ეკონომიკური განვითარების პროცესები ინდუსტრიალიზაციამდელ ეპოქაში

ეკონომიკური განვითარების პროცესები ინდუსტრიალიზაციამდელ ეპოქაში

რამაზ აბესაძე, პროფესორი

თანამედროვე საზოგადოების ჩამოყალიბება განაპირობა: დედამიწის წარმოქმნის
უნიკალურმა კოსმოსურმა მოვლენებმა; სასწაულებრივმა მოვლენებმა დედამიწის,
სამყაროში უსასრულოდ მრავალრიცხოვან ციურ სხეულებს შორის,  ისეთ ერთად-
ერთ პლანეტად ჩამოყალიბებამ, რომელზეც სიცოცხლე არსებობს (თუმცა
შესაძლებელია სხვა ციურ სხეულზედაც არსებობდეს სიცოცხლე, მაგრამ ეს,
ჯერჯერობით, დაუდგენელია); დედამიწაზე აქამდე აუხსნელმა სიცოცხლისა და
მისი უმაღლესი ფორმის, ადამიანის, წარმოშობამ და მისმა ევოლუციამ; ადამიანის
მიერ იარაღის გამოყენებამ, პრიმიტიული ეკონომიკის წარმოქმნამ და მისმა
ევოლუციამ. დედამიწის წარმოქმნის შემდეგ მასზე ცვლილებების პროცესები
ძალიან ნელა მიმდინარეობდა, მნიშვნელოვან დადებით ცვლილებებს
მილიარდობით და მილიონობით წლები დასჭირდა, მაგრამ დღევანდელ
გრანდიოზულ მიღწევებს, სწორედ, ამ დროს ჩაეყარა საფუძველი.
უძველესი წინაისტორიული პროცესები დღეისათვის სრული მეცნიერული
სიზუსტით შეუსწავლელია, ვინაიდან იგი მხოლოდ არქეოლოგიური მეცნიერების
შედეგებს ეყრდნობა. ამიტომ, ამ მოვლენებზე სხვადასხვა ერთმანეთისაგან
განსხვავებული შეხედულებები არსებობს, მაგრამ ნათელია ის, რომ როგორც
დედამიწამ, ისე ადამიანმა, ეკონომიკამ და მთელმა საზოგადოებამ ევოლუცია 
განიცადა და დღევანელი ფორმით ჩამოყალიბდა.

დედამიწის, ადამიანის წინაპართა და პრიმიტიული ეკონომიკის წარმოშობა

ვარაუდობენ, რომ დედამიწა მზის სისტემაში წარმოიშვა 4,6 მილიარდი წლის წინ.
მაშინ დედამიწა გამოიყურებოდა როგორც მუქი ნაცრისფერი სფერო, არ გააჩნდა არც
ქერქი და არც ბირთვი, ატმოსფერო ნახშირბადით იყო გაჯერებული. მასზე
არავითარი ნიშანწყალი სიცოცხლისა არ არსებობდა. ძნელად წარმოსადენია,
ზებუნებრივი ძალების გარეშე, ამ სრულიად მკვდარი და უსიცოცხლო მასის ისე
გარდაქმნა, რომ მისგან დღევანდელი სიცოცხლით სავსე პლანეტა და მასზე
მაღალგანვითარებული საზოგადოება ჩამოყალიბდებოდა. ამაზე მეცნიერებას
ზუსტი პასუხი დღესაც არ გააჩნია.
ერთ-ერთი შეხედულების თანახმად დედამიწაზე სიცოცხლე წარმოიშვა
დაახლოებით 3,6-4 მილიარდი წლის წინ, ოღონდ, მხოლოდ ერთუჯრედიანი
მიკროსკოპული ორგანიზმების სახით. მათ გარკვეული როლი ითამაშეს
დედამიწაზე სასიცოცხლო პირობების ჩამოყალიბებაში. კერძოდ, დედამიწის
გარშემო არსებული ნახშირბადით გაჯერებული ატმოსფერო ათეული მილიონი

წლის განმავლობაში გარდაიქმნა ამ მიკრობთა მირ გამომუშავებული ჟანგბადით
გაჯერებულ ატმოსფეროდ.
2,8 მილიარდი წლის წინ წარმოიშვა ფოტოსინთეზი, რის შედეგადაც ატმოსფერო
კიდევ უფრო შეივსო ჟანგბადით. გაჩნდნენ მიკროორგანიზმები, რომელთათვის
ჟანგბადი აუცილებელი იყო, არსებული ორგანიზმები კი, ატმოსფეროში ჟანგბადის
წილის გაზრდის გამო, დაიღუპნენ. ახალმა ორგანიზმებმა საკმაოდ სწრაფად
განიცადეს ევოლუცია და 2,5 მილიარდი წლის წინ გაჩნდნენ  რთული უჯრედების
მქონე ორგანიზმები. 1,6 მილიარდი წლის წინ ცოცხალმა ორგანიზმებმა შეიძინეს
სქესობრივი გამრავლების თვისება. 1 მილი-არდი წლის წინ კი წარმოიშვნენ
ცოცხალი ორგანიზმები, რომელაც ჰქონდათ მყარი გარსი ჩონჩხის სახით. ამ
პერიოდში მოხდა დედამიწის ისტორიაში  ყველაზე მასშტაბური მოვლენა –
გამყინვარება. ყინულის მასივებმა ეკვატორს მიაღწიეს. 541 მილიონი წლის წინ
დაიწყო სიცოცხლის აღორძინება, წარმოიშვა  მრავალგვარი მცენარე და ჯერ
უხერხემლო, ხოლო შემდეგ ხერხემლიანი მრავალუჯრედიანი  ცხოველური
ორგანიზმები, საბოლოოდ ამფიბიები.
სიცოცხლე თავდაპირველად არსებობდა წყლის მასივებში, შემდეგ კი გავრცელდა
ხმელეთზეც. ხმელეთი დაიფარა ხშირი, გაუვალი ტყეებით, რომელთა გაქვავებული
ნაშთები შემორჩენილია ერთ-ერთი მნიშნელოვანი საწვავის, ქვანახშირის, სახით.
252 მილიონი წლის წინ კლიმატი დედამიწაზე გახდა ძლიერ მშრალი და ცხელი.
გაგრძელდა სიცოცხლის აღორძინება, კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა
მცენარეთა და ცხოველთა სამყარო მცირე და გიგანტური მცენარეებითა და
ცხოველებით. გამოჩნდნენ დინოზავრები, ნიანგები და ფრინველები, რომლებიც 
დინოზავრების შთამომავლებად ითვლებოდნენ. გაჩდნენ ძუძუმწოვრები.
მცენარეების ზოგიერთი ბიოლოგიური ჯგუფი, მაგალითად, ციკადები, რომელიც
შემორჩენილია დღემდე (დღეს, ბუნებრივად იზრდება სამხრეთ
ნახევარსფეროში, მაგალითად, მექსიკაში, ცენტრალურ ამერიკაში,
ავსტრალიაში, სამხრეთ ამერიკაში, აფრიკის ნაწილში).
.

66 მილიონი წლის წინ დედამიწაზე დაიწყო გეოლოგიური კაინოზური ხანა ("ახალი
ცხოვრების ერა"). ამ პერიოდში: მოხდა მშრალი და ცივი კლიმატის ჩამოყალიბება,
რის გამოც დიდი ქვეწარმავლები დაიღუპნენ, სამაგიეროდ, მოხდა ძუძუმწოვართა,
განსაკუთრებით თბილსისხლიანთა, სწრაფი განვითარება; წარმოქმნა ბევრი

სასარგებლო წიაღისეული დაწყებული ნავთობიდან და ბუნებრივი აირიდან,
დამთავრებული ოქროთი და პლატინით; დედამიწამ თანდათან მიიღო
დღევანდელი სახე; გაჩნდა სიცოცხლის ახალი ფორმა – პრიმატები.
მეცნიერთა აზრით დედამიწაზე  უძველესი პრიმატები, ძუძუმწოვრები, რომელთაც
ნაწილობრივ მიაკუთვნებენ ადამიანის წინაპრებს – პარაპითეკებს, 30 მილიონი
წლის წინ  წარმოიშვნენ, რომლებიც ცხოვრობდნენ გაშლილ სივრცეში და ხეზე.
მათგან წარმოდგა სხვადასხვა სახეობის არსებები, მათ შორის, ავსტრალოპითეკები,
ადამიანთა უშუალო წინაპრები.
შემდეგი ეტაპი იყო ავსტრალოპითეკების ჩამოსვლა ხიდან, ორ ფეხზე გამართული
სიარული, ხელების გათავისუფლება და მისთვის სხვა ფუნქციის მინიჭება
(ბუნებრივი საგნების გამოყენება იარაღად და სხვ.), რითაც დამთავრდა
ავსტრალოპითეკების საბოლოო ჩამოყალიბება. ისინი ცხოვრობდნენ დაახლოებით 9
მილიონი წლის წინ და იკვებებოდნენ მცენარეულობით და ცხოველური საკვებით.
მათი იარაღი იყო ქვა, ძვალი და ჯოხი,   ყოველგვარი ხელოვნური დამუშავების
გარეშე. ამის შემდეგ იწყება ქვის ეპოქა. 
ეკონომიკის ტრადიციული გაგებისაგან განსხვავებით, მეცნიერულ ლიტერატურაში
არის ისტორიამდელი ეკონომიკის თეორიის შექმნის მცდელობა, რომლის
მიხედვითაც ასეთი ეკონომიკა არის არსებობის საშუალებათა მოპოვების პროცესი,
საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის სიცოცხლისუნარიანობის
უზრუნველყოფასთან.
ეკონომიკის ჩამოყალიბებას იმ სახით, რა სახითაც დღეისთვის გვაქვს დიდი დრო
დასჭირდა. თავდაპირველად იგი ისეთივე პრიმიტიული იყო, როგორც ადამიანი და
მის მიერ გამოყენებული იარაღი (ამიტომ ასეთ ეკონომიკას შეიძლება პრიმიტიული
ეკონომიკა ვუწოდოთ), მაგრამ მას პრიმიტივიზმის მიუხედავად, მაინც აქვს
თანამედროვე ეკონომიკის გარკვეული ნიშნები, ვინაიდან მაშინაც ადგილი ჰქონდა:
ადამიანთა ურთიერთობას ბუნებასთან; ურთიერთობებს თემის (ჯგუფის) წევრებს
შორის საკვების შეგროვების, შემდეგ კი მისი გადამუშავების, მიღებული
პროდუქტების განაწილებისა და ურთიერთგაცვლის დროს; სხვადასხვა
ტექნოლოგიის (იარაღების წარმოებისა და კერამიკული ჭურჭლის დამზადების, 
საჭმელის მომზადების, სასოფლო პროდუქციის მოყვანისა და გადამუშავების და
სხვ.) გამოყენებას;  ფიზიკური (შრომის იარაღები თავდაპირველად ბუნებრივი,
შემდეგ კი წარმოებული) და ადამიანისეული კაპიტალის (პირველყოფილი
ადამიანის უნარი და ჩვევები) არსებობას; ინფორმაციის გაცვლას (სავარაუდოდ ჯერ
ბგერითი სიგნალების, შემდეგ კი მეტყველებისა და დამწერლობის მეშვეობით)  და
სხვ.

ქვის ხანა

ქვის ხანა, თავის მხრივ, მოიცავს: ძველ ქვის ხანას (პალეოლითი · ); შუა ქვის ხანას
(მეზოლითი – ძვ.წ. XII–IX ათასწლეულები) და ახალი ქვის ხანას (ნეოლითი – ძვ.წ. X-
VI ათასწლეულები).  
პალეოლითი დაიწყო 2,6 მილიონი წლის წინათ. ამ დროისათვის ადამიანები
ცხოვრობდნენ ჯგუფურად და იყენებდნენ მეტად პრიმიტიულ ქვის იარაღებს, ასევე
ძვლის, ტყავის, ხისა და სხვა მცენარეული წარმოშობის მასალებისაგან
დამზადებულ იარაღებს. დაკავებულნი იყვნენ მონადირეობითა და მცენარეული
საკვების შეგროვებით. მეთევზეობა მხოლოდ იწყებოდა.
პალეოლითის დასაწყისი ემთხვევა ადამიანთა საზოგადოების ჩამოყალიბებას. ის
ადამიანის არსებობის უდიდესი პერიოდია, (მოიცავს კაცობრიობის ისტორიის 99%-
ს), რომელიც ქვის მეტად პრიმიტიული იარაღით ხასიათდება.
დაახლოებით 2 მილიონი წლის წინ ჩამოყალიბდა „მარჯვე ადამიანი“ („Homo
habilis“). მათ უკვე ჰქონდათ კარგად განვითარებული ხელები.  ისინი
ამზადებდნენ  20-მდე  დასახელების იარაღს  ქვისა და ხის დასამუშავებლად და
ცხოველებზე სანადიროდ, საერთოდ, საკვების მოპოვების მიზნით. ძირითადად
იყენებდნენ კენჭებს, გაცივებულ ვულკანურ ლავას, ხესა და ძვლებს. ეწეოდნენ
მომთაბარე ცხოვრებას.
1,5 მილიონი წლის წინ ჩამოყალიბდა „გამართულად მოსიარულე ადამიანი“ („Homo
erectus“). ისინი ცხოვრობდნენ გამოქვაბულებში, იყენებდნენ ცეცხლს, ტანსაცმელს,
ცხოვრობდნენ ერთად, ჯგუფებად.
ზედა პალეოლითში (40—12 ათასი წელი ჩვენს ერამდე)  კი “გონიერი
ადამიანი” („Homo sapiens“) გამოდის ასპარესზე.
გამყინვარების შემდეგ დედამიწაზე დათბა და არსებითად შეიცვალა ფლორა და
ფაუნა. გაიზარდა როგორც მცენარეთა, ისე ცხოველთა რაოდენობა და
მრავალფეროვნება. გამოჩდნენ დიდი ზომის ცხოველები (მამონტი, გამოქვაბულის
დათვი, ჩრდილოეთის ირემი, ბიზონი და სხვ.). მონადირეობა იქცა ძირითად
საქმიანობად. ნადირობისას გამოიყენებოდა ცხოველების შერეკვა წინასწარ
მომზადებულ შენიღბულ ორმოებში. ცხოველებს აშინებდნენ ცეცხლით. ნადირობა
ადამიანებს აძლევდა არა მხოლოდ ხორცს, არამედ მაგარ ძვალს იარაღის
დასამზადებლად და ტყავს ტანსაცმლისათვის, რომლის აუცილებლობა გაჩნდა
გამყინვარების გამო. ამ დროს ჩაისახა მეთევზეობა, რასაც მოჰყვა შესაბამისი
თევსაჭერი მოწყობილობების გამოგონება (ჰარპუნი, სხვადასხვა სახეობის შუბები,

ძვლის კაუჭები, ბადეები და სათხეველები). დაიწყო ძაფებით ქსოვა, რამაც
განაპირობა საფეიქრო საქმის წარმოშობა. გამოგონებული იქნა ნავი, რომელიც გახდა
გემთმშენებლობის დაწყების საფუძველი. შეიქმნა ქვის ჩაქუჩი, ნაჯახი, ხელშუბი
და ბარჯი, ნემსი, სახვრეტი, საჭრისი. დაიწყო ხელსაწყოების აღჭურვა
მოსახერხებელი ჩარჩოებითა და სახელურებით, მისმაგრებული საცვლელი საჭრელი
პირებით. ტყავის გამოსაყვანად, მექანიკურის გარდა, გამოიყენებოდა ქიმიური
მეთოდი – დატუტვა (ნაცარწმენდილში გამოყვანა). საცხოვრებლად აგებდნენ
მიწურებს, რომელსაც ხურავდნენ ხარიხიანი ლატანით, ფოთლებითა და ტყავით,
მოგვიანებით მიწურებს ანათებდნენ ქვის სანათით, რომელშიც მოთავცებული იყო
ქონი და პატრუქი. სატრანსპორტო საშუალებებად გამოიყენებოდა ხისა და ლერწმის
ნავები, ჯალამბარი სათრეველა, ჭოკი, მარხილი.
ამ პერიოდში უმჯობესდება იარაღები. ეს იარაღებია: დანა, ნაჯახი, შუბისა და ისრის
თავები, საფხეკები და სხვ. გამოიყენებოდა  სატეხი  ტექნიკა. გამოჩნდა ახალი
იარაღი – ჰარპუნი (ჭვილთი) და შუბის სატყორცნი, რომლებიც გამოიყენებოდა
მონადირეობისა და თავდასაცავად, შემდეგ კი გამოგონებულ იქნა მშვილდ-ისარი.
უძველესი გამოგონება იყო ჯოხის გამოყენება ბერკეტად. იარაღებისა  და
ტანსაცმლის დასამზადებლად გარდა ქვისა და ხისა იყენებდნენ: რქას, კბილებს,
ნიჟარებს, ტყავს, ღეროებს, ფისს, მცენარეულ ბოჭკოებსა და სხვ. უკვე შუა
პალეოლიტში დაიწყო საჭმლის მომზადება.
პალეოლითი იცვლება მეზოლითით, შუა ქვის ხანით, რომელიც რამდენიმე ათასი
წელი გაგრძელდა და მნიშვნელოვანი ცვლილებები იარაღების სრულყოფის
მიმართულებით არ შეინიშნება. მხოლოდ დედამიწაზე გამყინვარების პერიოდის
შედეგად შეცვლილი ბუნებრივი პირობების შემდეგ, მეზოლითისათვის
დამახასიათებელი ნიშნებია: იარაღის ზომების შემცორება, მინიატურული ქვის
იარაღების დამზადება.
მომდევნო პერიოდი, ნეოლითი, კი ხასიათდება ქვის დამუშავების ახალი ტექნიკით,
ადამიანმა ისწავლა ქვის გახვრეტა, გაპრიალება,  ხეხვა, მისთვის სასურველი,
საკმაოდ დახვეწილი ფორმის მიცემა, რამაც უბიძგა  უმნიშვნელოვანეს მოვლენას –
 “ნეოლითურ რევოლუციას” · , რომელიც არის ერთ-ერთი  გარდამტეხი პერიოდი
კაცობრიობის ისტორიაში, როდესაც ადამიანი მეთევზეობას, ნადირობასა და
შემგროვებლობას და მომთაბარეობას, წარმოებითა (მიწისმოქმედება,
მესაქონლეობა) და ბინადარი ცხოვრებით ანაცვლებს. ეს პროცესი საკმაოდ
ხანგრძლივი იყო და ათასწლეულებს მოიცავს. დაიწყო: ცხოველების მოშინაურება; 
ტანსაცმელისა და ცხოველთა ტყავის ათვისება; საამშენებლო ტექნიკის სრულყოფა
მიწურებისა და ქოხების ასაშენებლად; მარხილების გამოყენბა ტვირთის

გადასატანად, რომლის დროსაც გამწევ ძალად გამოიყენება ცხოველები; ანკესების,
ჰარპუნებისა და ბადეების გამოყენება თევზსაჭერად; სამეთუნეო საქმე; განათების
ტექნიკის ათვისება, კვარიდან  და ჩირაღდნებიდან  პრიმიტიულ ზეთის
სანთურებზე გადასვლა; სამკაულების, მხატვრობისა და  კულტის პირველი
ნიმუშების შექმნა; მიწისქვეშა ნედლეულის, პირველ რიგში კაჟის, იასპის, ფიქალის,
მოგვიანებით კი – კირქვის მოპოვება, შტოლნებისა და შახტების გაყვანა. წარმოიშვა
სამთო საქმე. იარაღებად გამოიყენებოდა: წერაქვი, ქარჩი, ჩაქუჩები, ნიჩაბი, ფოცხი,
ხის მარგილები, რატუშების ტექნიკა ნამდვილ ხელოვნებამდე იქნა აყვანილი;
გაუმჯობესდა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. გამოიყენებოდა: ნამგალი,
ხელკეტები, როდინი; დაიხვეწა ქვის დამუშავების ტექნიკა, მისი ხეხვის, ბურღვისა
და გახერხვის მეშვეობით, რამაც შესაძლებელი გახადა ქვის უფრო მაგარი ქანების –
ბაზალტის, ნეფრიტისა და ჟადიეტისაგან იარაღების, ნაჯახების, თოხების,
როდინების,  ქარჩების დამზადება. ასევე გაუმჯობესდა ხის დამუშავების ტექნიკა,
უკვე ხდებოდა ხის პოლირება.
ნეოლითის ეპოქაში ადამიანთა ძირითადი საქმიანობაა მონადირეობა და
მიწათმოქმედება. ხდება ცხოველთა მოშინაურება (ცხვრების, თხების, ღორების,
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, შემდეგ ცხენისა და აქლემის). მოშინაურებული
ცხოველები გარდა ხორცისა და ტყავისა (რაც მონადირეობითაც მოიპოვებოდა)
იძლეოდნენ რძესა და მატყლს. შინაური ცხოველები გამოიყენაბოდნენ ტვირთის
გადასატანად და გამწევ ძალად. მესაქონლეობა გამოეყო მიწათმოქმედებას. დაიწყო
მონათმფლობელობის ჩამოყალიბება [Дятчин. .., 2000].

ბრინჯაოს ხანა

ნეოლითის შემდეგ მოდის საზოგადოების განვითარების ისტორიული
პერიოდი, ბრინჯაოს ხანა (სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა დროს გავრცელდა IV-I
ათასწლეულებში), როდესაც ქვის იარაღების ნაცვლად საბრძოლო და სამუშაო
იარაღების დასამზადებელი ძირითადი მასალა იყო ბრინჯაო (სპილენძის შენადნობი
სხვადასხვა ელემენტთან).
გამოყოფენ ნეოლითიდან ბრინჯაოს ერაზე გარდამავალ სპილენძის ეპოქას
(ენეოლითი – ძვ.წ. IV-III ათასწლეული), რომლისთვისაც დამახასიათებელია
სპილენძის იარაღები, თუმცა ჯერ კიდევ ჭარბობს ქვის იარაღები. წარმოიშვა ახალი
დარგი – ლითონდამუშავება, რომელიც მოასწავებდა ტექნოლოგიურ
გადატრიალებას, რომაც მკვეთრად შეცვალა ადამიანთა საზოგადოების, მისი
ეკონომიკის განვითარების ისტორია.

ბრინჯაოს ხანის პირველ ეტაპზე ბრინჯაოს ნაკეთობები იშვიათად იყო
გავრცელებული. ბრინჯაოს ერის მეორე ნახევარში ხდება მეტალურგიის
გაუმჯობესება. საბრძოლო იარაღებთან (ხმალი, რთული ჯავშანები) ერთად ჩნდება
პირველი სასოფლო-სამეურნეო იარაღები, ასევე ბრინჯაოსა და ოქროს
მაღალმხატვრული ნაკეთობები, სპილენძის ფურცლის პროდუქტები და სხვ.
ამ პერიოდში ხდება მნიშვნელოვანი თვისებრივი ცვლილელები: კლასობრივი
საზოგადოებებისა და უძველესი სახელმწიფოების ჩამოყალიბება;  ხელოსნობის  
გამოყოფა  მიწათმოქმედებისაგან, ვაჭრობის გაცხოველება · .
ენიოლითისა და ბრინჯაოს ხანაში: მოხდა კაცობრიობის ერთ-ერთი
უმნიშვნელოვანესი მოვლენა –  ბრუნვითი მოძრაობის გამოგონება (გამოიყენებოდა:
ბორბალი, სამეთუნეო წრე, ხელის წრიული  წისქვილი); აშენდა ხელოვნური
სარწყავი სისტემები. იგი შედგებოდა არხებისაგან, რაბების, დამბებისა და
შადუფების – წყლის ამწევი ბერკეტული მოწყობილობებისაგან; გამოიყენებოდა
კავი და პრიმიტიული გუთანი; განხორციელდა სპილენძის ჩამოსხმა; სოფლის
მეურნეობას გამოეყო ხელოსნობა; გაცხოველდა ვაჭრობა, გამოჩნდა ფულის
პირველი ერთეულები; წარმოიქმნა სახელმწიფოები; თიხისაგან დამზადდა აგური,
რომელიც გახდა ძირითადი სამშენებლო მასალა; გამოგონებული იქნა საპონი,
რომელსაც ამზადებდნენ მცენარეული ზეთისა და ტუტისაგან; გამოთლილი ქვის
ლოდებისაგან აგებულ იქნა პირამიდები, რომელთაგან ყველაზე დიდი შეიცავს 23
300 000 ქვის ლოდს, რომელთა საშუალო მასა 2,5 ტონაა (ცალკეული 15 ტონაც კი),
საერთო მასა  – 6,25 მილიონი ტონა. ლოდების გადასაადგილებლად გამოიყენებოდა
ბერკეტი და დახრილი სიბრტყე; ათვისებული იქნა პაპირუსის დამზადების
ტექნოლოგია, რომელიც გამოიყენებოდა  ათასწლეულების განმავლობაში,
ქაღალდის ათვისებამდე; გამოგონებული იქნა მზისა და წყლის საათები;
განვითარდა მეაბრეშუმეობა, აბრეშუმის ძაფის მიღებამ  და საფეიქრო (საქსოვი)
მანქანის გამოგონებამ განავითარა საფეიქრო საქმე. დაიწყო ბრინჯის მოყვანა;
მიღებულ და გამოყენებულ იქნა ორგანული სასუქი და მავნე მწერების
საწინააღმდეგო საშუალებები; გამოყვანილი იქნა ბაბბა და შაქრის  ლერწამი;
განვითარდა კომერციული და სამხედრო გემთმშენებლობა.
ეკონომიკის განვითარებამ, რომელიც დაკავშირებულია მრავალ რაოდენობრივ
სიდიდესთან, განაპირობა მათემატიკის საწყისების ჩასახვა, ხოლო დროის ათვლის
აუცილებლობამ – ასტრონომიის წარმოშობა; შეიქმნა კალენდარი. წელიწადი
იყოფოდა 365 დღედ  12 თვედ, ასევე 3 პერიოდად, რომელთაგან თითოეული
შედგებოდა 4 თვისაგან. ამ კალენდარმა იარსება საუკუნეების განმავლობაში
იულიუსის კალენდრამდე; წარმოიშვა მედიცინა; გაჩნდა გეოგრაფიული რუკები.

რკინის ხანა

რკინის ხანა არის ისტორიის ერთ-ერთი ეპოქა, როდესაც საბრძოლო და სამეურნეო
იარაღის დასამზადებლად ძირითადად რკინა გამოიყენებოდა ·.
რკინის გამოყენება ბრინჯაოს ნაცვლად განპირობებული იყო არა ბრინჯაოსთან მისი
უპირატესობებით (ვინაიდან რკინა ბევრ ნაკლოვანებას ფლობდა ბრინჯაოსთან
შედარებით – იგი ნაკლებად მაგარია (თუმცა ბრინჯაო უფრო მყიფეა), მიდრეკილია
კოროზიისადმი, აქვს დნობის უფრო მაღალი ტემპერატურა და სხვ.), არამედ 
ბუნებაში ის უფრო მეტია, ვიდრე სპილენძი და კალა.
ადრეული რკინის ხანა გრძელდებოდა ძვ. წ. I ათასწლეულიდან ჩ. წ. V საუკუნემდე
(ძველი მსოფლიო),  გვიანდელი კი – VI სდაუკუნიდან ინდუსტრიულ
რევოლუციამდე. რკინის ხანა ემთხვევა პირველყოფილი თემური წყობილების
რღვევასა და სახელმწიფოების წარმოშობას. იქმნება მამულები და ეროვნებები.
მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება ეკონომიკაში: შედარებით იაფი რკინის
იარაღები (სახნისი, გუთანი, ნამგალი, ცელი) უფრო მწარმოებლურია. მათი
მეშვეობით ხდება: ახალი მიწების სწრაფი ათვისება სახნავად, რითაც
ფართოვდებოდა მიწათმოქმედება ტყიან ადგილებში;  ხელოსნობის განვითარების
დაჩქარება (მეტალურგია, მეჭურჭლეობა, მშენებლობა, ხის დამუშავება და სხვ.); 
სპეციალიზაციის გაღრმავება (მაგალითად მეტალურგიაში: შავი და ფერადი
მეტალურგია, სამჭედლო საქმე, იარაღის წარმოება, საიუველირო ხელოვნება და
სხვ.); სარწყავი სისტემის განვითარება; სპილენძის მადნის მოპოვების გაიოლება;
შემტევითი და თავდაცვითი შეიარაღების, ცხენების აღკაზმულობის სრულყოფა;
ტრანსპორტის განვითარება, რამაც გააძლიერა სავაჭრო ურთიერთობები და
სამონეტო საქმიანობა.
ამ პერიოდში შეიქმნა მეცნიერების, ტექნიკის, ლიტერატურის, კულტურის,
ხელოვნების შესანიშნავი ნიმუშები (ითვლება, რომ მეცნიერება ჩაისახა ძველ
საბერძნეთში VI საუკუნეში ჩვენს წელთაღრიცხვამდე). თანდათან ჩნდებიან
ადამიანები, რომლებიც დაკავებულნი არიან ახალი ცოდნის შექმნით – მეცნიერები.
ვითარდება დამწერლობა, წარმოიშვა ბიბლიოთეკები. ძვ. წ. V-IV საუკუნეებში
ცხოვრობდნენ დიდი მოაზროვნეები:  სოკრატე (469-399 ძვ. წ.), პლატონი (428-347
ძვ. წ.), არისტოტელე (384-322 ძვ. წ.). დემოკრიტი (460-370). ძვ.წ. III საუკუნის
დასაწყისში შეიქმნა პირველი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება – მუსეიონი,
რომელიც მოიცავდა ლაბორატორიებს ექსპერიმენტებისათვის, ბოტანიკურ და
ზოოლოგიურ ბაღს, დიდ ბიბლიოთეკას. აქ მუშაობდნენ გამოჩენილი მეცნიერები
ევკლიდე, ეპიკურე, არქიმედე და სხვ. ძვ.წ. III საუკუნეში დაიწყო გრანდიოზული
თავდაცვითი ნაგებობისა და უდიდესი არქიტექტურული ძეგლის, ჩინეთის დიდი

კედლის, აშენება, რომლის სიგრძეა – 8 851,9 კმ (სხვა მონაცემებით, კედლის სიგრძე
21 196 კმ. ყოფილა); სიმაღლე – 7,5 მ, ქონგურებით – 9 მ; სისქე – 6,5 მ · .
ძვ. წ. I საუკუნესა და ჩვ. წ. V საუკუნეებში მეცნიერება, განათლება და ტექნიკა
კიდევ უფრო  განვითარდა. გამოგონებული იქნა: დიოპტრი –  თანამედროვე
თეოდოლიტის პროტოტიპი; ოდომეტრი – მანძილის გასაზომი მოწყობილობა;
ეოლიპილი – რეაქტიული ორთქლის ტურბინის პროტოტიპი; თვითდამტენი
სწრაფმსროლელი არბალეტი; სახანძრო ტუმბო, ავტომატური და პროგრამული
მოწყობილობები და სხვ. დიდი განვითარება ჰპოვა მშენებლობამ.  მოხდა
სამრეწველო წესით რკინის, სპილენძის, ტყვიის, ვერცხლისა და ოქროს მიღება;
განხორციელდა ფოლადის ჩამოსხმა; განვითარდა მინამბერი ტექნიკა; საფუძველი
ჩაეყარა ქიმიას, განხორციელდა ლითონთა შენადნობის მიღება, ათვისებული იქნა
საგანთა ღებვის ტექნიკა; ქალაქებში ამაღლდა კეთილმოწყობისა და კომფორტის
დონე: გაიმართა წყალმომარაგების სისტემა და კანალ;იზაცია; აშენდა ტაძრები,
ეკლესიები, თეატრები, აბანოები და ა. შ; აშენდა ისეთი გრანდიოზული ნაგებობები
როგორიცაა: ძველი ეგვიპტის პირამიდები (ძვ. წ. III ათასწლეული), ბაბილონის
"დაკიდული ბაღები" (ძვ. წ. VII საუკუნე), “მავზოლეუმი ჰალიკარნასში” (ძვ. წ. IV
საუკუნის შუა რიცხვები), “არტემიდას ტაძარი” ეფესოში (ძვ. წ. 550), “როდოსის
კოლოსი” (ძვ. წ. 292 – 280), “ზევსის ქანდაკება” ოლიმპიაში (ძვ. წ. 430) ძვ.წ.),
“შუქურა” ალექსანდრიის კუნძულ ფაროსზე (ძვ. წ. III საუკუნე).
ანტიკურ პერიოდში ასევე დიდი განვითარება ჰპოვა სამხედრო ტექნიკამ,
განსაკუთრებით სასროლმა მანქანება (გამოგონებული იქნს ძვ, წ. VII საუკუნეში).
განსაკუთრებით სრულყოფილი იყო დაფენილი  ტრაექტორიის სასროლი მანქანა –
კატაპულტები, მორიელები, ონარები და სხვა; სამხედრო ტექნიკა კერძოდ,
ტარანები  და მრავალსართულიანი მოძრავი კოშკები – ჰელეპოლები. განვითარდა
გემთმშენებლობა.
ინდოეთში VI საუკუნეში შეიქმნა თვლის ათობითი სისტემა. 100 წლის შემდეგ
შემოღებული იქნა უარყოფითი რიცხვები და „0“. IX საუკუნეში საფუძველი ჩაეყრა
ალგებრას. X საუკუნის ბოლოსა და XI საუკუნის დასაწყისში საფუძველი ჩაეყარა
ოპტიკას. შემდეგ წლებში განვითარდა ასტრონომია. 1428 წელს აგებული იქნა
ობსერვატორია მის ძირითად ინსტრუმენტს წარმოადგენდა გრანდიოზული
გონიომეტრი  – სექსტანტი.
X-XII საუკუნეებში ევროპაში გამოჩნდა წყლისა და ქარის წისქვილები, მექანიკური
საათი, შენდება მსხვილი ჰიდროტექნიკური ნაგებობები, ვითარდება
ქალაქმშენებლობა, გამთმშენებლობა. დაარსდა უნივერსიტეტები

რენესანსი დაიწყო ანტიკურ ხანაში მიღწევათა აღორძინებით მეცნიერებისა და
ხელოვნების ყველა სფეროში: განვითარდა მედიცინა. რეალური გახდა ადამიანის
სხეულის აღნაგობის შესახებ შეხედულება, შემოღებულ იქნა ტელესკოპური
დაკვირვება, დაიხვეწა მკურნალობის მეთოდები; ფიზიკაში შემოტანილ იქნა ძალის,
ძალის მომენტის, ხახუნის კოეფიციენტის ცნებები; წარმოიშვა მსოფლმხედველობის
ახალი ჰელიოცენტრული მოდელი, უარყოფილ იქნა რა გეოცენტრული მოდელი, რომ
პლანეტები ბრუნავენ მზისა  და თავიანთი ღერძის გარშემო, რომ მთვარე არ არს
დამოუკიდებელი პლანეტა და იგი ბრუნავს დედამიწის გარშემო. დედამიწის მზის
გარშემო ბრუნვის პერიოდი არის ერთი წელიწადი, ხოლო ღერძის გარშემო  – ერთი
დღე-ღამე; ჯერ გამოგონებული იქნა ჭოგრი, მის საფუძველზე კი – ტელესკოპი,
რამაც კიდევ უფრო გააფართოვა შეხედულება სამყაროს აგებულების შესახებ.
XVII საუკუნეში შეიქმნა: კლასიკური მექანიკა;  ანალიზური გეომეტრიის
საფუძვლები;  მოძრაობის რაოდენობის შენახვის კანონი; გიდრავლიკისა და
ჰიდრომეტრიის, ასევე ატმოსფერული წნევის თეორია; ფიზიკური ქანქარის რხევის
კანონები;  სინათლის ტალღური თეორია; შეწავლილ იქნა: სხეულის ვარდენა, მისი
მოძრაობა დახრილ სიბრტყეზე; ქანქარის სიმის რხევები; გაზომილ იქნა: ბგერის
სიჩქარე ჰაერში; შემოღებულ იქნა კოორდინატთა სისტემა;  განვითარდა სხეულთა
ატომური აგებულების შეხედულება და ატომთა შეერთებით მიღებულ მასას
მოლეკულა ეწოდა; გამოგონებულ იქნა ვერცხლისწყლის ბარომეტრი; ჩამოყალიბდა
კლასიკური ფიზიკა. აღმოჩენილი იქნა მსოფლიო მიზიდულობის ნიუტონის კანომი
და და ბოილ-მარიოტის კანონები; შემოტანილი იქნა ისეთი ცნებები, როგორიცაა:
მასა, სიმკვრივე, მოძრაობის რაოდენობა, ძალა, უჯრედი;  გამოვლენილი იქნა
სინათლის დისპერსია, ქრომატული აბერაცია, დიფრაქცია და ინტერფერენცია;
შეიქმნა სინათლის კორპუსკუოლარული და ტალღური თეორია და სხვ.; გაჩნდა
მიკროსკოპი და ტელესკოპი; საფუძველი ჩაეყარა მაგნიტიზმსა და ელექტრობას;
გამოგონებულ იქნა ქაღალდი, ცეცხლსასროლი იარაღი, დენთი, კომპასი და გემები,
რომელთაც შეეძლოთ გადაეცურათ მთელი ოკეანე; დაიწყო წიგნის ბეჭდვა (XV);
გაიზარდა კავშირი და ურთიერთგავლენა საზოგადოებას, ცოდნასა და ტექნიკას
შორის. დაარსდა სამეცნიერო ჟურნალები, აკადემიები, საზოგადოებები (მაგ.
ლონდონის სამეფო საზოგადოება (1662), პარიზის მეცნიერებათა აკადემია (1666)).
XVIII საუკუნის დასაწყისამდე ეკონომიკაში წარმოება ეფუძნებოდა ხელოსანთა
გილდიებს. შემდეგ დამკვიდრდა მანუფაქტორული წარმოება, რომელმაც გაზარდა
მწარმოებლურობა. მანუფაქტორული წარმოება ეფუძნებოდა ცხოველის, წყლისა და
ქარის ენერგიის გამოყენებას, ამდენად ეფექტიანობის ასამაღლებლად საჭირო იყო
ენერგიის ახალი სახეობის გამოყენება, რის საშუალკებასაც იძლეოდა მიღწევები
მეცნიერებასა და ტექნიკაში. დაიწყო ორთქლის მანქანათა გამოგონების მთელი

სერია.  განვითარდა მეტალურგია, ამას ხელი შეუწყო ბრძმედებში ხის ნახშირის
შეცვლამ ქვანახშირის კოქსით   ფოლადის მისაღებად (1709). ორთქლის მანქანა
შეიქმნა 1782 წელს, რომელის სრულყოფა მოხადა 1788 წელს. ეს მაუწყებელი იყო
ინდუსტრიული ანუ სამრეწველო რევოლუციის. დაიწყო ხელით შრომიდან
გადასვლა მანქანურზე, მანუფაქტურული წარმოებიდან – ფაბრიკულზე, აგრარული
ეკონომიკიდან ინდუსტრიულზე [История…2017].
ინდუსტრიულ რევოლუციამდე მოხდა ინდუსტრიული რევოლუციის წინამორბედი
ე.წ. „აგრარული რევოლუცია“, რომელმაც შეცვალა არამხოლოდ წარმოების წესი,
არამედ საზოგადეობის სტრუქტურაც, წარმოშვა ახალი, ინდუსტრიული
საზოგადოებისთვის შესაფერისი სოციალური ჯგუფები მეწარმეთა და
დაქირევებული მუშახელის ფართო მასის სახით.
ჯერ კიდევ XVI-XVII საუკუნეებში განსაკუთრებით ინტენსიურად განვითარებულმა
ე. წ. „შემოღობვათა“, მემამულეების მიერ გლეხობის სათემო მიწების მისაკუთრების
პროცესმა, რომელიც XVIII საუკუნეში უკვე პარლმანეტის სათანადო აქტებით, ანუ
კანონით იყო დამტკიცებული (ინგლისში), გლეხების პაუპერიზაიცია გამოიწვია.
უმიწაწყლოდ და შესაბამისად, საარესბო წყაროს გარეშე დარჩენილი გლეხობის ეს
მასა იძულებული გახდა მრეწველობაში დასაქმებულიყო.
რკინის ხანა მთავრდება ფოლადისა და თუჯის წარმოებით. რკინის ხანის
დასასრულთან დაკავშირებით არსებობს სხვადასხვა შეხედულება. ერთნი თვლიან,
რომ ის გაგრძელდა სამრეწველო რევოლუციამდე, სხვას კი მიაჩნია რომ ის დღესაც
გრძელდება, ვინაიდან ფოლადი და თუჯი წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად
თანამედროვე კონსტრუქციულ მასალებს.
მიგვაჩნია, რომ სიმართლეს შეესაბამება პირველი შეხედულება, ვინაიდან
სამრეწველო რევოლუციის შემდეგ იწყება სხვა პროცესები, რომლებმაც მიგვიყვანა
არა ერთ თვესებრივ ცვლილებასთან, რომელთა მეშვეობითაც განუზომლად
გაიზარდა ადამიამთა შესაძლებლობები მათი საქმიანობის ნებისმიერ სფეროში.
მაშასადამე რკინის ხანით მთავრდება ინდუსტიალიზაციამდელი პერიოდი. რკინის
ხანის შემდეგ ეპოქები განსხვავდება არა გამოყენებული მასალების მიხედვით,
არამედ თვისებრივი ცვლილებებით ეკონომიკაში და საზოგადოებაში.
პერიოდი 1750 წლიდან 1850 წლამდე არის პერიოდი, როდესაც  ცვლილებებმა
მიწათმოქმედებაში, მრეწველობაში, სამთო მრეწველობაში, ტრანსპორტსა და
ტექნოლოგიებში ღრმა ეფექტი მოახდინა საზოგადოებაზე, ეკონომიკაზე და
კულტურაზე. განხორციელდა "ინდუსტრიული" ანუ "სამრეწველო რევოლუცია".
დაიწყო „ინდუსტრიალიზაციის პროცესი“, რასაც მოჰყვა ჯერ  „ინდუსტრიული

საზოგადოების“, ხოლო შემდეგ განვითარებულ ქვეყნებში “პოსტინდუსტრიული
საზოგადოების” ჩამოყალიბება, მაღალგანვითარებული ინოვაციური ეკონომიკით.
ტერმინით, "ინდუსტრიული" ანუ "სამრეწველო რევოლუცია" აღინიშნება
უმნიშვნელოვანესი გარდატეხა კაცობრიობის ისტორიაში, რომელმაც დასაბამი მისცა
ცხოვრების სრულიად ახალ წესს და, შესაბამისად, ახალ “ინდუსტრიულ
ეპოქას”. თუკი “ინდუსტრიული რევოლუცია” ახალი დროის ზოგადსაკაცობრიო
მნიშვნელობის პროცესს აღნიშნავს, ტერმინი „ინდუსტრიალიზაცია“ უფრო
ეკონომიკურ და ტექნიკურ „მოდერნიზაციას“ გულისხმობს. 

წყარო – Abesadze R. Economic development processes in the pre-industrial era.
“Ekonomisti”, 2020. № 3

მსგავსი სიახლეები

რა გადის საქართველოდან? – უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ათეული

რა გადის საქართველოდან? – უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ათეული

2022 წლის 10 თვეში საქართველომ უცხოეთში ექსპორტზე 4.54 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი გაიტანა, რაც წინა წელთან შედარებით 34%-ით მეტია. საქსტატის მიხედვით,…
პარლამენტის კომიტეტმა თამბაქოს სტანდარტული შეფუთვის ამოქმედების გადავადებას დაუჭირა მხარი

პარლამენტის კომიტეტმა თამბაქოს სტანდარტული შეფუთვის ამოქმედების გადავადებას დაუჭირა მხარი

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებაზე იმსჯელა. მოქმედი კანონის თანახმად, 2022 წლის 31…
დამოკიდებლობის მიღების შემდეგ, ევროინტეგრაციის გზაზე ყველაზე მეტი გავაკეთეთ – ირაკლი ღარიბაშვილი

დამოკიდებლობის მიღების შემდეგ, ევროინტეგრაციის გზაზე ყველაზე მეტი გავაკეთეთ –…

ირაკლი ღარიბაშვილი – მას შემდეგ, რაც 2012 წლის 1 ოქტომბერს ეს სისტემა დაამსხვრია „ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, ჩვენმა გუნდმა, ევროინტეგრაციის…