ეროვნული ინოვაციური სისტემის ტრანსფორმაციის თავისებურებანი მსოფლიოს ზოგიერთ მოწინავე ქვეყანაში

ეროვნული ინოვაციური სისტემის ტრანსფორმაციის თავისებურებანი მსოფლიოს ზოგიერთ მოწინავე ქვეყანაში

ვახტან ბურდული - ინსტიტუტის განყოფილების გამგე, მთავარი მეცნიერ- თანამშრომელი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

ეროვნული ინოვაციური სისტემის ტრანსფორმაციის თავისებურებანი მსოფლიოს ზოგიერთ მოწინავე ქვეყანაში

თანამედროვე პირობებში ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა შეუძლებელია მასში ქმედითი ეროვნული ინოვაციური სისტემის (ეის) არსებობის გარეშე. ამიტომ ამჟამად საქართველოს წინაშე დგას სრულფასოვანი ეის-ის ფორმირების ამოცანა. ამასთან დაკავშირებით მეტად მნიშვნელოვანია განვითარებულ ქვეყნებში ეის-ების მშენებლობისა და განვითარების გამოცდილების შესწავლა იმისათვის, რომ გადმოღებული იყოს მათი საქართველოს პირობებში მისაღები ელემენტები და მექანიზმები, მათ შორის, იმ შედარებით მცირე ქვეყნების გამოცდილების, რომლებმაც განვითარების განსაზღვრულ ეტაპზე განახორციელეს (სხვადასხვა პერიოდში) ისეთი ეკონომიკური გარღვევა, რომელმაც შესაძლებელი გახადა მათი გასვლა ინდუსტრიულად განვითარებული ქვეყნების რიგებში (მაგალითად, სამხრეთ კორეა, ფინეთი).

ეროვნული ინოვაციური სისტემების ძირითადი მოდელები

ეკონომიკურ ლიტერატურაში გამოიყოფა ეის-ების ოთხი ძირითადი მოდელი: “ევროატლანტიკური”, “აღმოსავლეთაზიური”, “ალტერნატიული” და “სამმაგი სპირალის მოდელი”, რომელიც ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანაში ამჟამად თანდათანობით ინერგება.

ევროატლანტიკურ მოდელს, რომელიც სხვადასხვა ვარიანტით რეალიზებული იყო აშშ-ში, კანადაში, ევროპის განვითარებულ ქვეყნებში (მათ შორის მცირეებშიც), გააჩნია ეის-ის სტრუქტურის ყველა კომპონენტი: ფუნდამენტური და გამოყენებითი მეცნიერება, გამოკვლევები და შემუშავებები, საცდელი ნიმუშების შექმნა და მასობრივ წარმოებაში მათი დანერგვა. ესე იგი ის წარმოადგენს სრული ინოვაციური ციკლის მოდელს ინოვაციური იდეის წარმოშობიდან მზა პროდუქციის მასობრივ წარმოებამდე. ევროპის განვითარებულ ქვეყნებში ეის-ები კონცენტრირდება მსხვილი უნივერსიტეტების ირგვლივ (მაგრამ რიგ ქვეყანაში _ საფრანგეთი, დანია, შვედეთი და სხვა, დიდ როლს თამაშობს სხვა კვლევითი ინსტიტუტებიც და მეცნიერებათა აკადემიები). ინოვაციური საქმიანობის სფეროში დიდი როლი აქვთ რეგიონულ პროექტებს აშშ-ის სილიციუმის ველის მსგავსად, მაგრამ მათი ორგანიზაციის და დაფინანსების პრინციპები სხვადასხვა ქვეყნის მიხედვით განსხვავებულია. გამოკვლევების და შემუშავებების დაფინანსებაში მსხვილ ბიზნესთან ერთად აქტიურ მონაწილეობას იღებს მცირე და საშუალო ბიზნესი. ნიშანდობლივია, რომ ევროპის მცირე ქვეყნებში (შვედეთი, ნიდერლანდები) გამოყენებითი კვლევები, უპირველეს ყოვლისა, ფინანსდება გრანტებისა და მსხვილ ტრანსეროვნულ კორპორაციებთან ერთობლივი პროექტების ხარჯზე. “ამჟამად დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ვითარდება ეის-ების გაერთიანების პროცესები ერთობლივ მეცნიერულ-ტექნიკურ და ინოვაციურ სივრცეში. ამ მიზნით შემუშავებულია სპეციალური მექანიზმები (სხვადასხვა პროგრამა, ტექნოლოგიური პლატფორმები)”. პან-ევროპული პროგრამების კოორდინირებად ინსტრუმენტებს წარმოადგენს ინოვაციური ქსელები, ტექნოლოგიური პლატფორმები, ერთობლივი ტექნოლოგიური ინიციატივები, “საგზაო რუკები” ESFRI, ასევე პარტნიორობის ახალი სახეები. ამის მიუხედავად ეროვნული ინოვაციური სისტემები რჩება ბირთვად.
აღმოსავლეთაზიური მოდელი ევროატლანტიკურისაგან იმით განსხვავდება, რომ, ჯერ ერთი, უნივერსიტეტები, როგორც ინოვაციური შემუშავებების ცენტრები, თამაშობენ გაცილებით უფრო ნაკლებ როლს, ვიდრე კორპორაციების კვლევითი ლაბორატორიები, ამასთან, ამ ქვეყნების ეის-ებს თითქმის სრულად აკლდათ ფუნდამენტური მეცნიერების კომპონენტი, მეორე, ეს ქვეყნები, მაღალტექნოლოგიური პროდუქციის ექსპორტზე ორიენტაციასთან ერთად, უპირატესად ახორციელებდნენ ახალი ტექნოლოგიების გადმოღებას (ნასესხობას) ქვეყნებიდან ევროატლანტიკური ტიპის ეის-ებით, მესამე, სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო შემუშავებებზე გაწეული დანახარჯების გადამეტებული წილი მოდიოდა კერძო სექტორზე (იაპონია, სამხრეთ კორეა, სინგაპური, ჰონკონგი, ტაივანი). მაგრამ გასული საუკუნის 80-იანი წლების შუა ხანებიდან ასეთმა სისტემამ გარკვეული ზომით ამოწურა თავისი შესაძლებლობები და ამ პერიოდიდან დაიწყო ამ ქვეყნების ეის-ების თანდათანობითი გარდაქმნა.

 

საფრანგეთის ეროვნული ინოვაციური სისტემის ტრანსფორმაცია

XX საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს საფრანგეთი სერიოზულ სტრუქტურულ პრობლემებს წააწყდა ეროვნულ ეკონომიკაში: მრეწველობის ინოვაციური განვითარებისა და ინოვაციური ინფრასტრუქტურის განვითარების არასაკმარისი დონე (სამრეწველო საწარმოების მხრიდან კვლევებისა და შემუშავებების ასიგნების შედარებით დაბალი დონე; ძირითადი კონკურენტებისაგან ჩამორჩენა დაპატენტების, კვლევებისა და შემუშავებების შედეგების ათვისების, ვენჩურული კაპიტალის განვითარებისა და ასევე ახალი ტექნოლოგიების წარმოებისა და გამოყენების სფეროში: არასაკმარისად ხელსაყრელი კლიმატი ახალი საწარმოების შექმნისათვის; საწარმოებსა და სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიებს შორის თანამშრომლობის განვითარების დაბალი დონე); მსოფლიო ბაზარზე მაღალი ტექნოლოგიების რიგი საკვანძო დარგის სუსტი საკონკურენტო პოზიციები; სხვა ქვეყნებში საწარმოო სიმძლავრეების გადატანის საფრთხე; მნიშვნელოვანი რეგიონული დისპროპორციები სამრეწველო და სამეცნიერო-ტექნოლოგიურ განვითარებაში; ახალგაზრდობის ინტერესის მკვეთრი დაქვეითება საინჟინერო სპეციალობების მიმართ და მაღალკვალიფიციური საინჟინრო კადრების დეფიციტი; სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის ინსტიტუტის სისუსტე, რაც გახდა მეცნიერულ-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო შემუშავებების (მკსსშ) შედეგების სამრეწველო ათვისების სფეროში ძირითადი კონკურენტებისაგან ქვეყნის არსებითი ჩამორჩენილობის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი.
ჩამოთვლილმა და სხვა გარემოებებმა (გამოწვევებმა) განაპირობეს საფრანგეთის ხელისუფლების ძალისხმევის აქტივიზაცია სამრეწველო (და მის შემადგენლობაში ინოვაციური) პოლიტიკის სტრატეგიების (პროგრამების) შემუშავებისა და მისი ინსტრუმენტების გაძლიერების სფეროებში _ 2004 წელს პრეზიდენტმა ჟ. შირაკმა სამრეწველო პოლიტიკის აქტივიზაცია გამოაცხადა უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო პრიორიტეტად. ამ პოლიტიკის რეალიზაციის ძირითადი ინსტრუმენტებია _ ქვეყნის სამრეწველო და მეცნიერულ-ტექნოლოგიური პოტენციალის მობილიზაცია, სიახლეების შემოღების პროცესის (შექმნიდან რეალიზაციამდე) სტიმულირება როგორც ეროვნული, ასევე რეგიონული მასშტაბით. ამასობაში დიდი ყურადღება ეთმობა კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის პარტნიორობის სხვადასხვა ფორმების განვითარებას, განსაკუთრებით ურთიერთქმედებას მეცნიერების, განათლებისა და ბიზნესის სფეროებს შორის. სახელმწიფოს ახალი სამრეწველო სტრატეგიის უმნიშვნელოვანეს პრინციპებად ხდება: კურსი ფართომასშტაბიანი ინოვაციური პროცესის განვითარებაზე (რომელიც ქვეყნის მთელ ტერიტორიას შეეხება) და ამ პროცესის ძირითადი მონაწილეების (საწარმოების, სამეცნიერო ლაბორატორიების, უმაღლესი სკოლის) ურთიერთქმედების სტიმულირება.
ამ ორმაგი ამოცანის გადასაწყვეტად ქვეყანაში იქმნება სპეციალური რეგიონული კლასტერები, ეგრეთ წოდებული კონკურენტუნარიანობის პოლუსები, რომლებიც ხდებიან ქვეყნის ახალი სამრეწველო, ინოვაციური და რეგიონული პოლიტიკის საკვანძო ინსტრუმენტებად. ამ პოლუსების განსაზღვრება შემდეგნაირია (2004 წლის კანონი ფინანსების შესახებ): განსაზღვრულ ტერიტორიაზე საწარმოების (მსხვილებიდან წვრილებამდე), სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიების (სახელმწიფო და კერძო) და უმაღლესი სკოლის დაწესებულებების დაჯგუფება, რომლებიც მოწოდებულები არიან, ერთად იმუშაონ ეკონომიკური განვითარების პროექტებისა და ინოვაციების დანერგვის მიზნით. მაგალითად, ოთხი წლის განმავლობაში (2007-2010) ამ ცენტრების მეშვეობით შესაძლებელი გახდა 4 მლრდ ევროზე მეტი მოცულობის პროექტების დანერგვა, რომელიც 30%-ით დაფინანსებული იყო სახელმწიფოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ და 70%-ით _ თვით საწარმოების მიერ. საფრანგეთში დღეისათვის არსებობს 71 კონკურენტუნარიანობის პოლუსი. საუკეთესო ინოვაციური პროექტებისათვის საფინანსო დახმარების მინიჭება უფრო ხშირად ხდება ერთიანი სამინისტროთაშორისი ფონდის _ Fond unique interministériel (FUI) მეშვეობით. სამინისტროთაშორისი ფონდის გარდა პოლუსებში შექმნილი საინტერესო პროექტების დაფინანსებაში მონაწილეობისათვის სახელმწიფო იზიდავს სხვა დაწესებულებებსაც. მაგალითად, Agence Nationale de la Recherche (ANR) – ეროვნულ კვლევით სააგენტოს, Caisse de dépôt et consignation (CDC) – სადეპოზიტო-სასესხო სალაროს ან ორგანიზაციას სახელწოდებით OSEO. OSEO – არის სახელმწიფო ორგანიზაცია, რომელიც ასრულებს სამ მისიას: დახმარება ინოვაციების განვითარებისათვის, საბანკო დაფინანსების და ინვესტიციების გარანტირება და, ბოლოს, საპარტნიორო დაფინანსება. ეს ორგანიზაცია უფრო ხშირად აფინანსებს მცირე და საშუალო საწარმოებს.
საფრანგეთის მთავრობა უკანასკნელ პერიოდში აქტიურად იყენებს რეგულირების და კოორდინაციის დირიჟისტულ პრინციპებს. ასე მაგალითად, 2010 წლის მარტში მთავრობამ გაასაჯაროვა ახალი ზომები ეროვნული მრეწველობის განვითარების სასარგებლოდ, რომლებშიც დასახული იყო ოთხი მთავარი მიმართულება: 1. სამრეწველო ინოვაციები; 2. ფრანგული საწარმოების კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება; 3. კომპეტენციების გაუმჯობესება, განსაკუთრებით პერსპექტიულ სექტორებში ცოდნებისა და ჩვევების განვითარებისათვის; 4. საწარმოო ჯაჭვების სტრუქტურიზაციის გაძლიერება.
სამრეწველო პოლიტიკის ფარგლებში სახელმწიფოს ჩარევა მიზნად ისახავს კერძო აქტორების წახალისებას ინოვაციების განხორციელების, განვითარებისა და კოორდინაციის მიმართ. დიდი მნიშვნელობა ენიჭება კერძო და საჯარო მონაწილეთა კოორდინაციის გაუმჯობესებას, ფუნდამენტურ კვლევებსა, საჯარო და კერძო კვლევებს, მრეწველებსა და ქვეკონტრაქტორებს შორის კოორდინაციის ნაკლოვანებების აღმოფხვრას, ასევე ითვლება, რომ სახელმწიფო უფრო აქტიურად უნდა მონაწილეობდეს იმ საწარმოთა საქმიანობის სტრატეგიულ დაგეგმვაში, რომელთა კაპიტალში მასაც აქვს წილი.
შესაბამის საბუთებში დიდი ყურადღება ენიჭება ფრანგული მრეწველობის დაფინანსების პრობლემებს, სტიმულირების ფისკალურ და ფინანსურ ზომებს, შესაბამისი კოორდინირებადი სტრუქტურების შექმნას (მაგალითად, სტრატეგიული კომიტეტების საწარმოო ჯაჭვების მიხედვით) და ა. შ. კერძოდ, 2008 წელს შექმნილი იყო ინვესტიციების სტრატეგიული ფონდი (FSI) 35 მლრდ ევროს კაპიტალით, რომლის ოფიციალური მიზანია პერსპექტიული ფრანგული საწარმოებისათვის დახმარების გაწევა მათი საკუთარი სახსრების გაზრდისათვის. ფონდი შედის სხვადასხვა საწარმოს კაპიტალში ან გამოდის როგორც ერთ-ერთი ინვესტორი.
გავჩერდებით კიდევ ერთ საკითხზე საფრანგეთის მიხედვით, რომელიც მხარს უჭერს ჩვენ შემდგომ წინადადებებს (მეხუთე თავში) საქართველოში წარმოების განვითარების ინვესტირებაზე საფინანსო სახსრების მობილიზაციის შესახებ: ნათქვამია, რომ ფრანგულ საწარმოებს უნდა ჰქონდეთ დაფინანსების სხვადასხვა წყარო, როგორც საბანკო კრედიტები, ასევე საკუთარი კაპიტალი. საწარმოებს დაფინანსება სჭირდებათ, შესაბამისად _ აქციონერები. საფრანგეთი ხასიათდება როგორც ქვეყანა დანაზოგების მაღალი განაკვეთით. ამ დანაზოგების მხოლოდ 25%-ზე ნაკლები მოდის ინვესტიციებზე საწარმოთა აქციებში. სამრეწველო პოლიტიკის შესაბამისი პროგრამის ფარგლებში (ღონისძიება 21. ფრანგების დანაზოგების და საბანკო კრედიტების ორიენტაცია მრეწველობის დაფინანსებაზე) შემოთავაზებულია ისეთი საგადასახადო ზომების შემუშავება, რომ მოხდეს ფრანგების დანაზოგების უფრო ფართო დაბანდება (ორიენტაცია) ფრანგული სამრეწველო საწარმოების აქციებში გრძელვადიანი ინვესტირების შედეგად.
მაშასადამე, საფრანგეთის გამოცდილებიდან შეიძლება გაკეთდეს შემდეგი ძირითადი დასკვნები: 1. გააქტიურდა სახელმწიფოს როლი ეკონომიკური, კერძოდ ინოვაციური განვითარების რეგულირებაში, ხარისხობრივად ახალ დონეზე აღორძინდა დირიჟისტული ტრადიციები, რომლებიც დამახასიათებელია განვითარების რეგულირების კეინზიანური მოდელისათვის: სახელმწოფო ამუშავებს საერთო ეროვნული და რეგიონული განვითარების სტრატეგიებს, ახორციელებს ინოვაციური განვითარების საგადასახადო სტიმულირებას, შექმნა და იყენებს ინვესტიციების სტრატეგიული ფონდის (FSI) სახსრებს სახელმწიფო-კერძო პარტნიორობაში მონაწილეებისათვის (მათ შორის ვენჩურული საწარმოების შექმნის დროს), შექმნილია ფონდები და სხვა ორგანიზაციები საუკეთესო ინოვაციური პროექტების საფინანსო დახმარებისათვის (FUI, ANR, CDC, OSEO). 2. სამრეწველო განვითარების კოორდინაციის პროცესში გამოიყენება კომპლექსური მიდგამა _ მხარს უჭერენ არა მხოლოდ ინოვაციურ პროცესებს, არამედ სხვა ღონისძიებებსაც, რომლებიც ხელს უწყობს პროგრესულ ეკონომიკურ განვითარებას: საწარმოებში წილობრივი მონაწილეობა (რომელიც ყოველთვის არ არის დაკავშირებული ინოვაციურ გარდაქმნასთან), საწარმოო ჯაჭვების სტრუქტურიზაციის გაძლიერება (რისთვისაც იქმნება სტრატეგიული კომიტეტები საწარმოო ჯაჭვების მიხედვით). 3. მოხერხებულად, არატრივიალურად გადაწყვეტილია რეგიონული პრობლემა კონკურენტუნარიანობის პოლუსების შექმნის სახით, სადაც რეგიონული და საერთო ეროვნული განვითარების მიზნები და ინსტრუმენტები უშუალოდ ურთიერთდაკავშირებულები არიან და მიზნების მიღწევა ხორციელდება სამი საკვანძო მოთამაშის (მეცნიერება, სახელმწოფო, ბიზნესი) აწყობილი ურთიერთმოქმედების საფუძველზე.

"კორეის სასწაული": ინოვაციური მოდერნიზაცია სამხრეთ კორეაში

სამხრეთი კორეის ინდუსტრიული მოდერნიზაციის პირველი ეტაპი დაიწყო წარსული საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისიდან, როდესაც მან ინოვაციური პროექტის რეალიზაციას უკიდურესად არახელსაყრელ სასტარტო პირობებში შეუდგა: რესურსული პოტენციალის დეფიციტი, მკაცრი კონკურენტული გარემო, ტექნოლოგიური ჩამორჩენილობა. ამ სიტუაციაში მოდერნიზაციის განხორციელება მხოლოდ საბაზრო მექანიზმებზე დაყრდნობით ჩასაფუშად იყო განწირული. და მხოლოდ მიზანმიმართულმა სახელმწიფო პოლიტიკამ გახადა შესაძლებელი “ინოვაციური სასწაულის მოხდენა”. სამხრეთკორეულმა ხელისუფლებამ თავდაპირველად იმედი დაამყარა თავისი პატრონაჟის ქვეშ მსხვილი მონოპოლიების შექმნაზე, რომელთაც ჰქონდათ ინოვაციური გარღვევის შესრულების უნარი თავიანთი პრივილეგიური მდგომარეობის ხარჯზე. ქვეყნის ეკონომიკაში კაპიტალის კონცენტრაციის და ცენტრალიზაციის პროცესებმა გამოიწვია მსხვილი ფინანსურ-სამრეწველო ჯგუფების (ჩებოლების) წარმოქმნა, რომლებიც აღმოცენდნენ მსხვილი სავაჭრო კომპანიების ბაზაზე და გადაიქცნენ მრავალდარგობრივ კონგლომერატებად (ოდნავ მოგვიანებით დაიწყო საშუალო და მცირე ბიზნესის აქტიური განვითარება). დაახლოებით ორმოცდაათი ჩებოლი (Hyundai, Samsung, Daewoo, LG და სხვა) საკვანძო როლს თამაშობს ქვეყნის ეკონომიკაში. მათი გამოცდილება გვიჩვენებს, თუ რამდენად წარმატებული შეიძლება იყოს დაბანდებები მსხვილ მეცნიერებატევად ინოვაციურ წარმოებაში: ისინი მრავალპროფილურ ექსპორტზე ორიენტირებულ ჰოლდინგებად გადაიქცნენ (პირველ ხანებში მათ არ ჰქონდათ საკუთარი საბანკო სტრუქტურები და დაფინანსებას ღებულობდნენ სახელმწიფო ბანკებიდან, მაგრამ მოგვიანებით მათ შემადგენლობაში გაჩნდნა კერძო ბანკებიც). სახელმწიფო მუდმივად ახალისებდა სტრუქტურულ რეფორმებს მრწველობაში, კერძოდ, საწარმოო ტექნოლოგიების შემოზიდვის იმპორტული ბაჟებისაგან გათავისუფლების გზით, სამაცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო შემუშავებების (მკსსშ) სტიმულირების აქტიური საგადასახადო პოლიტიკის ჩატარებით და ა. შ.
წარსული საუკუნის 60-80-იანი წლების ინოვაციური მოდერნიზაციის პროცესში მთავარ როლს თამაშობდა საზღვარგარეთული ფაქტორი. გარღვევის პროგრამა თავდაპირველად შენდებოდა უცხოური ტექნოლოგიების შემოქმედებით კოპირებაზე. ამასთან ადგილი ჰქონდა გადმოღების (სესხების) ფორმების სიმრავლეს: კონტრაქტები “გასაღების ჩაბარებით” (контракты «под ключ»), ლიცენზირება, საკონსულტაციო მომსახურება. გადამწყვეტ როლს თამაშობდა იაპონურ პარტნიორებთან ერთობლივად ვენჩურული ინოვაციური კომპანიების შექმნა. მოგვიანებით დაიწყო საკუთარი ინოვაციური საწარმოო ტექნოლოგიების განვითარებაც, თუმცა, ამ დროისთვისაც (ამჟამადაც) შენარჩუნებულია სახელმწიფოს ძლიერი დამოკიდებულება უცხოური ტექნიკის და ტექნოლოგიების შემოტანაზე ქვეყნის შიგნით საბაზო ტექნოლოგიების განუვითარებლობის გამო.
ეის-ის ტრანსფორმაციის მეორე ეტაპის დაწყება განპირობებული იყო 1990-იანი წლების ბოლოს განვითარებული კრიზისით, რომელმაც აიძულა სამხრეთ კორეის ხელმძღვანელობა ინოვაციური კურსის ფორსირებისაკენ. ამ მიზნით შემუშავდა და რეალიზდება სპეციალური პროგრამა, მიმართული განვითარების დაჩქარებასა და ინოვაციურ გარღვევებზე. ამ პროგრამის ჩარჩოებში რეგიონების ჭრილში სრულდება პროექტი ცნობილი, როგორც სქემა “4+9” (4 _ სასტარტო სუბიექტებია, 9 _ ტერიტორიები, რომლებიც პროექტს მოგვიანებით შეუერთდნენ). ინიციატივის “4+9” ძირითადი იდეა გულისხმობს ისეთი ეკონომიკური კლასტერების სერიის ფორმირებას, რომელთაგანაც ყოველს ექნებოდა გარკვეული სპეციალიზაცია. მაგალითად, ქ. დეჯონის სპეციალიზაციაა ინფორმაციული ტექნოლოგიები, ბიოწარმოება, მაღალტექნოლოგიური დეტალების და მასალების წარმოება, რობოტების კონსტრუირება, სანავსადგურო ქ. პუსანი კი გახდა ლოგისტიკისა და ტურიზმის ცენტრი.
ტრანსფორმაციის პროცესში სამხრეთი კორეის რესპუბლიკის ხელმძღვანელობის მიერ ფორმულირებული იყო ეკონომიკის რეფორმირების ამოცანები, რომლებიც უპირველეს ყოვლისა ითვალისწინებდნენ ეის-ის კომპონენტების განვითარებას. შემუშავებული იყო ქვეყნის “ახალი ინდუსტრიული განვითარების” სტრატეგია, რომელშიც ინოვაციური განვითარებისათვის საწარმოო-ტექნიკური ბაზის, მექანიზმებისა და ინვესტიციური კლიმატის სტრუქტურირების საფუძველზე განსაზღვრული იყო ეროვნული ეკონომიკის ინოვაციური განვითარების ფუძემდებელი კომპონენტების ფორმირების გზები. ამ სტრატეგიის ჩარჩოებში რეგიონებში, მოცემულ ტერიტორიაზე კონცენტრირებული მრეწველობის დარგების ბაზაზე, იქმნებოდა ინოვაციური სისტემის კომპონენტები (ტექნოპარკები, ტექნოლოგიური ინოვაციების ცენტრები, რეგიონული კვლევითი ცენტრები და ა. შ.) და ამის საფუძველზე, “საპილოტო პროექტების” რეალიზაციის მეშვეობით _ რეგიონული ინოვაციური კლასტერები. დიდი ყურადღება ეთმობოდა საწარმოებისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ურთიერთქმედების სტიმულირების ორგანიზაციას სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების განხორციელების მიზნით, ასევე ლოკალურ დონეზე ინოვაციების განვითარებისათვის ინსტიტუციური საფუძვლებისა და ხელსაყრელი გარემოს ფორმირებასა, სამრეწველო საწარმოებსა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებს (ასევე, სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს) შორის ქსელური კონტაქტების გაძლიერებას.
სამხრეთ კორეის გამოცდილებიდან შეიძლება გაკეთდეს შემდეგი ძირითადი დასკვნები: 1. სამხრეთ კორეაში ინოვაციური ინდუსტრიული გარღვევისა და მისი განვითარებული ქვეყნების რიგებში გაყვანის განხორციელება შესაძლებელი გახდა მიზანმიმართული სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების შედეგად, ე. ი. ამ გარღვევის წარმატებები 60-80-იან წლებში მიღწეული იყო აწყობილი და ინტენსიური სახელმწიფო დირიჟიზმის შედეგად. 2. ძირითადი როლი ინოვაციურ გარღვევაში ითამაშეს ფინანსურ-სამრეწველო ჯგუფებმა (ფსჯ) _ “ჩებოლებმა”, რომლებშიც საბანკო შემადგენელს 60-80-იან წლებში უპირატესად სახელმწიფოებრივი ხასიათი ჰქონდა. 3. ახალი ინდუსტრიული ეკონომიკა შენდებოდა სხვადასხვა ფორმით ახალი ტექნოლოგიების სესხების პრინციპით (ევროატლანტიკური მოდელის ეის-ის მქონე ქვეყნებსა და იაპონიიდან). 4. ინდუსტრიულ ინოვაციურ გარღვევაში დიდი როლი ითამაშა იაპონელ პარტნიორებთან ერთობლივად ინოვაციური (უპირატესად ვენჩურული) საწარმოების შექმნამ. 5. დამმუშავებელი მრეწველობის პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე დაიწყო როგორც ევროპის ქვეყნებისა და იაპონიის, ისევე სამხრეთ კორეის შევიწროება სწრაფად განვითარებადი ჩინეთის, ინდოეთის, თურქეთისა და ზოგიერთი სხვა ქვეყნის მხრიდან, რამაც აიძულა სამხრეთი კორეის ხელმძღვანელობა მოეხდინა ინოვაციური კურსის ფორსიფიცირება: შემუშავებული იყო სპეციალური პროგრამა, მიმართული განვითარების დაჩქარებასა და ინოვაციურ გარღვევაზე, რომელიც ხორციელდება რეგიონების დონეზე (პროექტი “4+9”) საწარმოო-ტექნიკური და ინოვაციური ბაზის, ინოვაციური განვითარებისათვის ინსტრუმენტებისა და ინოვაციური კლიმატის სტრუქტურირების გზით.

ფინეთის ეროვნული ინოვაციური სისტემის ფორმირების პროცესი და მისი რეფორმირების პრობლემები

ფინეთის მრეწველობამ 60-80-იანი წლების პერიოდში შეძლო დიდი მოცულობის დამატებული ღირებულების მქონე საქონლის წარმოებაზე გადასვლა სახელმწიფო და კერძო სექტორების ინტენსიური პარტნიორობის წყალობით. მიუხედავად იმისა, რომ ინოვაციური საქმიანობა ფინეთის ეკონომიკას გათავისებული ჰქონდა მისი განვითარების მრავალი წლის განმავლობაში, შეიძლება იმის მტკიცება, რომ სწორედ 1980-იანი წლების ბოლოდან გახდა ინოვაციები ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მთავარ მამოძრავებელ ძალად და საგარეო ბაზრებზე გასვლის საფუძვლად: თუ უფრო ადრე ინოვაციური პროცესის გამოცალკევება საწარმოო პროცესისაგან არ შეიძლებოდა, ხსენებული პერიოდისათვის ქვეყანაში ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი, უპირატესად ექსპორტზე ორიენტირებული, ეკონომიკის მეცნიერებატევადი ინოვაციური სექტორი. ის ფორმირდებოდა შემდეგი ორგანიზაციების მეშვეობით: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში პოლიტიკის ფინეთის საბჭო პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, დასაქმების და ეკონომიკის სამინისტრო, განათლების სამინისტრო, ტექნოლოგიების და ინოვაციების განვითარების დაფინანსების ფინური სააგენტო Tekes-ი, ფინეთის ტექნიკური კვლევების ცენტრი ВТТ, ექსპორტის ხელშემწყობი ორგანიზაცია Finpro, სახელმწიფო ფონდი Finvera, ინოვაციების ეროვნული ფონდი Sitra, სხვა სამინისტროები და უწყებები, სამრეწველო კომპანიები, ტექნოლოგიური და პოლიტექნიკური უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები. ფინეთის ინოვაციური ინფრასტრუქტურის საკვენძო ელემენტებს, რომლებიც უშუალოდ ახდენენ სახელმწიფო ინოვაციური პოლიტიკის და ინოვაციური საქმიანობის რეალიზაციას, წარმოადგენენ ფინეთის ტექნოპარკები.
ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დაფინანსების ფინური სააგენტო “Tekes” (შექმნილია 1983 წელს ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროს მიერ) ყოველწლიურად გამოყოფს სახსრებს 60%-ზე მეტ ფინეთში შემოთავაზებული პროექტისათვის (უმეტეს ნაწილს _ პროექტებისათვის კერძო სექტორში, უმცირესს _ სახელმწიფო სექტორში). პროექტების უმეტესობის ინვესტირება ხდება კერძო სექტორის მიერ მათი თანადაფინანსებით (აქვე ცნობისათვის აღვნიშვნავთ, რომ ფინეთში მკსსშ-ზე ხარჯების უმეტესი ნაწილი ხორციელდება კერძო კაპიტალის მიერ. ასე მაგალითად, 2010 წელს მკსსშ-ზე საერთო დანახარჯებმა შეადგინა მშპ-ის 3,7%, ამ დანახარჯებში კერძო სექტორის წილი იყო 74,6%, ხოლო სახელმწიფო სექტორის _ 25,4%). სააგენტო ახდენს რიგი პროგრამის რეალიზაციას, რომელთა ჩარჩოებში მცირე ინოვაციურ საწარმოებს აწვდის შემდეგ სერვისებს: დაფინანსება (პროექტის რეალიზაციაზე გაწეული დანახარჯების ანაზღაურება დამტკიცებული ნორმატივების ჩარჩოებში); ექსპერტიზა; მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სტრატეგიული ცენტრების განვითარება; საერთაშორისო კოოპერაცია; ინფორმაციული მხარდაჭერა. მზარდი საწარმოებისათვის Tekes-ი სთავაზობს ბიზნეს-დამაჩქარებლების მომსახურებას, ძირითადად კერძო კომპანიების სახით, რომლებიც საინვესტიციო რესურსებსა და ბიზნესპარტნიორების ქსელებზე ხელმისაწვდომას უზრუნველყოფენ. ფინური ბიზნესდამაჩქარებლების თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ისინი გამოდიან სტარტაპ კომპანიების არა კონკურენტებად, არამედ ინვესტორებად, და, მაშასადამე, კომერციულად არიან დაინტერესებული მათ ეფექტიან ფუნქციონირებაში.
ინოვაციების ფინური ფონდი Sitra (ფინეთის პარლამენტთან არსებული დამოუკიდებელი საზოგადოებრივი ფონდი) შექმნილი იყო ჯერ კიდევ 1967 წელს. კერძოდ, ფონდის რეკომენდაციების საფუძველზე აწყობილი იყო ტექნოლოგიების და ინოვაციების დაფინანსების ფინური სააგენტოს Tekes-ის საქმიანობა, დანერგილი იყო პერსპექტიული ტექნოლოგიური შემუშავებების კომერციონალიზაციის სასტარტო დაფინანსების სისტემა, შექმნილი იყო მკსსშ-ის ვენჩურული დაფინანსებისა და ინოვაციურ საქმიანობაში კერძო სახსრების მოზიდვის სისტემა. ამის გარდა, შექმნილია ბიზნეს-ინკუბატორების ბაზაზე განვითარებადი საწარმოების მხარდაჭერის სისტემა. ფონდი «შიტრა» უზრუნველყოფს საფინანსო და კონსალტინგურ მხარდაჭერას ინოვაციური კომპანიებისათვის საწყის და ზრდის სტადიებზე რიგი მიმართულებების მიხედვით: ბიოეკონომიკა, ენერგეტიკა, ელექტრონული და ელექტროტექნიკური მრეწველობა, მანქანათმშენებლობა და ლითონდამუშავება, ხე-ტყის მრეწველობის კომპლექსი, კვების დარგი და სხვა. ფონდი შიტრა ფინეთსა და ევროპაში ვენჩურული საპარტნიორო ქსელების ინტეგრატორს წარმოადგენს, უზრუნველყოფს რა ინოვაციური კომპანიების დაშვებას ვენჩურულ საფინანსო რესურსებზე.
ფინეთის ტექნიკური კვლევების სახელმწიფო ცენტრი ВТТ ქვეყანაში წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრია, წარმოადგენს არაკომერციულ ორგანიზაციას, არის ფინური ინოვაციური სისტემის ნაწილი და მოქმედებს ფინეთის დასაქმებისა და ეკონომიკის სამინისტროს ეგიდით. ВТТ დაფუძნებული იყო 1942 წლის იანვარში და ამჟამად აერთიანებს დაახლოებით 2700 მეცნიერს და სპეციალისტს ქვეყნის 10 ქალაქში. ВТТ-ის ბიუჯეტი 2009-2014 წლებში სტაბილურად იმყოფებოდა დაახლოებით 280 ევროს დონეზე. მასში სახელმწიფო დაფინანსების წილი დაახლოებით 90 მლნ ევროა.
ფინეთის აკადემია იმყოფება ფინეთის განათლების სამინისტროს ადმინისტრაციულ სტრუქტურაში და ისევე, როგორც Tekes-ს, თავის შემადგენლობაში არა აქვს სამეცნიერო-კვლევითი ქვედანაყოფები. სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების დაფინანსებამ ფინეთის აკადემიის ხაზით 2013 წელს შეადგინა 324 ევრო და განაწილდა შემდეგნაირად:^ უნივერსიტეტები _ 80%-ზე მეტი; სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები _ დაახლოებით 10%; უცხოური ორგანიზაციები _ 8%-ზე მეტი. დაფინანსების ასეთი მოცულობა უზრუნველყოფს დაახლოებით 8000 სპეციალისტის მუშაობას უნივერსიტეტებსა და კვლევით ცენტრებში.
ფინეთის ინოვაციური სისტემის სხვა წამყვან მონაწილეებს წარმოადგენენ: ვენჩურული დაფინანსების სახელმწიფო ფონდი Finvera, რომელიც შექმნილია, უპირველეს ყოვლისა, მცირე და საშუალო ბიზნესის საწარმოების სარისკო დაფინანსების (ძირითადად სესხები და გარანტიები) უზრუნველსაყოფად, მათი საერთაშორისო და საექსპორტო საქმიანობის განვითარებისათვის, ასევე, საექსპორტო ოპერაციებისა და საზღვარგარეთ ინოვაციური საქმიანობისაგან შესაძლო დანაკარგთა რისკების დასაფარად; ფინური ექსპორტის ხელშეწყობის ასოციაცია Finpro, რომლის ამოცანაა ფინური პროდუქციის წინ წაწევა და საერთაშორისო ბაზრებზე ფინური საწარმოების გასვლის ხელშეწყობა.
ფინეთის ტექნოლოგიური შემუშავებების კომერციალიზაციის სისტემაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ტექნოპარკები, რომლებიც წარმოადგენენ ქვეყნის ინოვაციური ინფრასტრუქტურის ერთ-ერთ ძირითად ელემენტს და ხელს უწყობენ თანამშრომლობის გაღრმავებას სახელმწიფო კვლევით ცენტრებს, უნივერსიტეტებსა და საწარმოებს შორის. ფინეთის ტექნოპარკების უმეტესობის თავისებურებას წარმოადგენს მათი უპირატესად მსხვილი ზომები ტერიტორიებისა და მომსახურებადი კომპანიების რაოდენობის მიხედვით, ასევე _ ქსელური სტრუქტურა. ქსელური სტრუქტურა გულისხმობს პარკების ტერიტორიაზე მოქმედი უფრო მცირე მასშტაბების ინოვაციური ინფრასტრუქტურის არსებობას, რომლებიც წარმოადგენენ პარკის არენდატორებს და მუშაობენ კიდევ უფრო მცირე კომპანიების მოზიდვით. უკანასკნელნი ეწევიან სერვისულ მომსახურებას აუტსორტინგული პირობების მიხედვით. ამჟამად ფინეთში მოქმედებს 22 ტექნოპარკი, რომელიც შექმნილია ხელისუფლების მუნიციპალური ორგანოების მიერ 20 უნივერსიტეტისა და პოლიტექნიკური უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების ბაზაზე. ინსტიტუციურ დონეზე ფინეთში სამრეწველო პარკების, ტექნოპარკების და კლასტერების განვითარების კოორდინაციას ახორციელებს ასოციაცია Tekel-ი (სრული სახელწოდებაა “ფინეთის სამეცნიერო პარკების ასოციაცია”). ეს ასოციაცია კურირებს 1700-ზე მეტი ინოვაციური კომპანიის საქმიანობას, რომლებშიც მუშაობს 37000 მეტი სპეციალისტი და მეცნიერი.
ფინეთის ინოვაციური სისტემა გარკვეულ პერიოდამდე ძალიან კარგად მუშაობდა. მაგრამ დაახლოებით 2008 წლიდან ამ ქვეყნის ინოვაციურ სისტემაში, კრიზისის გამო, დაიწყო შეფერხებები და ამ დროიდან იგი უკვე ვეღარ უზრუნველყოფდა ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერას. ქვეყნის მშპ-ს დონე დღევანდელ პერიოდამდე რჩება უფრო დაბალი კრიზისის წინა 2008 წლის დონესთან შედარებით, ამასთან “ფინეთის ექსპორტში მაღალი დამატებული ღირებულების მქონე საქონლის წილი შემცირდა 23%-დან 2000 წელს 10%-მდე 2010 წელს, და 7%-მდე 2015 წელს. სტრუქტურული ცვლილებები ფინურ ექსპორტში ისეთი მკვეთრი და სწრაფი აღმოჩნდა, რომ ამას არ გააჩნია საერთაშორისო პარალელები”. ჯერ კიდევ 2015 წელს ფინეთის ხელმძღვანელ წრეებში მოხდა ქვეყნის ინოვაციური სისტემის ცუდი მუშაობის ფაქტის კონსტატაცია, 2016 წელს კი ფინეთის მთავრობამ ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის (ეთგო) ექსპერტებს შეუკვეთა გამოკვლევა ქვეყნის ინოვაციური სისტემის მდგომარეობის შეფასებისა და მისი შემდგომი განვითარებისათვის რეკომენდაციების შემუშავების მიზნით.
ეთგო-ს ექსპერტების შუალედური მოხსენების თანახმად ფინეთი ისევ მიეკუთვნება მსოფლიოს წამყვანი “კვლევითი ერების” ჯგუფს, მიუხედავად იმისა, რომ ლიდერის პოზიციები დაკარგა. 2000-2011 წწ (2006-2007 წწ გამოკლებით) მშპ-ში მკსსშ-ზე დანახარჯების წილის მიხედვით ფინეთს ეკავა მეორე ადგილი ეთგო-ში ისრაელის შემდეგ (მაქსიმალური მნიშვნელობა მიღწეული იყო 2009 წელს და შეადგინა 3,749%), მაგრამ 2015 წლისათვის დაეშვა მეშვიდე ადგილზე (2,9%), დაუთმო რა სამხრეთ კორეას, იაპონიას, შვედეთს, ავსტრიას და დანიას.
ამასთან ერთად, ეთგო-ს ექსპერტებმა შუალედურ მოხსენებაში ყურადღება გაამახვილეს ფინეთის ინოვაციური სისტემის თანამედროვე მოდელის ნაკლოვანებებზე და ჩამოაყალიბეს რეკომენდაციები მისი ეფექტიანი ფუნქციონირების თაობაზე.
ეთგო-ს დასკვნის მიხედვით, ძირითად პრობლემას წარმოადგენს კომპანიების სუსტი ინოვაციური საქმიანობა და სახელმწიფოს მხრიდან მისი არასაკმარისი მხარდაჭერა სხვა ქვეყნებთან შედარებით, რომლებშიც ეკონომიკური ზრდა ეყრდნობა სწორედ საწარმოების მკსსშ-ს. თუ 2000-2010 წლებში მრეწველობაზე მოდიოდა ფინეთში მკსსშ-ს დაფინანსების 70%-ზე მეტი (მაქსიმალური 74,8% იყო 2008 წელს), 2015 წლისათვის ის დაქვეითდა 54,8%-მდე. ამასთან, საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის აღდგენისა და შრომის მწარმოებლურობის ზრდისათვის ფინეთს ესაჭიროება მაღალტექნოლოგიური ექსპორტისა და ინოვაციური მეწარმეობის სექტორები. ეს ასევე ეხება ტრადიციული დარგების კომპანიებსაც (მაგალითად, ტყე-ქაღალდის მრეწველობას), რომლებსაც გლობალურ დონეზე უნდა ჰქონდეთ კონკურირების შესაძლებლობა. ექსპერტიზის მაღალი დონე და ახალი ტექნოლოგიები გამოყენებული უნდა იყოს უფრო ეფექტიანად, ვიდრე ადრე, იმისათვის, რომ იწარმოოს ისეთი ინოვაციები, რომლებსაც შეუძლიათ საბაზრო ზრდის მომატება.
მოხსენებაში ხაზგასმულია, რომ ფინეთის ეროვნული ინოვაციური სისტემა უნდა ვითარდებოდეს როგორც ერთიანი მთლიანობა მისი ყველა მონაწილის ურთიერთქმედებაში. ყურადღება უნდა მიექცეს სისტემის საერთო მართვის განმტკიცებას და სამეცნიერო და საქმიან საზოგადოებებს შორის ურთიერთქმედების გაძლიერებას.
ეთგო-ში თვლიან, რომ მკსსშ-ის სახელმწიფო დაფინანსება მეტწილად მიმართული უნდა იყოს საწარმოების ინოვაციურ საქმიანობაზე. რეკომენდებულია სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის ახალი მოდელების განვითარება. ასევე უნდა გაგრძელდეს უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეფორმირება და მეცნიერულ-კვლევითი ქვედანაყოფების გამსხვილება. ისეთი მექანიზმები, როგორიცაა მოწინავე გამოცდილების ცენტრები გამოყენებული უნდა იყოს იმისათვის, რომ წახალისდეს აკადემიურ დონეზე ინიცირებული და მრეწველობაზე ორიენტირებული გამოკვლევები, ასევე მეცნიერებისა და ბიზნესის ერთობლივი გეგმები.
ფინეთის გამოცდილებიდან შეიძლება გაკეთდეს შემდეგი ძირითადი დასკვნები: 1. ფინეთის ეის-ის ფორმირება კარგა ხნის წინ დაიწყო და 2008 წლამდე შედარებით გამართულად მუშაობდა. 2008 წლიდან მშპ-ის დაცემა და ფინურ ექსპორტში მაღალი დამატებული ღირებულების მქონე საქონლის წილის შემცირება ბევრად იყო განპირობებული როგორც ძირითადი, ასევე ინოვაციების შემმუშავებელი წარმოებების გადატანით სხვა ქვეყნებში. საფრანგეთისგან განსხვავებით, სადაც ძირითადი წარმოების გადატანა საზღვარგარეთ განპირობებული იყო ქვეყნის შიგნით მაღალი გადასახადებით და ხელფასებზე მაღალი დანახარჯებით, ფინეთიდან ძირითადი წარმოების გადატანა უმეტესწილად ხდებოდა იმ ქვეყნებში, სადაც გარანტირებული იყო პროდუქციის მაღალი გასაღება, ინოვაციური სისტემების გადატანა კი სხვა ქვეყნებში გამართლებული იყო მოგების მიღებით ინოვაციების გაყიდვისაგან. ამის შედეგად ამ ქვეყნებში დაიწყო შესაბამისი პროდუქციის წარმოება და ფინეთიდან ანალოგიური პროდუქციის იმპორტი შეწყდა, რამაც ნეგატიური გავლენა მოახდინა ფინეთის ექსპორტის სტრუქტურაზე. 2. ფინეთის ინოვაციური სისტემის მუშაობის მკვეთრი გაუარესება ბევრად იყო განპირობებული მისი ზომაგადასული უზარმაზარობით და, ამავდროულად, დაქსაქსულობით, ამასთანავე, ინოვაციების შემუშავების სისტემებსა და საბოლოო პროდუქტის მწარმოებელ კომპანიებს შორის არასაკმარისად მკვეთრი კოორდინაციით. ამასთან, მცირე ქვეყანაში შეუძლებელია ბევრი “გარღვევითი” ინოვაციის შექმნა (არაა შესაძლებელი ამისათვის საჭირო საკმარისი რაოდენობის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მოზიდვა, შემუშავებებისათვის საჭირო ინფორმაციის სხვა ქვეყნებიდან უსასყიდლოდ მიღება). ამიტომ, როგორც აღნიშნეს ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის ექსპერტებმა, ამჟამად საჭიროა ფინეთის ეის-ის სიღრმისეული ტრანსფორმაცია. 3. ამასთან ერთად, ფინური ეის-ის ფუნქციონირების წინამავალი გამოცდილებიდან საჭიროა ყურადღების მიქცევა ინოვაციური პროცესის მონაწილეებს შორის ურთიერთქმედების ზოგიერთ წარმატებით გამოყენებულ მექანიზმზე, მაგალითად, ბიზნეს დამაჩქარებლების (რომლებიც კერძო კომპანიებია) სტარტაპ-კომპანიებთან ურთიერთქმედების მექანიზმზე, რომლის პირობებში ბიზნესდამაჩქარებლები სტარტაპ-კომპანიების არა კონკურენტები, არამედ ინვესტორები არიან და ამიტომ კომერციულად დაინტერესებულნი მათ ეფექტიან ფუნქციონირებაზე.

პოლიტიკების "გადახლართვა" და სახელმწიფო დირიჟიზმი

იმაში დასარწმუნებლად, რომ კონკრეტულ ქვეყანაში განვითარების საერთო სახელმწიფოებრივი რეგულირება უნდა მიმდინარეობდეს არა ვიწროდ გაგებული “სამრეწველო პოლიტიკის”, არამედ საერთო სტრუქტურული (სტრუქტურული დარგობრივი პოლიტიკა ინოვაციური პოლიტიკის გამოკვეთით, სტრუქტურული რეგიონული პოლიტიკა, ასევე ინოვაციური პოლიტიკის გამოკვეთით) პოლიტიკის ჩარჩოებში, მოვიყვანთ რამდენიმე ამონაწერს, რომელიც ეხება გერმანიის, ნიდერლანდებისა და შვედეთის გამოცდილებას.
გასული საუკუნის 60_80-იან წლებში გერმანიაში დარგობრივი სტრუქტურული პოლიტიკის ჩარჩოებში დომინირებდა ღონისძიებები, რომელთა მიზანი იყო არსებული სტრუქტურების შენარჩუნება (სოფლისა და სატყეო მეურნეობაში, რკინიგზის ტრანსპორტზე, გემთმშენებლობაში, ავიაკოსმოსურ მრეწველობაში). თუმცა სუბსიდიებმა (თვითმფრინავების მშენებლობის გამოკლებით) ვერ უზრუნველყო მათი პროდუქციის კონკურენტუნარიანობა საერთაშორისო ბაზრებზე, რის გამოც თანდათანობით უარი თქვეს პოლიტიკის ამ სახეზე. უფრო ეფექტიანია სტრუქტურული პოლიტიკა, რომელიც შემგუებელი (ფორმირებადი) ხასიათის მატარებელია და “მიმართულია სტრუქტურული გარდაქმნების ხელშეწყობისკენ. ამ შემთხვევაში სახელმწიფო იყენებს თავის საშუალებებს ეკონომიკური სუბიექტების დასახმარებლად ახალ საწარმოო და ტექნოლოგიურ გამოწვევებთან შეგუების პროცესში, ხელს უწყობს პროგრესულ ძვრებს, აქტიურად აყალიბებს განვითარების პერსპექტიულ მიმართულებებს”. “ეკონომიკისა და ტექნოლოგიების ფედერალურმა სამინისტრომ 2008 წ. მოკლედ განსაზღვრა სამრეწველო პოლიტიკა, “როგორც შტანდორტული პოლიტიკა, განხორციელებული მრეწველობის ინტერესების შესაბამისად”. მის ძირითად მიზნად გამოცხადებულია ხელსაყრელი ჩარჩო პირობების შექმნა სამრეწველო ინოვაციებისათვის, ინვესტიციებისა და წარმოებისათვის. არსებითად _ ეს არის ხელსაყრელი ჩარჩო პირობების ფორმირების პოლიტიკა კონკრეტული სამეურნეო-პოლიტიკური ტერიტორიული სივრცის განვითარებისათვის, მასში კაპიტალის, მომსახურებისა და სამუშაო ძალის მოზიდვის (და მასში შენარჩუნების) მიზნით. ამ პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია კონკრეტული პროექტების მხარდაჭერა მრეწველობაში, მათ შორის მაღალტექნოლოგიურ და ინოვაციურ სფეროებში. შტანდორტული პოლიტიკა ტარდება ფედერალურ, მიწებისა და კომუნალურ დონეებზე და თავის თავში ახამებს სტრუქტურული პოლიტიკის ყველა სახეს. ეს პოლიტიკა ყველაზე შედეგიანია რეგიონულ დონეზე და, სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ გერმანულმა სახელმწიფომ გადაწყვიტა მისი გამოყენება თანამედროვე სამრეწველო პოლიტიკის მხარდაჭერის მიზნით”.
2011 წელს დაარსებული ნიდერლანდებში ეკონომიკის, სოფლის მეურნეობისა და ინოვაციების სამინისტრომ შეიმუშავა ახალი სამეწარმეო და ინოვაციური პოლიტიკა, რომელიც დაფუძნებულია სექტორულ მიდგომაზე ცხრა “წამყვანი სექტორის” განვითარების სტიმულირებისათვის. ამ დარგებს შორის იყო წყალმომარაგება, კვების მრეწველობა, მებაღეობა, მაღალი ტექნოლოგიები, ბიოლოგიური მეცნიერებები, ქიმია, ენერგეტიკა, ლოჯისტიკა, და “კრეატიული” დარგები. ნიდერლანდებს აქვთ კონკურენტული უპირატესობა ამ სექტორებში და სახელმწიფო მათ პრიორიტეტულად თვლის.
შვედეთის სამრეწველო პოლიტიკის გამოცალკევება მისი ეკონომიკური პოლიტიკიდან საკმაოდ რთულია, რამდენადაც მრეწველობა ვითარდება ქვეყნის მთელ სახალხო მეურნეობაზე გათვლილი ღონისძიებების ზემოქმედებით. მის დამახასიათებელ თავისებურებას წარმოადგენს ინოვაციური, ეკოლოგიური და რეგიონული პოლიტიკის გადახლართვა. აქტიურად გამოიყენება აგრეთვე სახელმწიფოს პარტნიორობა კერძო ბიზნესთან, რომელიც ხორციელდება არა მხოლოდ ცალკეული პროექტების განხორციელებით, არამედ მაკროეკონომიკურ დონეზეც. მთავარი მიმართულება ინოვაციურ პოლიტიკაში _ ეს არის ინოვაციური ჯაჭვის მთლიანობის მიღწევა, ადეკვატური დაფინანსება, აგრეთვე, მრავალრგოლიანი ინოვაციური ჯაჭვის მრავალრიცხოვანი მონაწილეების მოქმედებების კოორდინაცია. ამიტომ პირველ პლანზეა ეროვნული ინოვაციური სისტემის (NIS) ფორმირება და ფუნქციონალ მდგომარეობაში შენარჩუნება და სახელმწიფო მეურნეობის სამ სფეროს შორის (განათლება _ მეცნიერება _ წარმოება) კოორდინაცია და კოოპერაცია.
მოყვანილი ციტატებიდან ნათელია, რომ ყველა ქვეყანაში ადგილი აქვს (სახელმწიფო რეგულირების სფეროში) დარგობრივი სტრუქტურული (სამრეწველო) და ინოვაციური პოლიტიკების გადახლართვას; სახელმწიფო ახორციელებს როგორც ბიზნესის პირდაპირ რეგულირებას (საფინანსო ინტერვენციები), ასევე ირიბს (ქმნის შესაბამის “ჩარჩო” პირობებს; სახელმწიფო სტრატეგიებში, კონკრეტული ქვეყნის თავისებურებების შესაბამისად, გამოიყოფა დარგობრივი პრიორიტეტები, რომლის რეალიზაციისაკენ არის მიმართული სახელმწიფო კოორდინაცია.
პოლიტიკების “გადახლართვა” აყენებს სწორედ საერთო სტრუქტურული დარგობრივი პოლიტიკის გატარების აუცილებლობის საკითხს, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს როგორც სახელმწიფოს პირდაპირი საფინანსო ინტერვენციები (სახელმწიფოს მონაწილეობით საწარმოთა შექმნისა და ინოვაციური საწარმოების შექმნისათვის სახელმწიფო ვენჩურის გამოყენების ჩათვლით), ასევე ბიზნესის არაპირდაპირი რეგულირებაც (მისთვის ისეთი ჩარჩო პირობების შექმნა, რომ ბიზნესი თავისი საკუთარი სახსრების ხარჯზე ისწრაფოდეს ინოვაციური განვითარებისათვის საჭირო ფინანსური, სამრეწველო და ინოვაციური სტრუქტურების შექმნისაკენ ეკონომიკური განვითარების საკუთარი ბიზნესკოორდინაციის გზით). წარმოებასა და ინოვაციებში განხორციელებული ინვესტიციების უმეტეს ნაწილს ბიზნესი ახორციელებს საკუთარი სახსრების ხარჯზე, ე. ი. კერძო ბიზნესი დამოუკიდებლად წყვეტს რესტრუქტურიზაციასთან, ინოვაციებსა და ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებული საკითხების უმეტესობას. სახელმწიფომ ბიზნესის განვითარების ირიბი “ჩარჩო” კოორდინაციის ფარგლებში ხელი უნდა შეუწყოს მას თანამედროვე საფინანსო და სხვა ინსტიტუციურ-ორგანიზაციული მექანიზმების შექმნაში, რომელიც საჭიროა ინოვაციური და საერთოდ, წარმოებრივი განვითარებისათვის, ეკონომიკის აუცილებელი რესტრუქტურიზაციისათვის. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს პირობებში, რამდენადაც ახლა კერძო სექტორში არ არის როგორც მსხვილი ბიზნესის საფინანსო სახსრების მობილიზაციის, ისე საერთოდ მოსახლეობის, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის საფინანსო დანაზოგების აკუმულირების ქმედითი მექანიზმები მათი დაბანდებისათვის რეალურ სექტორში ინვესტიციების სახით.
ამიტომ აუცილებელია, საქართველოში შეიქმნას ქმედითი სახელმწიფო მექანიზმები ინდუსტრიული და ინოვაციური განვითარების ხელშესაწყობად როგორც ფისკალურ სისტემაში, ისე ფინანსურ სფეროში. ამასთან, ამ უკანასკნელში, სახელმწიფო კოორდინაციის საფინანსო მექანიზმების შექმნის (პირველ რიგში საფინანსო ინტერვენციის პირდაპირი მეთოდების წარმოებაში ინვესტიციების სახით) გარდა, აუცილებელია (და ეს ყველაზე მთავარია) შესაბამისი საფინანსო მექანიზმების განვითარება უშუალოდ ბიზნესგარემოში.
დარგობრივი სტრუქტურული (სამრეწველო) და ინოვაციური პოლიტიკების ანალიზის საფუძველზე შეიძლება მივიდეთ დასკვნამდე, რომ თითოეულ ქვეყანახ აქვს საკუთარი მიდგომა მათი განხორციელების ორგანიზაციის მიმართ (სტრატეგიები, ინსტიტუტები, ინსტრუმენტები), რომელიც გამომდინარებს კონკრეტული ქვეყნის წინაში მდგარი პრობლემების გადაჭრის აუცილებლობიდან.

ზოგიერთი გამოცდილების გაზიარება საქართველოში

საქართველოსთვის შეუძლებელია წარმატებული ინოვაციური პოლიტიკის გატარება სახელმწოფო დირიჟიზმის გაძლიერების გარეშე. კერძოდ, ეს უნდა განხორციელდეს არა მარტო რეგულირების ინსტრუმენტების მეშვეობით, არამედ მთავრობის მხრიდან ბიზნესის წარმომადგენლებთან შეთანხმებების დადებითაც. ასე მაგალითად, სამხრეთკორეული რეფორმების “მამამ”, პრეზიდენტმა პაკ ჩონ ხიმ, ცალკეულ ბიზნესმენებს (რომლებიც მუშაობდნენ ძირითადად ვაჭრობის სფეროში) დაუსახა ამოცანა, რომ მათ ხელი მოეკიდათ სულ სხვა ბიზნესისათვისაც (მანქანათმშენებლობა, გემთშენებლობა, მაგნიტოფონები და ტელევიზორები, საყოფაცხოვრებო ქიმია, მსუბუქი მრეწველობა) და, ამასთან, დაპირდა მათ, რომ გაუწევდა საფინანსო და სხვა სახის მხარდაჭერას სახელმწიფოს მხრიდან. შეიქმნა “ჩებოლები” (საფინანსო სამრეწველო ჯგუფები) და შედარებით მოკლე ვადებში გაჩნდა ბევრი მსხვილი უპირატესად ექსპორტზე ორიენტირებული წარმოება. სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის ურთიერთქმედების ასეთი მექანიზმი მიზანშეწონილია გამოყენებულ იქნეს საქართველოშიც.
ასევე დავამატებთ, რომ საქართველოში ინოვაციური პოლიტიკის სტრატეგიის შემუშავების საპირველრიგო ამოცანა უნდა გახდეს სამრეწველო და ინოვაციური საქმიანობის რეგიონული ცენტრების პროექტირების საკითხი, რომელთა სტრუქტურირება, ჩვენი აზრით, უნდა ხდებოდეს ფრანგული კონკურენტუნარიანობის პოლუსების მსგავსად.
განხილული ქვეყნების გამოცდილებიდან შეიძლება ზოგიერთი სხვა მექანიზმის გადმოღებაც: საჭიროა, სამხრეთ კორეის მსგავსად ფინანსურ-სამრეწველო ჯგუფების შექმნა მრავალდარგობრივი კონგლომერატების ორგანიზაციისა და მათ შემადგენლობაში შემავალ საწარმოებში ინავაციური საქმიანობის განვითარებისათვის, ასევე საჭიროა ახალი ინოვაციური (მათ შორის ვენჩურული) საწარმოების შექმნა; საჭიროა ინოვაციების სესხების ხერხების გადმოღება: ლიცენზიებისა და ნოუ-ჰაუების შეძენა, უცხოური ფირმებისათვის ახალი საწარმოების მშენებლობის შეკვეთა და მათ მიერ ადგილობრივი მეწარმეებისათვის მზა ობიექტების ჩაბარება; ინოვაციური საქმიანობისა და საწარმოების ინოვაციური განახლების სახელმწიფო დაფინანსების სფეროში საჭიროა საფრანგეთის მსგავსად საერთოეროვნული სახელმწიფო ფონდისა და სხვა (FSI, FUI, ANR, CDС, OSEO) მსგავსი ორგანიზაციების შექმნა მათი საქმიანობის შესაბამისი რეგლამენტაციით; ინოვაციური საქმიანობის საგარეო დაფინანსების სფეროში, კერძოდ, მცირე ევროპული ქვეყნების მსგავსად, საჭიროა შესაბამისი ურთიერთობების დამყარება გარკვეულ ტრანსეროვნულ კორპორაციებთან იმ მიზნით, რომ მოხდეს მათი დაინტერესება გრანტების გამოყოფაში ქვეყნის უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში ინოვაციური შემუშავებების დასაფინანსებლად, ასევე _ ამ ტრანსეროვნულ კორპორაციებთან ურთიერთობების დამყარება ერთობლივი ინოვაციური პროექტების რეალიზაციისათვის; ამის გარდა, უცხოელ პარტნიორებთან ერთობლივად მეცნიერებატევადი ინოვაციური წარმოებების (საწარმოების) ორგანიზაცია თავისთავად გულისხმობს მათ წილობრივ მონაწილეობას ამ წარმოებების მშენებლობის დაფინანსებაში; ფინეთის გამოცდილებიდან შეიძლება ავითვისოთ ინვესტორების მხრიდან დამწყებ და ზრდის სტადიაზე მყოფი ახალი კომპანიების ფინანსური და კონსალტინგური მხარდაჭერის მექანიზმი.

წყარო: ბურდული ვ. ეროვნული ინოვაციური სისტემის ტრანსფორმაციის თავისებურებანი მსოფლიოს ზოგიერთ მოწინავე ქვეყანაში. _ თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომების კრებული. ტომი X. თბილისი: 2017, გვ. 68-90.

მსგავსი სიახლეები

ატმოსფერული ჰაერის ხარისხი და დაბინძურება საქართველოში

ატმოსფერული ჰაერის ხარისხი და დაბინძურება საქართველოში

ლია დვალიშვილი, თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი საზოგადოების განვითარების თანამედროვე ეტაპზე, მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარების, ეკოლოგიური კატაკლიზმების გაღრმავების…
ღვინის ექსპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა – ზრდა რუსეთში რეკორდულმა გაყიდვებმა განაპირობა

ღვინის ექსპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა – ზრდა რუსეთში რეკორდულმა გაყიდვებმა…

4 თვის მონაცემებით, საქართველოდან ღვინის ექსპორტი რეკორდულია. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იანვარ-აპრილში ღვინის ექსპორტი 61%-ით 126.5 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. საქართველოდან სხვადასხვა ქვეყანაში…
ილია და დღევანდელობა

ილია და დღევანდელობა

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. ივ.ჯავახიშვილის სახ. თსუ-ს პ.გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერმუშაკი. ილია ჭავჭავაძე, საქართველოს ისტორიის მეორე სვეტად წოდებული „ქართული…