დღეს, პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავენ

დღეს, პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავენ

დღეს საქართველოს პარლამენტში პლენარულ სხდომაზე, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავენ, რომელიც 12 საათზე დაიწყება.

შესაბამისი დადგენილება პარლამენტმა 17 ოქტომბერს გამართულ პლენარულ სხდომაზე მიიღო, როცა 88 ხმით 8-ის წინააღმდეგ მიიღო დადგენილება “საქართველოს პრეზიდენტის − სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის განხილვისა და კენჭისყრის ვადის განსაზღვრის თაობაზე“.

დადგენილების თანახმად, პარლამენტმა საქართველოს პრეზიდენტის − სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ წარმოდგენილი საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის თაობაზე დასკვნის (№3/1/1797, 16.10.2023) საფუძველზე უნდა განიხილოს და აღნიშნულ საკითხს კენჭი უყაროს 2023 წლის საშემოდგომო სესიის 17−20 ოქტომბრის პლენარული სხდომების კვირაში.

შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განხილვაში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადა.

 

 

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურების დაწყება ქართულმა ოცნებამ 1 სექტემბერს დააანონსა. პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, “სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტების სერია საზღვარგარეთის ქვეყნებში”.

ქართულ ოცნებას თავიდანვე გაცხადებული ჰქონდა, რომ არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში იმპიჩმენტის პროცედურის “სისრულეში მოყვანა შეუძლებელია”, თუმცა, “ნებისმიერი თვალის დახუჭვა კონსტიტუციის დარღვევაზე ძირს უთხრის სამართლებრივ სახელმწიფოს”.

კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის იმპიჩმენტს პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3-ის მხარდაჭერა ესაჭიროება, რაც 100 დეპუტატს შეადგენს.

საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური წარდგინების 3-დღიანი განხილვა 6 ოქტომბერს დასრულდა. 16 ოქტომბერს კი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად ცნო. გადაწყვეტილება მერაბ ტურავამ გამოაცხადა. განსხვავებული აზრი მხოლოდ სამ მოსამართლეს – ირინე იმერლიშვილს, გიორგი კვერენჩხილაძეს და თეიმურაზ ტუღუშს ჰქონდა.

მსგავსი სიახლეები

წელს სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდება – რეგიონული განვითარების მინისტრი

წელს სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდება – რეგიონული განვითარების…

რეგიონული განვითარების მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წელს სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდება. ასე უპასუხა მან „გახარია საქართველოსთვის“ მიერ დასმულ კითხვას მუშაობს თუ…
იანვარში საარსებო შემწეობას 710 ათასზე მეტი ადამიანი იღებდა

იანვარში საარსებო შემწეობას 710 ათასზე მეტი ადამიანი იღებდა

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, იანვარში საარსებო შემწეობას 710 226 ადამიანი იღებდა, აქედან თითქმის 246 ათასი სახელმწიფო დასაქმების პროგრამით მოსარგებლეა, რომელიც წელს…
მესტიის მიმართულებით დამატებითი ავიარეისები დაინიშნა

მესტიის მიმართულებით დამატებითი ავიარეისები დაინიშნა

თებერვლის ბოლოს სვანეთში დაგეგმილი მასშტაბური ღონისძიებების გამო, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ მესტიის მიმართულებით დამატებითი ფრენები დანიშნა. გადაწყვეტილების მიზეზი გაზრდილი მგზავრთნაკადი და რეგიონში…