პრემიერი: საპარტნიორო ფონდმა თითოეული ინვესტირებული $1-ით $7-ის ინვესტიცია მოიზიდა

პრემიერი: საპარტნიორო ფონდმა თითოეული ინვესტირებული $1-ით $7-ის ინვესტიცია მოიზიდა

„საპარტნიორო ფონდი“ არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი სახელმწიფო საფინანსო ინსტიტუტი, რომელსაც ათწლეულზე მეტია განსაკუთრებული წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, ზოგადად, ინვესტიციების მოზიდვის საქმეში, ახალი ტექნოლოგიების შემოტანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „საპარტნიორო ფონდის“ საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ფონდს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები აქვს განხორციელებული ქვეყანაში.

„ჩემთვის დიდი პატივია, მივიღო მონაწილეობა დღევანდელ ღონისძიებაში. მინდა რამდენიმე სიტყვით აღვნიშნო კიდევ ერთხელ „საპარტნიორო ფონდის“ მნიშვნელობის შესახებ. კარგად მოგეხსენებათ, რომ „საპარტნიორო ფონდი“ არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი სახელმწიფო საფინანსო ინსტიტუტი, რომელსაც ათწლეულზე მეტია განსაკუთრებული წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, ზოგადად, ინვესტიციების მოზიდვის საქმეში, ახალი ტექნოლოგიების შემოტანაში, და დღევანდელი ლოკაციაც არის მაღალტექნოლოგიური ქარხნის ტერიტორია, რომელიც „საპარტნიორო ფონდის“ თანამონაწილეობით აშენდა ებრაულ კომპანიასთან ერთად. მე მახსოვს მაშინ, ალბათ, ეს იქნებოდა 8 წლის წინ დაახლოებით, საფუძველი ჩავუყარეთ ამ ქარხნის მშენებლობას და დღეს ეს ქარხანა აწვდის კომპანიებს თვითმფრინავის ნაწილებს, კერძოდ, მაგალითად, ბოინგ 787-ის მოდელის ნაწილებს, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან საამაყოა ჩვენთვის, ვინაიდან ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა ამ მაღალტექნოლოგიური ქარხნის მშენებლობაში. ეს კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია ფონდის მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების.

გარდა ამ პროექტებისა, ფონდს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები აქვს განხორციელებული ქვეყანაში, მიღებული აქვს მნიშვნელოვანი მონაწილეობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში, როგორიც არის, მაგალითად, გარდაბნის თბოელექტროსადგური. ასევე, მინდა აღვნიშნო ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ადგილი – სასტუმრო „რედისონ წინანდალი“, ასევე საირმის სპა-კურორტი, ბორჯომი, ლიკანი და სხვა უამრავი პროექტი, იგივე, თუნდაც, ჯინოს ცენტრი რაბათში და ა.შ. ძალიან ბევრი პროექტი, რომლებზეც ფონდი მუშაობდა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, დღემდე ფონდის მიერ განხორციელებული პროექტების ჯამური ღირებულება 1.8 მლრდ დოლარია.

„მოგეხსენებათ, ფონდი აფინანსებს განვითარების საწყის ეტაპზე მყოფ ბიზნესებს კაპიტალის მიწოდების გზით და ამ მხარდაჭერის შედეგი არის სწორედ ჩემ მიერ ჩამოთვლილი რამდენიმე მნიშვნელოვანი, თვალსაჩინო პროექტი სხვადასხვა დარგში, იქნება ეს ენერგეტიკა, მაღალტექნოლოგიური წარმოება, ტურისტული ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა თუ სხვ. დღემდე ფონდის მიერ განხორციელებული პროექტების ჯამური ღირებულება წარმოადგენს 1.8 მლრდ დოლარს. თუ გავითვალისწინებთ, რომ უშუალოდ ფონდის თანამონაწილეობა არის 250 მლნ დოლარზე მეტი, ეს ნიშნავს, რომ თითოეული ინვესტირებული 1 დოლარით ფონდმა დაახლოებით 7 დოლარი ადგილობრივი და უცხოური ინვესტიცია მოიზიდა, რაც ნამდვილად შთამბეჭდავი შედეგია.

ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ „საპარტნიორო ფონდის“ და მისი შვილობილი კომპანიების პროექტების მეშვეობით სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი თანხა ასეულობით მილიონი ლარია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, განხორციელებული პროექტებით 3000-მდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, ძალიან ბევრი ახალგაზრდა არის დასაქმებული, მათ შორის, ამ პროექტშიც.

მინდა განსაკუთრებით გამოვყო „სტარტაპ საქართველოს“ საქმიანობა, რომელიც ფონდის შვილობილი კომპანიის ცალკე სტრუქტურაა. მინდა აღვნიშნო მათი ჩართულობა ძალიან ბევრი ინოვაციური პროექტების განხორციელების მიმართულებით.

კარგად მოგეხსენებათ, რომ სულ ახლახან ჩატარდა სტრუქტურული რეფორმა ფონდში. ბატონმა დავითმა აღნიშნა, რომ პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი. ჩვენ გარკვეულ ცვლილებებს ვგეგმავთ, მთავრობა აღარ იქნება წარმოდგენილი, მინისტრები და არც მე აღარ ვიქნებით წარმოდგენილი ფონდის მართვაში, არამედ მინდა, რომ ეს ფონდი გარდაიქმნას, მსოფლიოში საუკეთესო სტანდარტების მიხედვით მოეწყოს კორპორაციული მართვა ფონდში და უფრო მეტი ფოკუსირება მოხდეს ზოგადად საინვესტიციო საქმიანობაზე. ეს არის ჩვენი ხედვა ფონდის შემდგომი განვითარების შესახებ. მინდა ბატონ დავითს მადლობა გადავუხადო ჩვენი მთავრობის სახელით გაწეული საქმიანობისთვის და მჯერა, რომ იგი წარმატებით გააგრძელებს შემდგომ საქმიანობას. ფონდის თითოეულ თანამშრომელს მინდა ასევე მადლობა გადავუხადო. ვიცი, რომ ძალიან კარგი, მაღალი კვალიფიკაციის მქონე ბევრი სპეციალისტი მუშაობს ამ ფონდში, რომლებმაც ძალიან ბევრი პროექტი განახორციელეს ჩვენი ქვეყნისთვის. კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ და გისურვებთ შემდგომ წარმატებებს“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

შეგახსენებთ, „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ წარადგინა ფონდის საქმიანობის შემაჯამებელი პრეზენტაცია – „საპარტნიორო ფონდი ქვეყნის განვითარებისთვის“. დავით საგანელიძემ ღონისძიების სტუმრებს ფონდის საქმიანობის, განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, ისაუბრა ფონდის წვლილზე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. ასევე, შეაჯამა ფონდის საინვესტიციო საქმიანობის ფინანსური შედეგები და ისაუბრა ფონდის რეფორმირების პროცესის შესახებ, რომელიც შემოდგომაზე დასრულდება.

ღონისძიებას აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ფონდის პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მსგავსი სიახლეები

თბილისის აეროპორტში მგზავრთნაკადი 28%-ით, ბათუმის აეროპორტში 34%-ით გაიზარდა (I კვარტალი)

თბილისის აეროპორტში მგზავრთნაკადი 28%-ით, ბათუმის აეროპორტში 34%-ით გაიზარდა (I…

2024 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 28%-იან ზრდას, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში – 34%-იან ზრდას აჩვენებს. როგორც თბილისისა…
მარტში ფულადი გზავნილები 36%-ით შემცირდა – ქვეყნები, საიდანაც ყველაზე მეტი თანხა გადმორიცხეს

მარტში ფულადი გზავნილები 36%-ით შემცირდა – ქვეყნები, საიდანაც ყველაზე…

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2024 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 278.5 მლნ აშშ დოლარი (746.8 მლნ ლარი) შეადგინა,…
ირაკლი კობახიძე ჩინეთის დელეგაციას შეხვდა – რაზე ისაუბრეს?

ირაკლი კობახიძე ჩინეთის დელეგაციას შეხვდა – რაზე ისაუბრეს?

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც მმართველი პარტიის საერთაშორისო ურთიერთობების მინისტრის მოადგილე ჩენ ჭოუ ხელმძღვანელობს. მთავრობის ადმინისტრაციის…