საქართველო-EU – ეკონომიკური ურთიერთობა რიცხვებში

საქართველო-EU – ეკონომიკური ურთიერთობა რიცხვებში

8 ნოემბერს საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკომისიის რეკომენდაცია მიიღო. სტატუსის მინიჭების საბოლოო გადაწყვეტილებას კი ევროპის საბჭო 15 დეკემბერს მიიღებს. ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ეს კიდევ ერთი ისტორიული დღე იყო, რადგან მრავალწლიანი სვლა ევროპულ ოჯახამდე კიდევ ერთი ნაბიჯით დამოკლდა. ამ გზაზე კი ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველომ 2014 წელს ასოცირების შეთანხმება გააფორმა, რომელიც თავის მხრივ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას მოიცავს. 2017 წლიდან კი საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა.


როგორია საქართველო-ევროკავშირის ეკონომიკური ურთიერთობები ბოლო 10 წლის განმავლობაში: ვაჭრობისა და ტურიზმის მაჩვენებელს მიმდინარე წლის 9 თვის მაჩვენებლების ჭრილში, ინვესტიციებსა და ფულადი გზავნილებს კი 10 წლიან პერიოდში განვიხილავთ.

EU-სთან საქონლით ვაჭრობა

DCFTA-ის გაფორმების შემდეგ საქართველო-ევროკავშირის ვაჭრობის სტატისტიკა დიდად არ შეცვლილა, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში გაზრდილია. 2023 წელს კი EU-სთან ვაჭრობის ისტორიის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. წლის პირველი 9 თვის განმავლობაში ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებელი 20%-ით გაიზარდა და 3 მლრდ დოლარს გადააჭარბა.

წლების მიხედვით, 9 თვის მონაცემებით, ევროკავშირთან სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელი ასეთია:

2014 წელი – $2.104 მლრდ;

2015 წელი – $1.927 მლრდ;

2016 წელი – $1.834 მლრდ;

2017 წელი – $2.012 მლრდ;

2018 წელი – $2.335 მლრდ;

2019 წელი – $2.240 მლრდ;

2020 წელი – $1.820 მლრდ;

2021 წელი – $2.068 მლრდ;

2022 წელი – $2.738 მლრდ;

2023 წელი – $3.285 მლრდ.

ექსპორტი

სავაჭრო ბრუნვაში ბოლო 10 წლის განმავლობაში ექსპორტის წილი მზარდია, თუმცა იმპორტს არ აღემატება, რაც იმას ნიშნავს, რომ EU-სთან ვაჭრობის სალდო უარყოფითია. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოდან გაერთიანების წევრ სახელმწიფოებში 565 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი გაიყიდა, რაც გასული წლის იანვარ-სექტემბრის მაჩვენებელს 7.4%-ით ჩამორჩება.

ევროკავშირის ბაზარზე საქართველოდან როგორც მძიმე მრეწველობის მიერ ნაწარმოები საქონელი, ასევე სოფლის მეურნეობის პროდუქტები გადის. მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში ამ მიმართულებით ექსპორტის კლების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი სპილენძისა და მადნების, ასევე ფეროშენადნობების რეალიზების შემცირებაა. უმსხვილესი საექსპორტო საქონლიდან შემცირებულია ასევე ღვინის, მსუბუქი ავტომობილების, თხილის ექსპორტი; არადენატურირებული სპირტის, აზოტოვანი სასუქების, მინერალური წყლების კი გაზრდილია.

2023 წლის 9 თვეში ექსპორტირებული საქონლის TOP-10-ეული კი ასეთია:

  1. სპილენძის მადნები და კონცენტრატები – $261.3 მლნ, 117 313 ტონა;
  2. აზოტოვანი სასუქები – $32 მლნ, 84 375 ტონა;
  3. თხილი და სხვა კაკალი – $30 მლნ დოლარი, 6 250 ტონა;
  4. არადენატურირებული ეთილის სპირტი – $25 მლნ, 9 959 ტონა;
  5. მსუბუქი ავტომობილები – $22.4 მლნ;
  6. ყურძნის ნატურალური ღვინოები – $21.4 მლნ, 6 818 ტონა;
  7. გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები – $16.7 მლნ, 85 ტონა;
  8. ახალი რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები – $9.3 მლნ, 1 317 ტონა;
  9. მინერალური და მტკნარი წყლები – $8.6 მლნ, 11 284 ტონა;
  10. ელექტრული წყალგამახურებლები – $8 მლნ, 940 ტონა.

იმპორტი

როგორც აღვნიშნეთ, ევროკავშირთან სავაჭრო ბრუნვაში მთავარი წილი იმპორტს უკავია. 2014 წლის შემდეგ EU-დან იმპორტი მზარდი იყო, 2020 წელს მცირედი კლების შემდეგ დინამიკა კვლავ მზარდია.

წელს იანვარ-სექტემბრის განმავლობაში, საქართველოდან EU-ს წევრ ქვეყნებში საქონლის შესაძენად 2 მილიარდ 720 მილიონი დოლარი გავიდა. ეს რიცხვი წლიურად 27.8%-ით გაიზარდა. ევროკავშირიდან, ისევე როგორც ბევრი სხვა ქვეყნიდან ამ პერიოდში მთავარი საიმპორტო საქონელი ავტომობილები იყო, რასაც ნავთობპროდუქტები მოსდევს. TOP-10 საიმპორტო საქონლის რეიტინგი კი ასეთია:

  1. მსუბუქი ავტომობილები – $328 მლნ;
  2. ნავთობი და ნავთობპროდუქტები – $189.7 მლნ;
  3. სამკურნალო საშუალებები – $175.4 მლნ;
  4. ტრაქტორები და უნაგირა საწევარები – $84.7 მლნ;
  5. სატელეფონო აპარატები – $82.6 მლნ;
  6. სატვირთო ავტომობილები – $74 მლნ;
  7. გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები – $40.5 მლნ;
  8. ნარევები გამოსაყენებული სასმელების წარმოებაში – $40.3 მლნ;
  9. ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაშიგამოსაყენებელი – $37 მლნ;
  10. კოსმეტიკური საშუალებები – $30.9 მლნ;

ტურიზმი

ევროკავშირის ქვეყნებიდან ტურიზმის აღდგენის დინამიკა პოსტპანდემიურ პერიოდში არც ისე სახარბიელოა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2019 წელს EU-დან საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ, რაც ტურისტულ და სხვა ტიპის ვიზიტებს გულისხმობს, 2019 წელს თითქმის ნახევარ მილიონს, უფრო ზუსტად კი 484 996-ს შეადგენდა, 2022 წელს კი ეს მაჩვენებელი 36.8%-ით ნაკლებია პანდემიამდე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. წლების მიხედვით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან ვიზიტების რაოდენობა ასეთია:

2019 წელი – 484 996 ვიზიტი;

2020 წელი – 70 742 ვიზიტი;

2021 წელი – 139 157 ვიზიტი;

2022 წელი – 272 916 ვიზიტი;

უნდა აღინიშნოს, რომ ამ ქვეყნების რიცხვში შედის ასევე გაერთიანებული სამეფო, რომელმაც გაერთიანება 2020 წელს დატოვა.

რაც შეეხება მიმდინარე წლის 9 თვის სტატისტიკას, წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ, ასევე გაერთიანებული სამეფოს გათვალისწინებით, 329 909 იყო. 2019 წლის მაჩვენებელს ეს რიცხვი 14.7%-ით ჩამორჩება, 2022 წლის 9 თვეს კი 54.3%-ით აღემატება.

პირველი 5 ქვეყნის რეიტინგი [გაერთიანებული სამეფოს გამოკლებით] კი ასეთია:

  • პოლონეთი – 73 129 საერთაშორისო ვიზიტი; 2019 წელთან შედარებით ზრდა – 4.6%;
  • გერმანია – 54 332 საერთაშორისო ვიზიტი; 2019 წელთან შედარებით კლება – 24.6%;
  • საფრანგეთი – 18 771 საერთაშორისო ვიზიტი; 2019 წელთან შედარებით კლება – 16.9%;
  • ლატვია – 17 319 საერთაშორისო ვიზიტი; 2019 წელთან შედარებით ზრდა – 8%;
  • საბერძნეთი – 16 493 საერთაშორისო ვიზიტი; 2019 წელთან შედარებით ზრდა – 3.4%.

ინვესტიციები

ბოლო 10 წლის განმავლობაში ევროკავშირიდან ინვესტიციების შემოდინების მაჩვენებელი ცვალებადია. ამ პერიოდში ყველაზე მცირე თანხა ქვეყნის ეკონომიკაში 2020 წელს ჩაიდო, რამაც 338 მილიონ 679 ათასი დოლარი შეადგინა. 2022 წელს კი ჯამურად საქართველოს ეკონომიკაში ევროკავშირის ქვეყნებიდან 963 მილიონ 391 ათასი დოლარი შემოვიდა. EU-ს წევრი ქვეყნებიდან ინვესტიციების ყველაზე დიდი ნაკადი 360 მილიონ 471 ათასი დოლარი ესპანეთიდან, 196 მილიონ 154 ათასი დოლარი – ნიდერლანდებიდან, 120 მილიონ 555 ათასი დოლარი კი ირლანდიიდან შემოვიდა.

ფულადი გზავნილები

ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან ფულადი გზავნილების გადმორიცხვის ტენდენცია მზარდია. ამ მხრივ მკვეთრი კლება შეინიშნებოდა 2020 წლის პირველ ნახევარში, რაც შემდგომში ეტაპობრივად აღდგა. ჯამში 10 წლის განმავლობაში ქვეყანაში EU-დან 6 მილიარდ 427 მილიონი დოლარის მოცულობის ფულადი გზავნილი გადმოირიცხა. TOP-ქვეყნები კი იტალია ($2.432 მლრდ), საბერძნეთი ($1.814 მლრდ), გერმანია ($724 მლნ) იყვნენ.

BM.ge

მსგავსი სიახლეები

სებ-მა ფულის გათეთრების დისტანციური ზედამხედველობის პორტალის გამოყენების წესი დაამტკიცა

სებ-მა ფულის გათეთრების დისტანციური ზედამხედველობის პორტალის გამოყენების წესი დაამტკიცა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ანტი ფულის გათეთრების (AML) და ტერორიზმის ფინანსირების საწინააღმდეგო (CFT) დისტანციური პორტალის გამოყენების წესი დაამტკიცა. პორტალის სახელია www.aml-cft.nbg.ge და ის ფულის…
ეკონომიკის სამინისტრო “ფოსტის შესახებ” კანონის საპარლამენტო განხილვებისთვის კონსულტანტს ქირაობს

ეკონომიკის სამინისტრო “ფოსტის შესახებ” კანონის საპარლამენტო განხილვებისთვის კონსულტანტს ქირაობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შესყიდვების სააგენტოს გამარტივებული შესყიდვის განხორციელების მიზნით მიმართავს. საუბარია საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის დირექტივებთან დაახლოების მიზნით „ფოსტის შესახებ“ კანონის…
2023 წელს საქართველოში რეკორდულად ბევრი ჩინური ავტომობილი შემოვიდა

2023 წელს საქართველოში რეკორდულად ბევრი ჩინური ავტომობილი შემოვიდა

ბოლო წლებში, ჩინურმა ავტომწარმოებელმა კომპანიებმა მსოფლიოში მასშტაბური ექსპანსია დაიწყეს, რომელიც ადგილობრივი კომპანიების მიერ გლობალური ბაზრის წილის მნიშვნელოვან ზრდას ისახავს მიზნად. ტენდენციის…