მთავრობა შტატგარეშე მოხელეთა ლიმიტის 15%-მდე ზრდას გეგმავს- კანონპროექტი
- საზოგადოება
- მაისი 12, 2026
- 30
საქართველოს მთავრობა შტატგარეშე მოხელეთა ლიმიტის ამჟამად არსებული 10%-დან 15%-მდე ზრდას გეგმავს – ამას ითვალისწინებს მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი.
დოკუმენტის თანახმად, მუნიციპალიტეტებში 10%-ის ლიმიტი დარჩება, ხოლო სამინისტროებსა და სხვა სახელმწიფო უწყებებში კი ლიმიტი 15%-მდე გაიზრდება. საჯარო უწყებებში 10%-ზე მეტის ოდენობით შტატგარეშე მოხელეების დასაქმება ამჟამადაც იყო შესაძლებელი, თუმცა ამას მთავრობის ადმინისტრაციის ნებართვა ესაჭიროებოდა, ახლა კი 15%-ის ლიმიტი იმოქმედებს.
ეს ნიშნავს, რომ თუკი რომელიმე კონკრეტულ უწყებას განსაზღვრული აქვს 300 ადამიანის შტატი, მას დამატებით შტატგარეშედ 45 ადამიანის დასაქმება შეეძლება, ნაცვლად 30-ისა.
მნიშვნელოვანია გარემოება, რომ მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტის განმარტებით ბარათში არ არის მითითებული ამჟამად სახელმწიფო უწყებებში რამდენი შტატგარეშე მოხელე არის დასაქმებული, შესაბამისად ეს ინფორმაცია კვლავ წლიდან წლამდე გაუმჭვირვალედ რჩება. თუმცა, ცნობილია ის საბიუჯეტო ანაზღაურება რასაც აღნიშნული პირები იღებენ. მაგალითად, 2026 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტალის ანგარიშის თანახმად, შტატგარეშე მოხელეთა მიერ მიღებული ანაზღაურება 154.4 მილიონი ლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 1.5 მილიონი ლარით მეტია.
ამასთან, ამავე პერიოდში შტატით დასაქმებული მოხელეების ანაზღაურება იყო 775 მილიონი ლარი. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ 154 მილიონი ლარი წარმოადგენს 775 მილიონი ლარის 20%-ს. ანუ ფაქტობრივად, 2026 წლის პირველ კვარტალში შტატგარეშე მოხელეებმა, რომელთა რაოდენობაც უცნობია, აიღეს 117,000 საჯარო მოხელის მიერ ჯამურად აღებული 775 მილიონი ლარის ხელფასის 20%-ის ტოლფასი თანხა. ეს კი შეიძლება მიანიშნებდეს ორ შესაძლო გარემოებაზე – რომ შტატგარეშე მოხელეთა ხელფასი საშუალოდ უფრო მეტია ვიდრე შტატით დასაქმებული პირების ანაზღაურება, ან ის რომ სახელმწიფო უწყებებში ამჟამად იმდენად მკვეთრად ირღვევა შტატგარეშე მოხელეთა რაოდენობის 10%-ის ლიმიტი, რომ ის ფაქტობრივ რეალობას აღარ შეესაბამება და მთავრობა იძულებულია დადგენილი ზედა ზღვარი ამჟამად არსებულ რეალობას დაუახლოვოს. ამასთან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის არაერთ ანგარიშში აღნიშნულია რომ სახელმწიფო უწყებებში დარღვეულია შტატგარეშე მოხელეთა რაოდენობის ლიმიტები, რადგან მთავრობის ნებართვის გარეშე მათში დასაქმებულთა 10%-ზე მეტი შტატგარეშეა.
უფრო დეტალურად, ჯამურად, 2025 წელს საჯარო უწყებებში შტატით დასაქმებული 117,000 მოხელის ანაზღაურებებზე გაცემულია 2.96 მილიარდი ლარი, ხოლო შტატგარეშეებზე, რომელთა რაოდენობაც უცნობია, გაიცა 684 მილიონი ლარის ანაზღაურება, რაც შტატით დასაქმებულთა სახელფასო ფონდის 23%-ის ტოლია. შესაბამისად, ან შტატგარეშეები საშუალოდ უფრო მაღალ ხელფასს იღებენ ვიდრე შტატით დასაქმებული მოხელეები, ან მათი რაოდნეობა ფაქტობრივად მკვეთრად აჭარბებს 10%-ის დადგენილ ლიმიტს.
კანონის თანახმად შტატგარეშე დასაქმებულის განმარტება ასეთია:
“შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – პირი, რომელსაც საჯარო სამსახურის განხორციელების უზრუნველსაყოფად შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მინიჭებული აქვს საჯარო დაწესებულების დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილება,”- ნათქვამია საჯარო სამსახურის შესახებ კანონში.
საჯარო მოხელეებისგან განსხვავებით, ხელშეკრულებით დასაქმების შემთხვევაში მოქმედებს უფრო მარტივი შესარჩევი პროცესი და ხშირ შემთხვევაში მათი ფუნქცია-მოვალეობებიც ბუნდოვნად არის გაწერილი, ეს კი თავის მხრივ ამ კატეგორიის დასაქმებისას კორუფციული რისკებს ზრდის.
შტატგარეშე მოხელეთა ხელფასების სტატისტიკა წლების მიხედვით ასე გამოიყურება:
- 2016 წელი: 170 მილიონი ლარი
- 2017 წელი: 182 მილიონი ლარი
- 2018 წელი: 217 მილიონი ლარი
- 2019 წელი: 242 მილიონი ლარი
- 2020 წელი: 296 მილიონი ლარი
- 2021 წელი: 360 მილიონი ლარი
- 2022 წელი: 439 მილიონი ლარი
- 2023 წელი: 516 მილიონი ლარი
- 2024 წელი: 606 მილიონი ლარი
- 2025 წელი: 684 მილიონი ლარი