომლის პირობებშიც მიზანშეწონილია მონეტარული პოლიტიკა უფრო ფრთხილი ნაბიჯებით შემსუბუქდეს.

რეფინანსირების განაკვეთის კლებაზე სებ-მა წინა გადაწყვეტილება 13 სექტემბერს მიიღო. სავარაუდოდ ამჟამად არსებული მიდგომით, ეროვნული ბანკი განაკვეთს ყოველ მეორე სხდომაზე შეამცირებს. განაკვეთის შესახებ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდგომი სხდომა 20 დეკემბერს არის დაგეგმილი.

“საქართველოში ინფლაცია კვლავ დაბალია და მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელზე ქვემოთ ნარჩუნდება. მიმდინარე წლის სექტემბერში მთლიანი ინფლაცია 0.7%, ხოლო საბაზო ინფლაცია 2.5% იყო. დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, პანდემიისა და რუსეთ-უკრაინის ომიდან მომდინარე ფასებზე ზეწოლის შესუსტება განაპირობებს. მეორე მხრივ, ინფლაციის კლებას ხელს უწყობს, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შედეგად, ადგილობრივად წარმოებული საქონლის კლებადი ინფლაციაც, რომელიც სექტემბერში 5.3%-ს გაუტოლდა. მიმდინარე პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია 2023 წლის ბოლომდე მიზნობრივ 3%-ზე დაბალ დონეზე შენარჩუნდება, ხოლო 2024 წელს მის ირგვლივ დასტაბილურდება.

აღნიშნული პროგნოზის პარალელურად, მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობა გლობალურად არასტაბილურ გარემოს ქმნის და ინფლაციის პროგნოზის გარშემო დამატებით გაურკვევლობას აჩენს. არსებულ შოკებს დაემატა, გეოპოლიტიკური არასტაბილურობის ახალი ფაქტორი, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის სახით. ბოლო პერიოდში, საწვავის ბაზარზე ტენდენციებიც გარკვეულწილად გაუარესდა, როგორც, ფასების, ასევე მიწოდების არასტაბილურობის თვალსაზრისით. ამ რისკებთან ერთად, ადგილობრივი ეკონომიკის ტენდენციებიც საყურადღებოა. კერძოდ, მიმდინარე წელს მოთხოვნა კვლავ ძლიერია და მოსალოდნელია 6%-იანი ეკონომიკური ზრდა. ბოლო თვეების მანძილზე სესხების ზრდის ტემპიც შედარებით დაჩქარდა, რისი ძირითადი წყაროც გაზრდილი ბიზნესსესხებია, უმეტესწილად უცხოურ ვალუტაში. საყურადღებოა, რომ საკრედიტო აქტივობის დაჩქარებით გამოწვეული ძლიერი ერთობლივი მოთხოვნა, როგორც წესი, დამატებით ინფლაციურ რისკს შეიცავს.

მაღალი გაურკვევლობისა და აღნიშნული რისკების გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი ინფლაციის დაბალ დონეზე შენარჩუნებაზე კონცენტრირებული რჩება და მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ინარჩუნებს. ინფლაციის ტენდენციებისა და პროგნოზის გათვალისწინებით, სხვა თანაბარ პირობებში, საქართველოს ეროვნული ბანკი პოლიტიკის განაკვეთის ნორმალიზებას მხოლოდ ნელი ტემპით გააგრძელებს. ჯერ კიდევ მკაცრი მონეტარული პოლიტიკისა და ბოლო პერიოდში უცხოური ვალუტის მხარეს გატარებული მაკროპრუდენციული ღონისძიებების ერთობლიობა გვეხმარება დაკრედიტების ზომიერი ტემპის შენარჩუნებაში, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ზემოთ აღნიშნულ ინფლაციურ რისკებს.

საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს,”- წერს სები.

მსგავსი სიახლეები

ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთში გაემგზავრა

ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთის რესპუბლიკას ეწვევა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური…
ბრიუსელში საქართველოსა და ევროკომისიის დელეგაციებს შორის შეხვედრაზე ქართულმა მხარემ დაადასტურა EU-თან ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა – საგარეო უწყება

ბრიუსელში საქართველოსა და ევროკომისიის დელეგაციებს შორის შეხვედრაზე ქართულმა მხარემ…

ბრიუსელში საქართველოს დელაგაციასა და ევროკომისიის დელეგაციას შორის გაიმართა შეხვედრა სავიზო დიალოგის ფარგლებში, კერძოდ, საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელთათვის სავიზო გამონაკლისის…
ლაშა ხუციშვილი თურქეთის ელჩს შეხვდა

ლაშა ხუციშვილი თურქეთის ელჩს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მუსტაფა თურქერ არის შეხვდა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით,…