საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ინვესტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი უძღვებოდა. სხდომის შესახებ საუბრობს საქართველოში აშშ-ის სავაჭრო პალატის (AMCHAM) პრეზიდენტი სარა უილიამსონი, რომლის თქმითაც შეხვედრა ნაყოფიერად ფასდება. მისი თქმით, საქართველო მსოფლიოში არსებული რთული ვითარების მიუხედავად, საინვესტიციო მიმზიდველობას ინარჩუნებს.
მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული რელიზის თანახმად, ინვესტორთა საბჭოს წევრებმა გამოთქვეს სრული მზადყოფნა, მომავალშიც აქტიურად დაუჭირონ მხარი მთავრობის ყველა იმ ნაბიჯსა თუ რეფორმას, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას, ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ასოცირების შეთანხმების წარმატებით განხორციელებას. სხდომის მონაწილეთა კომენტარებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
“ძალიან ნაყოფიერი საუბარი გვქონდა ინვესტორთა საბჭოს დღევანდელ სხდომაზე. გამიხარდა, თუმცა არ გამკვირვებია, რომ საქართველოს მთავრობა, ბიზნეს ასოციაციები და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ერთ აზრზე არიან და ძალიან ძლიერ მხარდაჭერას გამოხატავენ ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. მთავრობას მკაფიოდ განვუცხადეთ, რომ ძალიან გვინდა დახმარება საჯაროდ გამოვხატოთ საქართველოს მიერ ევროკავშირში წარდგენილი განაცხადის მიმართ. მთავრობამ ძალიან კარგად მიიღო ჩვენი შეთავაზება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ღია და გახსნილი საუბარი გვქონდა, უკრაინაში მიმდინარე ომის, ისევე როგორც საქართველოს საჯარო და კერძო სექტორების რეაგირების შესახებ. მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო გაგვეგო ყველა დეტალი.
შევეხეთ ასევე კომპანიების პრობლემებს. მახარებს ის წინსვლა, რაც ამ მიმართულებით და საკითხების მოსაგვარებლად განხორციელდა. ვისაუბრეთ ასევე საქართველოს ახალი შესაძლებლობების შესახებ, თან იმ ფონზე, რაც ამჟამად ვითარდება მსოფლიოში. კომპანიებს ბიზნესები გადმოაქვთ ან ახალს ხსნიან საქართველოში, სხვადასხვა საკითხი იჩენს თავს და ახალი შესაძლებლობები იქმნება. ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებთ“, – განაცხადა სარა უილიამსონმა.