სებ-მა ფულის გათეთრების დისტანციური ზედამხედველობის პორტალის გამოყენების წესი დაამტკიცა

სებ-მა ფულის გათეთრების დისტანციური ზედამხედველობის პორტალის გამოყენების წესი დაამტკიცა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ანტი ფულის გათეთრების (AML) და ტერორიზმის ფინანსირების საწინააღმდეგო (CFT) დისტანციური პორტალის გამოყენების წესი დაამტკიცა. პორტალის სახელია www.aml-cft.nbg.ge და ის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის ფინანსირების წინააღმდეგ იქნება მიმართული. პორტალის მონაწილეები სებ-ის ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ფინანსური ინსტიტუტები იქნებიან და მისი მეშვეობით იწარმოებს ინფორმაციისა და სავალდებულო ხასიათის შეტყობინებების გაცვლა ფულის გათეთრების საწინააღმდეგო საკითხებზე.

AML/CFT დისტანციური ზედამხედველობის პორტალის გამოყენების წესი
 

 

 
მუხლი 1. დოკუმენტის მიზანი

AML/CFT დისტანციური ზედამხედველობის პორტალის გამოყენების წესი (შემდგომში − წესი) ადგენს AML/CFT დისტანციური ზედამხედველობის პორტალის გამოყენების წესს და განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკისა (შემდგომში – ეროვნული ბანკი) და AML/CFT დისტანციური ზედამხედველობის პორტალის მომხმარებლების ძირითად უფლება-მოვალეობებს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) AML/CFT დისტანციური ზედამხედველობის პორტალი (შემდგომში – პორტალი) – www.aml-cft.nbg.ge მისამართზე განთავსებული ვებპორტალი;

ბ) დისტანციური ზედამხედველობის ანგარიშგება (შემდგომში – ანგარიშგება) – ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესით გათვალისწინებული ანგარიშგება;

გ) პორტალის მომხმარებელი (შემდგომში – მომხმარებელი) – ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ექვემდებარება ეროვნული ბანკის ზედამხედველობას, ამ წესის შესაბამისად ეროვნული ბანკის მიერ დაშვებულ იქნა პორტალზე და უფლება აქვს პორტალზე საკუთარი სახელით განახორციელოს მისთვის ნებადართული ქმედებები;

დ) უფლებამოსილი პირი – მომხმარებლის მიერ განსაზღვრული პასუხისმგებელი პირი, რომელიც პორტალზე მოქმედებს მომხმარებლის სახელით;

ე) პროფილი – მომხმარებლებისთვის და ეროვნული ბანკის თანამშრომლებისთვის განკუთვნილი პირადი სივრცე/გვერდი. პირად სივრცეში/გვერდზე მომხმარებლის უფლებამოსილი პირი სახელის, გვარის, ასევე, საკონტაქტო ინფორმაციის შეყვანას/განახლებას უზრუნველყოფს მომხმარებელი;

ვ) ქმედებების ჟურნალი – პორტალზე განხორციელებული ქმედებებისა და ცვლილებების ქრონოლოგიური ჩანაწერები;

ზ) ავტორიზაცია – მომხმარებლის შესვლა პორტალზე ეროვნული ბანკის მიერ მომხმარებლისთვის გადაცემული იდენტიფიკატორისა (username) და შესაბამისი პაროლის (password) მეშვეობით;

თ) პორტალის შეტყობინება (შემდგომში – შეტყობინება) – ეროვნული ბანკის მიერ მომხმარებლისთვის პორტალის მეშვეობით გაგზავნილი შეტყობინება, რომელსაც აქვს სავალდებულო იურიდიული ძალა;

ი) შეტყობინების მიმღები – მომხმარებელი, რომელიც პორტალის მეშვეობით იღებს შეტყობინებას, მიუხედავად უფლებამოსილი პირების რაოდენობისა;

კ) პორტალის შეზღუდვა (შემდგომში – შეზღუდვა) – ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი დროის მომენტი, როდესაც მომხმარებლისთვის პორტალით სარგებლობის უფლება სრულად ან ნაწილობრივ შეზღუდულია;

ლ) შემაფერხებელი გარემოება – ტექნიკური ხასიათის შეფერხება, რომლის დროსაც პორტალი სრულად ან ნაწილობრივ მიუწვდომელია და რომელიც არ არის გამოწვეული მომხმარებლის მიზეზით;

მ) ფორსმაჟორი – ნებისმიერი გარემოება, რომელიც არ ექვემდებარება შესაბამისი მხარის კონტროლს, მათ შორის, ბუნებრივი და ტექნოგენური მიზეზებით გამოწვეული გარემოებები;

ნ) პორტალის ოპერატორი – ეროვნული ბანკი, რომელიც პასუხისმგებელია პორტალის მართვასა და პორტალის წესების განსაზღვრაზე;

ო) პორტალის ადმინისტრატორი – ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული თანამშრომელი, რომელიც უფლებამოსილია პორტალზე შექმნას მომხმარებლებისთვის და ეროვნული ბანკის თანამშრომლებისთვის შესაბამისი პროფილები და განახორციელოს სისტემის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული სხვა ქმედებები;

პ) ეროვნული ბანკის თანამშრომელი (შემდგომში – თანამშრომელი) – ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ეროვნული ბანკის თანამშრომელი, რომელიც უფლებამოსილია პორტალზე იმოქმედოს ეროვნული ბანკის სახელით.

მუხლი 3. პორტალის ზოგადი აღწერილობა

1. პორტალის ძირითადი ფუნქციაა ეროვნულ ბანკსა და პორტალზე რეგისტრირებულ მომხმარებლებს შორის ინფორმაციის/დოკუმენტების/ანგარიშგებების (მათ შორის, კონფიდენციალურის) გაცვლა და კომუნიკაცია. პორტალი ასევე გამოიყენება სამართლებრივი აქტების, სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტებისა და სიახლეების განსათავსებლად.

2. პორტალზე წვდომის უფლება აქვთ ეროვნული ბანკის მიერ უფლებამოსილ თანამშრომლებს და მომხმარებლებს, მათთვის განკუთვნილ ინდივიდუალურ მოდულზე.

3. ეროვნული ბანკის მიერ პორტალზე ატვირთულ ნებისმიერ დოკუმენტს (მათ შორის, დასკანერებულს, შეტყობინებით გაგზავნილს ან/და ციფრულად/ელექტრონულად ხელმოწერილს) აქვს შესასრულებლად სავალდებულო იურიდიული ძალა. პორტალის ფარგლებში ციფრულად/ელექტრონულად შესრულებულ ხელმოწერას აქვს მატერიალურ დოკუმენტზე ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა. ეროვნული ბანკის მიერ გაგზავნილი დოკუმენტების ხელმოწერა ხორციელდება ეროვნული ბანკის სახელით.

4. მომხმარებელი ვალდებულია ყოველდღიურად გადაამოწმოს პორტალის მეშვეობით ეროვნული ბანკის მიერ მისთვის გაგზავნილი შეტყობინებები ან/და პორტალზე ატვირთული დოკუმენტები.

5. მომხმარებელი ვალდებულია ეროვნული ბანკის მიერ პორტალის მეშვეობით გაგზავნილ შეტყობინებას ან/და პორტალზე ატვირთულ დოკუმენტს გაეცნოს გაგზავნიდან/ატვირთვიდან არაუგვიანეს ერთი სამუშაო დღის განმავლობაში. გაგზავნილი შეტყობინების გაცნობის გარეშე მომხმარებელს არ ეძლევა პორტალზე მუშაობის გაგრძელების უფლება.

6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების მოთხოვნების შესრულების კონტროლის მიზნით, პორტალზე ინახება მომხმარებლებისა და ეროვნული ბანკის ქმედებების ჟურნალის ჩანაწერები.

7. მომხმარებლის მიერ პორტალის მეშვეობით წარდგენილ ნებისმიერ ინფორმაციას/დოკუმენტაციას აქვს იურიდიული ძალა და ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ ინფორმაციაზე/დოკუმენტაციაზე დაყრდნობით მომხმარებლის მიმართ გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საზედამხედველო ღონისძიება.

8. ეროვნული ბანკისთვის წარდგენილ ანგარიშგებად ჩაითვლება მომხმარებლის მიერ ანგარიშგების წარდგენის ვადის ამოწურვამდე პორტალზე ბოლოს ატვირთული ანგარიშგება (მიუხედავად მისი სისწორისა).

9. ყოველი საანგარიშგებო პერიოდის დასრულებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში მომხმარებელს პორტალის მეშვეობით, ავტომატურად ეგზავნება შეტყობინება საანგარიშგებო პერიოდის დასრულებისა და შესაბამისი ანგარიშგების წარდგენის ვადების შესახებ.

10. ანგარიშგების წარდგენის ვადის ამოწურვამდე 5 კალენდარული დღით ადრე მომხმარებელს განმეორებით, ავტომატურად ეგზავნება შეტყობინება ანგარიშგების განსაზღვრულ ვადაში წარდგენის შეხსენების შესახებ.

11. ანგარიშგების წარდგენის ვადის ბოლო დღეს მომხმარებელს ხელახლა ეგზავნება შეტყობინება ანგარიშგების განსაზღვრულ ვადაში წარდგენის ვალდებულების შეხსენების შესახებ.

12. ამ მუხლის მე-9-მე-11 პუნქტებით გათვალისწინებული შეტყობინების მიუღებლობა არ ათავისუფლებს მომხმარებელს ანგარიშგების განსაზღვრულ ვადაში წარდგენის ვალდებულებისაგან.

მუხლი 4. ეროვნული ბანკის როლი

1. ეროვნული ბანკი ადმინისტრირებას უწევს პორტალის ფუნქციონირებას, განსაზღვრავს პორტალის ტექნიკურ კონფიგურაციასა და მის პარამეტრებს, აკონტროლებს და მართავს პორტალს.

2. ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს:

ა) პორტალზე მომხმარებელთა და ეროვნული ბანკის თანამშრომელთა დაშვებას;

ბ) პორტალის გამართულ ფუნქციონირებასა და ინფორმაციის დაცვას;

გ) პორტალზე ახალი მომხმარებლის რეგისტრაციას, დარეგისტრირებული მომხმარებლის მონაცემების შეცვლას ან/და რეგისტრაციის გაუქმებას;

დ) პორტალის გამოყენების წესების პორტალზე განთავსებას.

3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია:

ა) გამოიყენოს პორტალი მომხმარებლის შემოწმებასთან დაკავშირებული ან/და სხვა სამართლებრივი აქტების, წერილობითი მითითებების, გაფრთხილებების, აგრეთვე, საზედამხედველო ღონისძიებებთან დაკავშირებული სხვა ნებისმიერი დოკუმენტისა და ინფორმაციის გაგზავნის, ანგარიშგებების მიღების, დამუშავებისა და მომხმარებელთან კომუნიკაციისთვის;

ბ) პორტალზე განათავსოს ნორმატიული და სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტები, სიახლეები;

გ) განაზოგადოს პორტალთან დაკავშირებით ხშირად დასმული კითხვები;

დ) თავისი შეხედულებისამებრ მოახდინოს პორტალის მოდიფიკაცია. თუ მოდიფიკაცია იწვევს ცვლილებებს მომხმარებელთა პროფილის ნაწილში, ეროვნული ბანკი აღნიშნულის შესახებ მომხმარებელს ატყობინებს ცვლილებების განხორციელებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა;

ე) გააკონტროლოს და შეამოწმოს მომხმარებლის მიერ ამ წესის მოთხოვნების ჯეროვანი შესრულება და მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები;

ვ) დაადგინოს შეზღუდვა პორტალის ნებისმიერ მომხმარებელთან მიმართებაში;

ზ) განახორციელოს ნებისმიერი სხვა ქმედება, რომელიც საჭიროა პორტალის გამართულად და შეუფერხებლად ფუნქციონირებისთვის.

4. ეროვნული ბანკი, როგორც პორტალის ოპერატორი, პორტალის ხარვეზის ან მისი არასათანადო ფუნქციონირების შემთხვევაში, უზრუნველყოფს ხარვეზის აღმოფხვრასა და პორტალის გამართულ ფუნქციონირებას მაქსიმალურად მოკლე ვადაში.

5. შემაფერხებელი გარემოების ან ფორსმაჟორის დროს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, გამოიყენოს დოკუმენტაციის/ინფორმაციის მიწოდების/მიღების ალტერნატიული საშუალებები.

მუხლი 5. პორტალის მონაწილეები და მონაწილეობასთან დაკავშირებული მოთხოვნები

1. პორტალის მონაწილეები არიან:

ა) ეროვნული ბანკი;

ბ) ამ წესის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომხმარებელი.

2. პორტალის გამოყენების მიზნით მომხმარებელი ვალდებულია:

ა) საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს პორტალის გამოყენებისთვის აუცილებელი ყველა საჭირო ინფრასტრუქტურის (მათ შორის, ინტერნეტ და კომპიუტერული) შექმნა;

ბ) პორტალზე წვდომის უფლება მიანიჭოს მხოლოდ იმ თანამშრომლებს, რომელთაც სამსახურებრივი მოვალეობიდან გამომდინარე ევალებათ პორტალზე შესაბამისი ქმედებების განხორციელება. პორტალზე წვდომაზე პასუხისმგებლობა ეკისრება თავად მომხმარებელს;

გ) უზრუნველყოს თავისი შიდა სისტემების თავსებადობა პორტალის გამოყენების მოთხოვნებთან;

დ) პორტალზე პირველი ავტორიზაცია განახორციელოს ეროვნული ბანკის მიერ მომხმარებლისთვის იდენტიფიკატორის (username) და დროებითი პაროლის (password) გადაცემიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღის განმავლობაში;

ე) პორტალზე პირველი ავტორიზაციისთანავე შეცვალოს ეროვნული ბანკის მიერ მისთვის გადაცემული დროებითი პაროლი (password);

ვ) ეროვნულ ბანკს მიაწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია და დოკუმენტები (მათ შორის, ანგარიშგება), განსაზღვრული წესით და დადგენილ ვადებში;

ზ) უზრუნველყოს მიწოდებული ინფორმაციის/დოკუმენტების (მათ შორის, ანგარიშგების) სისწორე;

თ) ამ წესით განსაზღვრულ ვადებში, ოპერატიულად გაეცნოს პორტალზე მიღებულ შეტყობინებებს;

ი) ყოველდღიურად განახორციელოს პორტალზე ავტორიზაცია ეროვნული ბანკის მიერ გაგზავნილი შეტყობინებების წაკითხვის მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის მიერ დროებით ხდება თავისი საქმიანობის შეჩერება, რის გამოც ვერ ხერხდება პორტალზე ყოველდღიური ავტორიზაცია, მომხმარებელი ვალდებულია, ამის შესახებ, პორტალის მეშვეობით, საქმიანობის შეჩერების ვადების მითითებით, წინასწარ შეატყობინოს ეროვნულ ბანკს;

კ) სრულად და ჯეროვნად შეასრულოს პორტალის მეშვეობით მიღებული დოკუმენტებით, მითითებებითა და შეტყობინებებით წარმოშობილი ვალდებულებები;

ლ) დაუყოვნებლივ შეატყობინოს ეროვნულ ბანკს პორტალზე უწყვეტ წვდომასთან ან/და ინფორმაციის/დოკუმენტების, ანგარიშგების, მონაცემების გადაცემასთან დაკავშირებით პრობლემების არსებობის შესახებ;

მ) დოკუმენტების/ინფორმაციის გაგზავნასთან დაკავშირებული პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში ეროვნული ბანკისთვის ინფორმაციის/დოკუმენტების მიწოდება უზრუნველყოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ან ეროვნულ ბანკთან შეთანხმებული ალტერნატიული საშუალებით. ნებისმიერი მიზეზის გამო პორტალის ფუნქციონირების შეფერხება მომხმარებელს არ ათავისუფლებს ეროვნული ბანკისთვის ინფორმაციის/დოკუმენტების გაგზავნის ვალდებულებისაგან, რაც შეფერხების არსებობის შემთხვევაში უნდა განხორციელდეს ალტერნატიული საშუალებებით;

ნ) დაიცვას უსაფრთხოების პროცედურები პორტალზე არაავტორიზებული წვდომის თავიდან არიდების მიზნით და დაუყოვნებლივ აცნობოს ეროვნულ ბანკს, თუ გაუჩნდა დასაბუთებული ეჭვი ან მიიღებს შესაბამის ინფორმაციას პორტალზე განხორციელებული არაავტორიზებული წვდომის შესახებ;

ო) პორტალის არაავტორიზებული გამოყენების თავიდან აცილების მიზნით შეიმუშაოს და დანერგოს შიდა უსაფრთხოების შესაბამისი პროცედურები;

პ) უზრუნველყოს ამ წესით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნების დაცვა.

მუხლი 6. მომხმარებლის რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების პირობები

1. მომხმარებელი პორტალზე რეგისტრირდება ეროვნული ბანკის მიერ. მხოლოდ ეროვნულ ბანკს აქვს უფლება პორტალზე დაამატოს ახალი მომხმარებელი, წაშალოს ან შეცვალოს სისტემაში დარეგისტრირებული მომხმარებლის მონაცემები.

2. მომხმარებელი ვალდებულია რეგისტრაციის/ლიცენზირების პროცედურის დასრულებიდან 3 დღის ვადაში, პორტალზე რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართოს ეროვნულ ბანკს და წარუდგინოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) დასახელება;

ბ) საიდენტიფიკაციო კოდი;

გ) რეგისტრაციის/ლიცენზიის ნომერი;

დ) მისამართი;

ე) ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი და საკონტაქტო მონაცემები (ტელეფონის ნომერი, ელფოსტის მისამართი);

ვ) მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი და საკონტაქტო მონაცემები (ტელეფონის ნომერი, ელფოსტის მისამართი).

3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, მის მიერ დადგენილ ვადებში მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის მოთხოვნის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად.

4. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, არ დააკმაყოფილოს მომხმარებლის პორტალზე რეგისტრაციის მოთხოვნა, თუ მომხმარებლის მიერ არასწორად არის წარმოდგენილი ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები.

5. ეროვნული ბანკი, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, მომხმარებელს გადასცემს მომხმარებლის იდენტიფიკატორს (username) და ერთჯერად პაროლს (password).

6. იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ბანკი ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მომხმარებელს მოსთხოვს დამატებითი ინფორმაციის წარდგენას, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება ჩერდება შესაბამისი ინფორმაციის სრულყოფილად წარდგენამდე.

7. მომხმარებლისთვის რეგისტრაციის ან ლიცენზიის გაუქმებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, ეროვნული ბანკი მომხმარებელს უუქმებს პორტალზე წვდომის უფლებას.

8. მომხმარებელს ასევე შეიძლება გაუუქმდეს პორტალზე წვდომის უფლება, თუ იგი:

ა) აღარ აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) რეგულარულად არღვევს ამ წესით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს ან/და ამ წესით გათვალისწინებულ პროცედურებს.

მუხლი 7. ფორსმაჟორი

1. მომხმარებლები და ეროვნული ბანკი თავისუფლდებიან ამ წესით გათვალისწინებული მათი ვალდებულებების სრული ან ნაწილობრივი შეუსრულებლობით გამოწვეული პასუხისმგებლობისგან, თუ ეს დაკავშირებულია დაუძლეველ გარემოებებთან (სტიქიური უბედურება, სამხედრო მოქმედება, სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოების აქტები), რომლებიც სცილდება მათ კონტროლს და რომელთა გათვალისწინება და თავიდან აცილება მათ არ შეეძლოთ. მომხმარებლები და ეროვნული ბანკი თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან ფორსმაჟორული გარემოების არსებობის განმავლობაში.

2. მომხმარებელი, რომელიც განიცდის ფორსმაჟორული გარემოებების ზემოქმედებას, ვალდებულია დაუყოვნებლივ, აღნიშნული გარემოებების დადგომიდან არაუგვიანეს 3 (სამი) კალენდარული დღის განმავლობაში, წერილობითი ფორმით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით აცნობოს ეროვნულ ბანკს ფორსმაჟორულ გარემოებათა დადგომის შესახებ და მიიღოს აუცილებელი ზომები ამ გარემოებებით გამოწვეული შედეგების შესამცირებლად. ანალოგიური მოთხოვნები ვრცელდება ფორსმაჟორული გარემოებებისა და მათი შედეგების შეწყვეტის შესახებ შეტყობინებაზეც. შეტყობინების ვალდებულების შეუსრულებლობის ან დაგვიანებით შესრულების შედეგად დამდგარ ზიანზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.

3. ფორსმაჟორული გარემოებები მომხმარებელს არ ათავისუფლებს შესაბამისი ინფორმაციის/დოკუმენტაციის ალტერნატიული საშუალებებით წარდგენის ვალდებულებისგან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ინფორმაციის/დოკუმენტაციის ალტერნატიული საშუალებებით წარდგენა ასევე შეუძლებელია ფორსმაჟორული გარემოების გამო.

მუხლი 8. ინფორმაციის დაცვა და კონფიდენციალურობა

1. მომხმარებელი ვალდებულია მიიღოს უსაფრთხოების სათანადო ზომები პორტალის არასანქცირებული წვდომისა და გამოყენებისაგან დასაცავად.

2. ეროვნული ბანკი და მომხმარებლები ვალდებულებას იღებენ არ გათქვან ან სხვაგვარად ხელმისაწვდომი არ გახადონ მესამე პირებისთვის ის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც მათ მიეწოდათ პორტალის გამოყენების შედეგად, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

მუხლი 9. დასკვნითი დებულებები

1. კანონმდებლობის შესაბამისად, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, გაუგზავნოს მომხმარებლებს დამატებითი ინსტრუქციები პორტალის გამოყენებასა და მომხმარებლების ვალდებულებებთან დაკავშირებით. აღნიშნული დამატებითი ინსტრუქციები წარმოადგენს ამ წესის განუყოფელ ნაწილს.

2. პორტალის მოხმარების წესები განისაზღვრება „მომხმარებლის სახელმძღვანელო“ დოკუმენტით, რომელიც განთავსებულია პორტალზე და წარმოადგენს ამ ბრძანების განუყოფელ ნაწილს.

3. მომხმარებელი ვალდებულია იხელმძღვანელოს მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესით და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული „მომხმარებლის სახელმძღვანელო“ დოკუმენტით.

bm.ge

მსგავსი სიახლეები

ილია და დღევანდელობა

ილია და დღევანდელობა

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. ივ.ჯავახიშვილის სახ. თსუ-ს პ.გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერმუშაკი. ილია ჭავჭავაძე, საქართველოს ისტორიის მეორე სვეტად წოდებული „ქართული…
2024 წლის I კვარტალში უმუშევრობის დონე შემცირდა

2024 წლის I კვარტალში უმუშევრობის დონე შემცირდა

2024 წლის I კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 14% შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული…
საპენსიო სააგენტოს აქტივებმა 5 მილიარდს გადააჭარბა

საპენსიო სააგენტოს აქტივებმა 5 მილიარდს გადააჭარბა

საქართველოს საპენსიო სააგენტოს ატქივებმა დღეს 5 მილიარდ ლარს გადააჭარბა. ეს თანხა წარმოადგენს 1.3 მილიონი ადამიანის საპენსიო დანაზოგს, რაც ერთ მონაწილეზე საშუალოდ…