რას გულისხმობს “რუსული კანონი” და რატომ არის ის საქართველოს პარტნიორების – EU-ს და აშშ-ს წინააღმდეგ მიმართული

რას გულისხმობს “რუსული კანონი” და რატომ არის ის საქართველოს პარტნიორების – EU-ს და აშშ-ს წინააღმდეგ მიმართული

პარლამენტში მმართველი პარტიის მხრიდან ხელახლა შევიდა ინიციატივა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებაზე. კანონპროექტზე უარის თქმა “ქართულ ოცნებას” 2023 წლის მარტში გამართული ფართომასშტაბიანი დემონსტრაციების ფონზე მოუწია და ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ხელისუფლებამ მაშინ გააკეთა დაპირება, რომ ამ კანონს აღარ მიუბრუნდებოდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ყირგიზეთის პარლამენტმა 2024 წლის მარტში დაამტკიცა უცხოური აგენტების კანონი, ცენტრალური აზიისა და რუსეთის მსგავსი საკანონმდებლო პრაქტიკის გაზიარება ხელახლა გადაწყვიტა “ქართულმა ოცნებამაც”.

4 აპრილს ევროკავშირმა საქართველოში ამ კანონის ხელახლა დაბრუნების შესახებ “სერიოზული შეშფოთება” გამოთქვა და “ქართულ ოცნებას” შეახსენა დაპირება, რომ ამ კანონპროექტს აღარ მიუბრუნდებოდნენ. სახელმწიფო დეპარტამენტი კი მიიჩნევს, რომ ამ კანონმდებლობის მიღება საქართველოს ევროპული გზიდან ჩამოაცილებს.

კანონპროექტის არსი – საქართველო ყოველწლიურად იღებს მნიშვნელოვან მხარდაჭერას ევროკავშირისგან, აშშ-ისგან, EU-ს ცალკეული ქვეყნებისგან, გაეროსა და საერთაშორისო ფონდებისგან. ამ დახმარებების მოცულობა ყოველწლიურად რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარს შეადგენს. აღნიშნული პროექტები მიმართულია საქართველოს სხვადასხვა სექტორში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ, მაგალითად საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისკენ, სადაც დონორებს აქვთ პროექტები, როგორც ცესკოსთან, ასევე არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციებთან, ასევე ეკონომიკური რეფორმების პროექტებზე, სადაც მაგალითად ევროკავშირის, აშშ-ის და სხვა დონორული საფინანსო ორგანიზაციების მხარდაჭერით კონკრეტულ ეკონომიკურ რეფორმებზე მუშაობენ ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტროები, ასევე ქართული კვლევითი ცენტრები და არასამთავრობო ორგანიზაციები. ასევე, არსებობს პროექტები სოფლის მეურნეობის, სამოქალაქო ინტეგრაციის, საქართველოს ექსპორტის ხელშეწყობის, სამართლის უზენაესობის განმტკიცების, განათლების, ანტიკორუფციული, ენერგეტიკული დამოუკიდებლობის, მმართველობის გამჭვირვალობისა და სხვა მიმართულებებით. ასევე არსებობს პროგრამები, რომელიც მიმართულია საქართველოში რუსული ჰიბრიდული ომის საწინააღმდეგოდ და მიზნად ისახავს მედიასა თუ სოციალურ ქსელებში რუსული დეზინფორმაციისა თუ ჰიბრიდული ომის გამოვლენას და ამ მხრივ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

შესაბამისად, ყველა ამ პროექტში თუკი სახელმწიფო (რომელიმე სამინისტრო, სსიპ-ი ან უწყება) იღებს დაფინანსებას, მაშინ მას “გავლენის გამტარებლის” სტატუსი არ ენიჭება, თუმცა, თუკი ანალოგიურ პროექტზე მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაცია, მედია თუ სამოქალაქო გაერთიანება და დონორული დაფინანსება მისი შემოსავლის 20%-ს აჭარბებს, ის უცხოური ძალის გავლენის გამტარებლად გამოცხადდება. შესაბამისად, კანონი სწორედ ამ მასტიგმატიზებელი იარლიყის მიკვრას ისახავს მიზნად. თუმცა, საკითხი მხოლოდ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების წინააღმდეგ მიმართული არაა და მისი მთავარი მიზანი თავად ქვეყნის შიგნით სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების ეტაპობრივი შეზღუდვა და სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზებაა.

აღსანიშნია, რომ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის უცხოური გავლენის აგენტებად გამოცხადებას რუსეთის ფედერაციაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების მხრივ ვითარების მკვეთრი გაუარესება მოჰყვა. რუსეთში აღნიშნული კანონი 2012 წელს ამოქმედდა და მასში პერიოდულად გამკაცრების მიმართულებებით სხვადასხვა ცვლილებები შედიოდა.

“ქართული ოცნების” კანონპროექტში განსხვავებით წინა წლისგან ტერმინი “უცხოური ძალის აგენტი” სიტყვა “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით” არის ჩანაცვლებული.

თუკი კონკრეტული ორგანიზაცია დონორული დაფინანსებით მუშაობს რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ და ააშკარავებს დეზინფორმაციის შემთხვევებს, ახალი ქართული კანონი “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად” მასაც მოიხსენიებს.

კანონის ძირითადი მუხლები, თუ ვის შეეხება უცხოური ძალის გავლენის გამტარებლად რეგისტრაცია:

მუხლი 1. კანონის მიზანი და მოქმედების სფერო

1. ეს კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით აწესრიგებს სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციასა და უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. ეს კანონი არ ზღუდავს ამ კანონის საფუძველზე უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირებული სუბიექტის საქმიანობას.

მუხლი 2. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია

1. ამ კანონის მიზნებისთვის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია არის:
ა) ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რომელიც არ არის „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია ან „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისხლის დაწესებულება და რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა;
ბ) „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ისეთი მაუწყებელი, რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის იმ 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა, რომელშიც არ შედის სამეწარმეო საზოგადოების ან ინდივიდუალური მეწარმის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად აღნიშნულ მაუწყებელში განთავსებული სპონსორობიდან, ტელეშოპინგიდან ან კომერციული რეკლამიდან მიღებული შემოსავალი;
გ) ისეთი იურიდიული პირი, რომელიც ერთპიროვნულად ან სხვასთან ერთად ფლობს საქართველოში მოქმედ მასობრივი ინფორმაციის ბეჭდურ საშუალებას და რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის იმ 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა, რომელშიც არ შედის სამეწარმეო საზოგადოების ან ინდივიდუალური მეწარმის მიერ მასობრივი ინფორმაციის აღნიშნულ საშუალებაში განთავსებული კომერციული რეკლამიდან მიღებული შემოსავალი;
დ) ისეთი იურიდიული პირი, რომელიც ერთპიროვნულად ან სხვასთან ერთად ფლობს ან/და იყენებს მასობრივი ინფორმაციის საქართველოს სახელმწიფო ენაზე გამავრცელებელი ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილ ინტერნეტდომენს ან/და ინტერნეტჰოსტინგს და რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის იმ 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა, რომელშიც არ შედის სამეწარმეო საზოგადოების ან ინდივიდუალური მეწარმის მიერ მასობრივი ინფორმაციის აღნიშნულ საშუალებაში განთავსებული კომერციული რეკლამიდან მიღებული შემოსავალი.
2. ამ მუხლის მიზნებისთვის „შემოსავალში“ იგულისხმება ფულადი თანხა და ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთე (ნებისმიერი მოძრავი ან უძრავი ნივთი). იმ შემოსავლის ღირებულება, რომელიც არ არის ფულადი თანხა, ამ მუხლის მიზნებისთვის მისი საბაზრო ფასით გამოითვლება.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის მიიჩნევა, რომ იმავე პუნქტით გათვალისწინებულმა შესაბამისმა სუბიექტმა მიიღო შემოსავალი, თუ აღნიშნულ სუბიექტს გადაეცა ფულადი თანხა ან იგი გახდა ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის (ნებისმიერი მოძრავი ან უძრავი ნივთის) მესაკუთრე ან მოსარგებლე.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის მიიჩნევა, რომ იმავე პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი სუბიექტის მიერ მიღებული შემოსავლის წყარო უცხოური ძალაა, თუ:
ა) აღნიშნულმა სუბიექტმა უცხოური ძალისგან პირდაპირ ან არაპირდაპირ მიიღო შემოსავალი;
ბ) აღნიშნულმა სუბიექტმა პირდაპირ ან არაპირდაპირ მიიღო შემოსავალი იმ იურიდიული პირისგან, რომელმაც უცხოური ძალისგან პირდაპირ ან არაპირდაპირ მიიღო შემოსავალი;
გ) აღნიშნული შემოსავლის წყარო არ არის იდენტიფიცირებული.

მუხლი 3. უცხოური ძალა

ამ კანონის მიზნებისთვის უცხოური ძალა არის:
ა) უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;
ბ) ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
გ) იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე;
დ) ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი (მათ შორის, ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი, სხვა სახის ორგანიზაცია) ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.

სრულად კანონპროექტი იხილეთ ბმულზე.

მსგავსი სიახლეები

ილია და დღევანდელობა

ილია და დღევანდელობა

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. ივ.ჯავახიშვილის სახ. თსუ-ს პ.გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერმუშაკი. ილია ჭავჭავაძე, საქართველოს ისტორიის მეორე სვეტად წოდებული „ქართული…
2024 წლის I კვარტალში უმუშევრობის დონე შემცირდა

2024 წლის I კვარტალში უმუშევრობის დონე შემცირდა

2024 წლის I კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 14% შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული…
საპენსიო სააგენტოს აქტივებმა 5 მილიარდს გადააჭარბა

საპენსიო სააგენტოს აქტივებმა 5 მილიარდს გადააჭარბა

საქართველოს საპენსიო სააგენტოს ატქივებმა დღეს 5 მილიარდ ლარს გადააჭარბა. ეს თანხა წარმოადგენს 1.3 მილიონი ადამიანის საპენსიო დანაზოგს, რაც ერთ მონაწილეზე საშუალოდ…